Facebook Twitter

ბს-1118 (კს-20) 13 იანვარი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „...ა“

მესამე პირი - ა. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.2020წ. განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „...ამ“ 10.05.2018წ. სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ“ 08.09.2016წ. ბრძანების, „არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ“ 10.10.2016წ. ბრძანების, „მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ 21.11.2016წ. ბრძანების და №000132 მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 15.05.2018წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად მესამე პირად ჩაება ა. გ-ე.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 18.02.2020წ. გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 08.09.2016წ. №184 ბრძანება „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ“, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 10.10.2016წ. №219 ბრძანება „არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ“, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 21.11.2016წ. №241 ბრძანება „ა. გ-ის სახელზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა №000132. აღნიშნული გადაწყვეტილება ა. გ-ემ და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.2020წ. განჩინებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 18.02.2020წ. გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებისთვის დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით იქნა სასამართლოში წარდგენილი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 18.02.2020წ. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას და ჩაბარდა 15.04.2020წ., მოპასუხეს სააპელაციო საჩივრის წარდგენა სასამართლოში შეეძლო 29.04.2020წ. ჩათვლით, ხოლო საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 30.04.2020წ., გასაჩივრებისათვის დაწესებული 14 დღიანი ვადის დარღვევით. სააპელაციო პალატის მითითებით სსკ-ის 374 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.2020წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ კერძო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში საქმის წარმოება მიმდინარეობს საქმისწარმოების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სასამართლოს გადაწყვეტილება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი განყოფილების საჯარო მოხელემ მიიღო 15.04.2020წ., თუმცა მიღებული კორესპოდენციის რაოდენობიდან გამომდინარე გადაწყვეტილება სისტემაში აიტვირთა 16.04.2020წ., შესაბამისად საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში შემოვლის თარიღად მიეთითა 16 აპრილი. შენიშვნის გრაფა, სადაც კორესპოდენციის დაგვიანებით ატვირთვის შემთხვევაში შესაძლებელია წინა დღის თარიღის მითითება, იყო ცარიელი. იურიდიულმა სამსახურმა ჩათვალა, რომ გადაწყვეტილება მერიას ჩაბარდა 16 აპრილს და გასაჩივრების ვადა დაიწყო 17 აპრილიდან, ამასთან, დაემთხვა აღდგომის დღეები, ხოლო 2020 წლის 17 აპრილიდან ამოქმედდა მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილება კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით მუნიციპალიტეტებში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აკრძალვის შესახებ. ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის იურიდიულ სამსახურს, მუშაობა უწევდა ფორსმაჟორულ სიტუაციაში, რის გამოც სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 30 აპრილს, ანუ გასაჩივრების ვადის გასვლამდე მე-14 დღეს. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების შემთხვევაში, მესამე პირთან მიმართებით დადგება მერიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 18.02.2020წ. გადაწყვეტილება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას გაეგზავნა სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო გზავნილის მხარისთვის ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე და უბრუნდება სასამართლოს (სსკ-ის 73.5 მუხ.). სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გზავნილის მხარისათვის ჩაბარება და შესაბამისად, ამავე დოკუმენტით ხელმძღვანელობს სასამართლო მხარისათვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების ათვლისას. საქმეში დაცულ მერიისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელ უკუგზავნილზე ჩაბარების თარიღად მითითებულია 15.04.2020წ. (ტ. 1, ს.ფ. 292). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებულ უკუგზავნილზე განთავსებულია სსკ-ის 73.8 მუხით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო რეკვიზიტი და არ არსებობს მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისათვის სსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილი გასაჩივრების 14 დღიანი ვადა ამოიწურა 29.04.2020წ. 24 საათზე, ხოლო სააპელაციო საჩივრის შედგენისა და ფოსტისათვის გადაცემის თარიღად მითითებულია 30.04.2020წ. (ტ. 1, ს.ფ. 273-287), რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული გასაჩივრების ვადის დარღვევად და საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მერიის ელექტრონული საქმისწარმოების სისტემაში აიტვირთა არა 15.04.2020წ., არამედ მომდევნო დღეს - 16.04.2020წ., რაც გამოწვეული იყო კორესპოდენციის დიდი ოდენობით, ასევე მიუთითებს აღდგომის უქმე დღეებსა და ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აკრძალვაზე. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს დოკუმენტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან, ვინაიდან საქმეში დაცულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელ უკუგზავნილზე ჩაბარების თარიღად მითითებულია 15.04.2020წ., ამასთან, თავად კერძო საჩივრის ავტორიც არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მერიის საქმისწარმოების განყოფილების თანამშრომელმა 15.04.2020წ. ჩაიბარა. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას მართებულად იხელმძღვანელა სასამართლოში დაბრუნებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისათვის გზავნილის ჩაბარების დოკუმენტით. საპროცესო კანონმდებლობა მნიშვნელობას ანიჭებს გზავნილის ჩაბარებას ორგანიზაციისათვის და არა მიღებული დოკუმენტის ამ ორგანიზაციის მიერ ელექტრონული საქმისწარმოების სისტემაში რეგისტრაციას (სსსკ-ის 73.8). დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება აღდგომის უქმე დღეებსა და სატრანსპორტო საშაულებების მოძრაობის აკრძალვის თაობაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2020 წელს უქმე სააღდგომო დღეები მოიცავდა პერიოდს 17 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეჩერდა 2020 წლის 17 აპრილიდან 27 აპრილამდე, ხოლო გასაჩივრების ვადა 29 აპრილს ამოიწურა, ამასთან აღნიშნული შეზღუდვა არ შეხებია საფოსტო მომსახურების მიზნით გადაადგილებას („საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23.03.2020წ. №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 16.04.2020წ. ͏№252 და 24.04.2020წ. №264 დადგენილებები). თავად კერძო საჩივრის ავტორიც განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მიზნით მერიის შესაბამისი თანამშრომლების მიერ ხორციელდებოდა საშვების გაცემა. გარდა ამისა, „ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 12.03.2020წ. №529 განკარგულების მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგინდა, რომ ეპიდემიური საფრთხის შემცირებამდე საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებს უნდა განესაზღვრათ დაწესებულებების თანამშრომლების ის ნაწილი, რომელიც დროებით გადავიდოდა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე (კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებულად არ საჭიროებდა სამუშაო ადგილზე ყოფნას და დისტანციურად შეასრულებდნენ სამუშაოს), ასევე მიეთითა, რომ დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადასვლა არ ნიშნავდა სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში ყოფნას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უქმე სააღდგომო დღეებსა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების აკრძალვაზე მითითება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის. საქმეში დაცული მასალებით, მათ შორის კერძო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ ორგანოს ჩაბარდა 15.04.2020წ., შესაბამისად, 14 დღიანი გასაჩივრების ვადა ამოიწურა 29 აპრილს 24.00 საათზე. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის არც მერიის მითითება სიღნაღის რაიონული სასამართლოს 18.02.2020წ. გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში მის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის შესახებ. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისთვის რელევანტური არ არის.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა (სსსკ-ის 63-ე მუხ.). ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნები სადავო საკითხთან მიმართებით, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.2020წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი