ბს-798(კ-20) 13 იანვარი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2019წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. გ-მა 04.10.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 07.08.2018წ. და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 07.09.2018წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ლ. გ-ის სახელზე არსებულ დაბადების სააქტო ჩანაწერში ლ. გ-ის დაბადების თარიღის შესწორების შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2019წ. გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2019წ. განჩინებით ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თანახმად, მოსარჩელეს მიმართ რეგისტრირებულ აქტების ჩანაწერებში ლ. გ-ის დაბადების თარიღად მითითებულია ...წ., ამასთანავე სხვადასხვა პერიოდში რეგისტრირებულ ქორწინებისა და განქორწინების აქტებში, მოსარჩელის გვარი განსხვავებულია. კერძოდ, გორის ...ის განყოფილების მიერ 20.01.1982წ. რეგისტრირებულ N3 განქორწინების აქტის ჩანაწერში ქალის გრაფაში ფიქსირდება შემდეგი მონაცემები: ლ. ნ-ი, განქორწინების შემდეგ - კ-ა, დაბადების თარიღი - ...წ. გორის ...ის განყოფილების მიერ 16.01.1991წ. რეგისტრირებულ N24 ქორწინების აქტის ჩანაწერში საცოლის მონაცემებში ფიქსირდება ლ. ყ-ა, ქორწინების შემდგომი გვარი - გ-ი, დაბადების თარღი - ...წ. ლ. კ-ის სახელზე გაცემული საშუალო განათლების ატესტატში დაბადების თარიღად მითითებულია ...წ.. სსრკ პასპორტის განცხადება-ანკეტის მიხედვით ირკვევა, რომ ლ. კ-ი დაიბადა ...წ.. პირადობის მოწმობის განცხადება-ანკეტის თანახმად, ლ. გ-ი დაიბადა ...წ.. ამასთანავე, მოსარჩელის სახელზე 10.06.1977წ. გაცემულ კომკავშირულ ბილეთში დაბადების თარიღად მითითებულია ... წლის ...ო. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 27.03.2017წ. გადაწყვეტილებით დადგინდა მოსარჩელის დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი. რომლითაც ლ. კ-ას დაბადების თარიღად განისაზღვრა ...წ., აღნიშნული გადაწყვეტილება საფუძვლად დაედო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ლ. კ-ას სახელზე 16.05.2017წ. დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციას, სადაც ბავშვის დაბადების თარიღად მითითებულია ...წ.. სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 22.02.2017წ. გაცემული საინფორმაციო ბარათის თანახმად ლ. გ-ი დაბადებულია ...წ. მოსარჩელემ 19.07.2018წ. მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა მის სახელზე 16.05.2017წ. რეგისტრირებულ დაბადების აქტის ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობა. კერძოდ, ბავშვის დაბადების თარიღის შესწორება, რაც მოპასუხის 07.08.2018წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. ამასთანავე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 07.09.2018წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცამები. ამასთანავე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლით განსაზღვრულა სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძვები, რომელთა თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ლ. კ-ას დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 27.03.2017წ. გადაწყვეტილებაზე და საქმის მასალების შეფასების შედეგად აღნიშნა, რომ ზემოხსენებული დადგენილი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის საწინააღმდეგო გარემოება არ იქნა დადგენილი, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლით განსაზრული სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძვლები. რაც შეეხება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების 07.09.2017წ. გადაწყვეტილების კანონიერებას, საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გარდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა მოძიებული და შესწავლილ იქნა სხვადასხვა დაწესებულებიდან სხვადასხვა საარქივო დოკუმენტაცია, მიუხედავად აღნიშნულისა, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვერ იქნა მოძიებული რაიმე ისეთი დოკუმენტი, რაც გახდებოდა მოსარჩელის სახელზე არსებული დაბადების სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.11.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-მა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სხდომაზე მოწმის სახით არ დაუშვეს მისი თანაკლასელები, რომლებიც დაადასტურებდნენ მის ისტორიას. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას, რომლის თანახმად მან ვერ დაადასტურა სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნავს, რომ თუ სასამართლო მას არ მისცემს შესაძლებლობას წარადგინოს სხვადასხვა სახის მტკიცებულებები, იგი სხვაგვარად ვერ შეძლებს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურებას. კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად დაადგინა გარემოებები, საფუძვლად დაუდო ის არასწორი მონაცემები, რომლებიც მოსარჩელის დედის მიერ თავიდანვე იქნა გაყალბებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. მითითებული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ განჩინება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, აღნიშნული მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. ამავე კანონის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა, ხოლო იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, რა შეიძლება გახდეს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველი, განსაზღვრავს ამავე კანონის 79-ე მუხლი, რომლის მიხედვით, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ. საქმეში დაცული მტკიცებულებების (გორის ...ის ბიუროს მიერ 23.12.1979წ. დაბადების, გორის ...ის გაყოფილების მიერ 20.01.1982წ. რეგისტრირებულ განქორწინების, 15.08.1989წ. რეგისტრირებულ დაბადებისა და გორის ...ის 16.01.1991წ. რეგისტრირებულ ქორწინების აქტები) შეფასების საფუძველზე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ლ. გ-ის მიმართ რეგისტრირებულ თითოეულ სამოქალაქო აქტში კასატორის დაბადების თარიღად მითითებულია ...წ., ამასთანავე საქმეში დაცულია სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 27.03.2017წ. გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა კასატორის დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი და დაბადების თარიღად განისაზღვრა ...წ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ლ. გ-ის მიმართ არსებული აქტების ჩანაწერები რეგისტრირებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს ლ. გ-ის მიმართ დადგენილი დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტში შესწორების შეტანის საფუძველი. რაც შეეხება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 07.09.2018წ. გადაწყვეტილების კანონიერებას, ვინაიდან გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილობის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული საჩივრის საფუძვლები და მასთან დაკავშირებული საკითხები სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სრულად იქნა შესწავლილი, არ არსებობს ზემოხსენებული აქტის სზაკ-ის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მოწმეთა (თანაკლასელთა) დაკითხვასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ლ. გ-ის სკოლაში სწავლის ფაქტი არ წარმოადგენს სადავო გარემოებას, აღნიშნული დადასტურებულია საქმეში დაცული სსიპ ქალაქ გორის N... საჯარო სკოლის დირექტორის 25.09.2018წ. ცნობითა და 02.03.2017წ. წერილობითი შეტყობინებით, ხოლო კასატორის დაბადების თარიღი ვერ დადასტურდება თანაკლასელთა ახსნა-განმარტებებით. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ გორის ადგილობირივი არქივიდან კასატორის დაბადების შესახებ ინფორმაცია. რაც ადასტურებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საკითხის ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად გადაწყვეტის ფაქტს. ამასთანავე კასატორი ვერ აქარწყლებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი