№ბს-267(კ-19) 29 დეკემბერი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2018წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. კ-ემ სარჩელით მიმართა სოხუმისა და გაგრა გუდაუთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ. ამავე სამართალწარმოების ფარგლებში, სასამართლოს 19.04.2016წ. (საოქმო) განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ლ. გ-ი, გ. ფ-ი, ბ. მ-ა, ა. მ-ი და დ. გ-ი.
მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ...-...ის ნ. კ-ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის - გაფრთხილების დაკისრების შესახებ სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 08.01.2016წ. N05/01-231 დადგენილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს 15.12.2015წ. განცხადებით, რომლის თანახმად, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი თ. ჩ-ა და ...-...ი ნ. კ-ე ახდენდნენ უნივერსიტეტის დისკრედიტაციას და ახორციელებდნენ უნივერსიტეტის სტუდენტთა შორის განხეთქილების ხელშემწყობ ქმედებებს. შეიქმნა საკითხის შემსწავლელი კომისია, რომელმაც განიხილა სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში მითითებული საკითხები. კომისიის 06.01.2016წ. დასკვნის საფუძველზე აკადემიური საბჭოს 08.01.2016წ. N05/01-231 დადგენილებით მოსარჩელეს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა - გაფრთხილება.
მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო დადგენილება არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას. მას მიაჩნდა, რომ გაუმართლებლად შეუზღუდეს გამოხატვის თავისუფლება, რადგან დადგენილებაში მითითებული ფაქტების სინამდვილესთან შესაბამისობის შესახებ მიმდინარეობდა დავა სასამართლოში, რის გამოც აღნიშნული ფაქტები ვერ დაედებოდა საფუძვლად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. ამასთან, დადგენილება მიღებულ იქნა მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევით, რადგან არ დაკმაყოფილდა მისი განცხადება საკითხის შემსწავლელი კომისიის შემადგენლობის აცილების შესახებ. მოსარჩელის მითითებით, სასამართლოში მიმდინარე სხვა დავაზე ნ. კ-ე და კომისიის ზოგიერთი წევრი წარმოადგენდნენ მოწინააღმდეგე მხარეებს.
სოხუმისა და გაგრა გუდაუთის რაიონული სასამართლოს 24.08.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ემ და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2018წ. განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებთან და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 08.01.2016წ. დადგენილება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ...-... ნ. კ-ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საქართველოს კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლებას, სხვათა ინტერესებში და უფლებებში შეჭრის დიდი პოტენციალი გააჩნია, რაც გამორიცხავდა მის „აბსოლუტურ“ და შეუზღუდავ ბუნებას. ნ. კ-ის ქმედებები სცდებოდა აზრისა და სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების ფარგლებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის გამონათქვამები ემსახურებოდა საზოგადოების თვალში პიროვნების დამცირებას, შეურაცხყოფას. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, საკითხის გადაწყვეტაზე გავლენას ახდენდა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე მოღვაწეობდა განათლების სექტორში, რაც უფრო მნიშვნელოვან მოთხოვნებს უდგენდა ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს (ისინი ემსახურებიან საზოგადოებისათვის ძალიან მგრძნობიარე - ახალგაზრდების განათლების საქმეს). სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ საზოგადოებაში ავტორიტეტის მქონე ადამიანების მიერ არ უნდა ხდებოდეს სხვათა უფლებების შელახვა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე არ არის გათავისუფლებული სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან, მას ეკისრება იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობა, რითაც სასარჩელო მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა მისივე დისკრეციის ფარგლებში. სადავო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემისას სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტი მოსარჩელის მიმართ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებით არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
კასატორს მიაჩნია, რომ გაუმართლებლად შეეზღუდა გამოხატვის თავისუფლება. სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებები შეეხებოდა უნივერსიტეტის მმართველობის სამართლებრივად სწორ სტილსა და თავისუფალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას. მისი ქმედებები ექცეოდა აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ამასთან, სადავო დადგენილების მიღებისას დაირღვა სზაკ-ის მე-8 და 92-ე მუხლის მოთხოვნები, სასამართლოში მიმდინარე სხვა დავაზე ნ. კ-ე და კომისიის ზოგიერთი წევრი წარმოადგენდნენ მოწინააღმდეგე მხარეებს.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას მისი გამონათქვამებით უნივერსიტეტისთვის შესაძლო ზიანის მიყენების თაობაზე, რადგან არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი მის ქმედებასა და შედეგს შორის. გარდა ამისა, ნ. კ-ე აღნიშნავს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა მხოლოდ მას და არა ასევე თ. ჩ-ას, რომლის ქმედებებსაც ასევე შეეხებოდა სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის 15.12.2015წ. განცხადება. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოებს უნდა ემსჯელათ განსხვავებული სამართლებრივი შედეგის დადგომის გამომწვევ გარემოებებზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები დივერგენციის საფუძვლით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, არ არსებობს საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განსახილველ საქმეში სადავო საკითხია ...-... ნ. კ-ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 08.01.2016წ. დადგენილების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2018წ. განჩინება არ არის საკმარისად იურიდიულად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოსარჩელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ დადგენილების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი, სხვა ნორმატიული აქტები და მიუთითა მათი გამოყენების მოტივებზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა იმ მოთხოვნის იურიდიული საფუძველი, რომელიც უკავშირდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...-...ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ დადგენილების კანონიერების შემოწმებას, ასევე სწორად გამოიყენა და განმარტა შესაბამისი ნორმები. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების თანახმად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.
საქმის მასალების მიხედვით, ნ. კ-ემ 06.07.2015წ.-15.12.2015წ. დროის მონაკვეთში სოციალურ ქსელში განათავსა არაერთი გამონათქვამი, რომლებიც უკავშირდებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს. გამონათქვამების შინაარსი შეეხებოდა იმას, რომ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდა განსაკუთრებულად უხეში დარღვევებით. სოციალურ ქსელში განთავსებული არაერთი გამონათქვამით უნივერსიტეტის ...-...მა ნ. კ-ემ ამავე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის/მმართველობის სტილი შეაფასა „ფაშისტურ-კომუნისტურად“, უნივერსიტეტის რექტორი და კანცლერი - „ფაშისტური იდეოლოგიის“ მქონე პირებად და განაცხადა, რომ აღნიშნული პირები ახდენდნენ „ფაშისტური იდეოლოგიის“ „ღიად დეკლარირებას“, ერთ-ერთი კოლეგა, მის ნათესავთან ერთად მოიხსენია მატყუარად. ამას გარდა, უნივერსიტეტში სტუდენტების მონაწილეობით განხორციელებული ერთ-ერთი აქცია ნ. კ-ემ მოიხსენია როგორც „სამარცხვინო ფაშისტური აქცია“ და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება იგეგმებოდა უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის მიერ. ნ. კ-ემ სტუდენტური თვითმმართველობის წევრ სტუდენტებს მოუწოდა გამგეობის დატოვებისკენ. სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა სოხუმის უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს 15.12.2015წ. განცხადებით, რომლის თანახმად, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი თ. ჩ-ა და ...-...ი ნ. კ-ე ახდენდნენ უნივერსიტეტის დისკრედიტაციას და ახორციელებდნენ უნივერსიტეტის სტუდენტთა შორის განხეთქილების ხელშემწყობ ქმედებებს, უხეშად ერეოდნენ სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობასა და არჩევნების პროცესში, სისტემატურად შეურაცხყოფდნენ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, უხეშად ეპყრობოდნენ ყველა იმ სტუდენტს, რომელიც მათთვის მიუღებელ და განსხვავებულ აზრს გამოხატავდნენ. შეიქმნა საკითხის შემსწავლელი კომისია, რომელმაც განიხილა სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში მითითებული საკითხები. საკითხის შემსწავლელი კომისიის 06.01.2016წ. დასკვნის საფუძველზე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 08.01.2016წ. N05/01-231 დადგენილებით ნ. კ-ეს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა - გაფრთხილება.
კასატორის მოსაზრებით, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას იმის გამო, რომ სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში მითითებულ კიდევ ერთ პირს - თ. ჩ-ას, არ შეეფარდა დისციპლინური სანქცია, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს. განსახილველ საქმეში სადავო საკითხია არა თ. ჩ-ას ქმედებების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, არამედ ნ. კ-ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების კანონიერება. ასკ-ის 17.1 მუხლისა და სსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოსარჩელეა ვალდებული დაასაბუთოს სარჩელი მასში იმ კონკრეტული ფაქტებისა და გარემოებების მითითებით, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას (ფაქტის მითითების ტვირთი). ნ. კ-ე არ უთითებს რაიმე ფაქტს/გარემოებას, რაც დაადასტურებდა მასსა და თ. ჩ-ასთან მიმართებით განსხვავებული სამართლებრივი შედეგის დადგომის კანონსაწინააღმდეგოობას.
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 08.01.2016წ. N05/01-231 დადგენილების ბათილად ცნობის საფუძველად კასატორი მიუთითებს იმას, რომ აკადემიურმა საბჭომ უფლებამოსილება განახორციელა მიკერძოებულად, არსებობდა საბჭოს წევრების აცილების საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია მისი მომზადების ან გამოცემის წესის არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ არსებითი ხასიათის დარღვევა, კერძოდ, დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა განაპირობოს სამართლებრივი შედეგის განმსაზღვრელი ფაქტობრივი გარემოებების არასწორმა გამოკვლევა-შესწავლამ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად ფორმალური კანონიერების დარღვევა მიიჩნევა მაშინ, როდესაც სადავოა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-შესწავლის საკითხი და ასეთი დარღვევის არ არსებობა ხელს შეუწყობდა ფაქტობრივი გარემოების სწორად დადგენას. განსახილველ შემთხვევაში, ნ. კ-ე სადავოდ ხდის არა ფაქტებს, რომლებიც საფუძვლად დაედო მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, არამედ აღნიშნული ფაქტების სამართლებრივ შეფასებას და მიუთითებს, რომ გაუმართლებლად შეეზღუდა აზრის თავისუფლება. ამდენად, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 08.01.2016წ. N05/01-231 დადგენილების ბათილად ცნობას საფუძვლად შესაძლოა დაედოს ნ. კ-ისთვის აზრის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვა და არა მიუკერძოებლობის მოთხოვნის დარღვევა, რადგან მიუკერძოებლობის მოთხოვნების დარღვევასთან ერთად სადავო არაა ფაქტები (გამონათქვამების კუთვნილება ნ. კ-ისადმი, გამონათქვამში კონკრეტული ფრაზეოლოგიის გამოყენება), რომლებსაც ეყრდნობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება ექვემდებარება სასამართლო კონტროლს, რის გამო გადაწყვეტილების მიმღები პირის შესაძლო მიკერძოებულობის საკითხი არ წარმოადგენს სადავო აქტის კანონიერების განმსაზღვრელ გადამწყვეტ კრიტერიუმს.
აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კანონიერება მოწმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან მიმართებით და მხედველობაში მიიღება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. საქართველოს კონსტიტუციის 17.5 მუხლის თანახმად, შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სხვათა უფლებების დასაცავად. შეზღუდვის კანონიერად მისაჩნევად იგი უნდა იყოს ა) კანონით გათვალისწინებული, ბ) კონსტიტუციაში მითითებული მიზნის მიღწევისკენ მიმართული და გ) დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი. შეზღუდვა მიიჩნევა დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლად, როდესაც შეზღუდვით გამოწვეული ზიანი თანაზომიერია მისაღწევ კანონიერ მიზანთან. საქმე განიხილება ერთიან კონტექსტში და დასასაბუთებლად გამოყენებული არგუმენტები უნდა იყოს საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე და საკმარისი (Morice v. France ([GC], no. 29369/10, §124, 23.04.2015წ.). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის 9.1 მუხლის თანახმად, კანონით შესაძლოა დაწესდეს აზრის გამოხატვის თავისუფლების რეგულირება, როდესაც საკითხი ეხება ცილისწამებას, უხამსობას, შეურაცხყოფას, მუქარას და სახეზეა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში. შეზღუდვის კანონიერების განხილვისას მოწმდება: ა) შემზღუდავი საშუალების კანონით გათვალისწინების საკითხი, ბ) ნორმის ფაქტობრივ შემადგენლობასთან კონკრეტული საქმის ფაქტების შესაბამისობა და გ) ის, თუ რამდენად არსებობდა სხვა ნაკლებად შემზღუდავი საშუალება, რომელიც აღწევდა კანონიერ მიზანს.
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს აკადემიური პერსონალისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 37.2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, აკადემიური პერსონალი ვალდებულია დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების მოთხოვნები, ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები. ამავე კანონის 10.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს წესდებას, ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და წესს.“. „სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის“ 3.1.6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აკადემიური პერსონალი და მოწვეული პედაგოგები სამართლიანად და პატივისცემით უნდა მოეპყრონ უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელსა და სტუდენტს, 3.1.4. მუხლის თანახმად, აკადემიური პერსონალის წარმომადგენელმა და მოწვეულმა პედაგოგმა პატივი უნდა სცეს კოლეგის აკადემიურ დამოუკიდებლობას, სამართლიანად და ობიექტურად უნდა შეაფასოს მისი საქმიანობა; კოლეგის კრიტიკა უნდა იყოს კონსტრუქციული; დაუშვებელია კოლეგის პიროვნული დამცირება, ცილისწამება, შეურაცხყოფა. „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების“ 22-ე მუხლის მიხედვით, პერსონალი ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებს და ღირსებებს, პერსონალისათვის დაუშვებელია ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან პერსონალისა და სსუ-ს დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სად არის იგი ჩადენილი. თანამშრომლებთან ურთიერთობისას პერსონალი ვალდებულია დაიცვას ეთიკური და ზნეობრივი ნორმები, იყოს ყურადღებიანი და ზრდილობიანი. „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების“ 34.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას შეუძლია გამოიყენოს „გაფრთხილება“. ამდენად, ნორმატიულად გათვალისწინებულია პედაგოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის დისციპლინური სახდელის - გაფრთხილების დაკისრების შესაძლებლობა, უკეთუ იგი არღვევს უმაღლესი დაწესებულების წესდების, ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს, მათ შორის: პატივს არ სცემს კოლეგის საქმიანობას, ახდენს კოლეგის არაკონსტრუქციულ კრიტიკას, შეურაცხყოფას, ცილისწამებას, მის პიროვნულ დამცირებას და სხვ..
განსახილველ შემთხვევაში მნიშნელოვანია ის გარემოება, რომ ნ. კ-ის განცხადებებს ჰქონდა სისტემატური ხასიათი, საქმეში დაცულია (სარჩელზე თანდართულია) 10-ზე მეტი განცხადება, რომლებშიც უნივერსიტეტის რექტორი და ფაკულტეტის დეკანი, ასევე უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები, მმართველობის სტილი, საპირისპირო აზრის მქონე სტუდენტები მოხსენიებულნი არიან მკვეთრად ნეგატიურ კონტექსტში. ამასთანავე, განცხადებები სცდება კონსტრუქციული კრიტიკის ფარგლებს. 04 ივლისის განცხადებაში ფაკულტეტის დეკანი მოხსენიებულია „ხულიგან - ჭიქასროლია არსებად“, 06 ივლისის განცხადებაში ნ.კ-ე ადმინისტრაციას მიაწერს ისეთი ქმედებების განხორციელებას, როგორებიცაა: „თანამშრომელთა დაბარება და დაშინება სამსახურიდან დათხოვნით, ცხვირწინ თუ მაგიდაზე ხელის ბრახუნი ისტერიული ხმით, სტუდენტებზე ზეწოლა“. 05 აგვისტოს განცხადებაში ნ. კ-ე წერს: „ფაქტია, რომ 4 წლით არჩეულმა რექტორმა შეიძლება დატოვოს დაკავებული თანამდებობა ვადაზე ადრე“. 06 აგვისტოს ღია წერილში უნივერსიტეტის რექტორი მოხსენიებულია „უზურპატორად“, ხოლო სხვა განცხადებაში - „ცრუ რექტორად“. 12 დეკემბრის განცხადებაში მითითება ხდება უნივერსიტეტის „მაღალი ადმინისტრაციის მსტოვრებზე“, ამავე თარიღის სხვა განცხადებებში ნ. კ-ე ახსენებს „გაყალბების მამებს“, ხოლო საპირისპირო აზრის მქონე სტუდენტებთან დაკავშირებით წერს: „თავი არ გაიფუჭოთ, საქართველოს სახელით აგებთ პასუხს და თქვენი პატრონები თითსაც ვერ გაატოკებენ“. 14 დეკემბრის განცხადებაში ნ. კ-ე უთითებს რექტორისა და კანცლერის „ფაშისტური იდეოლოგიის საწყისებზე“, აღნიშნულია, რომ „ისინი ღიად დეკლარირებენ ფაშიზმს და სათანადო ქმედებებისკენ მოუწოდებენ სტუდენტებს. აი საიდან და როგორ იგეგმება ხვალინდელი სამარცხვინო ფაშისტური აქცია“. 15 დეკემბრის ორ განცხადებაში ნ. კ-ე უნივერსიტეტის მმართველობას მოიხსენიებს „ფაშისტურ-კომუნისტურ მმართველობად“, ამავე დღეს გამოქვეყნებულ სხვა განცხადებაში უნივერსიტეტის რექტორთან დაკავშირებით ნ. კ-ე წერს, რომ „ჯ. ა-ე... ხვალ გვიგზავნის სტუდენტთა ჯგუფს... რათა მათ ობსტრუქცია მოუწყონ აფხაზეთის ომის ვეტერან პროფესორებს... აფხაზეთის ომის დროს ჯ. ა-ემ მიატოვა გაჭირვებაში მყოფი უნივერსიტეტი... ასეთი ბეგრაუნდის პირი, რომელიც ქართველი ხალხის მტერ ვორონოვს ეთაყვანება, ახალგაზრდების პატრიოტულ გრძნობებზე თამაშობს და მათ გონებას უმღვრევს, თესავს უკანონობას, თვითნებობას!“. ამდენად, ნ. კ-ის განცხადებების ერთიანობაში განხილვის შედეგად იკვეთება მისი მცდელობა საზოგადოება დაარწმუნოს, რომ უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმართველობის არჩევნები ტარდება კანონდარღვევით, გაყალბებით, რექტორს მიტაცებული აქვს ძალაუფლება, აკონტროლებს სტუდენტთა გარკვეულ ჯგუფს, რომელსაც იყენებს ობსტრუქციის მოსაწყობად, ამასთან, რექტორი არ არის დაინტერესებული უნივერსიტეტის ბედით, მმართველობას ახორციელებს ფაშისტურ-კომუნისტური მეთოდებით, თვითნებურად, ავიწროვებს აფხაზეთის ომის ვეტერანებს, არის არაპატრიოტული განწყობების მქონე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. კ-ის მიერ ზოგადად უნივერსიტეტის მმართველობის და კერძოდ, რექტორ ჯ. აფაქიძის მიმართ განხორციელდა ძლიერი, პიროვნული ხასიათის თავდასხმები, რამაც გადააბიჯა ლექტორისათვის დაშვებული კრიტიკის ზღვარს, ამიტომ სოციალური ქსელით ნ. კ-ის მიერ გავრცელებული გამონათქვამების ერთობლიობა შეიძლება შეფასდეს უნივერსიტეტისა და მისი მმართველობის ავტორიტეტის შებღალვის უხამს მცდელობად. ნ. კ-ის განცხადებები არ იყო მიზნის შესაბამისი და დაბალანსებული, წინა პლანზე წამოწეული იყო კონკრეტული პირებისათვის შეურაცხყოფის მიყენება, მომეტებულად იკვეთებოდა უნივერსიტეტის მმართველობის განმახორციელებელი პირების დისკრედიტაციის მიზანი. მნიშვნელოვანია, რომ განცხადებები არ შეიცავდა მითითებას რაიმე კონკრეტულ, ობიექტურად დადასტურებად გარემოებებზე, რითაც დასაბუთდებოდა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების არამართლზომიერად ჩატარება, გაყალბება, განსხვავებული აზრის მქონე პროფესორებზე ზეწოლა, რექტორის მიერ სტუდენტთა გარკვეული ჯგუფების მართვა, მათთვის სამოქმედო გეგმის განსაზღვრა, უნივერსიტეტის მმართველობა „ფაშისტურ-კომუნისტური“ მეთოდებით და სხვ.. უნივერსიტეტის, მისი მმართველობის და მასში მიმდინარე პროცესების მსგავსი დისკრედიტაცია ლახავს უნივერსიტეტისა და მასში დასაქმებული პირების რეპუტაციას, რაც შესაძლოა განმსაზღვრელი იყოს უნივერსიტეტის შემდგომი ფუნქციონირებისთვის (მაგ.: შესაძლოა სტუდენტებმა და სასწავლო პერსონალმა არჩევანი აღარ შეაჩერონ მსგავსი რეპუტაციის სასწავლო დაწესებულებაზე) და არსებითი გავლენა მოახდინოს უნივერსიტეტის მმართველობის განმახორციელებელი პირების შემდგომ პროფესიულ საქმიანობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ნ. კ-ის განცხადებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ორიენტირებულია სწორედ გარკვეულ პირთა დისკრედიტაციაზე და არა დაცვის ღირსი მიზნის მიღწევაზე, დისკუსიის წარმართვის ხელშეწყობაზე და სხვ.. კრიტიკა ცდება შესაძლო აქტუალურ საკითხებს: სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების კანონშესაბამისად ჩატარების საკითხს, არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით რექტორის მოქმედებებს და სხვ.. კრიტიკა ძირითადად ეხება პიროვნების საერთო პროფესიულ და სხვა თვისებებს, რის გამო იღებს პირადი შეურაცხყოფის ხასიათს.
ამასთანავე, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკეთუ უნივერსიტეტის მმართველობა მართლაც შეიცავს მსგავს ხარვეზებს, დაინტერესებული პირები არ არიან შეზღუდულები განაცხადონ ამის შესახებ, თუმცა ეს უნდა განხორციელდეს სათანადო ფორმით. უნივერსიტეტისა და სტუდენტური თვითმმართველობის სათანადო ფუნქციონირება, არჩევნების კანონშესაბამისად ჩატარება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სათანადო მართვის განხორციელება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს, შესაბამისად, არ გამოირიცხება აღნიშნული პროცესის ნაკლოვანებებზე მითითების, გაკრიტიკების უფლებამოსილება, თუმცა მნიშნელოვანია შეირჩეს კრიტიკის შესაბამისი ფორმულირება. სხვათა უფლებების შეძლებისდაგვარად მცირედ შეზღუდვით, მართებული ფორმით პოზიციის დაფიქსირება გამოხატვის თავისუფლების განხორციელების ერთ-ერთი მნიშნელოვანი ასპექტია. გამოხატვის თავისუფლება იცავს საკითხზე კომუნიკაციის პროცესს და თითოეულ შემთხვევაში შესაფასებელია გამონათქვამის მნიშვნელობა კომუნიკაციის პროცესისათვის. გამოხატვის თავისუფლებამ არ უნდა მიიღოს პირის განზრახ დისკრედიტაციის გამამართლებელი საშუალების ფორმა.
განსახილველ შემთხვევაში ნ. კ-ის გამონათქვამებში არ იკვეთება, სულ მცირე მკვეთრად უკანა პლანზეა გადაწეული, გამონათქვამების პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება. გამონათქვამების გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში დასაცავად მნიშვნელოვანია მათი სოციალური ღირებულება.
კასატორის გამონათქვამები, რომლებიც უკავშირდება უნივერსიტეტის რექტორის, კანცლერისა და ასევე სტუდენტურ აქციაში მონაწილეების ფაშიზმისა და/ან საბჭოთა მმართველობის პერიოდთან ასოცირებული კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის მქონე პირებად, ერთ-ერთი კოლეგისა და მისი ნათესავის მატყუარად და უნივერსიტეტის მართვის სტილის „ფაშისტურ-კომუნისტურად“ შეფასებას, უხეშად და დაუსაბუთებლად ლახავენ უნივერსიტეტის და მასში დასაქმებული პირების უფლებებს სათანადო დასაბუთების გარეშე. 31.05.2011წ. საქართველოს კანონის - „თავისუფლების ქარტიის“ 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ კანონის ერთ-ერთი მიზანია კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. კანონი ითვალისწინებს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის აკრძალვას, ასევე ინფორმაციის შეგროვებას იმ მასობრივი შეკრების თაობაზე, რომელიც შეიცავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების, პროპაგანდის ელემენტებსა და ამ იდეოლოგიების ლიდერთა სახელებს („თავისუფლების ქარტიის“ მე-7 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „დაცულია პირის უფლება, აკონტროლოს საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოების თვალში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 08.10.2014წ. N2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „ი. ქემოკლიძე და დ. ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). საკუთარი თავის წარმოსახვაზე პირის უფლება წარმოადგენს თვითგამოსახვის/თვითგამოხატვის, შესაბამისად კონსტიტუციით დაცული პიროვნების თავისუფალი განვითარების ძირითადი უფლების შემადგენელ კომპონენტს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 14.04.2016წ. N1/1/625,640 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). ამდენად, ადამიანის თვითგამოსახვის/თვითგამოხატვის უფლება ისევეა დაცული ძირითადი უფლებებით როგორც აზრის გამოხატვის თავისუფლება. მოცემულ შემთხვევაში, ნ. კ-ის ფაშიზმსა და საბჭოთა მმართველობის პერიოდთან ასოცირებულ ტოტალიტარულ კომუნიზმთან დაკავშირებული გამონათქვამები ხელყოფს გამონათქვამის ადრესატების უფლებას აკონტროლონ საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოების თვალში, რითაც ადგილი აქვს მათი უფლებების შელახვას. ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების პროცესში შესაძლო გამოვლენილი დარღვევების გაიგივება ფაშიზმისა და ტოტალიტარულ კომუნისტურ პერიოდში განხორციელებულ ადამიანის ძირითადი უფლებების მასობრივ ხელყოფასთან, ამცირებს იმ მოვლენებისა და შედეგების მნიშვნელობას, რომელთაც ადგილი ჰქონდათ აღნიშნულ პერიოდებში. ამას გარდა, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 43.1 მუხლის თანახმად, სტუდენტს უფლება აქვს თავისუფლად გაწევრიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად. ამავე კანონის 45.4 მუხლის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. მასწავლებელს როგორც სტუდენტზე გავლენის მქონე პირს, გარკვეულწილად სასწავლო დაწესებულების ფარგლებს მიღმაც ეკისრება სპეციალური მოვალეობები და პასუხისმგებლობა (Vogt v. Germany, no. 17851/91, §60, 26.09.1995წ.). მან თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებისგან, პირდაპირი მოწოდებისგან, რომელიც გაუმართლებლად აბრკოლებს სტუდენტს თავისუფლად საქმიანობაში, მითუმეტეს, როდესაც საკითხი შეეხება სტუდენტების თვითმმართველობის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში, ზემოხსენებული მოვალეობის საწინააღმდეგოდ, ერთ-ერთი აქცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ნ. კ-ისგან განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტები, კასატორმა მოიხსენია როგორც „სამარცხვინო ფაშისტური აქცია“. ამასთან, მან პირდაპირ მიმართა თვითმმართველობის გამგეობის წევრ სტუდენტებს და განაცხადა, რომ სტუდენტების მიერ გამგეობის დატოვება იქნებოდა „მაღალი ზნეობის დემონსტრირება, შემდგომი დაძაბულობისა და გამწვავების თავიდან აცილების სურვილიცა და მზადყოფნაც“. სხვა განცხადებაში კი მძლავრობს მუქარის ტონი („თავი არ გაიფუჭოთ, საქართველოს სახელით აგებთ პასუხს და თქვენი პატრონები თითსაც ვერ გაატოკებენ“), რომელიც გამონათქვამის კონტექსტის გათვალისწინებით შეეხება საწინააღმდეგო აზრის მქონე სტუდენტებს. აღნიშნული ქმნის სტუდენტების თავისუფალ საქმიანობაზე გავლენისა და მისი შებოჭვის რისკებს.
საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძლების არსებობას არ ადასტურებს ნ. კ-ის მითითება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 17.01.2017წ. გადაწყვეტილებაზე საქმეზე „ტავარეს დე ალმეიდა ფერნანდესი და ალმეიდა ფერნანდესი პორტუგალიის წინააღმდეგ“, რადგან აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განვითრებული მსჯელობები ეხება ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჟურნალისტისა და ლექტორის საქმიანობის დანიშნულებისა და თავისებურებების გათვალისწინებით, მათი აზრის გამოხატვის ფარგლები განსხვავებულია. ასევე განსხვავებულია ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და უნივერსიტეტის რექტორის თმენის ვალდებულების ფარგლები. აზრის გამოხატვის თავისუფლების განხორციელების კავშირს შესაბამის ვალდებულებებთან და პასუხისმგებლობებთან ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 10.2 მუხლიც ადასტურებს, რის გამო შესაძლებლად მიიჩნევს ამ უფლების შეზღუდვას. ამასთან, კონვენციით გათვალისწინებული „ვალდებულებების და პასუხისმგებლობების“ მოცულობა, უფლების შეზღუდვის ფარგლები ცვალებადია სუბიექტის სტატუსის შესაბამისად, რის გამო ჟურნალისტებთან მიმართებით დაწესებული სტანდარტის პედაგოგიური საქმიანობის განმახორციელებელ პირზე იდენტურად გავრცელება არ ეფუძნება შესაბამის დასაბუთებას. ლექტორს, როგორც სტუდენტზე გარკვეული გავლენის მქონე პირს, ჟურნალისტისაგან განსხვავებული პასუხისმგებლობა ეკისრება. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი არ უნდა გახდეს მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოება, რომ გარკვეული სუბიექტები შეიძლება მოექცნენ აზრის გავლენის ქვეშ, რადგან აზრის გამოხატვის ერთ-ერთი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი, მიზანი სწორედ ზემოქმედების მოხდენაა, თუმცა აზრი არის ზემოქმედების და არა იძულების იარაღი, ამიტომ აზრის თავისუფლება გულისხმობს პირთა თავისუფლებასაც აზრის ავტორისაგან, რაც ლექტორისა და სტუდენტის შემთხვევაში არ დასტურდება.
კასატორის ზემოხსენებულ გამონათქვამებს არ გააჩნია პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება. დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების დაცვა ემსახურება საკითხზე განსხვავებული აზრების შესახებ კომუნიკაციის პროცესის, დისკუსიის თავისუფლების უზრუნველყოფას. გამონათქვამის წინა პლანზე უნდა იდგეს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხი და არა გამონათქვამის ადრესატის ზღვარგადასული პიროვნული დამცირება, სხვა პირთა (ამ შემთხვევაში სტუდენტების) აზრისა თუ ქმედებების ფორმირებაზე არაჯანსაღი გავლენის მოხდენის ინტერესი. მსგავსი მიზნებით განპირობებული გამონათქვამები შეიცავს კომუნიკაციის პროცესში ჩართვის მსურველ პირთა წრისა და საკითხის ეფექტიანად განხილვის შესაძლებლობის შემცირების რისკებს, რაც თავის მხრივ აზიანებს დისკუსიის თავისუფლების ინტერესს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტუდენტებზე ზეგავლენის მქონე პირი სტუდენტების მონაწილეობით გამართულ აქციას აფასებს „ფაშისტურ“ აქციად. განსახილველ შემთხვევაში, ნ. კ-ის გამონათქვამების წინა პლანზე არ დგას საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხი - უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები, გამონათქვამები მიმართულია გამონათქვამის ადრესატების - როგორც ნ. კ-ის კოლეგების, ასევე სტუდენტების და უნივერსიტეტის დისკრედიტაციისკენ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამავე უნივერსიტეტის პროფესორის მიერ, არჩევნების პროცესის, უნივერსიტეტის ხელმძღვანელებისა და აქციაში მონაწილე სტუდენტების მკვეთრად ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება, მათი დაკავშირება ფაშიზმსა და საბჭოთა მმართველობის პერიოდთან ასოცირებულ ტოტალიტარულ კომუნიზმთან, რომელთა დროსაც ხორციელდებოდა ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ფიზიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების მასობრივი ხელყოფა, ემსახურება გამონათქვამის ადრესატების ზღვარგადასულ პიროვნულ დამცირებას საზოგადოების თვალში, რადგან გამონათქვამების წინა პლანზე არ დგას არჩევნების პროცესზე არსებითი დისკუსია, არ ხდება არჩევნების პროცესში არსებულ შესაძლო დარღვევებზე რაიმე ფორმით მითითება, გამონათქვამები არ შეიცავენ საკითხთან დაკავშირებულ არსებითი შინაარსობრივი მსჯელობის ელემენტს, რაც მოეთხოვებოდა უნივერსიტეტში დასაქმებულ პირს უნივერსიტეტის კოლეგებისა და სტუდენტების მიმართ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის ზემოხსენებულ გამონათქვამებს არ გააჩნია პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება. ამდენად, არსებობდა პედაგოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლების შეზღუდვის, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ნორმატიული საფუძველი. გასათვალისწინებელია, რომ თავად კასატორის მიერვე მითითებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია პროფესიული ქცევის, კეთლსინდისიერებისა და ეთიკის შესაბამისად მოქმედების საჭროების შესახებ („ტავარეს დე ალმეიდა ფერნანდესი და ალმეიდა ფერნანდესი პორტუგალიის წინააღმდეგ“, 17.01.2017წ., N31566/13, მე-7 პ.). ნ. კ-ის განმარტება, რომ პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობასაც, არ ცვლის ვითარებას, რადგან განცხადებები გაკეთდა იმ უნივერსტეტთან მიმართებით, რომელშიც იგი ახორციელებს პედაგოგიურ საქმიანობას და რომლის სტუდენტების მიმართაც კასატორი აღჭურვილია შესაბამისი პასუხისმგებლობებით.
ნ. კ-ის აზრის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობის შეფასების კონტექსტში გასათვალისწინებელია გამოყენებული სანქციის ბუნება და სიმძიმეც. სადავო ადმინისტრაციული აქტით ნ. კ-ეს შეეფარდა მხოლოდ გაფრთხილება, მას არ დაკისრებია რაიმე ფინანსური სანქცია, არ აკრძალვია ან შეზღუდვია პედაგოგიური საქმიანობის შემდგომი განხორციელება. ამდენად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამოყენებული შემზღუდავი საშუალება ემსახურებოდა გამონათქვამის ადრესატების უფლებების, კერძოდ, საკუთარი თავის წარმოსახვაზე პირის უფლებისა და თავისი ინტერესების შესაბამისად სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისუფლად გაწევრიანების შესახებ სტუდენტის უფლების, დაცვას. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა სხვა ნაკლებად შემზღუდავი საშუალება, რომელიც მიაღწევდა კანონიერ მიზანს, რადგან ნ. კ-ის მიმართ გამოყენებული იქნა ყველაზე ნაკლები სამართლებრივი ტვირთის მქონე დისციპლინური ზომა. ამდენად, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ...-...ის ნ. კ-ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის - გაფრთხილების დაკისრების შესახებ სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 08.01.2016წ. N05/01-231 დადგენილება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ნ. კ-ის განცხადებებით მესამე პირთა უფლების შელახვის კონტექსტში გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ნ. კ-ის მიერ საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვა მოხდა სოციალური ქსელის (...) მეშვეობით, რაც მისი მოძიების შესაძლებლობას ამარტივებს და ხელმისაწვდომობის პერიოდს უფრო ხანგრძლივს ხდის. ნ. კ-ის მიერ თავისი გამოქვეყნებული მოსაზრების (პოსტის) გაცნობის უფლების მქონე პირთა შეუზღუდავობის შემთხვევაში, პოსტის წაშლამდე ყველა მსურველ პირს მარტივად შეეძლება არსებული ინფორმაციის მოძიება და ხელახალი გავრცელება, განსხვავებით ისეთი შემთხვევებისაგან, როდესაც აზრის გამოხატვა ხდება საჯარო თავშეყრის ადგილებში. გასათვალისწინებელია პოსტის გაზიარების ფუნქციაც, რაც ინფორმაციის გამცნობ პირთა პოტენციურ რაოდენობას მკვეთრად ზრდის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმის საფუძველზე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა.
ნ. კ-ის სტატუსის, საქმეში დაცული გამონათქვამების შინაარსისა და შეფარდებული სანქციის ხარისხის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სადავო აქტით დამდგარი სამართლებრივი შედეგის კანონიერების შესახებ. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი