საქმე №ბს-552(კ-21) 25 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 11 ოქტომბერს ზ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №04/49021 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ზ. გ-ის სასარგებლოდ, მისი გარდაცვლილი მამის - გ. გ-ის მიერ, რვა თვის - 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით მიუღებელი სახელმწიფო პენსიის კანონით დადგენილი წესით და ოდენობით ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №04/49021 გადაწყვეტილება ზ. გ-ისათვის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე ზ. გ-ის სასარგებლოდ, მისი გარდაცვლილი მამის (მამკვიდრებლის) - გ. გ-ის მიერ, 2018 წლის 1 ივნისიდან, 2019 წლის თებერვლის ჩათვლით მიუღებელი სახელმწიფო პენსიის კანონით დადგენილი წესით და ოდენობით ანაზღაურება დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო არაა ის გარემოება, რომ ზ. გ-ის მამა - გ. გ-ე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის (ისანი-სამგორის) მომსახურების ცენტრში იყო რეგისტრირებული სოციალური პაკეტის მიმღებად და იღებდა შესაბამის სახელმწიფო პენსიას. ასევე დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილი გ. გ-ის მიერ ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის გამო, მას შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის მიღება 2018 წლის 1 ივნისიდან, ხოლო მისი გარდაცვალების საფუძველზე, 2019 წლის 1 მარტიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსია.
პალატის მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია. შესაბამისად, კონკრეტული იურიდიული ფაქტი, რაც ადმინისტრაციული კანონმდებლობით არის განსაზღვრული, წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს, რომელიც სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შედეგად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ასევე 54-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად. დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება მოსარჩელე ზ. გ-ის მამის - გ. გ-ის სახელმწიფო პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება.
ამდენად, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოსარჩელის მამისთვის სახელმწიფო პენსიის შეჩერება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაუცველად, რის გამოც მან ვერ შეძლო მისთვის კანონით მინიჭებული უფლების განხორციელება და მიადგა ზიანი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტსა და მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ რადგან მოსარჩელის მამას და/ან მის რწმუნებით აღჭურვილ პირს პენსიის განახლების შესახებ განცხადებით სააგენტოსათვის არ მიუმართავს 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის 9 თებერვლის ჩათვლით, მიუღებელი საპენსიო თანხა პირველი რიგის კანონით მემკვიდრეზე ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე არ გაიცემა. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საპენსიო კანონმდებლობა პენსიის შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილებების წერილობითი ფორმით მიღებას ცალსახად არ ითვალისწინებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ. გ-ის მამა - გ. გ-ე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის (ისანი-სამგორის) მომსახურების ცენტრში იყო რეგისტრირებული სოციალური პაკეტის მიმღებად და იღებდა შესაბამის სახელმწიფო პენსიას. ასევე დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილი გ. გ-ის მიერ ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის გამო მას შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის მიღება 2018 წლის 1 ივნისიდან, ხოლო მისი გარდაცვალების საფუძველზე, 2019 წლის 1 მარტიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსია.
ამასთან, საქმის მასალებში არ მოიპოვება მოსარჩელე ზ. გ-ის მამის - გ. გ-ის სახელმწიფო პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთგზის გაკეთებულ განმარტებაზე, რომ პენსიის შეჩერების საფუძვლის არსებობა თავისთავად არ ადასტურებს გასაცემლის შეჩერებას, არამედ შეჩერება საჭიროებს აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას, სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერების და შეწყვეტის საფუძვლების დადგენა არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს გასაცემლის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლის არსებობისას ნორმატიული აქტის დებულების კონკრეტული შემთხვევისადმი მისადაგების და აღნიშნულთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და დაინტერესებული პირისათვის შეტყობინების ვალდებულებისაგან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.05.2017წ. №ბს-365-360(კ-16) გადაწყვეტილება, 25.05.2017წ.№ბს-815-807(კ-16) გადაწყვეტილება).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2017წ. №ბს-575-572(კ-17) განჩინებით განიმარტა, რომ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად, პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, პირის უფლებებისა და მოვალეობების დაწესების, შეცვლის, შეწყვეტის ან დადასტურებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი, მოცემულ შემთხვევაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და სხვ. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.07.2019წ. №ბს-625(კ-19) განჩინება).
ამასთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ: ა) პენსიონერის გარდაცვალებამდე კუთვნილი მიუღებელი საპენსიო თანხა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით საპენსიო თანხა არ არის ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე; ბ) მოთხოვნა, შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში.
განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ მოსარჩელე ზ. გ-ის მამას - გ. გ-ეს კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად შეუჩერდა სახელმწიფო გასაცემელი მის გარდაცვალებამდე, კერძოდ, კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუცია და არ გაუცვნია მისთვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც მხარეს მისცემდა შესაძლებლობას, პენსიონერის - მოსარჩელე ზ. გ-ის მამის - გ. გ-ის სიცოცხლეში აღმოეფხვრა სახელმწიფო პენსიის შეჩერების საფუძველი და მიეღო შეჩერებული სოციალური პაკეტი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ისეთ მნიშვნელოვან პროცედურულ დარღვევას, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №04/49021 სადავო გადაწყვეტილება მართებულად მიიჩნიეს უკანონოდ, რის გამოც საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სადავო პერიოდში მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა