საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1005(კ-21) 18 იანვარი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ. ა-ე
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
მესამე პირები - შპს „...“, ზ. ბ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. ა-ემ და მ. მ-ემ 2017 წლის 15 ნოემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ (მოსარჩელეთა ნაწილში) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 მაისის №000940/№001327 დადგენილებისა და „ზ. ბ-ის, მ. მ-ის, მ. ა-ის წარმომადგენლის ნ. ჩ-ისა და შპს „...-ის“ წარმომადგენლის გ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ (მოსარჩელეთა ნაწილში) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 27 დეკემბრის №1-2623 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ზ. ბ-ე და შპს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის, მ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგინდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინებით მ. მ-ისა და მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ მ. ა-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ხარვეზის დადგენის შესახებ 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინებით კასატორის - მ. ა-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და დაევალა კასატორს - მ. ა-ეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის დედნისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა, ხარვეზის შესახებ მითითებული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში; კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინება, კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ...ის ქ. N8, ბინა N10) გაეგზავნა კასატორს - მ. ა-ეს, თუმცა გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა მისამართის მოუძიებლობის გამო და დაუბრუნდა სასამართლოს. 2021 წლის 21 დეკემბერს, ხარვეზის შესახებ განჩინება, სასამართლოს კურიერის მეშვეობით გაეგზავნა კასატორის უფლებამოსილ წარმომადგენელს - ა. ა-ს საქმეში, კერძოდ, წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ განცხადებების ბლანკზე მითითებულ და სააპელაციო სასამართლოს მიერ გზავნილის ჩაბარების მისამართზე - თბილისი, ...ის ქ. N2/7, ამასთან გზავნილზე მიეთითა ადრესატის საკონტაქტო ნომერი - ..., შესაბამისად, მასთან კომუნიკაციის შემდეგ, სასამართლოს კურიერი მის მიერ გადამისამართდა მისამართზე თბილისი, ...ის ქ. N15-ში, მე-2 სართული, კოდი 6,5, სადაც გზავნილი ადრესატზე გადასაცემად ჩაჰბარდა ა. ა-ის შვილს - გ. ა-ს, რაც დასტურდება გზავნილზე შესაბამისი პირის ხელმოწერით.
2022 წლის 11 იანვარს ა. ა-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტა, რომ მისამართი, სადაც კურიერმა ჩააბარა გზავნილი (თბილისი, ...ის N15, მე-2 სართული, კოდი 6,5), არის მისი მოხუცი მშობლების საცხოვრებელი ადგილი და მათ მხედველობიდან გამორჩათ გზავნილის თაობაზე ინფორმაციის მისთვის მიწოდება, რაც გამოწვეულია მათი ასაკიდან გამომდინარე გულმავიწყობით, ასევე საახალწლო - სადღესასწაულო დღეებით. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ დარღვეულია მხარისათვის სასამართლო უწყების გადაცემის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 თავით დადგენილი წესი, მათ შორის, 74-ე მუხლი, შესაბამისად, ითხოვს ხარვეზის აღმოფხვრის ვადის ათვლის წერტილად მიჩნეულ იქნეს 2022 წლის 10 იანვარი და მიეცეს დამატებითი გონივრული ვადა ხარვეზის შესავსებად.
2022 წლის 14 იანვარს ა. ა-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა განცხადებით, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის დედნები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ის წარმომადგენლის - ა. ა-ის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. იმ შემთხვევაში თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, ხსენებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ხოლო, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
„უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 დეკემბრის №608 დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები და 8 – 9 იანვარი განისაზღვრა უქმე დღეებად.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინება, რომლითაც კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზის შესახებ მითითებული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის დედანისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა, მ. ა-ეს გაეგზავნა როგორც სარჩელში, ასევე საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა გზავნილის ჩაბარება ადრესატისათვის ვერ მოხერხდა კურიერის მიერ მისამართის მოუძიებლობის გამო და დაუბრუნდა სასამართლოს. აღნიშნული გზავნილი მეორედ გაეგზავნა მ. ა-ის წარმომადგენელს - ა. ა-ს საქმეში მითითებულ, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ გზავნილების ჩაბარებისა და ა. ა-ის მიერ შედგენილი განცხადებებისა თუ შუამდგომლობების ბლანკზე მითითებულ მისამართზე - თბილისი, ...ის ქ. N2/7. ამასთან გზავნილზე მიეთითა ადრესატის საკონტაქტო ნომერი .... აღნიშნული გზავნილი 2021 წლის 23 დეკემბერს ჩაჰბარდა ა. ა-ის შვილს - გ. ა-ს ადრესატისათვის გადასაცემად, რაც დასტურდება უკუგზავნილზე შესაბამისი პირის ხელმოწერით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების ათდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 24 დეკემბერს და ამოიწურა 2022 წლის 2 იანვარს 24 საათზე (შაბათი). იმის გათვალისწინებით, რომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა დაემთხვა უქმე დღეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დამთავრების დღედ მიიჩნევა მომდევნო პირველი სამუშაო დღე -2022 წლის 10 იანვარი. აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ არ არის შევსებული ხარვეზი, ამასთან, ამავე ვადაში მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის და აღნიშნული მოთხოვნით მომართა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დარღვევით 2022 წლის 11 იანვარს.
საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა, უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის. ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. მითითებული მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ვადის გაგრძელება შესაძლებელია სასამართლოს ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუმცა არა ვადის გაშვების, არამედ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დაცვით მხარის შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაში. მოცემულ საქმეში კი, საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მხარემ სასამართლოს მომართა საპროცესო მოქმედების შესასრულებლად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ათდღიანი ვადის დარღვევით, 2022 წლის 11 იანვარს და მიუთითა მოხუცი მშობლების მიერ გულმავიწყობის გამო გზავნილის გადაცემის დაგვიანებაზე, თუმცა ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებით დასტურდება, რომ გზავნილი ჩაიბარა ა. ა-ის ოჯახის წევრმა, შვილმა - გ. ა-მა, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებული იყო უწყება დაუყოვნებლივ ჩაებარებინა ადრესატისთვის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ა. ა-ისთვის გაგზავნილ მიმართვაზე, გარდა მისამართისა, მითითებული იყო მისი საკონტაქტო ნომერი, შესაბამისად, მასთან კომუნიკაციის შემდეგ, სასამართლოს კურიერი მის მიერ გადამისამართდა მისამართზე თბილისი, ...ის ქ. N15-ში, მე-2 სართული, კოდი 6,5, სადაც გზავნილი ჩაჰბარდა ა. ა-ის შვილს, შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შუამდგომლობის ავტორის პრეტენზიას მხარისათვის სასამართლო უწყების გადაცემის წესის დარღვევასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, ამასთან ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მომართა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, რაც მისი შუამდგომლობის უარყოფისა და საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. ა-ის წარმომადგენელს - ა. ა-ს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 14 იანვრის N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 (სამასი) ლარის ოდენობით და სახეზეა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ასეთი განჩინების გამოტანის შემთხვევაში, კასატორს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მთლიანად უნდა დაბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე 396-ე, 399-ე, 447-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მ. ა-ის წარმომადგენლის - ა. ა-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
3. მ. ა-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 14.01.2022წ. N0 საგადასახადო დავალებით საკასაციო საჩივარზე ა. ა-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 (სამასი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა