Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-935(კ-19) 13 მაისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ. ფ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

I აღწერილობითი ნაწილი:

1. გ. ფ-მა 2018 წლის 24 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართ და მოითხოვა ამავე ადმინისტრაციული ორგანოს 2017 წლის 5 ივლისის №1600339 და 6 ნოემბრის №2670917 ბრძანებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოპასუხისთვის გ. ფ-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასისა და 2017-2018 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით გ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2014 წლის 14 ივნისის №1126113 ბრძანებით გ. ფ-ი დაინიშნა ამავე დაწესებულების სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №... სამმართველოს (...ი) ...ის მთავარ სპეციალისტად (...ი), უფროსი სპეციალური წოდების - „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკის“ მინიჭებით (შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი);

3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2015 წლის 31 ივლისის №1673857 ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი - გ. ფ-ი გათავისუფლდა სასაზღვრო პოლიციის №... სამმართველოს (...ი) ...ის განყოფილების მთავარი სპეციალისტის (...ი) თანამდებობიდან და დაინიშნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №... სამმართველოს (...ი) №... სასაზღვრო სექტორის (...ის) უფროსად;

3.3. გ. ფ-მა პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის №... სამმართველოს (...ი) უფროსს - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა 2017 წლის 1 ივლისიდან;

3.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 5 ივლისის №1600339 ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე), საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №... სამმართველოს (...ი) №... სასაზღვრო სექტორის (...ი) უფროსი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი - გ. ფ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კადრების განკარგულებაში;

3.5. 2017 წლის 11 ოქტომბერს გ. ფ-მა საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში წარადგინა პატაკი და მის მიერ დაკავებულ ბოლო თანამდებობაზე აღდგენა ითხოვა იმ საფუძვლით, რომ სასაზღვრო პოლიციის №... სამმართველოში რეორგანიზაცია არ მომხდარა და გაურკვევლობის გამო აღმოჩნდა სამსახურის გარეშე;

3.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 6 ნოემბრის №2670917 ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №... სამმართველოს (...ი) №... სასაზღვრო სექტორის (...ი) ყოფილი უფროსი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი - გ. ფ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან;

3.7. 2017 წლის 14 დეკემბერს გ. ფ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა 2017 წლის 6 ნოემბრის №2670917 ბრძანების გაუქმება და სამსახურში აღდგენა, ვინაიდან სასაზღვრო პოლიციის №... სამმართველოში რეორგანიზაცია არ მომხდარა და გაურკვევლობისა და უსამართლობის გამო აღმოჩნდა სამსახურის გარეშე;

3.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 26 დეკემბრის №MIA01703113612 წერილით გ. ფ-ს, განცხადების პასუხად, ეცნობა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 6 ნოემბრის №2670917 ბრძანება გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი გაუქმების წინაპირობა. ამავე წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია მოკლებული იყო იმ ეტაპზე მისი დასაქმების შესაძლებლობას, თუმცა პერიოდულად განხილულ იქნებოდა მისი დასაქმების საკითხი;

3.9. ა. მ-ის 2018 წლის 9 იანვრის განცხადებით დგინდება, რომ 2017 წლის 5 ივლისამდე მუშაობდა სასაზღვრო პოლიციის №... სამმართველოს (...ი) №... სასაზღვრო სექტორის (...ა) უფროსის თანამდებობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 29 ივნისს №... სამმართველოს ახლად დანიშნულმა უფროსმა - თ. გ-მა ჩაატარა პირველი სამსახურებრივი თათბირი სექტორის უფროსებთან და მათ მოადგილეებთან და განუმარტა, რომ ტარდებოდა რეორგანიზაცია და უნდა დაეწერათ პატაკები შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში აყვანასთან დაკავშირებით, თუმცა ყოველივე უბრალო ფორმალობა იყო და თითოეული მათგანი გააგრძელებდა მუშაობას. პატაკის შინაარსი სამმართველოს უფროსმა შეადგინა და თარიღად 2017 წლის 1 ივლისი მიუთითა. განცხადების თანახმად, 2017 წლის 5 ივლისს ა. მ-ი აიყვანეს კადრების განკარგულებაში. აღნიშნულის შემდგომ თანამშრომლების ნაწილი დატოვეს სამსახურში, ხოლო ნაწილი - არა;

3.10. გ. გ-ის 2018 წლის 13 იანვრის განცხადებით დგინდება, რომ იგი 2017 წლის 5 ივლისამდე მუშაობდა სასაზღვრო პოლიციის №... სამმართველოს (...ის) №... სასაზღვრო სექტორის (...ი) უფროსის თანამადებობაზე. განცხადებაში მითითებულია, რომ 2017 წლის 29 ივნისს №... სამმართველოს ახლად დანიშნულმა უფროსმა - თ. გ-მა ჩაატარა პირველი სამსახურებრივი თათბირი სექტორის უფროსებთან და მათ მოადგილეებთან; მანვე განმარტა, რომ ტარდებოდა რეორგანიზაცია, რის გამოც მოითხოვა სექტორის უფროსებს, მოადგილეებსა და სამმართველოს ოფიცრებს დაეწერათ პატაკები კადრების განკარგულებაში აყვანასთან დაკავშირებით; ასევე, მოითხოვა, რომ ჩაებარებინათ შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადობის დამადასტურებელი მოწმობები; უფროსის განმარტებით, ყოველივე იყო უბრალოდ ფორმალობა და თითოეული მათგანი გააგრძელებდა სამსახურს. პატაკის შინაარსი შეადგინა სამმართველოს უფროსმა და თარიღად მიუთითა 2017 წლის 1 ივლისი. 2017 წლის 5 ივლისს, აღნიშნული პატაკის საფუძველზე, გ. გ-ი აიყვანეს კადრების განკარგულებაში, ხოლო 2017 წლის 6 ნოემბერს - დაითხოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან;

3.11. ლ. გ-ის 2017 წლის 16 იანვრის განცხადებით დგინდება, რომ 2017 წლის 5 ივლისამდე მუშაობდა სასაზღვრო პოლიციის №... სამმართველოში (...ი), საზღვრის დაცვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. განცხადებაში მითითებულია, რომ 2017 წლის 29 ივნისს №... სამმართველოს (...ი) ახლად დანიშნულმა უფროსმა - თ. გ-მა ჩაატარა პირველი სამსახურებრივი თათბირი სექტორის უფროსებთან, მათ მოადგილეებთან და სამმართველოს ხელმძღვანელობასთან და რეორგანიზაციის ჩატარებაზე მითითებით, მოითხოვა, რომ სამმართველოს ოფიცრებს, სექტორის უფროსებსა და მათ მოადგილეებს დაეწერათ პატაკები სამინისტროს კადრების განკარგულებაში აყვანასთან დაკავშირებით; ასევე, მოითხოვა, რომ ჩაებარებინათ შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადობის დამადასტურებელი მოწმობები; ამასთან, აღნიშნა, რომ ყოველივე იყო უბრალო ფორმალობა და თითოეული მათგანი გააგრძელებდა სამსახურს. პატაკების თარიღად მითითებულ იქნა 2017 წლის 1 ივლისი. 2017 წლის 5 ივლისს, აღნიშნული პატაკების საფუძველზე, ლ. გ-ი, ასევე, სექტორის უფროსებისა და მოადგილეების ნაწილი აიყვანეს კადრების განკარგულებაში, ხოლო დანარჩენებმა გააგრძელეს მუშაობა. განცხადებაში მითითებულია, რომ პატაკების დაწერა არ მომხდარა ლ. გ-ისა და სხვა ოფიცრების ნება-სურვილით.

4. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რომელიც პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ განცხადების (პატაკის) დაწერის იძულება, უფრო მეტიც, მან ადმინისტრაციული ორგანოსგან მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებაც არ გამოითხოვა, არ მიმართა გენერალურ ინსპექციას და არ აცნობა, რომ იძულებით დააწერინეს პატაკი. შედეგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გათავისუფლდა, რაც მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობას ქმნიდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება გ. ფ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით გ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე სრულად და სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სამართლებრივად მართებულად შეაფასა.

8. სააპელაციო პალატამ მიუთითა აპელანტის განმარტებაზე, რომ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე პატაკი არ შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას და მოტყუების საფუძველზე დაწერა. სასამართლომ აღნიშნა, რომ კადრების განკარგულებაში გადაყვანის ფაქტი გ. ფ-ს კადრების განკარგულებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში სადავოდ არ გაუხდია, ასევე, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც სამსახურში დარჩენასთან დაკავშირებით აპელანტის ნების გამოვლენას დაადასტურებდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ფ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის, მისი საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებები არ ეწინააღმდეგებოდა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებს, რის გამოც არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი. შედეგად, პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის არც სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძვლები არსებობდა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ფ-მა, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10. კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიზანს სამსახურის დატოვება არ წარმოადგენდა, არამედ პატაკი უფროსის მითითებით დაწერა და იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის კანონიერი მოლოდინი ჰქონდა, კერძოდ, 2017 წლის 29 ივნისს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №... სამმართველოს ახლად დანიშნულმა უფროსმა - თ. გ-მა სექტორების უფროსებთან ჩაატარა პირველი თათბირი და რეორგანიზაციის ჩატარებაზე მითითებით, სამინისტროს კადრების განკარგულებაში აყვანის მოთხოვნით პატაკების დაწერა დაავალა. ამასთან, სამმართველოს უფროსმა განმარტა, რომ ეს უბრალო ფორმალობა იყო, მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდებოდა და რეორგანიზაციის შემდეგ ყველა იმავე თანამდებობაზე დაინიშნებოდა. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ პატაკების მოტყუებით დაწერა დადასტურებულია ლ. გ-ის, გ. გ-ისა და ა. მ-ის განმარტებებითაც. ასევე, საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს მის ფინანსურ ვალდებულებებსა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომლებიც, კასატორის მოსაზრებით, ადასტურებს სამსახურიდან გათავისუფლების სურვილის არსებობის შეუძლებლობას. გარდა ამისა, კასატორმა 2017 წლის 11 ოქტომბერს პატაკით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს და მოითხოვა თანამდებობაზე დაბრუნება, თუმცა ეს განცხადება რეაგირების გარეშე დარჩა.

11. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ პირადი პატაკის საფუძველზე ისე გაათავისუფლა სამსახურიდან, რომ მისი ნამდვილი ნება არ გამოიკვლია, სათანადოდ არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად; მხარეებს განემარტათ, რომ საჩივარი არსებითად მათი დასწრების გარეშე განიხილებოდა.

II სამოტივაციო ნაწილი:

13. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდება, კერძოდ, გ. ფ-ის ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 5 ივლისის №1600339 და 6 ნოემბრის №2670917 ბრძანებები, მოპასუხეს უნდა დაევალოს მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ასევე, მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურისა და 2017 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის ანაზღაურება; ხოლო 2018 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს პირადი პატაკის საფუძველზე გ. ფ-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება, მოსარჩელის ნების ნამდვილობის საკითხის შეფასების თვალსაზრისით.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე.

16. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით. პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. ამავე კანონით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დაევალა სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცება. შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბერის №1014 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი“, რომელიც არეგულირებს სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხებსაც.

17. დასახელებული „წესის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი და საჯარო მოხელე უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე, ხოლო 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს: პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. ამრიგად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის უფლებას განეკუთვნება დაკავებული თანამდებობის დატოვების შესაძლებლობა, თუმცა გამოხატული ნების შედეგის (სამსახურიდან გათავისუფლების) გათვალისწინებით, აუცილებელია, დამსაქმებელმა წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე სათანადოდ შეაფასოს გამოვლენილი ნების ნამდვილობა. ამასთან, ნების გამოვლენის განმარტებისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ნების გამოხატვის ნამდვილობის დადგენა კი „ემსახურება ნების გამოხატვის თავისუფლების პრინციპის რეალიზაციას, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტული ქმედება, არჩევანი, გადაწყვეტილება უნდა წარმოადგენდეს პირის ნამდვილ ნებას, იგი არ უნდა იყოს პროვოცირებული ძალადობის, იძულების, მუქარის, შანტაჟის, დაპირების და სხვა პირის არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით ჩამოყალიბებული ან განპირობებული“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-663-659(კ-17)). ამრიგად, მხოლოდ ნამდვილი ნების გამოხატვამ უნდა გამოიწვიოს პირის სამსახურიდან დათხოვნა.

18. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. ფ-ი დასაქმებული იყო საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან პირადი პატაკის საფუძველზე, კადრების განკარგულებაში ყოფნის ოთხვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ კი - დათხოვნილ იქნა სასაზღვრო პოლიციიდან. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პატაკი დაწერა უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, რომელმაც განუმარტა, რომ პატაკების დაწერა მხოლოდ ფორმალობა იყო და კვლავ დაინიშნებოდა დაკავებულ თანამდებობაზე.

19. საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის პოზიციის საფუძვლიანობისა და გამოვლენილი ნების ნამდვილობის შემოწმებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს პატაკის შინაარსსა და მოწმეთა ჩვენებებზე, კერძოდ, წარდგენილი პატაკით გ. ფ-ი ითხოვდა არა სამსახურიდან დათხოვნას, არამედ - მხოლოდ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებასა და კადრების განკარგულებაში აყვანას. ამასთან, პატაკი არ შეიცავს რაიმე მითითებას/განმარტებას თანამდებობიდან გათავისუფლების მოტივებზე. საგულისხმოა, რომ კადრების განკარგულებაში აყვანის შემდეგ, 2017 წლის 11 ოქტომბერს გ. ფ-მა სასაზღვრო პოლიციაში ახალი პატაკი წარადგინა და მის მიერ დაკავებულ ბოლო თანამდებობაზე აღდგენა ითხოვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასაზღვრო პოლიციის №... სამმართველოში რეორგანიზაცია არ მომხდარა და მოსარჩელე „გაურკვევლობის გამო აღმოჩნდა სამსახურის გარეშე“. აღნიშნულ განცხადებას დამსაქმებლის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, ხოლო 2017 წლის 6 ნოემბერს მოსარჩელე პოლიციიდან იქნა დათხოვნილი. ამრიგად, დამსაქმებელმა არ შეაფასა გ. ფ-ის რეალური ნება არც თანამდებობიდან გათავისუფლებისას და არც შემდგომში - სამსახურიდან დათხოვნისას.

20. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, გ. ფ-თან ერთად სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებული - ა. მ-ის, გ. გ-ისა და ლ. გ-ის ჩვენებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 29 ივნისს მათ თათბირი ჩაუტარა ახალმა უფროსმა, რომელმაც განუმარტა, რომ სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციიდან გამომდინარე, უნდა დაეწერათ პატაკები სამინისტროს კადრების განკარგულებაში აყვანასთან დაკავშირებით, ამასთან, უფროსმა აღნიშნა, რომ ყოველივე იქნებოდა უბრალო ფორმალობა და თითოეული მათგანი კვლავ გააგრძელებდა მუშაობას. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მათ იდენტური, სამმართველოს უფროსის მიერ შედგენილი პატაკები წარადგინეს პოლიციაში, რის შედეგადაც თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო ნაწილი - სამსახურში დატოვეს. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებები ადასტურებს მოსარჩელისთვის თანამდებობებზე კვლავ დანიშვნის დაპირებასა და პატაკების დაწერის ფორმალურ პროცედურად წარმოჩენას.

21. საკასაციო პალატა, დასახელებული გარემოებების ერთობლივი ანალიზისა და შეფასების შედეგად, მიიჩნევს, რომ კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე მოსარჩელის პატაკი არ ასახავდა სადავო სამართალურთიერთობის ჭეშმარიტ არსს და არ შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილი ნების გამოვლენად, ვინაიდან დასაქმებული მოქმედებდა დამსაქმებლის მითითების შესაბამისად, სამსახურის დატოვების განზრახვის გარეშე და მოლოდინით, რომ პატაკის დაწერის მიუხედავად, ფორმალური პროცედურების გავლის შემდგომ, კვლავ გააგრძელებდა მუშაობას. ამასთან, გამოხატული ნების ნამდვილობის საკითხის გამოკვლევა წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, რომლის სათანადოდ შესრულების შემთხვევაშიც მოპასუხე აუცილებლად დაადგენდა მოსარჩელის ნამდვილ ნებას. სწორედ ამიტომ, არ არსებობდა პირად პატაკზე მითითებით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების წინაპირობა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური საფუძვლით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დასაქმებულთა გათავისუფლება ასევე იქნა უკანონოდ მიჩნეული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინებით (საქმე №ბს-747(კ-20)), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სამინისტროში დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, რაზედაც მიუთითებენ მოწმეები და რაც სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ უარყო კასატორმა, კადრების განკარგულებაში აყვანის გზით ხორციელდებოდა თანამშრომელთა ერთი თანამდებობიდან მეორეზე გადაყვანა... პირადი პატაკით მიმართვისას, მოსარჩელეებს გააჩნდათ, კადრების განკარგულებაში გადაყვანის შემდგომ, თანამდებობებზე კვლავ დაბრუნების მოლოდინი და არა სამინისტროსთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სურვილი“.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დასტურდება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

23. რაც შეეხება სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის სამართლებრივ შედეგებს, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბერის №1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ 65-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები სამსახურიდან უკანონო დათხოვნის/გათავისუფლების, დაქვეითების ან წოდების უკანონო ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარებიან აღდგენას თანამდებობაზე, ასევე უბრუნდებათ ჩამორთმეული წოდება. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ამდენად, მოსარჩელე უნდა აღდგეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში, ან თუ თანამდებობა ვაკანტური არ არის - ტოლფას თანამდებობაზე.

24. რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო. „იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მიმართულია იმ უფლებებში აღდგენისკენ, რომელშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე, შესაბამისად, განაცდური ხელფასის ანაზღაურების ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს ის ანაზღაურება, რომელსაც მოსარჩელე იღებდა მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-139(4კ-19)). შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება გათავისუფლებიდან მის აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.

25. 2017-2018 წლების გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით კი, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლით გათვალისწინებულია პოლიციელის ყოველწლიური შვებულებით სარგებლობის უფლება და ხანგრძლივობა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბერის №1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, მოსამსახურეს კუთვნილი შვებულების დროს ეძლევა შესაბამისი ხელფასი (ფულადი სარგო), წელთა ნამსახურობის და სხვა სპეციალური დანამატები და კომპენსაციები. ამრიგად, დასაქმებულს გააჩნია ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების უფლება და „დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ურთიერთობის შეწყვეტით დასაქმებულს არ შეიძლება წაერთვას შვებულების უფლება, რომელსაც იგი სავარაუდოდ გამოიყენებდა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-809-805(3კ-17)). შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელემ, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო, 2017 წელს ვერ ისარგებლა კუთვნილი შვებულებით, მისი უფლების აღდგენა უნდა მოხდეს 2017 წლის გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებით. რაც შეეხება 2018 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას, ვინაიდან შვებულების მოთხოვნის უფლება პირდაპირ და უშუალოდ უკავშირდება სამსახურში პირის დასაქმებას, ხოლო კასატორი სამსახურიდან 2017 წლიდან იყო გათავისუფლებული, უსაფუძვლოა მოთხოვნა 2018 წლის შვებულების ანაზღაურების შესახებ, რადგან მას დასახელებული პერიოდის შვებულებით სარგებლობის უფლება არ წარმოშობია.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას 1000 ლარის ოდენობით. საკასაციო პალატა ითვალისწინებს, რომ სარჩელი ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული, გარდა ამისა, საქმეში, მართალია, წარმოდგენილია საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, თუმცა წარმოდგენილი არ არის ადვოკატისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება გონივრული ოდენობით - 700 ლარის ოდენობით. სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე, მხარეები გათავისუფლებულნი არიან.

III სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 5 ივლისის №1600339 ბრძანების მე-6 პუნქტი და 2017 წლის 6 ნოემბრის №2670917 ბრძანების მე-2 პუნქტი;

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალოს გ. ფ-ის ამავე ადმინისტრაციული ორგანოს სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №... სამმართველოს (...ი) №... სასაზღვრო სექტორის (...ი) უფროსის თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალოს გ. ფ-ის სასარგებლოდ განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისთვის;

7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალოს გ. ფ-ის სასარგებლოდ 2017 წლის გამოუყენებელი კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურება, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ოდენობით;

8. გ. ფ-ის სასარჩელო მოთხოვნა 2018 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალოს გ. ფ-ის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 700 (შვიდასი) ლარის ანაზღაურება;

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე