ბს-1026 (3კ-18) 13 იანვარი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ა-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2018წ. განჩინება
დავის საგანი - მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ა-ემ 17.08.2017წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. ბათუმის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 11.04.2017წ. №28 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა გ. ა-ის ნაწილში, აგრეთვე ქ. ბათუმში, ...ის პირველ ჩიხში მდებარე 634 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გ. ა-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 26.12.2007წ. №13 საოქმო გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის რაიონში, სოფ. ...აში მდებარე 510 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აღიარებული იქნა მოსარჩელის დედის, მ. ა-ის საკუთრების უფლება. იმავე კომისიის 03.01.2008წ. №1 საოქმო გადაწყვეტილებით იმავე სოფელში მდებარე 2300 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აღიარებული იქნა ა. ზ-ის საკუთრების უფლება. აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში აღმოჩნდა მ. ა-ისათვის აღიარებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2008წ. გადაწყვეტილებით საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებები მ. ა-ის და ა. ზ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ბათილად იქნა ცნობილი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საკითხის ხელახალი შესწავლის შედეგად ახალი გადაწყვეტილებების მიღება. საკითხის ხელახალ განხილვამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ტერიტორიის ნაწილი, მათ შორის სადავო 634 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, გადაეცა ბათუმის მუნიციპალიტეტს. აღნიშნულის გამო გ. ა-ემ მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომლის 07.12.2014წ. №14 საოქმო გადაწყვეტილებით გ. ა-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მიწის ნაკვეთის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებობის საფუძვლით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.10.2015წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 07.12.2014წ. №14 საოქმო გადაწყვეტილება გ. ა-ის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში, კომისიას დაევალა საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღიარების კომისიამ 11.04.2017წ. ხელახლა განიხილა გ. ა-ის განცხადება და მიიღო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ოთხი საფუძვლით: მიწის ნაკვეთი არის მუნიციპალიტეტის საკუთრება, მიწის ნაკვეთზე განლაგებულია ქარსაფარი ზოლი, საცხოვრებელი სახლი მყარად არ არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან, მიწის ნაკვეთი არ არის გ. ა-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.10.2015წ. გადაწყვეტილებით სწორედ ამ საფუძვლით იქნა ბათილად ცნობილი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 07.12.2014წ. №14 საოქმო გადაწყვეტილება. 26.12.2007წ. მოსარჩელის დედის - მ. ა-ისათვის საკუთრების უფლების აღიარების დროისათვის მიწა წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და განკარგული არ ყოფილა. დავის საბოლოო გადაწყვეტამდე არ დაიშვება მიწის ნაკვეთის სტატუსის შეცვლით მოქალაქის კანონიერი ინტერესის შეზღუდვა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არავის ჰქონდა უფლება სადავო მიწის ნაკვეთის კუთვნილების საკითხი გადაეწყვიტა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქარსაფარი ზოლის არსებობა მიმდებარე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას არ კრძალავს. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც სადავო მიწის ნაკვეთზე ქარსაფარი ზოლის არსებობას დაადასტურებდა. რამდენიმე ხე, რომელსაც ქარსაფარი ზოლი უწოდა კომისიამ, არ არის განლაგებული ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე. მიწის ნაკვეთზე ქარსაფარი ზოლის არსებობის შემთხვევაშიც, აღნიშნული არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონში ჩამოთვლილია ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება, ამ ჩამონათვალში ქარსაფარი ზოლი არ შედის.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისათვის ერთმანეთისაგან მიჯნავს საცხოვრებელ სახლსა და შენობას. კომისიამ საცხოვრებელი სახლი გააიგივა შენობასთან და შეაფასა არასაცხოვრებელი შენობის მიმართ დადგენილი პირობების არსებობა, კერძოდ, მიწასთან მყარად მიმაგრების საჭიროება. საცხოვრებელი სახლი შეიძლება იყოს აშენებული, მშენებარე ან დანგრეული. იმ შემთხვევაში თუ საცხოვრებელი სახლი დანგრეულია, მიწასთან მყარად მიმაგრების არსებობა არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარებაზე სავალდებულო პირობას. კანონის ამგვარი მიდგომა გამორიცხავს ზოგადად საცხოვრებელი სახლის მიმართ მიწასთან მყარად მიმაგრების სავალდებულო პირობის დაწესებას.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთის აღიარება მოითხოვა არა როგორც მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე, არამედ ნაკვეთზე, რომელიც დაკავებული აქვს 1998 წლიდან. აღნიშნულის გამო ამ საფუძვლით კომისიის უარი არ არის დასაბუთებული.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება თვითმმართველი ქალაქი ბათუმი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.11.2017წ. გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 11.04.2017წ. №28 საოქმო გადაწყვეტილება გ. ა-ის ნაწილში, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში, ქ. ბათუმში, ...ის პირველ ჩიხში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე, საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით გ. ა-ის განცხადებაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 11.04.2017წ. №28 საოქმო გადაწყვეტილება კომისიამ მიიღო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.10.2015წ. გადაწყვეტილების (საქმე №3-134/15წ.) აღსრულების მიზნით. გ. ა-ეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი 634 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებად (საკადასტრო კოდი ...), ასევე კომისიამ დაადგინა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გაშენებულია ქარსაცავი ზოლი, რომლის საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებულ ქონებას წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის მწვანე ნარგავები, ხოლო ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებულ ქონებად განიხილება მის საკუთრებაში არსებული, მათ შორის მწვანე ნარგავებზე დამაგრებული მიწა. კომისიის მიერ ასევე დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ხის მასალის დროებითი შენობა-ნაგებობა, რომელიც არ არის მიწასთან მყარად დაკავშირებული და არ შეესაბამება შენობა-ნაგებობის დადგენილ ნიშნებს და მოთხოვნებს.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.10.2015წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სასამართლომ არ გაიზიარა კომისიის მოსაზრება ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებობის გამო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შეუძლებლობის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არის აკრძალული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა აკმაყოფილებს კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007წ. №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის დამაბრკოლებელ გარემოებას. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით და საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007წ. №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ ცალსახად განისაზღვრა, რომ კანონის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება. იმ შემთხვევაში, თუ პირი აკმაყოფილებს სადავო სამართალურთერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შესაბამისი წესითა და პროცედურის დაცვით უნდა განხორციელდეს მისთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა. თუ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია სახელმწიფოს, ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად, საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციის გათვალისწინებით, აღნიშნული ფაქტით კიდევ უფრო მტკიცდება დასახელებულ მიწაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების შესაძლებლობა.
სადავო მიწის ნაკვეთზე არსებულ ქარსაფარ ზოლთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხსენებული გარემოება დამატებით შესწავლას და გამოკვლევას საჭიროებს. ამ გარემოების საწინააღმდეგოდ მოსარჩელემ მიუთითა საქმეში დაცულ ფოტოსურათებზე და აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთზე რაიმე სახის ქარსაცავი ზოლი არ არსებობს. მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 634 კვ.მ.-ს, სადაც დგას მხოლოდ ორი ძირი ხე, რომელიც ქარსაცავ ზოლად ვერ ჩაითვლება. ამდენად, მოპასუხე მხარის მითითება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ქარსაცავ ზოლს და შეუძლებელია მისი საკუთრების უფლებით აღიარება, არ იქნა გაზიარებული საქალაქო სასამართლოს მიერ.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2007 წლამდე შენობა-ნაგებობის არსებობა და გ. ა-ის მიერ სარგებლობის ფაქტი სადავო არ არის. ის გარემოება, რომ შენობა-ნაგებობა არ არის კაპიტალური, ვერ იქნება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის განსაზღვრული წესის შესაბამისად, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს მიწის საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) არსებობა. კანონმდებლობა არ შეიცავს მითითებას მიწის ნაკვეთზე მიწასთან მყარად დაკავშირებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის სავალდებულობის შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ფოტო-სურათებზე და აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობას დღემდე იყენებს საცხოვრებლად, სადაც ცხოვრობს ოჯახის წევრებთან ერთად და სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები უტყუარად დადგენილად არ იქნა მიჩნეული.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.11.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2018წ. განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკვებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10.11.2017წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას - გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ამასთან სასამართლომ არ გამოიყენა სასკ-ის 281 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება. ამ უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოში შეუძლებელია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შეთავაზების გარეშე სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებით მოსარჩელის მიზანი მიღწეული ვერ იქნება, რადგან საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ 2012 წლის 3 აპრილიდან აღრიცხულია თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრების უფლებით (საკადასტრო კოდი ...). „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება. ამდენად, მხოლოდ ის სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები ექვემდებარება საკუთრების უფლებით აღიარებას, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია. მიწა უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრება და იგი არ უნდა იყოს განკარგული სახელმწიფოს მიერ. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ამდენად, კანონმდებელმა გამიჯნა სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ქონება. თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ამოქმედების შემდეგ ვერ განიხილება სახელმწიფოს საკუთრებად.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით ფაქტობრივად სამართლებრივი ჩიხი შეიქმნა, რადგან გ. ა-ის განცხადების განხილვის პროცესში საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არა სახელმწიფოს, არამედ სხვა სუბიექტის საკუთრებაში იქნება აღრიცხული, რაც განცხადების პერსპექტიულობას გამორიცხავს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა არ არის შეზღუდული მოთხოვნის ფორმულირებით და შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. სარჩელის ტრანსფორმირებისას სწორად უნდა დადგინდეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი – რა უფლების დასაცავად მიმართა მან სასამართლოს და რა არის მისი საბოლოო ინტერესი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ უნდა დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში, ვინაიდან სარჩელის მოთხოვნის ზუსტი პროცესუალური ფორმულირება განსაზღვრავს დავის გადაწყვეტის მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შესთავაზოს მოსარჩელეს სარჩელის საფუძვლებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაზუსტება - ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, ასევე უნდა შესთავაზოს მოსარჩელეს მოპასუხეთა წრის დაზუსტება. სსკ-ის 372-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია მოახდინოს მოთხოვნის დაზუსტება/ტრანფორმირება, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო შეზღუდულია საჩივრის ფარგლებით, შესაბამისად ამ ხარვეზის აღმოფხვრა შეუძლებელია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების გარეშე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და გ. ა-ემ.
კასატორმა - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არის სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონება და წარმოადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის რეგისტრირებულ საკუთრებას (საკადასტრო კოდი ...). კასატორმა მიუთითა სუს 14.07.2016წ. გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-274(კ-16)), რომლითაც დადგინდა პრაქტიკა ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს მიერ განკარგულ მიწად მიჩნევის თაობაზე. ამდენად, კასატორის მოსაზრებით დაუშვებელია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებელზე აღიარება. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დარეგულირებულია მუნიციპალიტეტის ქონების კერძო საკუთრებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი. გარდა აღნიშნულისა, მუნიციპალიტეტის ქონების სხვა ფორმით გადაცემას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი არ ითვალისწინებს. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში ერთმანეთისაგან გამიჯნა სახელმწიფო საკუთრება და მუნიციპალური საკუთრება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით მუნიციპალურ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მოთხოვნებს. ამგვარი მსჯელობა და გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ურთიერთშეუსაბამოა, სარეზოლუციო ნაწილი განსხვავებული შინაარსისაა.
კასატორმა - საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ აღნიშნა, რომ გ. ა-ის მიერ მოთხოვნილი 634 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებას (საკადასტრო კოდი ...). „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის პირველი და მე-2 მუხლების შესაბამისად საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება ის მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას. მიწის ნაკვეთები, რომლებიც აღრიცხულია ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებად, განიხილება სახელმწიფოს მიერ განკარგულ მიწის ნაკვეთებად და საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება. ამ საკითხთან დაკავშირებით კასატორმა მიუთითა სუს 14.07.2016წ. გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-274(კ-16)), რომლითაც დადგინდა პრაქტიკა ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს მიერ განკარგულ მიწის ნაკვეთებად მიჩნევის თაობაზე.
კასატორმა აღნიშნა, რომ საკუთრების უფლებით ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა ქარსაცავი ზოლის არსებობა. ქარსაცავი ზოლის მნიშვნელობა იძლევა იმის საფუძველს, რომ ქარსაცავი ზოლით დაკავებული მიწის ნაკვეთი განხილული იქნეს, როგორც საზოგადოებრივი სარგებლობის მიწა, რაც არ ექვემდებარება აღიარებას. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებულ ქონებას წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის მწვანე ნარგავები, ხოლო ,,გ“ ქვეპუნქტით მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებულ ქონებად განიხილება მის საკუთრებაში არსებული, მათ შორის მწვანე ნარგავებით დაკავებული მიწა. ამდენად, ქარსაცავი ზოლით დაკავებული მიწის ნაკვეთი არ შეიძლება დაექვემდებაროს საკუთრების უფლებით აღიარებას, ვინაიდან იგი არ შეიძლება მიჩნეული იქნეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთად.
კასატორმა აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა არ პასუხობს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ხსენებული კანონის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად შენობად განიხილება სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა. განსახილველ შემთხვევაში მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ხის მასალის დროებითი შენობა-ნაგებობა, რომელიც არ არის მიწასთან მყარად დაკავშირებული, არ შეესაბამება შენობა-ნაგებობის ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილ მოთხოვნებს, ამასთან, მითითებული მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ.
კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო პალატამ ერთმანეთისაგან გამიჯნა სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით მუნიციპალური ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მოთხოვნებს. მიუხედავად სასამართლოს ამგვარი მსჯელობისა სარეზოლუციო ნაწილში სასამართლომ სრულიად საპირისპირო დასკვნა ასახა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ქონებას განეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტისთვის კანონით მიკუთვნებული ქონება; ბ) სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) ავტონომიური რესპუბლიკის მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; დ) მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, შეძენილი ან რეგისტრირებული ქონება. ამ ნორმის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში მიღებული ქონება ბუნებრივია ვერ გახდება საკუთრების უფლებით აღიარების საგანი, ვინაიდან მუნიციპალიტეტის გააჩნდა უფლება საკუთრებაში დაერეგისტრირებინა უძრავი ქონება კანონის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნულის გათვალისწინებით არ არის მართებული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სარჩელის ტრანსფორმაციით აღნიშნული გარემოებების სამართლებრივი მნიშვნელობა შეიცვლება.
საკასაციო სასამართლოს 01.11.2018წ. განჩინებით გ. ა-ის განცხადება დაკმაყოფილდა და გ. ა-ის საკასაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება, მის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 26.12.2007წ. №13 სხდომის ოქმის თანახმად მოსარჩელის დედის - მინერი ა-ის განცხადება ხელვაჩაურის რაიონში, სოფ. მახვილაურში მდებარე 0,051ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ დაკმაყოფილდა და 20.12.2007წ. გაიცა №3311 საკუთრების უფლების მოწმობა. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 03.01.2008წ. №1 სხდომის ოქმით დაკმაყოფილდა ა. ზ-ის განცხადება ხელვაჩაურის რაიონში, სოფ. ...აში, მ. ა-ისათვის აღიარებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 0,232ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2008წ. გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 26.12.2007წ. №13 ოქმი და მ. ა-ის სახელზე გაცემული №3311 საკუთრების უფლების მოწმობა, ასევე კომისიის 03.01.2008წ. №1 ოქმი 0,0457ჰა მიწის ნაკვეთის ა. ზ-ის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში და ა. ზ-ის სახელზე გაცემული №4545 საკუთრების უფლების მოწმობა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევის საფუძველზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით ა. ზ-ისა და მ. ა-ის კომისიაში წარდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით. მინერი ა-ის განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე „თვითმმართველ ქალაქ ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 14.06.2011წ. დადგენილების თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთი მოექცა თვითმმართველი ერთეული ქალაქ ბათუმის საზღვრებს შიგნით. მუნიციპალიტეტი არის შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე, მოცემულ შემთხვევაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სამართალმემკვიდრე გახდა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 03.06.2016წ. №5157 კანონით, ნაცვლად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსა, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებდა კომისიის მეშვეობით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრა შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია). ხელვაჩაურისა და ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილების გამო გ. ა-ემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ქ. ბათუმში, ...ის I ჩიხში მდებარე 634 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 31,46 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება. კომისიის 07.12.2014წ. №12 საოქმო გადაწყვეტილებით გ. ა-ეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ქ. ბათუმის მერიის საკუთრებად, ხოლო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და არა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწები. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.10.2015წ. გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 07.12.2014წ. №14 საოქმო გადაწყვეტილება გ. ა-ის ნაწილში და კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) გ. ა-ის განცხადებაზე ქ. ბათუმში, ...ის I ჩიხში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით. აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 11.04.2017წ. №28 საოქმო გადაწყვეტილებით გ. ა-ეს უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ...ის I ჩიხში მდებარე 634 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 31,46 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიამ მიუთითა, რომ გ. ა-ის მიერ მოთხოვნილი 634 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებას (საკადასტრო კოდი ...), საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები განიხილება სახელმწიფოს მიერ განკარგულ მიწის ნაკვეთებად და არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. კომისიამ აღნიშნა აგრეთვე, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გაშენებულია ქარსაცავი ზოლი, რომელიც განიხილება საზოგადოებრივი სარგებლობის მიწად და ამდენად, არ ექვემდებარება აღიარებას, ნაკვეთი ვერ იქნება მიჩნეული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთად, მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა არ შეესაბამება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ხის მასალის დროებითი შენობა-ნაგებობა, რომელიც არ არის მიწასთან მყარად დაკავშირებული და არ შეესაბამება შენობა-ნაგებობის კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ამასთანავე, მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერი მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. სადავო აქტით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია აგრეთვე ის გარემოება, რომ გ. ა-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე გაშენებულია ქარსაცავი ზოლი, რომელიც კომისიის აზრით არის საზოგადოებრივი სარგებლობის მიწა, ქარსაცავი ზოლით დაკავებული მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები წარმოდგენილია სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, რომლითაც დადგინდა საქალაქო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა დაბრუნება. დაბრუნების საფუძვლად მითითებულია სასარჩელო მოთხოვნების ტრანსფორმირებისა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების საჭიროება, შესაბამისად, საკასაციო პალატა ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველ ინსტანციის სასამართლოში საქმის დაბრუნების სამართლებრივი საფუძვლების არსებობას. მართალია, განსახილველ საკასაციო საჩივრებში კასატორები მიუთითებენ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების შეუძლებლობაზე, თუმცა ასევე ისინი არ ეთანხმებიან საქალაქო სასამართლოში საქმის განსახილველად დაბრუნებას სასარჩელო მოთხოვნების ტრანსფორმირებისა და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების მიზნით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების აღნიშნული პოზიცია ნაწილობრივ უნდა იქნეს გაზიარებული, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის ხელახლა დაბრუნების ნაწილში. საკასაციო სასამართლო არაა შებოჭილი კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევებით და ამოწმებს გადაწყვეტილებას მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების სწორად გამოყენების თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შეთავაზების გარეშე ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებით მოსარჩელის მიზანი მიღწეული ვერ იქნება, რამდენადაც საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ 2012 წლის 3 აპრილიდან აღრიცხულია თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკუთრების უფლებით (საკადასტრო კოდი ...). საკასაციო სასამართლოს აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული დეფინიციის თანახმად თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნორმის შინაარსით სახელმწიფო საკუთრების მიწა პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე უნდა იყოს თვითნებურად დაკავებული. კანონის გამოყენების მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, რომ პირის მიერ მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის დაკავება. აღნიშნულ კონტექსტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის მოხსენიება არ ნიშნავს, რომ განცხადების განხილვის მომენტში მიწა უცილობლად მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იმყოფებოდეს. ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებიდან ადგილობრივ საკუთრებაში გადაცემით არ გაუქმებულა ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა, ვინაიდან აღნიშნულით არ მომხდარა ნაკვეთის განკერძოება (სუსგ 28.10.2019წ. საქმე ͏№504-501(კ-17)). ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები დაუსაბუთებელია.
სააპელაციო პალატის მითითება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ნორმებზე არ ადასტურებს გასაჩივრებულ განჩინებაში გაკეთებულ დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ხსენებული ნორმატიული აქტების მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ქონების გამიჯვნით თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება გამოირიცხება. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 1.5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულია ქონების გასხვისების სპეციფიური ფორმა, კომისია უფლებამოსილია შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებში მოახდინოს საკუთრების უფლების აღიარება, მათი გადაცემა ფიზიკური პირის საკუთრებაში მიუხედავად იმისა, თუ ვის - სახელმწიფოს თუ ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში იმყოფება მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთზე ფიზიკური პირისათვის საკუთრების უფლების აღიარება ხდება კომისიის მიერ, რომელსაც აქვს დელეგირებული ფუნქცია ქონების განსახელმწიფოებრიობაზე.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 11.07.2007წ. კანონით პირდაპირ არ იქნა გათვალისწინებული კანონის მოქმედების გავრცელება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე, თუმცა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანულ კანონში იმავე დღეს - 11.07.2007წ. შეტანილი ცვლილებით განისაზღვრა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითი ორგანოები ახორციელებდნენ მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას („ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანულ კანონის 652 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი). ამდენად, უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მითითება სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირების საჭიროებაზე, მიუხედავად იმისა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 11.07.2007წ. კანონით პირდაპირ არ იქნა გათვალისწინებული კანონის მოქმედების გავრცელება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე, კანონის მიღების დროს მოქმედი კანონმდებლობა („ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონი) ცალსახად ითვალისწინებდა თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას.
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ 25.03.2005წ. კანონით, თვითმმართველი ერთეულის საკუთრების ფორმირების ერთ-ერთი საშუალება იყო თვითმმართველობის ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების გადაცემა (მე-4 მუხ. „ა“ ქვ.პ.). სადავო უძრავი ნივთის თვითმმართველი ქალაქ ბათუმის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისათვის „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ 25.03.2005წ. კანონის მოქმედი რედაქციით განსაზღვრული იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 16.12.2005წ. ორგანული კანონის 47-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ითვლებოდა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ 25.03.2005წ. კანონით განისაზღვრა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემის მრავალსაფეხურიანი და ხანგრძლივი პროცედურა. ამდენად, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 11.07.2007წ. კანონის მიღების დროისათვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრება ფაქტიურად გამიჯნული არ იყო სახელმწიფო საკუთრებისაგან. აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო მიწის ნაკვეთი თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში 2012 წელს გადაეცა. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 24.10.2011წ. გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 648 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი ...). სარეგისტრაციო სამსახურის 03.04.2012წ. გადაწყვეტილებით ამ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკუთრების უფლება. მართალია, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 11.07.2007წ. კანონი უთითებს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ ნაკვეთებზე უფლების აღიარებას, თუმცა კანონის მიღების პერიოდში მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ 25.03.2005წ. კანონის მე-7 მუხლი ადგენდა, რომ თვითმმართველ ერთეულზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში გადაცემასთან ერთად გადადიოდა აგრეთვე ამ ქონებასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან ქონების მმართველის მიერ ქონების გადაცემის მიზნით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. აღნიშნული ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ სახელმწიფო ქონების გამიჯვნა სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებად არ უკარგავს პირს საკუთრების უფლების აღიარებაზე.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მუნიციპალურ ქონებაზე გავრცელებას ადასტურებს კანონისმიერი დათქმა იმის შესახებ, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი). ანალოგიურ დებულებას შეიცავს ამჟამად მოქმედი საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ (3.2 მუხ. „ზ“ ქვ.პ.). აღნიშნული ობიექტები მუნიციპალურ საკუთრებაში იმყოფებიან, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ (107.1 მუხ. „ა“ ქვ.პ.) ხსენებული კატეგორიის ქონება მუნიციპალიტეტისათვის კანონით მიკუთვნებულ ქონებათა რიგს განეკუთვნება, ამდენად, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონში საკუთრების უფლების აღიარებას არდაქვემდებარებულ ობიექტებს შორის მუნიციპალურ საკუთრებაში მყოფი გარკვეული ობიექტების დასახელება, ლოგიკურად ადასტურებს მუნიციპალური საკუთრების დანარჩენ ობიექტებზე ამ კანონის გავრცელების შესაძლებლობას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, კანონით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევების გარდა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იმყოფება (ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107.1 მუხ. „ბ“ ქვპ.). „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 3.2 მუხლით ზუსტად არის განსაზღვრული იმ მიწის კატეგორიები, რომლებიც არ ექვემდებარებიან საკუთრების უფლების აღიარებას, აღნიშნული ნორმა არ გამორიცხავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, აღიარებას დაუქვემდებარებელ ობიექტებს შორის არ არის მითითებული თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონება. აღიარებას არ დაქვემდებარებულ ობიექტთა ჩამონათვალი ამომწურავია, უმართებულოა მისი განვრცობითი განმარტება (სუსგ 28.10.2019წ. საქმე №504-501(კ-17)).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ ჯერ კიდევ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.10.2015წ. გადაწყვეტილებით, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 07.12.2014წ. N14 საოქმო გადაწყვეტილება, კომისიას მიეთითა, რომ მუნიციპალურ საკუთრებაში ნაკვეთის ყოფნა არ გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. ხსენებული სასამართლოს გადაწყვეტილებით გ. ა-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ აღიარების კომისიის 07.12.2014წ. №14 საოქმო გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი სწორედ იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის დამაბრკოლებელ გარემოებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გ. ა-ის განცხადების თავიდან განხილვის დროს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმ სამართლებრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გ. ა-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადასაწყვეტად. სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარების კომისიას დაევალა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გ. ა-ის განცხადებაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილება) გამოცემა. მიუხედავად კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.10.2015წ. გადაწყვეტილებაში ასახული დასაბუთებისა, კომისიის გადაწყვეტილებით გ. ა-ეს კვლავ ეთქვა უარი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების დაუშვებლობის საფუძვლით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 26.01.2016წ. განჩინება, სუს 12.07.2016წ. განჩინება). კომისიამ სასამართლოს ამ მითითების უგულებელყოფით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.10.2015წ. გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიღებული გადაწყვეტილება დააფუძნა იმ მოსაზრებაზე, რომ დასაშვებია მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე უფლების აღიარება, აჭარის ა.რ. ან მუნიციპალურ საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთები განიხილება სახელმწიფოს მიერ განკარგულ მიწის ნაკვეთებად და არ ექვემდებარება აღიარებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ 4.1 მუხლის, სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტები სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოებისა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ქვეყნის სახელით სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისი იურიდიული შედეგის მატარებელია. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც (სსკ-ის 266-ე მუხ.). გარდა ამისა საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე გ. ა-ის დედის - მ. ა-ის საკუთრების უფლების აღიარების დროისათვის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ ყოფილა. ამ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 24.10.2011წ., ხოლო თვითმმათველი ქ. ბათუმის საკუთრების უფლება - 03.04.2012წ., შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთზე თვითმმათველი ერთეულის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა მანამდე, სანამ აღიარების კომისია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 18.09.2008წ. გადაწყვეტილების აღსასრულებლად გამოსცემდა ახალ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, კასატორების მითითება, რომ მიწის ნაკვეთის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებობის გამო კომისია მოკლებულია უფლებამოსილებას აღიაროს პირის საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად, არ არის დასაბუთებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმაზე, რომ საქალაქო სასამართლომ სარჩელის საფუძვლებიდან გამომდინარე მოსარჩელეს უნდა შესთავაზოს მოთხოვნის დაზუსტება კანონიერი უფლების დაცვის მიზნით საკუთრების უფლებით ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შედავების შესახებ, ასევე შესთავაზოს მოპასუხეთა წრის დაზუსტება. გარდა ამისა გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის დანარჩენ საფუძვლებზე.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 11.04.2017წ. №28 ოქმის თანახმად, გარდა მიწის ნაკვეთის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში მოქცევაზე მითითებისა, გ. ა-ეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე ნაკვეთზე ქარსაცავი ზოლის განთავსების გამო, აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად მიეთითა აგრეთვე იმ გარემოებებზე, რომ ნაკვეთზე განთავსებული არის ხის დროებითი შენობა-ნაგებობა და ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. მიუხედავად კომისიის მიერ სააპელაციო საჩივარში ამ საფუძვლებზე მითითებისა, სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ ჰქონია მსჯელობა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დანარჩენ საფუძვლებზე. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად უნდა დადგინდეს გ. ა-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განმაპირობებელი დანარჩენი საფუძვლების არსებობაც.
კომისიის საკასაციო საჩივარში იმის აღნიშვნა, რომ ნაკვეთი არ მდებარეობს გ. ა-ის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავედ არ ადასტურებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერებას, რადგან მოცემულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარება მოთხოვნილია არა როგორც საკუთრებაში არსებული მიწის მომიჯნავე ნაკვეთზე, მოთხოვნა ეხება ცალკე ნაკვეთს, რომელზედაც განლაგებულია შენობა.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს ორი ტიპის - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთებს. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე გ. ა-ე მოითხოვს თვითნებურად დაკავებულ ქ. ბათუმში, ...ის I ჩიხში მდებარე 634 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 31,46 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებას. ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს. შენობა-ნაგებობის არსებობა 2007 წლამდე და მოსარჩელის მიერ ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი დავას არ იწვევს. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი ანსხვავებს საცხოვრებელ სახლს და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობას, კანონი ადგენს, რომ ნაკვეთის საკუთრებაში აღიარებისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა, კანონის თანახმად ნაკვეთზე განთავსებული სახლის შემთხვევაში ის შეიძლება იყოს აშენებული, მშენებარე ან დანგრეული. სააპელაციო პალატას არ დაუდგენია ნაკვეთზე განლაგებული ობიექტის სახეობა, არ უმსჯელია მის მიმართ მიწასთან მყარად მიმაგრების მოთხოვნის წარდგენის მართებულობაზე. კანონის მიზნებისათვის „შენობა“ განიმარტება, როგორც სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით (მათ შორის ხის კონსტრუქციით), გარდა დროებითი შენობისა. სადავო აქტის თანახმად გ. ა-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველი მის მიერ მოთხოვნილ ნაკვეთზე განთავსებული შენობის სტატუსი გახდა, კომისიამ მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ხის მასალის დროებითი შენობა-ნაგებობა. ამასთანავე, მხოლოდ ის გარემოება, რომ შენობა ხის მასალისაგან არის აშენებული არ ქმნის მის დროებით შენობად მიჩნევის საკმარის საფუძველს, მნიშვნელოვანია შენობა-ნაგებობის საინჟინრო კონსტრუქცია და დანიშნულება. გაურკვეველია თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით იქნა მიჩნეული გ. ა-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა ხის მასალის დროებით შენობა-ნაგებობად, რომელიც მყარად არ იყო დაკავშირებული მიწასთან. შენობის სახეობის შესახებ დასკვნა უნდა ემყარებოდეს სრულყოფილ სპეციალურ გამოკვლევასა და შეფასებას, რაზედაც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია.
საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გ. ა-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველად მიუთითა აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გაშენებულია ქარსაცავი ზოლი. კომისიამ აღნიშნა, რომ ქარსაცავი ზოლები, როგორც მწვანე ნარგავები, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107.1 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად წარმოადგენს მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებულ ქონებას. კომისიის მოსაზრებით ქარსაცავი ზოლით დაკავებული მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას, ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107-ე მუხლის გათვალისწინებით იგი არ შეიძლება მიჩნეული იქნეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული არ არის მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის რა ნაწილზეა განთავსებული ქარსაფარი ზოლი და დასაბუთებული არ არის თუნდაც ნაკვეთის ნაწილზე ქარსაფარი ზოლის არსებობის შემთხვევაში დანარჩენ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შეუძლებლობა. ქარსაცავი ზოლების გაშენება, როგორც წესი, მიზნად ისახავს გაბატონებული ქარების მიმართულებების შერბილებას, ასევე ნიადაგის ეროზიისაგან დაცვას. მოსარჩელის განმარტებით საკუთრების უფლების აღიარების მომენტისათვის გ. ა-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე იდგა მხოლოდ ორი ხე, ხოლო ის რაც, კომისიამ ქარსაფარ ზოლად მიიჩნია, მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში არ შედის. კომისიის მიერ ქარსაცავ ზოლზე მითითება იმით იყო განპირობებული, რომ ქარსაცავი ზოლი წარმოადგენს მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებულ ქონებას - მწვანე ნარგავებს, რაც გამორიცხავს ასეთ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად არ არის მითითებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევაზე. საქმეზე დადგენას საჭიროებს ქარსაცავი ზოლის არსებობა, საქმეში მოიპოვება სპეციალური კომისიის მიმოწერა, რომლის თანახმად ტერიტორიაზე განლაგებულია რამდენიმე ხმელი ხე, რომელიც აღებას ექვემდებარება. მოსარჩელე უარყოფს ქარსაცავი ზოლის არსებობას და აღნიშნავს, რომ ხეების ირგვლივ არსებული ტერიტორიები ათვისებულია მოსახლეობისა და კერძო სამართლის სუბიექტების მიერ, ფართი, რომელზედაც რამდენიმე ხე მდებარეობს, არ არის შეტანილი ნახაზზში. ამასთანავე, სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის 4.8 მუხლი ადგენდა, რომ ქარსაცავი ზოლი არის მისი მომიჯნავე მიწის მესაკუთრეთა საერთო საკუთრება. ამდენად, ნაკვეთის ქარსაფარი ზოლის მომიჯნავედ არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული თავისთავად არ ქმნის აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავის გადაწყვეტა საჭიროებს სადავო ნაკვეთზე ქარსაცავი ზოლის არსებობის საკითხის გარკვევას, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ დადგენილა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს მიერ იდენტური ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების მქონე საქმეებთან დაკავშირებით მიღებულ განჩინებებს (იხ. სუსგ 02.10.2014წ. №ბს-354-350(კ-14), 29.10.2015წ. №ბს-392-386(2კ-15), 11.07.2018წ. №ბს-319-319(კ-18)), რომლებითაც დაუშვებლად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციული ორგანოს საკასაციო საჩივრები და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 08.04.2014წ., 13.03.2015წ. და 25.01.2018წ. განჩინებები, ასევე ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს 28.10.2019წ. გადაწყვეტილებას (საქმე №ბს-504-501(კ-17)), რომლითაც სააპელაციო სასამართლოს 16.02.2016წ. გადაწყვეტილების გაუქმებით საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, შესაბამისად, სახეზეა დივერგენცია, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება მოცემულ საკითხზე არსებულ სასამართლო პრაქტიკას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი (სსკ-ის 393.2 მუხ.).
კასატორების მითითება სუს 14.07.2016წ. გადაწყვეტილებაზე (საქმე ͏№ბს-276-274(კ-16)) არ ადასტურების მათ მოსაზრებას თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების შეუძლებლობაზე. მითითებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებისადმი კუთვნილება, რომელზედაც გავრცელდებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი და საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007წ. ͏№525 ბრძანებულება, საკასაციო სასამართლომ ხსენებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის მოწვევის აუცილებლობაზე, შესაბამისად, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მითითება თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების შეუძლებლობის დასადასტურებლად კასატორების მოსაზრების გაზიარების საფუძველს არ ქმნის.
მოსარჩელე მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძვლად უთითებს თანასწორობის პრინციპის დარღვევით აღიარების კომისიის სადავო 11.04.2017წ. N28 გადაწყვეტილების მიღებას, მოსარჩელე აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ საკითხის შესწავლა და განხილვა მოხდა მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე, მას არ მიეცა საშუალება საკუთარი მოსაზრების წარსადგენად, მას არ ეცნობა სხდომის დანიშვნის დრო. სააპელაციო პალატამ არ იქონია მსჯელობა სადავო გადაწყვეტილების მიღების პროცედურულ საკითხებზე. საქმეში დაცულია მოსარჩელის წარმომადგენლის 15.12.2016წ. განცხადება კომისიის მიმართ, რომლითაც განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ოჯახს სხვაგან საცხოვრებელი არ გააჩნია, ნაკვეთს ფლობენ 23 წლის განმავლობაში, ოჯახის წევრებისათვის ეს ნაკვეთი წარმოადგენს სარჩოს წყაროს, ნაკვეთი შემოღობილია, მასზე დგას გ. ა-ის ოჯახის საცხოვრებელი ხის შენობა. განმცხადებელი ითხოვდა წარმოების დროს სხდომაზე მოწვევას. კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარების წესის თანახმად კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს სზაკ-ის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, სზაკ-ის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სზაკ-ის 108-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. სზაკ-ის 95-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. საქმის ხელახლა განხილვისას საპელაციო პალატამ უნდა გაარკვიოს აღნიშნული მოთხოვნების დაცულობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არაა დასაბუთებული. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორების მოსაზრებებს და თვლის, რომ საფუძველსაა მოკლებული სააპელაციო სასამართლოს მითითება სასკ-ის 281 მუხლზე, აგრეთვე სარჩელის დაზუსტების სახით თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის წარდგენის საჭიროების და შესაბამისად მოსარჩელის მიერ მოპასუხეთა წრის დაზუსტების საჭიროების შესახებ. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია კომისიის სადავო გადაწყვეტილებით საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ყველა საფუძველზე, რაც შეუძლებელს ხდის უარის თქმის ამ საფუძვლების მიმართ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის კანონიერების დადგენას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2018წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. გოგიაშვილი