საქმე №ბს-451(კ-21) 25 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 14 იანვარს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ შპს „...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 10 იანვრის №161 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სადავო განკარგულების მოქმედების შეჩერებისა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის შპს „...ის“ შავი სიიდან ამოღების დავალების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ხაშურის მუნიციპალიტეტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით შპს „...ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 10 იანვრის №161 განკარგულების მოქმედება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2019 წლის 10 იანვრის №161 განკარგულება.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...სა“ და ხაშურის მუნიციპალიტეტს შორის 2018 წლის 25 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №100 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს „...მა“ იკისრა ვალდებულება, 60 კალენდარული დღის ვადაში შეესრულებინა ხაშურის მუნიციპალიტეტის ...ში ...ს ქუჩის მოასფალტების სამუშაოები, ხოლო შემსყიდველმა იკისრა ვალდებულება, აენაზღაურებინა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. დასახელებული ხელშეკრულების მიხედვით, შესყიდვის ობიექტის როგორც შუალედური, ისე საბოლოო მიღება უნდა მომხდარიყო მიმწოდებლის წერილობითი მომართვით, ფორმა #2-ის, საგადასახადო ანგარიშფაქტურის ან/და სასაქონლო ზედნადების და შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებთან შესაბამისობაზე, მოცულობასა და ღირებულებაზე შპს „ო...“-ის მიერ გაცემული ინსპექტირების ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ (პუნქტი 6.1). ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 282145 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 2018 წლის 26 სექტემბერი. 2018 წლის 23 აგვისტოს №52/100 შეთანხმების აქტით მხარეებმა ხელშეკრულების ღირებულება შეამცირეს 282034,49 ლარამდე, სამუშაოების შესრულების ვადა გაზარდეს 2018 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2018 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებების მიხედვით, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სადავო განკარგულების მიღების პროცესში დადგინდა შპს „...ის“ მიერ ხელშეკრულების მხოლოდ 40%-ის შესრულება და მიჩნეულ იქნა, რომ შპს „...ს“ ჯეროვნად არ შეუსრულებია ხელშეკრულების დარჩენილი ნაწილი, ხელშეკრულების ვადა კი იყო ამოწურული. ამ განკარგულების გამოტანამდე შპს „...მა“ მოიპოვა მტკიცებულება - შპს „ო...“-ის 2019 წლის 4 იანვრის ... ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიში, რომლის მიხედვით, ხელშეკრულება ნაწილობრივ ჯეროვნად შესრულდა და ადგილი ჰქონდა 57303 ლარის ღირებულების სამუშაოების ვადაგადაცილებით და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შეუსაბამოდ შესრულებას, შეუსაბამობა კი აღმოიფხვრა 2018 წლის 20 ნოემბერს. საქალაქო სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ იცვლება რა შპს „...ის“ მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტთან 2018 წლის 25 ივნისს გაფორმებული №100 ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2019 წლის 10 იანვრის №161 განკარგულებით დადგენილი გარემოებები, ხელშეკრულების არსებითად შეუსრულებლობის ნაცვლად ადგილი აქვს შესრულების ვადის გადაცდენას, დარღვევის მცირე მნიშვნელობიდან გამომდინარე მიმწოდებლის სავ სიაში რეგისტრაცია აღარ წარმოადგენს მისთვის პროპორციულ ზომას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.4. მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც დადგენილია მიმწოდებლის ვალდებულებები და განმარტა, რომ აღნიშნული დანაწესის საფუძველზე შპს „...ს“ წარმოეშობოდა ვალდებულება გამოსაყენებელი/გამოყენებული მასალების, აგრეთვე შესრულებული სამუშაოების ხარისხის დადასტურების მიზნით, საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების თანახმად ეტაპობრივად, დადგენილ ვადებში წარედგინა შესაბამისი საკონტროლო ლაბორატორიული გამოცდების, შემოწმებების, კვლევების შედეგები, რომლებიც გაცემული იქნებოდა შესაბამის სფეროში აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის მიერ, მასალების და სამუშაოების ხარისხი კი შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო პროექტისა და საქართველოში მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნებთან.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 26 ივლისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტიდან ირკვევა, რომ შპს „...მა“ შეასრულა ხაშურის მუნიციპალიტეტთან 2018 წლის 25 ივნისს გაფორმებული №100 ხელშეკრულებით გათვალისწინებული, 113 166,79 ლარის ღირებულების სამუშაოები (სრული მოცულობის 40%), თუმცა აღნიშნული შესრულება ინსპექტირების ორგანოს შპს „ო...“-ის მიერ მიჩნეული იქნა შეუსაბამოდ საფარის არადამაკმაყოფილებლობის გამო, რისი გამოსწორებისთვისაც მიმწოდებელს განესაზღვრა 7 დღიანი ვადა. დადგენილია, რომ შეუსაბამობის აქტში აღწერილი ხარვეზები ხელშეკრულების მოქმედების ვადაში გამოსწორებული არ იქნა, ამასთან, გამოიკვეთა, რომ ახალ მოწყობილ გზის საფარს გარკვეულ მონაკვეთებზე ასევე აღენიშნებოდა ფორიანობა და წერტილოვანი შეკეთებები, რის გამოც შემსყიდველმა ორგანიზაციამ უზრუნველყო ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ. მათ მიერ 2018 წლის 17 ოქტომბერს მომზადებული №007194618 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გაირკვა, რომ დაგებული ასფალტის საფარის ზედა ფენის ხარისხის პარამეტრები ვერ აკმაყოფილებდა ...-ისა და ...-ის მოთხოვნებს.
გარდა ამისა, პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ შპს „ო...“-ის 2019 წლის 4 იანვრის ... ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშზე, რომელიც შედგენილი იქნა ხელშეკრულების ვადის ამოწურვისა და მოსარჩელის შავ სიაში დარეგისტრირების შემდგომ. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, შპს „...ის“ მიერ შემსყიდველთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული სამუშაოების მიწოდების ვადის ფარგლებში, ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისად ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 90036,29 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო ამავე ვადაში ფაქტიურად შესრულებული გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 11160,02 ლარს დღგ-ს ჩათვლით. ამასთან, მოცემული დასკვნის მიხედვით, შემსყიდველთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული სამუშაოების მიწოდების ვადების დარღვევით (ვადაგადაცილებამ შეადგინა 4 კალენდარული დღე) ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შეუსაბამოდ შესრულდა ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული რიგი სამუშაოები, კერძოდ, ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან არსებული შეუსაბამობები სრულად აღმოიფხვრა 2018 წლის 20 ნოემბერს და მიწოდების ვადის დარღვევით შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 5733,09 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება იმ გარემოების შესახებ, რომ შპს „ო...“-ის 2019 წლის 4 იანვრის ... ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშის მხედველობაში მიღებით იცვლებოდა შპს „...ის“ მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტთან 2018 წლის 25 ივნისს გაფორმებული №100 ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2019 წლის 10 იანვრის №161 განკარგულებით დადგენილი გარემოებები, რის გამოც დარღვევის მცირე მნიშვნელობიდან გამომდინარე მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაცია აღარ წარმოადგენდა მისთვის პროპორციულ ზომას. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნია მიეთითებინა შპს „ო...“-ის 2019 წლის 4 იანვრის ... ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილ ამავე ინსპექტირების ორგანოს 2019 წლის 25 იანვრის №19-01/146 წერილზე, რომლის თანახმად, სამშენებლო სამუშაოები მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად შესრულდა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.2. პუნქტით დადგენილი პირობების გათვალისწინებით განსაზღვრულ დასრულების ვადებს.
ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია და აღნიშნა, რომ მხარეებიც სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების დასრულების დროისთვის სახეზე არ იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დროული და ჯეროვანი შესრულება, კერძოდ, ვალდებულების შესრულების დასრულების დროისთვის (2018 წლის 9 სექტემბრისთვის) შეუსაბამო ხარისხით შესრულებული იყო სრული სამუშაოს მხოლოდ 40% პროცენტი. პალატის მოსაზრებით, უდავოდ დადგენილი იყო რა ორი პირობის დარღვევა (უხარისხო და არადროული შესრულება), შესაბამისად, უსაფუძვლო იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე ახალი გარემოების არსებობაზე, ვინაიდან, იმ პირობებშიც კი, თუ დადგინდებოდა შპს „ო...“-ის 2019 წლის 4 იანვრის ... ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშის საფუძველზე, ხელშეკრულების ვადაგადაცილებით (2018 წლის 20 ნოემბრისთვის) შესრულების ფაქტი, აღნიშნული ვერ გააქარწყლებდა იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადის ამოწურვის დროისთვის (2018 წლის 11 ოქტომბრისთვის) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების უმეტესი ნაწილი რჩებოდა დაუსრულებელ მდგომარეობაში, ხოლო არსებული ნაწილის შესრულება იყო უხარისხო.
პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ შპს „...ის“ მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა იყო მცირემნიშვნელოვანი ხასიათის და განმარტა, რომ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტოს მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით გათვალისწინებული იქნა სწორედ დარღვევის სიმძიმე, ხელშეკრულების უმეტესი ნაწილის შეუსრულებლობისა და დარჩენილი ნაწილის უხარისხოდ შესრულების ფაქტები. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მიმწოდებელი კომპანიის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი, ან შემამსუბუქებელი რაიმე ობიექტური გარემოებების არსებობა. თავის მხრივ, შპს „...ის“ მხრიდან სატენდერო პირობების გაცნობისა და სათანადოდ შეფასების გარეშე ტენდერში მონაწილეობა და შემდგომში მისთვის იმგვარი პირობებით ხელშეკრულების გაფორმება, რომლის შესრულებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფდა, არ შეიძლება მიჩნეული იქნეს მისი ბრალეულობის გამომრიცხველ ანდა შემამსუბუქებელ გარემოებად.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ მხარეებმა საქმის განხილვისას განმარტეს, რომ შპს „...ი“ სხვა შემთხვევებიდან გამომდინარე უკვე შეტანილი იყო შავ სიაში, რაც დამატებით გამორიცხავდა მის მიმართ გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საბოლოოდ, შესრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 11 ოქტომბერი, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი 2018 წლის 12 სექტემბრის მდგომარეობით სამუშაოები შესრულებული იყო, რაც არ აღუნიშნავს სააპელაციო სასამართლოს. სამუშაოების ჩაბარებისას პრობლემა შეექმნა სამუშაოების არაუმეტეს 20%-ს, ხოლო 80% შესრულებულ იქნა დროულად და ხარისხიანად.
კასატორი ასევე მიუთითებს სამოქალაქო დავაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებულ მორიგების აქტზე, რომლითაც მერიას დაეკისრა თანხის ანაზღაურება შპს „...ის“ სასარგებლოდ, ხოლო შპს „...ს“ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებსდა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 10 იანვრის №161 განკარგულების კანონიერება, რომლითაც შპს „...ი“ დარეგისტრირდა შავ სიაში, ხაშურის მუნიციპალიტეტთან 2018 წლის 25 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №100 ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სადავო აქტის გამოცემის დროისთვის მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლით განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. იმავდროულად, აუცილებელია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყოს გასული ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე იყოს შეწყვეტილი. მითითებული „წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მანამდე მიღებული გაფრთხილების თუ შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტ(ებ)ს, მისი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აქტივობას. ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი. რაც შეეხება გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, აღნიშნული გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის საფუძველზე, გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. გაფრთხილება გამოიყენება ერთხელ და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიას სააგენტო განათავსებს ვებგვერდზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულების დასრულების დროისთვის სახეზე არ იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დროული და ჯეროვანი შესრულება, კერძოდ, ვალდებულების შესრულების დასრულების დროისთვის (2018 წლის 9 სექტემბრისთვის) შეუსაბამო ხარისხით შესრულებული იყო სრული სამუშაოს მხოლოდ 40% პროცენტი. დადგენილი იყო რა ორი პირობის დარღვევა (უხარისხო და არადროული შესრულება), შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია უსაფუძვლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე ახალი გარემოების არსებობაზე, ვინაიდან, იმ პირობებშიც კი, თუ დადგინდებოდა შპს „ო...“-ის 2019 წლის 4 იანვრის ... ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშის საფუძველზე, ხელშეკრულების ვადაგადაცილებით (2018 წლის 20 ნოემბრისთვის) შესრულების ფაქტი, აღნიშნული ვერ გააქარწყლებდა იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადის ამოწურვის დროისთვის (2018 წლის 11 ოქტომბრისთვის) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების უმეტესი ნაწილი რჩებოდა დაუსრულებელ მდგომარეობაში, ხოლო არსებული ნაწილის შესრულება იყო უხარისხო.
სააპელაციო პალატამ ასევე მართებულად არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ შპს „...ის“ მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა იყო მცირემნიშვნელოვანი ხასიათის, რამეთუ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტოს მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით გათვალისწინებული იქნა სწორედ დარღვევის სიმძიმე, ხელშეკრულების უმეტესი ნაწილის შეუსრულებლობისა და დარჩენილი ნაწილის უხარისხოდ შესრულების ფაქტები. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მიმწოდებელი კომპანიის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი ან შემამსუბუქებელი რაიმე ობიექტური გარემოებების არსებობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესის და პირობების“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მართებულად იქნა გამოცემული სადავო სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2019 წლის 10 იანვრის №161 განკარგულება შპს „...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ, მით უფრო იმ პირობებში, რომ აღნიშნული აქტის გამოცემის დროისათვის, როგორც მხარეებმა საქმის განხილვისას განმარტეს, შპს „...ი“ სხვა შემთხვევებიდან გამომდინარე უკვე შეტანილი იყო შავ სიაში, რაც დამატებით გამორიცხავდა მის მიმართ გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე გ. ნ-ს 21.06.2021წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება;
3. შპს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. ნ-ის მიერ 21.06.2021წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა