საქმე №ბს-492(2კ-21) 25 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 28 მარტს ლ. წ-მა, ა. დ-მა და დ. დ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.
მოსარჩელეებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 22 აგვისტოს №ტ-3/1459 მიმართვის, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 29 აგვისტოს №... გადაწყვეტილების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №11/09/04 განკარგულების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ა. დ-ს შორის 2012 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 14 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა. დ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ლ. წ-ის, ა. დ-ისა და დ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. წ-მა, ა. დ-მა და დ. დ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ლ. წ-ის, ა. დ-ისა და დ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. წ-ის, ა. დ-ისა და დ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №11/09/04 განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ა. დ-ს შორის 2012 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 14 სექტემბრის №... გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში ლ. წ-ის, ა. დ-ისა და დ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის №11/09/02 განკარგულების თანახმად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გარდაბნის, მარნეულის, თეთრიწყაროს, დმანისისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებისა ტერიტორიაზე მდებარე, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება მდებარე: გარდაბანი, სოფელი ...ი, კორპ. №6, ბინა №.., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთ) ლარად, საკუთრებაში გადაეცა ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირს, ა. დ-ს.
მოპასუხე მხარის განმარტებით დასტურდებოდა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თავდაპირველად საქართველოს მთავრობას, ხოლო შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა შუამდგომლობის დანართში მითითებული ფიზიკური პირებისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართის პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემა. სამინისტროს ამ ქმედებას საფუძვლად ედო სახელმწიფო გუბერნატორების, მათ შორის ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქ. რუსთავის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის შუამდგომლობა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ფიზიკური პირებისთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს უძრავი ქონების პრივატიზაციის პროცესის დამასრულებელ დოკუმენტს. ხელშეკრულების დადებამდე პრივატიზაციის პროცესი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რიგი საჯარო მოქმედებებისა თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას. ამდენად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჯერ კიდევ საქართველოს მთავრობის, ხოლო შემდეგ საქართველოს პრეზიდენტსათვის შუამდგომლობით მიმართვამდე, სრულყოფილად უნდა შეესწავლა საპრივატიზებო ობიექტში თუ ვის ჰქონდა გამოყოფილი საცხოვრებელი ფართები, ვინ წარმოადგენდა აღნიშნულ ობიექტში შესახლებულ და რეალურად იქ მცხოვრებ პირებს, რათა წარდგენილი შუამდგომლობის დანართში ასახული ინფორმაცია არ ყოფილიყო არასრულყოფილი. საქართველოს პრეზიდენტს კი სადავო განკარგულების გამოცემამდე მართებდა შუამდგომლობებში მითითებული ინფორმაციის სრულყოფილად გადამოწმება, რათა თავიდან აცილებულიყო მოქალაქეთა კანონით გათვალისწინებული უფლებების შელახვა, რამეთუ სზაკ-ის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც დაიდო ხელშეკრულება. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ამგვარი კვლევა ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, დაუდგენელია თუ რა დოკუმენტაციის საფუძველზე იქნა მიჩნეული მხოლოდ ა. დ-ი პრივატიზებულ ფართში განსახლებულ და იქ მცხოვრებ პირად. გაუგებარია, თუ რის საფუძველზე მიენიჭა მას უპირატესობა მოსარჩელეებთან შედარებით, მაშინ, როდესაც გარდაბნის რაიონის გარდაბნის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 ოქტომბრის №332 გადაწყვეტილებით ა. დ-ს, ლ. წ-ს და ა. და დ. დ-ებს აბსოლუტურად თანაბრად მიენიჭათ გამოყოფილი ფართის მართლზომიერად სარგებლობის უფლება.
სააპელაციო პალატამ აქვე დაუსაბუთებელად მიიჩნია მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მითითება ა. დ-ის საკუთრებად რეგისტრირებული და გარდაბნის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 ოქტომბრის №332 გადაწყვეტილებით გამოყოფილი უძრავი ქონების იდენტურობის დაუდგენლობის შესახებ და ყურადღება გაამახვილა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის ადმინისტრაციული ერთეულიდან გამოთხოვილ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2020 წლის 6 დეკემბრის წერილზე, რომელშიც წარმომადგენელი ადასტურებს, რომ ა. დ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება (მის: ქ. გარდაბანი, სოფელი ...ი, კორპუსი 6, ბინა №..., ს/კ ...) იდენტურია გარდაბნის სახალხო დეპუტატთ რაისაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 ოქტომბრის №332 გადაწყვეტილებით ლ. წ-ის, ა. დ-ის, დ. დ-ისა და ა. დ-ისათვის ...ის დასახლება, ზოოვეტ ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელში გამოყოფილი ფართისა.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენელთა მითითება, რომ მოსარჩელეთა მიერ დარღვეულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებით სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა და განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებითი მნიშვნელობის არის იმის გარკვევა, თუ როდის დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა, თავის მხრივ, სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად, აღნიშნული დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის მოსარჩელეთათვის ცნობილი იყო ამ ხელშეკრულების ან/და პრეზიდენტის განკარგულების არსებობის თაობაზე, ისინი უწყვეტად აგრძელებდნენ სადავო ბინაში ცხოვრებას. აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ წარმოდგენილი არ არის. აღსანიშნავი იყო, რომ საქმის მასალების მიხედვით, პრივატიზაციის პროცესის დასრულებისა და სადავო უძრავი ნივთის ა. დ-ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ, მოსარჩელეთათვის ცნობილი გახდა 2016 წლის 27 ოქტომბერს, როდესაც ლ. წ-მა მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი განცხადებით მოითხოვა ამონაწერის მომზადება უძრავ ნივთზე, მდებარე: გარდაბანი, სოფელ ...ი, ქუჩა მე-6, კორპუსი №18, ბინა №..., ხოლო სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში შეტანილ იქნა 2017 წლის 28 მარტს, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დაცვით.
რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 22 აგვისტოს №ტ-3/1459 მიმართვისა და რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 29 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებს, სააპელაციო პალატამ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები, მიუთითა მათზე და მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - საქართველოს პრეზიდენტი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას ა. დ-ის საკუთრებად რეგისტრირებული და გარდაბნის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 ოქტომბრის №332 გადაწყვეტილებით გამოყოფილი უძრავი ქონების იდენტურობის შესახებ, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის ადმინისტრაციული ერთეულიდან გამოთხოვილი ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2020 წლის 6 დეკემბრის წერილით, რამდენადაც აღნიშნულ ქონებათა იდენტურობის დადგენის უფლებამოსილება საჯარო რეესტრს გააჩნდა. ამასთან, კასატორი მიუთითებს წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიუთითებს გარდაბნის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 ოქტომბრის №332 გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პრივატიზება სხვა სამართლებრივი საფუძვლით განხორციელდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ლ. წ-ის, ა. დ-ისა და დ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №11/09/04 განკარგულება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ა. დ-ს შორის 2012 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 14 სექტემბრის №... გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში ლ. წ-ის, ა. დ-ისა და დ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გასაჩივრებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეთა მიერ არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სადავო საკითხს აფასებს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გარდაბნის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 ოქტომბრის №332 გადაწყვეტილების (ოქმი №13) თანახმად, მოქალაქე ა. დ-ს (ოთხი სული, მეუღლე - ლ. წ-ი და ორი შვილი), გამოეყო საცხოვრებელი ფართი ...ის საერთო საცხოვრებელში, სახლი №4, მე-4 სადარბაზოს მე-5 სართულზე ოთხოთახიანი ბინა №..., ფართით 55 კვ.მ. შესაბამისად, ა. დ-ის მსგავსად, ლ. წ-ს, ა. და დ. დ-ებსაც წარმოეშვათ უფლება მათთვის გადაცემულ საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არ ყოფილა გათვალისწინებული არც საქართველოს პრეზიდენტისა და არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჯერ კიდევ საქართველოს მთავრობის, ხოლო შემდეგ საქართველოს პრეზიდენტსათვის შუამდგომლობით მიმართვამდე, სრულყოფილად უნდა შეესწავლა საპრივატიზებო ობიექტში თუ ვის ჰქონდა გამოყოფილი საცხოვრებელი ფართები, ვინ წარმოადგენდა აღნიშნულ ობიექტში შესახლებულ და რეალურად იქ მცხოვრებ პირებს, რათა წარდგენილი შუამდგომლობის დანართში ასახული ინფორმაცია არ ყოფილიყო არასრულყოფილი. საქართველოს პრეზიდენტს კი სადავო განკარგულების გამოცემამდე მართებდა შუამდგომლობებში მითითებული ინფორმაციის სრულყოფილად გადამოწმება. დაუდგენელია რის საფუძველზე იქნა მიჩნეული მხოლოდ ა. დ-ი პრივატიზებულ ფართში განსახლებულ და იქ მცხოვრებ პირად და რატომ მიენიჭა მას უპირატესობა მოსარჩელეებთან შედარებით მაშინ, როდესაც გარდაბნის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 ოქტომბრის №332 გადაწყვეტილებით ა. დ-ს, ლ. წ-ს, ა. და დ. დ-ებს თანაბრად მიენიჭათ გამოყოფილი ფართის მართლზომიერად სარგებლობის უფლება.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს, აღნიშნულ ნაწილში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მიერ სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში შეტანილ იქნა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დაცვით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა