საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-413(კ-20) 17 დეკემბერი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ...ის სამოქალაქო რეესტრის სამსახური (სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. მ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ლ. მ-ემ 2017 წლის 14 აგვისტოს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და „მოსარჩელისთვის ისტორიული გვარის დაბრუნების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 24 აპრილის №68/963/გ და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 22 ივლისის №01/193733/გ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის ლ. მ-ის ისტორიული გვარის - ბ-ის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დავავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 24 აპრილის №68/963/გ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 22 ივლისის №01/193733/გ გადაწყვეტილებები; მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ლ. მ-ის 2016 წლის 24 ოქტომბრის განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და ამავე სააგენტოს ...ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა, რომელთაც სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაირღვა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, რამაც გამორიცხა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. კასატორები მიუთითებენ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი ისტორიული გვარის აღდგენა, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მისი გვარი წარმოიშვა სხვა გვარის გარდაქმნის ან მისი ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად; სხვა მტკიცებულებებთან ერთად ისტორიული გვარის აღდგენას საფუძვლად შეიძლება დაედოს აგრეთვე დასაბუთებული მეცნიერული ვარაუდი, რომლითაც დასტურდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობა. ამდენად, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით დადასტურდება მისი გვარის წარმოშობა სხვა გვარის გარდაქმნის ან მისი ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად. ამასთან, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ორგანოს ჩართულობაც მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში, რაც სააგენტოს მხრიდან განხორციელდა სრულყოფილად. აღსანიშნავია, რომ ლ. მ-ის მთავარ არგუმენტს წარმოადგენდა მოწმეთა ჩვენებები, თუმცა ისინი მხოლოდ გადმოცემითი, ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე დაყრდნობით აძლევდნენ ჩვენებებს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა ლ. მ-ის გვარის ისტორიულ გვართან კავშირი. ამდენად, სააგენტოს მხრიდან არ არსებობდა განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი. შესაბამისად, სადავო აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის წინაპირობები.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ...ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ლ. მ-ისთვის ისტორიული გვარის აღდგენის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უარის თქმის კანონიერება. საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, §61, Garcia Ruiz v. Spain [GC] §26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], §81). მოცემული დათქმის გათვალისწინებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი ისტორიული გვარის აღდგენა, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მისი გვარი წარმოიშვა სხვა გვარის გარდაქმნის ან მისი ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სხვა მტკიცებულებებთან ერთად ისტორიული გვარის აღდგენას საფუძვლად აგრეთვე შეიძლება დაედოს დასაბუთებული მეცნიერული ვარაუდი, რომლითაც დასტურდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობა. საკასაციო სასამართლო დასახელებული ნორმის ანალიზის შედეგად, განმარტავს, რომ ისტორიული გვარის აღდგენის მოთხოვნის საფუძვლიანობის შესამოწმებლად სავალდებულო პირობას წარმოადგენს მტკიცებულებათა ერთობლიობის არსებობა, რომლებითაც დადასტურდება გვარის სხვა გვარის გარდაქმნის ან ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად წარმოშობა. გარდა ამისა, სხვა მტკიცებულებებთან ერთად ისტორიული გვარის აღდგენას საფუძვლად შეიძლება დაედოს დასაბუთებული მეცნიერული ვარაუდი გვარის გარდაქმნის ან ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების წარმოშობის შესახებ. ამრიგად, კანონმდებლობა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, შესაძლებლად მიიჩნევს ისტორიული გვარის აღდგენას იმ შემთხვევაში, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება ზემოაღნიშნულ გარემოებათა არსებობა.
საკასაციო სასამართლოს აღნიშვნით, ლ. მ-ემ ისტორიული გვარის (ბ-ე) აღდგენა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მისი ამჟამინდელი გვარი „მ-“ წარმოიშვა მისი დიდი ბაბუის ი- ბ-ის მიერ გვარის შეცვლის შედეგად. კერძოდ, ი- ბ-ე სოფელ ...იდან საცხოვრებლად გადავიდა სოფელ ...ში, სადაც დაქორწინდა მ-ის ქალზე და გვარი შეიცვალა იმდროინდელი წესით ოჯახის საკუთრების უფლების განკარგვისთვის. შესაბამისად, მთელი მისი შთამომავლობა მ-ების გვარის მატარებლები გახდნენ. ამდენად მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მას უნდა აღუდგეს ისტორიული გვარი „ბ-ე“. ლ. მ-ეს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ მის მიერ მოპოვებული და წარდგენილი მასალებით ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ განმცხადებლის ისტორიული გვარი - „ბ-ეა“.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში დაცულ დოკუმენტებზე: კერძოდ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ რ. ხ-ის სამეცნიერო დასკვნაზე - „ბ-ე“ გვარის წარმოშობისა და გვარის ისტორიის შესახებ. დასკვნის ერთ ნაწილში - „მ-თა ერთი შტოს ადრეული გვარის გამოკვლევა“ მეცნიერულად არის გაანალიზებული და დასაბუთებული მოსარჩელის გვარის განვითარების ისტორია. დასკვნაში აღნიშნულია, რომ - „ჩვენ შევისწავლეთ ...ის სოფელ ...ში მკვიდრი საგვარეულოს მ-თა კონკრეტული შტოს გენეოლოგია, რათა დაგვედგინა ადრეული/წინარე გვარი, ვინაიდან ამ ოჯახში შემორჩენილი თქმულების მიხედვით დაახლოებით მე-19 საუკუნის შუა ხანებში მათი წინაპარი ი- ბ-ე სოფელ ...ში ჩამოსულა სოფელ ...იდან, დაქორწინებულა სოფელ ...ში მცხოვრებ მ-ის ქალზე და გადასულა ცოლის გვარზე, რათა იმდროინდელი წესით ოჯახის საკუთრების განკარგვის უფლება მოეპოვებინა. ი-ს ჰყოლია ორი შვილი ო-ი და მ-ი ო-ს კი რომელიც დაბადებულია მე-19 საუკუნის 50-იან წლებში ეყოლა შვილი მ-ი ... წელს და ა.შ.“ (ციტირება)...
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის II წიგნში „...ში“ სოფელ ...თა - ...ში მცხობრებთა შორის მოხსენიებულია ვ. ბ-ის ძე ...
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ რ. ხ-ის 2017 წლის 18 ივლისის წერილით ირკვევა, რომ მ-ების შტოს ადრეული გვარის გამოკვლევა აწარმოეს საქართველოს არქივებსა და ბიბლიოთეკებში ანუ საისტორიო დოკუმენტებსა და სპეციალურ ლიტერატურაზე დაყრდონობით, მაგრამ კონკრეტული დოკუმენტი ან ლიტერატულული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ XIX საუკუნის შუა პერიოდში ი- ბ-ე ...ის სოფელ ...ში საცხოვრებლად მოსული ...ის სოფელ ...იდან, დაქორწინებულა სოფელ ...ში მცხოვრებ მ-ის ასულზე და გადასვლა ცოლის გვარზე, არ მოიპოვება... ამავე წერილით ირკვევა, რომ შეეცადნენ მოეკვლიათ დოკუმენტები მ- მ-ის მამის ო-იძისა და პაპის ი-ის შესახებ საქართველოს სიძველეთსაცავებში, მაგრამ, საქართველოს არქივებში (თბილისი, ბათუმი) ...ის მოსახლეობის ე.წ. კამერალური აღწერები და არც საეკლესიო ჩანაწერები საერთოდ არ ინახება, რომელშიც უნდა გამოვლენილიყო მათთვის საინტერესო საკითხი. XVII საუკუნიდან ისლამური იმპერიის მიერ ...ის ხელში ჩაგდებიდან, იქ ფეხი მოიკიდა მუსულმანურმა სარწმუნოებამ და ეკლესია აღარ ფუნქციონირებდა, შესაბამისად XIX საუკუნეში საეკლესიო ჩანაწერები თითქმის არ კეთდებოდა, ხოლო მრავალი დოკუმენტი გატანილია საზღვარგარეთ თურქეთში და შესაძლოა რუსეთშიც, არ არის გამორიცხული, რომ ეს მასალა განადგურებულიყო...
საქმეში დაცული მ. მ-ის 2017 წლის 10 ივლისის N124217 განცხადებით ირკვევა, რომ ის იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში ქალაქ სტამბოლის ოსმალეთის იმპერიის არქივში, სადაც აღმოაჩინა ...ის მოსახლეობის შესახებ ძალიან ბევრი მასალა, მათ შორის იყო მასალა ი- ბ-ეზე, მაგრამ ეს მასალები შესრულებულია ძველი თურქული დამწერლობით და მისი თარგმნა და კვლევის ჩატარება ძალიან დიდი ფინანსებთან იყო დაკავშირებული, ამდენად ვერ მოხერხდა ამ მასალების გამოკვლევა...
...ის ხ. ა-ის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის მენეჯერის ლ. ჯ-ის 2018 წლის 30 მაისის წერილით დადგენილია, რომ ის - ლ. ჯ-ი აწარმოებდა კვლევას ,,ბ-ეთა გვარის წარმოშობის ისტორიაზე. რომ ბ-ეთა გვარი მე-15 საუკუნეში მნიშვნელოვან ადგილს იჭერდა ქართველი ერის ისტორიაში, გვარის წარმოშობის ადგილია ..., სოფელი ...ი. ამ სოფლისა და სხვა ადგილების მფლობელები იყვნენ ...ელი ბ-ეები, ხოლო ...ის ბ-ეები, რომლებმაც თავიანთი შესაძლებლობებით, გავლენითა და ქონებით დიდად გაუსწრეს ...ელებს - მათი განაყოფი - მოძმენი სახლობდნენ ხულოს ...ში ახლანდელ ...ის რაიონში... ამ გვარის გამავრცელებლად ასახელებენ ბ. პ-ეს. ეს საკმაოდ დამაჯერებელია, რადგან პირმსახურეძეთა პირდაპირი შთამომავლები იყვნენ ბ-ეები ... სოფელ ...ში საკმაოდ დაწინაურებული ი- ბ-ის ოჯახი იყო ... დ. ბ-ეთა წვლილი ეკლესია-მონასტრების მშნებლობის განვითარებაში, მრავალი სარგებელი მოუტანია სოფლისთვის ერთ-ერთი აჯანყების დროს. 1848 წელს ი- ბ-ე იძულებული გამხდარა მიეტოვებინა თავისი ადგილ-მამული და გადასულა მოპირდაპირე სოფელ ...ში, შეურთავს იქაური ქალი და რადგან ამ პერიოდში მას პირადად მტრობდნენ მიუღია მეუღლის გვარი მ. სოფელ ...ში ი- ბ-ის შემდგომ ეს გვარი ისტორიაში აღარ ჩანს, მაგრამ მათ შთამომავლებს ვხდებით ..ის ბ-ეების შტოში... მუზეუმში ინახება ბ-ეთა ოჯახიდან მოტანილი ქალის საქორწილო სამოსი. დ. ბ.-ბ-ის რძლისათვის სპეციალურად დამზადებული. დ. ბეგ ბ-ის დიდი ბაბუის- განაყოფია სოფელ ...ში ხ. ბ-ე, რომლის შვილია ი- ბ-ე...
გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მ-ების გვარი მანამდე იყო ბ-ე და მათ გვარი შიეცვალეს.
საკასაციო სასამართლო მოუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვარი №18 ბრძანებით დამტკიცებულ „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესზე“, რომელიც განსაზღვრავს ისტორიული გვარის აღდგენის პირობებს. დასახელებული წესის 48-ე მუხლის თანახმად, ისტორიული გვარის აღდგენისათვის პირი განცხადებით მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო განცხადებას ისტორიული გვარის აღდგენის შესახებ იხილავს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის (მარტივი ადმინისტრაციული წარმოება) და ამ წესის შესაბამისად. განცხადების განხილვისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან, ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან გამოითხოვოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. ისტორიული გვარის აღდგენის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს გადაწყვეტილება ისტორიული გვარის აღდგენის შესახებ. ისტორიული გვარის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი გამომტანი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს გვარის შეცვლის სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას.
საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზისა და უერთიერთშეჯერების შედეგად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახალი განხილვის თაობაზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დასადგენია, საქმეში არსებული და წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი, მათ შორის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის პროფესორ რ. ხ-ის დასკვნა, ...ის ხ. ა-ის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის მენეჯერის ლ. ჯ-ის 2018 წლის 30 მაისის დასკვნა (რომელსაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საერთოდ არ მისცემია შეფასება), მოწმეთა განმარტები და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ქმნიდა თუ არა იმგვარი დასკვნის გაკეთების საკმარის საფუძველს, რომ არსებობდა მოსარჩელისათვის ისტორიული გვარის აღდგენის დასაბუთებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააგენტომ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ ჯეროვანი სამართლებრივი შეფასება. სადავო აქტების გამოცემისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლით მიმდინარეობის, შედეგად კი - დასაბუთებული აქტების გამოცემის მოთხოვნები. აღნიშნული წარმოადგენს გასაჩივრებული აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს. ამდენად, სადავო აქტების კანონიერების შეფასებისას, მართებულად იქნა გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ...ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს 2020 წლის 7 მაისს №10722 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე