საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-854(კს-21) 14 იანვარი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - დ. ჭ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:დ. ჭ-ემ 2020 წლის 17 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართ და მოსარჩელის მიერ 2018 წლის 26 დეკემბერს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და 924 ლარით დაჯარიმების შესახებ იმავე ბიუროს 2019 წლის 18 დეკემბრის №336/განკ განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით დ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებით აღინიშნა, რომ დ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, ვინაიდან არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ამასთანავე, სააპელაციო საჩივარში არ იყო მითითება, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა. მხარეს დაევალა ხარვეზის შევსება და განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. აპელანტს აღნიშნული განჩინება გაეგზავნა რამდენჯერმე და ჩაბარდა 2021 წლის 20 აპრილს.
დ. ჭ-ემ 2021 წლის 22 აპრილს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან მისი გადახდისგან გათავისუფლების მოთხოვნით.
სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის განჩინებით წარდგენილი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შევსების მიზნით, დ. ჭ-ეს 5 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადა. ამავე განჩინებით, აპელანტს დაევალა სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სახით ან სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან/და გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, ამასთან, დაევალა სააპელაციო საჩივარში მიეთითებინა, რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განჩინება დ. ჭ-ეს სააპელაციო საჩივარში მის მიერვე მითითებულ მისამართზე გაეგზავნა არაერთხელ და საბოლოოდ, 2021 წლის 14 ივლისს ჩაბარდა მის ადვოკატს - თ. ტ-ს.
აპელანტს ხარვეზის შევსების ან ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების განცხადებით, არ მიუმართავს სასამართლოსათვის.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინება დ. ჭ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის თანახმად, ადვოკატ - თ. ტ-ს გზავნილის ჩაბარების დღეს (2021 წლის 14 ივლისი) დაუდასტურდა კორონა ვირუსი და გადავიდა იზოლაციაში, ხოლო მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის ვერ მოახერხებდა აპელანტისთვის ხარვეზის შესახებ შეტყობინებას. ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის განხილვის დავალება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად კი, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო, მისი განუხილველად დატოვების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სწორედ ამიტომ, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს საპროცესო მოქმედებების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შესრულება წარმოადგენს. მოცემული ვალდებულების დარღვევა კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს უალტერნატივოდ ავალებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გამოცემას. ამასთანავე, საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებისა და გასაჩივრების ვადის დაცულობის საკითხის გამოკვლევისას ზუსტად უნდა განისაზღვროს საჩივრის წარდგენის ვადის ათვლის დაწყების მომენტი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან. მხარისთვის გზავნილის ოფიციალური გაცნობის წესები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ამასთანავე, კანონმდებლობა არ განსაზღვრავს გზავნილის მხოლოდ უშუალოდ ადრესატისთვის ჩაბარების მოვალეობას, არამედ კონკრეტული წინაპირობების არსებობისას, გზავნილი შესაძლებელია, ჩაბარდეს სხვა სუბიექტსაც და მაინც ჩაითვალოს ჩაბარებულად. მათ შორის, დასახელებული კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილიდან გამომდინარე, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
ასევე მნიშვნელოვანია დასახელებული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ. ჭ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განჩინება დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ, კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2021 წლის 14 ივლისს ჩაბარდა მის ადვოკატს - თ. ტ-ს. ამრიგად, 2021 წლის 15 ივლისიდან დაიწყო ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის ათვლა და დასრულდა იმავე წლის 19 ივლისს, 24 საათზე (ორშაბათი). შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორება მხარეს უნდა უზრუნველეყო 2021 წლის 19 ივლისის 24:00 საათამდე, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. აღნიშნული გარემოება კი, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა შეიძლება აღდგეს, თუ მხარე დაადასტურებს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას - მხარის ბრალის გარეშე ხსენებულ ვადაში კონკრეტული ქმედების განხორციელების ობიექტურ შეუძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მხარეს ჰქონდა დადგენილი ხარვეზის შევსების ან/და სასამართლოსათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართვის მცდელობა, რაც შეუძლებელი გახდა კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების გამო. ამასთან, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან, 2021 წლის 14 ივლისიდან კერძო საჩივრის წარდგენამდე, 2021 წლის 17 აგვისტომდე, არ დასტურდება დ. ჭ-ის მიერ სასამართლოსთვის რაიმე შუამდგომლობით მიმართვის მცდელობა.
სადავო შემთხვევაში კი, კერძო საჩივრის ავტორი საპროცესო მოქმედების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობას მისი ადვოკატის კორონავირუსით დაინფიცირებას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ კერძო საჩივარს თან ერთვის ადვოკატ თ. ტ-ის კორონავირუსის დადასტურების სეროლოგიური კვლევის შედეგი, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ადვოკატმა სწორედ იმავე დღეს - 14 ივლისს ჩაიბარა (ს.ფ. 270). აღნიშნული გარემოება ადასტურებს მისი საადვოკატო ბიუროში ყოფნის ფაქტს და გამორიცხავს დ. ჭ-ისთვის ხარვეზის შესახებ ინფორმაციის შეტყობინების შეუძლებლობას. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ დ. ჭ-ეს სასამართლომ დაავალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა, ბაჟის გადახდა კი შესაძლებელი იყო საბანკო დაწესებულებების დისტანციური მომსახურებით სარგებლობის ან თანხის ელექტრონულად გადარიცხვის სხვა მეთოდების გამოყენებითაც. ასევე, მხარეს შეეძლო განსაზღვრულ ვადაში სასამართლოსთვის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, საპროცესო მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მაინც მიემართა, თუმცა მას არც ეს შესაძლებლობა გამოუყენებია.
საკასაციო პალატა, დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ადვოკატის ან მისი მარწმუნებლის მიერ საპროცესო მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას, მათ შორის, სასამართლოს დროულ ინფორმირებას არ გამორიცხავდა. სწორედ ამიტომ, ვინაიდან დ. ჭ-ემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო და არც საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავს სასამართლოსთვის, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. კერძო საჩივრის ავტორის პოზიცია კი ვერ ადასტურებს მოთხოვნილი დოკუმენტაციის საპროცესო ვადაში წარდგენის შეუძლებლობასა და გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის წინაპირობების არსებობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით მიიღო გასაჩივრებული განჩინება, აპელანტის მიერ კანონით დადგენილი ვადის დარღვევა ქმნიდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უპირობო საფუძველს. შესაბამისად, დ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე