Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-483(კ-21) 29 დეკემბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ფ. ტ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ფ. ტ-ემ 2019 წლის 29 მარტს სარჩელით, ხოლო იმავე წლის 24 ივნისს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ და „სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 2 ოქტომბრის №DES 0 18 00001668, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 28 იანვრის №2-87 ბრძანებების ბათილად ცნობა, ასევე, „მოსარჩელის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს გარემოსდაცვითი ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ“ მოპასუხის - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და სამსახურიდან დათხოვნის დღიდან - 2016 წლის 18 იანვრიდან მის აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

სარჩელის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ფ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2016 წლის 18 იანვრის №16 00000094 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში. აღნიშნული საკითხი განიხილა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა და 2018 წლის 2 ოქტომბრის №18 00001668 ბრძანებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მოსარჩელე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.

მოსარჩელემ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127-ე მუხლზე მითითებით, აღნიშნა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. მოსარჩელის აღნიშვნით, გასაჩივრებული ბრძანება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ მისი გამოცემისას არ გაითვალისწინა სასამართლოს მითითება - საკითხის სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცურის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ფ. ტ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2018 წლის 2 ოქტომბრის №DES 0 18 00001668, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 28 იანვრის №2-87 ბრძანებები; სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალა „მოსარჩელის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს გარემოსდაცვითი ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ“ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და სამსახურიდან დათხოვნის დღიდან - 2016 წლის 18 იანვრიდან მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. ფ. ტ-ე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2014 წლის 19 მაისის №07-16/458 ბრძანებით, 2014 წლის 19 მაისიდან დაინიშნა ამავე დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის ...ის ...ის ...ის (II კატეგორია) თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად; 2014 წლის 19 აგვისტოდან დაინიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორის (II კატეგორია) თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად; 2014 წლის 11 სექტემბრიდან ფ. ტ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან;

2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2014 წლის 11 სექტემბრის №07-16/719 ბრძანებით, ფ. ტ-ე დაინიშნა საქართველოს იმავე დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის ...ის ...ის ...ის (II კატეგორია) თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით 2014 წლის 11 სექტემბრიდან 2014 წლის 11 დეკემბრამდე. აღნიშნულ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შედეგად, ფ. ტ-ე იმავე თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით დაინიშნა 2014 წლის 11 სექტემბრიდან 2015 წლის 11 მარტამდე.

3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 11 მარტის №DES 1 15 00000294 ბრძნებით ფ. ტ-ე დაინიშნა ამავე დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის ...ის ...ის ...ის (II კატეგორია) თანამდებობაზე 2015 წლის 11 მარტიდან; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 2 ივლისის №DES 1 15 00001103 ბრძანებით ფ. ტ-ე გადაყვანილ იქნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს ...ის ...ის ...ის (II კატეგორია) თანამდებობაზე. ფ. ტ-ემ 2015 წლის 15 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ამავე დეპარტამენტის უფროსს და მოითხოვა მიმდინარე წლის 16 ოქტომბრიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს გარემოსდაცვითი ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად გადაყვანა. 2015 წლის 15 ოქტომბრის №DES 0 15 00001896 ბრძანებით განცხადება დაკმაყოფილდა და ფ. ტ-ე გადაყვანილ იქნა მოთხოვნილ თანამდებობაზე.

4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 20 ნოემბრის №DES 15 00002255 ბრძანების თანახმად, ფ. ტ-ე დაინიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს გარემოსდაცვითი ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით 2015 წლის 20 ნოემბრიდან 2016 წლის 20 იანვრამდე.

5. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 18 იანვრის №DES 0 16 00000094 ბრძანებით, ამავე დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს გარემოსდაცვითი ...ის ...ის ...ი - ფ. ტ-ე განთავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 18 იანვრიდან. გათავისუფლებას საფუძვლად დაედო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 15 იანვრის №DES 4 16 00002834 მოხსენებითი ბარათი, რომელშიც აღინიშნა, რომ გამოსაცდელი ვადის პერიოდში ფ. ტ-ე ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, რაც არაერთხელ იქნა გამოხატული სიტყვიერი შენიშვნის სახით მოხსენებითი ბარათის ავტორის მიერ. მის ხელმძღვანელობას დაქვემდებარებული განყოფილების მიერ ვერ ხდებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა. იგი რაციონალურად ვერ ანაწილებდა მითითებულ დავალებებს თანამშრომლებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ნ-მა მიიჩნია, რომ ფ. ტ-ემ გამოსაცდელი ვადა პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის გათვალისწინებით გაიარა არადამაკმაყოფილებლად.

6. ფ. ტ-ემ 2016 წლის 15 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა ამავე დეპარტამენტის 2016 წლის 18 იანვრის №DES 016 00000094 ბრძანების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება და განაცდურის ანაზღაურება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ფ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტი და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინიტრაციული წარმოების შედეგად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 2 ოქტომბრის №DES 0 18 00001668 ბრძანებით სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს გარემოსდაცვითი ...ის ...ის ...ი ფ. ტ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 18 იანვრიდან. საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის 28 იანვრის №2-87 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ასევე მოსარჩელის თანადებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი. აღნიშნული აქტები სასარჩელო წესით კვლავ გაასაჩივრა ფ. ტ-ემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას მიუთითა საქართველოს კონსტიტუციაზე, სხვა საერთაშორისო აქტებსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტზე და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმის მიხედვით, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში კი მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ამ კანონით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილა, რომ სადავო ბრძანება გამოიცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თუმცა აღნიშნული აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები - სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხის მიერ არ ყოფილა გამოვლენილი სხვა დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ კვლავ ცალმხრივად გაითვალისწინა მხოლოდ მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათი და მხედველობაში არ მიიღო კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების მითითება მასზედ, რომ ის ფაქტები, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არადამაკმაყოფილებელ მუშაობად მიიჩნია, არ ქმნიდა მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს. მოპასუხე მხარეს არ დაუდგენია, არსებობდა თუ არა ისეთი გარემოებები, რაც შესაძლოა გამხდარიყო სადავო საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება ახალ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოპასუხე შემოიფარგლა იმავე სახის მტკიცებულებებით და მოსარჩელესთან ზოგადი ხიასიათის შეკითხვებით. შესაბამისად, იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სადავო გადაწყვეტილება.

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა შეფასების შედეგად, საქალაქო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხეს - სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, განმეორებითი ადმინისტრაციული წარმოების დროს არ გამოუვლენია და არ დაუდგენია რაიმე ახალი გარემოება, რომელიც მოსარჩელე ფ. ტ-ის მიერ გამოსაცდელის ვადის არადამაკმაყოფილებლად გავლას დაადასტურებდა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთნ, რის გამოც ბათილად ცნო „ფ. ტ-ის გათავისუფლების შესახებ“ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 2 ოქტომბრის №DES 0 18 00001668 ბრძანება და „ფ. ტ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 28 იანვრის №2-87 ბრძანება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ასევე იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობისას ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზრაურება. საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლზე და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილშიც დასაბუთებული იყო დასადავო აქტების ბათილად ცნობის პირობებში მოპასუხეს დაავალა მოსარჩელე ფ. ტ-ის სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან 2016 წლის 18 იანვრიდან მის აღდგენამდე, შესაბამის თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.

მოსარჩელის წარმომადგენელმა 2019 წლის 3 დეკემბერს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებით შუმადგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა მხოლოდ „ფ. ტ-ის გათავისუფლების შესახებ“ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 2 ოქტომბრის №DES 0 18 00001668 და „ფ. ტ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 28 იანვრის №2-87 ბრძანებების ბათილად ცნობის, ასევე მოსარჩელის - ფ. ტ-ის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. ამასთან, დამატებით მიუთითა, რომ დაუყოვნებლივ აღსარულებლად მიქცევის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულების მიზნით, ფ. ტ-ე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 12 დეკემბრის №DES 3 19 00002614 ბრძანებით აღდგენილ იქნა ტოლფას თანამდებობაზე, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების I განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 13 იანვრის №DES 2 20 00000064 ბრძანებით ფ. ტ-ეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა საყვედური იმ მიზეზით, რომ იგი არ ცხადდებოდა სამსახურში. ამავე მიზეზით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის №134 დასკვნის საფუძველზე, დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 5 თებერვლის №DES 0 20 00000260 ბრძანების შესაბამისად, ფ. ტ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აპელანტების მტკიცებით. ზემოაღნიშნული გარემოებები ქმნის იმის მტკიცების საფუძველს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულია, თუმცა აღნიშნული პოზიცია სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და მიუთითა საქმის მასალებში წარმოდგენილი მოსარჩელის არაერთ განცხადებაზე, რომლითაც იგი უარს აცხადებს კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების I განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებაზე. ამასთან, პალატამ მხედვლობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ აპელანტისათვის ტერიტორიულობის პრინციპიდან გამომდინარე, მიუღებლი იყო აღნიშნული თანამდებობის დაკავება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, სადავო აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. შესაბამისად, ისინი აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლებით, ასევე, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 93-ე მუხლისა და 98-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომელთა თანახმად, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო, გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში ჩატარებული თათბირების - 2015 წლის 28 ნოემბრის №5 და 29 დეკემბრის №6 სხდომის ოქმების შესაბამისად, მოსარჩელის ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული განყოფილების მიმართ არაერთგზის გამოთქმულია შენიშვნები და საყვედურები დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო და განყოფილების მუშაობაც შეფასებულია სუსტად.

კასატორი არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა იმ მოსაზრებას, რომ დეპარტამენტის მიერ არ იქნა გაზიარებული ფ. ტ-ის პირად საქმეში არსებული გამოცდილება, პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია, ვინაიდან საქმის მასალებში არსებული მადლობის სიგელი შეეხება მოსარჩელის სხვა საჯარო დაწესებულებაში მუშაობის პერიოდს და არავითარ კავშირში არ არის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან. შესაბამისად, სხვა დაწესებულებაში მუშაობისთვის განკუთვნილი სიგელი დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ვერ იქნებოდა გაზიარებული.

კასატორი აგრეთვე აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის პირობებში, 2019 წლის 28 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე პერიოდში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა არსებობდა მხოლოდ კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების I განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რომელზეც აღღდგენილ იქნა ფ. ტ-ე, შემდეგ კი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ 2019 წლის 12 დეკემბრის ბრძანება გასაჩივრდა ფ. ტ-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც, თავის მხრივ, შეწყვიტა საქმის წარმოება, რადგან მოსარჩელის მიერ არ იყო გამოყენებული ადმინისტრაციული საჩივრის ერჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება ფ. ტ-ეს ჩაბარდა 2020 წლის 26 თებერვალს, თუმცა საჩივარი ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ იქნა იმავე წლის 6 აპრილს. შესაბამისად, საჩივარი ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დარჩა განუხილველად, გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო. ამრიგად, კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ დეპარტამენტის მიერ არ აღსრულებულა თბილისის საქალაქო სასამარლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ფარგლებში.

კასატორი, ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც ფ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივარი არსებითად განხილული იქნებოდა მათი დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისთვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძვლით, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის ცნებას, სახეებს, სამსახურში მიღების, დაწინაურების, წახალისების, დისციპლინური გადაცდომის, პასუხისმგებლობის სახეებს და მათი დაკისრების, სამსახურიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს, სტანდარტებს, პროცედურასა და წესებს, შესაბამისად, ამავე კანონითვე არის დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა ძირითადი უფლება-მოვალეობები. მოსარჩელე კი წარმოადგენს სამინისტროს მოსამსახურეს, რომლის სამართლებრივ მდგომარეობასაც განსაზღვრავს დასახელებული კანონი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 24-ე მუხლი ითვალისწინებს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნას გამოსაცდელი ვადით, რომლის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ამ კანონით დადგენილი წესით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 98-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგები, დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს. „ფ. ტ-ის გათავისუფლების შესახებ“ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 2 ოქტომბრის №DES 0 18 00001668 სადავო ბრძანება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამოსაცდელი ვადის შედეგების შეფასება შეადგენს ადმინისტრაციის დისკრეციის სფეროს. ამასთანავე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურიდან მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, თანამდებობასთან შეუსაბამობის საფუძვლით. ამასთან, აღნიშნული მოტივით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი - არადამაკმაყოფილებელი შედეგი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ უნდა იქნეს დასაბუთებული და გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2015 წლის 20 ნოემბრის № DES 15 00002255 ბრძანებით, ფ. ტ-ე დაინიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე- ჯავახეთის სამმართველოს გარემოსდაცვითი ...ის ...ის ...ის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით 2015 წლის 20 ნოემბრიდან 2016 წლის 20 იანვრამდე. ამავე დეპარტამენტის 2016 წლის 18 იანვრის № DES 0 16 00000094 ბრძანებით, ფ. ტ-ე გათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 18 იანვრიდან. გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად დაედო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 15 იანვრის №DES 4 16 00002834 მოხსენებითი ბარათი, რომელშიც აღინიშნა, რომ ფ. ტ-ე გამოსაცდელი ვადის პერიოდში ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, რაც არაერთხელ იქნა გამოხატული სიტყვიერი შენიშვნის სახით მოხსენებითი ბარათის ავტორის მიერ. მის ხელმძღვანელობას დაქვემდებარებული განყოფილების მიერ ვერ ხდებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა. იგი რაციონალურად ვერ ანაწილებდა მითითება/დავალებებს თანამშრომლებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ნ-მა მიიჩნია, რომ ფ. ტ-ემ გამოსაცდელი ვადა პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის გათვალისწინებით გაიარა არადამაკმაყოფილებლად. გათავისუფლების შესახებ ბრძანება ფ. ტ-ემ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლში და სადავო აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის გამოცემით სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ფ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 18 იანვრის № DES 0 16 00000094 ბრძანება ფ. ტ-ის განთავისუფლების შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით.

კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 2 ოქტომბრის ბრძანებით სახელწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს გარემოსდაცვითი ...ის ...ის ...ი - ფ. ტ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 18 იანვრიდან. ამასთანავე, არ დაკმაყოფილდა მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარიც. აღნიშნული აქტები ფ. ტ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სასარჩელო წესით გაასაჩივრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ. ტ-ის სარჩელი - სადავო აქტების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა. ამასათანავე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება „ფ. ტ-ის გათავისუფლების შესახებ“ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 2 ოქტომბრის №DES 0 18 00001668 და „ფ. ტ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 28 იანვრის №2-87 ბრძანებების ბათილად ცნობის, ასევე, მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში. აღნიშნული განჩინების აღსრულების მიზნით, ფ. ტ-ე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 12 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე აღდგენილ იქნა ტოლფას თანამდებობაზე, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების I განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 13 იანვრის ბრძანებით ფ. ტ-ეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა საყვედური იმ მიზეზით, რომ იგი არ ცხადდებოდა სამსახურში. ამავე მიზეზით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის №134 დასკვნის საფუძველზე, დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 5 თებერვლის ბრძანების შესაბამისად, ფ. ტ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტა საჭიროებს არსებითი გარემოებების დადგენას. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმის განმხილველი სასამართლო არ არის შეზღუდული მხარის მიერ მითითებული ფაქტებით და მტკიცებულებებით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების შესაბამისად, დავის სწორად გადაწყვეტისთვის სასამართლოს ეკისრება საკუთარი ინიციატივით საქმის სრულყოფილად გამოკვლევისათვის საჭირო რელევანტური ფაქტების და მტკიცებულებების მოძიების და შეფასების ვალდებულება. მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენისა და სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე იმგვარად, რომ არ გაითვალისწინა ფ. ტ-ის გამოსაცდელი ვადის პერიოდში მისი შემოწმების არადამაკმაყოფილებელი შედეგები. როგორც ზემოთ აღინიშნა, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. გამოსაცდელი ვადის დამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში გამოიცემა სამართლებრივი აქტი პირის თანამდებობაზე მიღების შესახებ, ხოლო გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან გამოსაცდელი ვადის გასვლის შემთხვევაში პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება სამსახურიდან.

ამრიგად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი გამოსაცდელ ვადაში მოხელის შემოწმების არადამაკმაყოფილებელი შედეგების პირობებში, ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას, მოახდინოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების და ა.შ. ობიექტური შეფასება და მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება. აღნიშნული უზრუნველყოფს როგორც კონკრეტული მოხელის, ასევე, საჯარო ინტერესის დაცვას. საგულისხმოა, რომ ფ. ტ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანება წარმოადგენს სწორედ დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მე-6 მუხლით დადგენილია, რომ თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. მე-7 მუხლი ადგენს ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამგვარად, გამოსაცდელ ვადაში მოხელის შემოწმებისას, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, რათა დაინტერესებული პირისთვის ცნობილი გახდეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება, ასეთ დროს ის ვალდებულია გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამისი აქტის გამოცემისას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში, სადავო აქტის გამოცემა, ისე რომ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გათვალისწინებით მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისას გამოკვლეული არ იქნა ფაქტობრივი გარემოებები მოხელის კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და შრომის დისციპლინისადმი დამოკიდებულების შესახებ, რადგან საქმეს მტკიცებულების სახით თან ერთვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საკითხის გამოკვლევასა და გამოსაცდელი ვადის პერიოდში პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შემოწმებისას მოხელის მიერ არადამაკმაყოფილებლად გავლას. სააპელაციო სასამართლომ ერთობლიობაში უნდა შეაფასოს მოხელის ხელმეორედ გათავისუფლების შესახებ ჩატარებული სხდომის ოქმი და გამოიკვლიოს თუ რა ფაქტობრივი გარემოებები დაედო საფუძვლად გათავისუფლებას, გარდა მოხსენებითი ბარათისა, ასევე, სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში ჩატარებული 2015 წლის 28 ნოემბრის №5 და 29 დეკემბრის №6 თათბირების სხდომის ოქმები, რომლებითაც, კასატორის მითითებით, მოსარჩელის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი განყოფილების მიმართ არაერთზის გამოთქმულია შენიშვნები და საყვედურები დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შერულების გამო და განყოფილების საქმიანობა, როგორც წლის, ასევე თვის განმავლობაში შეფასებულია სუსტად. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საკითხის ხელახლა განხილვისას აღნიშნულ გარემოებებს დეტალური შეფასება უნდა მიეცეს.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქმეზე უდავოდ დადასტურებულ გარემოებებს, რომ ფ. ტ-ე კანონიერ ძალაში შესული განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულების ფარგლებში 2019 წლის 12 დეკემბრის ბრძანებით აღდგენილ იქნა ტოლფას თანამდებობაზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების I განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. 2020 წლის 13 იანვრის ბრძანებით ფ. ტ-ეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა საყვედური იმ მიზეზით, რომ იგი არ ცხადდებოდა სამსახურში. ამავე მიზეზით, 2020 წლის 5 თებერვლის ბრძანების შესაბამისად, იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. დანიშვნის შესახებ ბრძანება გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, თუმცა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობის გამოუყენებლობის გამო, სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა. შესაბამისად, ფ. ტ-ის ტოლფას ტანამდებობაზე აღდგენისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აქტები კანონიერ ძალაშია შესული.

საკასაციო სასამართლო საქმეზე ამ უდავოდ დადასტურებულ გარემოებებზე მითითებით, აღნიშნავს, რომ საქმის სააპელაციო ინსტანციის სასამართლში განხილვისას, მოსარჩელე აღდგენილი იყო ტოლფას თანამდებობაზე და დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე გათავისუფლდა კიდეც დაკავებული თანამდებობიდან. ამასთან, აღნიშნული აქტები ძალაშია და მათი უკანონობა საქმის მასალებით არ დასტურდება. მიუხედავად ამისა, დასახელებული გარემოებები სააპელაციო სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა. ამასთან, მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლით გათვალისწინებულ სამსახურში აღდგენის პროცედურაზე, თუმცა საქმის რეალური, იმჟამად არსებული გარემოებების გამოკვლევისა და გათვალისწინების გარეშე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს განმეორებით დაავალა ფ. ტ-ის სამუშაოზე აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს, ფ. ტ-ის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალაში ყოფნის პირობებში, მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის რეალურ შესაძლებლობასა და განაცდურის სრული ანაზღაურების კანონიერებაზე, იმ პირობებში, როცა ტოლფას თანამდებობაზე ერთხელ უკვე აღდგენილი მოხელე გათავისუფლებულია თანამდებობიდან და გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონობა არ დადასტურებულა. ამ შემთხვევაში დასადგენია, არსებობს თუ არა მოხელის სამუშაოზე განმეორებითი აღდგენის ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლები.

ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ ზემოაღნიშნული საკითხი სრულყოფილად არ არის შესწავლილი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გაუქმების საფუძველი და საქმე, იმავე კოდექსის 412-ე მუხლიდან გამომდინარე, ხელახლა განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 412-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე