Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე Nბს-29(კს-22) 24 იანვარი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2021 წლის 28 ივლისს სსიპ შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა ი/მ მ. ჩ-ის (პ/ნ ...) ცრუმაგიერ პირებად მი. ჩ-ის (პ/ნ ...), თ. ჩ-ის (პ/ნ ...) და შპს ,,...ის“ (ს/ნ ...) აღიარება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებით დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა; მი. ჩ-ე (პ/ნ ...), თ. ჩ-ე (პ/ნ ...) და შპს ,,...ი“ (ს/ნ ...) ცნობილ იქნენ ი/მ მ. ჩ-ის (პ/ნ ...) ცრუმაგიერ პირებად.

2021 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას საჩივრით მიმართეს ი/მ მ. ჩ-ემ, მი. ჩ-ემ, თ. ჩ-ემ და შპს ,,...მა“. საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ოქტომბრის ბრძანების გაუქმება და სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ი/მ მ. ჩ-ის, მი. ჩ-ის, თ. ჩ-ისა და შპს ,,...ის" საჩივარი.

2021 წლის 10 დეკემბერს ი/მ მ. ჩ-ემ, მი. ჩ-ემ, თ. ჩ-ემ და შპს "...მა" შუამდგომლობით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. შუამდგომლობის ავტორებმა მოითხოვეს საქმის წარმოების შეჩერება საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის "დ" ქვეპუნქტზე მითითებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა ი/მ მ. ჩ-ის, მი. ჩ-ის, თ. ჩ-ისა და შპს "...ის" შუამდგომლობა; შეჩერდა N3/ბ-534-2021წ. ადმინისტრაციული საქმის წარმოება, აპელანტ მ. ჩ-ის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წარდგენილ N63532/1/21 ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წესით წარმოების დასრულებისა და მის საბოლოო გადაწყვეტამდე.

2021 წლის 28 დეკემბერს, სსიპ შემოსავლების სამსახურმა, კერძო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქმის წარმოების შეჩერების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის N3/ბ-534-21 განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საქმის შესწავლისა და კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დადგენილი პრაქტიკის მიხედვით (იხ. მაგ.: სუსგ 01.10.2015წ. Nბს-408-402(კ-15), 31.05.2018წ. Nას-614-614-2018, 10.09.2019წ. Nბს-939(3კ-19), 10.09.2019წ. Nბს-371(კ-19), 10.09.2019წ. Nბს-1007(2კ-19), 27.09.2019წ. Nბს-794(კ-19), 27.09.2019წ. Nბს-522 (კ-19) და სხვ.), საპროცესო კანონმდებლობაში ისეთი სახის ცვლილების შეტანა, რომელიც კონკრეტულ დავებს საკასაციო პალატის ქვემდებარობიდან გამორიცხავს, იწვევს საკასაციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების დასრულებას, საჩივრის განუხილველად დატოვებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია ცრუმაგიერ პირებად ცნობა. საგადასახადო კოდექსის როგორც ცვლილებამდე, ისე ამჟამად მოქმედი რედაქციიდან გამომდინარე, ცრუმაგიერი პირების დადგენა სასამართლოს პრეროგატივას შეადგენს, თუმცა კანონმდებლობაში 2019 წლის 28 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, არსებითად შეიცვალა სასამართლოს მიერ მსგავსი დავების განხილვის, გადაწყვეტისა და გასაჩივრების წესი. მითითებული ცვლილებების განხორციელებამდე, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის განხილვის განსხვავებულ, სპეციალურ წესს. აღნიშნულ სარჩელებს პირველი ინსტანციის სასამართლო იხილავდა სასარჩელო წარმოების წესით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე და სადავო საკითხთან დაკავშირებით იღებდა არსებით გადაწყვეტილებას, რომელიც საჩივრდებოდა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნული წესი შეიცვალა 2019 წლის 28 ივნისს, საგადასახადო და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად.

საგადასახადო კოდექსში 2019 წლის 28 ივნისის N4906-IIს საქართველოს კანონით (ამოქმედდა 2019 წლის 4 ივლისს) განხორციელებული ცვლილებისა და დამატებების საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და განისაზღვრა, რომ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (მე-3 ნაწილი). საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის N4908-IIს კანონის (ამოქმედდა 2019 წლის 4 ივლისს) პირველი მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კოდექსს დაემატა VII​​​16 თავი - „ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით“. ახალი მოწესრიგებით განისაზღვრა პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის გადაწყვეტის სპეციალური, სასარჩელო წარმოებისაგან განსხვავებული წესი, დადგინდა, რომ ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო იღებს ბრძანებას და არა გადაწყვეტილებას (2163 მუხლი). აღნიშნული ბრძანება საჩივრდება ერთჯერადად სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება (2165 მუხლის მე-9 ნაწილი). ამდენად, 2019 წლის 4 ივლისს ამოქმედებული ცვლილებების შედეგად, ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ დავების განხილვა აღარ შედის საკასაციო სასამართლოს კომპეტენციაში. შესაბამისად, საპროცესო ნორმების დროში მოქმედების წესის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან საკასაციო სასამართლო მოკლებულია მისი არაქვემდებარე დავის განხილვის პროცესუალურ შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მიღებული სასამართლო განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ზოგად შესაძლებლობას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 282-ე მუხლი), თუმცა აღნიშნული დანაწესი ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებითი, ძირითადი დავის განხილვის საპროცესო შესაძლებლობა აქვს იმ სასამართლოს, რომელშიც კერძო საჩივარია წარდგენილი. განსახილველ შემთხვევაში, არსებითი დავის საგანია მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირებად ცნობა. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ცრუმაგიერ პირებად აღიარებასთან დაკავშირებული დავების განხილვის უფლებამოსილება საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამჟამად აღარ აქვს. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება ცრუმაგიერ პირებად აღიარებასთან დაკავშირებულ დავებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლი). ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების შეზღუდვა, არსებით გადაწყვეტილებასთან ერთად, გულისხმობს დავაზე მიღებულ სხვა განჩინებებსაც და კრძალავს უზენაესი სასამართლოს მიერ არა მხოლოდ საკასაციო, არამედ კერძო საჩივრის განხილვის შესაძლებლობასაც. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში გასაჩივრების უფლების განმარტება, დამოუკიდებლად არ წარმოშობს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას, რამდენადაც განჩინების/გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობას ქმნის შესაბამისი ნორმატიული საფუძველი და არა სასამართლოს განმარტება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2165 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის N3/ბ-534-21 განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე