ბს-560(კ-19) 13 იანვარი, 2022 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2019წ. გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. შ-ამ 22.10.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა „ნოტარიუსების მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 19.10.2015წ. N1386 ბრძანების ბათილად ცნობა ე. შ-ას ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.10.2015წ. განჩინებით ე. შ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა „ნოტარიუსების მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 19.10.2015წ. N1386 ბრძანების მოქმედება ე. შ-ას ნაწილში.
12.12.2016წ. წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელში ე. შ-ამ დამატებით მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დისციპლინური კომისიის 07.10.2015წ. სხდომის ოქმისა და ე. შ-ასთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ დასკვნის ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.05.2017წ. განჩინებით აღნიშნულ მოთხოვნებზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.02.2018წ. გადაწყვეტილებით ე. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „ნოტარიუსების მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 19.10.2015წ. N1386 ბრძანება ე. შ-ას ნაწილში, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2019წ. გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.02.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ე. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ნოტარიუსების მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 19.10.2015წ. N1386 ბრძანება ე. შ-ას ნაწილში და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
პალატამ აღნიშნა, რომ ნოტარიუსის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, დისციპლინური სახდელის სახეები და დისციპლინური წარმოების წესი დადგენილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2010წ. N69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულებით, რომლის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა იყოფა: მსუბუქ, საშუალო, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე გადაცდომად (3.2 მუხ.), ხოლო დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით, ნოტარიუსს შესაძლოა შეეფარდოს შემდეგი დისციპლინური სახდელები: გაფრთხილება, საყვედური, უფლებამოსილების შეჩერება, ან თანამდებობიდან გათავისუფლება (მე-8 მუხ.). სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დებულების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსუბუქ დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნეოდა ნოტარიუსის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დაუდევრად შესრულება (დაუდევრობად ითვლება სანოტარო საქმიანობისას დაშვებული მსუბუქი ხასიათის შეცდომა, რასაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგი), ასევე სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტის შედგენის) კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა. ამავე რედაქციის დებულების მე-6 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი სჩადის მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, თუ არღვევს სანოტარო მოქმედების შესრულების (სანოტარო აქტების შედგენის) კანონმდებლობით დადგენილ წესებს, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს, ან რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ნოტარიუსი სჩადის განსაკუთრებით მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, თუ ასრულებს სანოტარო მოქმედებას კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს ან რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა, ან/და ასრულებს სანოტარო მოქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, მორალს და/ან საჯარო წესრიგს. ამასთანავე, ნოტარიუსისთვის შეფარდებული დისციპლინური სახდელი სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხთან. დისციპლინური სახდელის შეფარდება არ უნდა იწვევდეს ნოტარიუსის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას (2.3 მუხ.). პალატამ აღნიშნა, რომ მართალია სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა ეს არ ათავისუფლებდა მას საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან. აქტის საკმარის დასაბუთებას არ ქმნის მასში მხოლოდ კანონმდებლობის ცალკეული ნორმების მითითება. პალატის მოსაზრებით სადავო აქტიდან არ დგინდება რა მოსაზრებებზე დაყრდნობით გადაწყვიტა ადმინისტრაციულმა ორგანომ ე. შ-ასთვის კონკრეტული სახდელის შეფარდება. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ე. შ-ას სანოტარო საქმიანობის შემოწმების აქტის შესაბამისად, შემოწმებისას გამოვლენილ დარღვევებს შორის იყო ის ფაქტი, რომ სამი სამკვიდრო მოწმობის გაცემა მოხდა საქმეში სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტების არსებობის გარეშე. პალატამ მიიჩნია, რომ სათანადოდ არ დასაბუთებულა აღნიშნული ქმედების განსაკუთრებით მძიმე გადაცდომად მიჩნევა იმ პირობებში, როდესაც გადაცდომად ჩაითვალა არა ნოტარიუსის მხრიდან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის გარეშე სანოტარო მოქმედების შესრულება, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტებით სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადგენის შეუძლებლობა. ამასთანავე, იმ შემთხვევაშიც, თუ მიჩნეული იქნება, რომ ნოტარიუსმა სავალდებულო დოკუმენტის გამოთხოვის გარეშე შეასრულა სანოტარო მოქმედება, ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის განსაკუთრებით მძიმედ შერაცხვისათვის, „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად უნდა დადასტურდეს ამ მუხლით გათვალისწინებული, სანოტარო მოქმედების განხორციელების თანმდევი რომელიმე პირობის არსებობა (ქმედებას სისტემატური ხასიათი, ქმედებას მძიმე შედეგი, სანოტარო მოქმედების კანონთან, მორალთან და/ან საჯარო წესრიგთან წინააღმდეგობა). პალატამ მიუთითა აგრეთვე იმ გარემოებაზეც, რომ გენერალური ინსპექციის მხრიდან შემოწმდა არა მხოლოდ ე. შ-ა, არამედ სხვა ნოტარიუსებიც და მათ მიმართ გამოყენებულ იქნა სახდელის სხვადასხვა ღონისძიებანი, კერძოდ, 2 ნოტარიუსის მიმართ გამოყენებულ იქნა საყვედური, 3 ნოტარიუსის მიმართ - გაფრთხილება, ერთ ნოტარიუსს უფლებამოსილება შეუჩერდა 3 თვის ვადით, ერთ ნოტარიუსს - 4 თვის ვადით, ხოლო ე. შ-ას - 2 თვის ვადით. პალატის მოსაზრებით, სადავო საკითხის ხელახლა განხილვისას, მნიშვნელოვანია შეფასდეს, ყველა ნოტარიუსთან მიმართებაში დისციპლინური წარმოებისას გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებების თანაბრად გათვალისწინების საკითხი, უნდა გაირკვეს ასევე ხომ არ ჰქონდა ადგილი ე. შ-ასთან დაკავშირებული გარემოებების იდენტურობას სხვა ნოტარიუსებთან მიმართებაში, რომელთა მიმართაც გამოყენებულია უფრო მსუბუქი სახდელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2019წ. გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საკასაციო წესით გასაჩივრდა. კასატორმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული საქმეში არსებული ცნობა, მისი შინაარსიდან გამომდინარე არ ადგენს მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის ქონების ფლობის (სარგებლობის) ფაქტის კონკრეტულ მონაკვეთს - სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე პერიოდს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფაქტობრივი ფლობის დადასტურებისათვის საჭიროა მემკვიდრე სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე დაეუფლოს სამკვიდრო ქონებას. სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან გარდაცვლილად გამოცხადების შედეგად (სკ-ის 1319-ე მუხ.), სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს 6 თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან (სკ-ის 1424-ე მუხ.), მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას (სკ-ის 1421.2 მუხ.). ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობებით არ დასტურდებოდა, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში დაეუფლა მემკვიდრე ქონებას. ე. შ-ამ დაშვებული დარღვევების გამოსწორების მიზნით დისციპლინურ კომისიას წარუდგინა დამატებით ცნობები შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებიდან, რომლებშიც აღნიშნულია, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან მემკვიდრე დაეუფლა ქონებას, თუმცა დისციპლინური კომისია აღნიშნულ ცნობებს ვერ გაითვალისწინებდა, რადგან შემოწმების პერიოდისათვის აღნიშნული შინაარსის დოკუმენტები არ ინახებოდა ნოტარიუსთან დაცულ, ერთ საქმედ აკინძულ სამკვიდრო საქმეებში. ვინაიდან ნოტარიუსთან არსებული დოკუმენტაციით არ დგინდებოდა ის ფაქტობრივი გარემოებები, რისთვისაც ამ დოკუმენტების არსებობა იყო მნიშვნელოვანი, დადასტურდა ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულება კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტის გამოთხოვის გარეშე.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გადაცდომის სისტემურ ხასიათთან დაკავშირებით განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო პალატის განმარტებისგან (სუსგ 08.07.2017წ. Nბს-304-302(კ-17)), კერძოდ, საკასასციო პალატამ აღნიშნა, რომ ერთი და იმავე ტიპის დარღვევების განმეორებითობა მიჩნეულ უნდა იქნეს სისტემურ დარღვევებად, ამასთანავე, იმ პირობებში, როდესაც ჩადენილია ერთი და იმავე ხასიათის ორი ან მეტი გადაცდომა, სახეზეა დარღვევების არაერთგზისობა/სისტემატურობა, რაც „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებულ განსაკუთრებით მძიმე გადაცდომად მიჩნევისთვის ერთ-ერთ სავალდებულო ელემენტს წარმოადგენს. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რადგან სისტემატური ხასიათის დარღვევები იმთავითვე ადასტურებს განსაკუთრებით მძიმე დარღვევის ჩადენას და ნორმატიულად სავალდებულო არ არის გადაცდომას მოჰყვეს მძიმე შედეგი. ე. შ-ას მხრიდან დარღვევა დაფიქსირდა სამ სამკვიდრო მოწმობასთან მიმართებით, რაც ადასტურებს დარღვევის სისტემატიურ ხასიათს. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემისას სრულად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები, გათვალისწინებულ იქნა სახდელის გამოყენებასთან დაკავშირებული დისკრეციის ფარგლები, რის შედეგადაც ე. შ-ას შეეფარდა კონკრეტული და არა უფრო მძიმე სახდელი, მაგ. თანამდებობიდან გათავისუფლება.
კასატორი მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია აგრეთვე სააპელაციო პალატის მითითება სხვა ნოტარიუსებისათვის შეფარდებულ სახდელებთან დაკავშირებით, რადგან სააპელაციო პალატა იხილავდა მხოლოდ ე. შ-ას შემთხვევას, საქმეში დაცული იყო მხოლოდ ე. შ-ასთან დაკავშირებით არსებული წარმოების მასალები, შესაბამისად, გაუგებარია რაზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ, რომ ნოტარიუსთა გადაცდენები შესაძლოა ყოფილიყო ერთი და იგივე ტიპის. კასატორის მოსაზრებით, არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ნოტარიუს ე. შ-ას სანოტარო საქმიანობის შემოწმების აქტის მიხედვით, ნოტარიუსის შემოწმებისას გამოვლინდა 4 სახის დარღვევა: ორი სანოტარო აქტის სანოტარო რეესტრში რეგისტრაციისას არ იყო მითითებული გარიგების ღირებულება; სამ სანოტარო აქტზე არ იყო ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი, ერთ სანოტარო აქტზე არ იყო მხარის ხელმოწერა; ერთ სანოტარო აქტზე არ იყო ხელმომწერის სახელი სრულად და გარკვევით მითითებული; სამ შემთხვევაში სამკვიდრო მოწმობებში არ იყო სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტი. დისციპლინური კომისიის დასკვნაში აღიწერა შემოწმების აქტში მითითებული დარღვევები, ასევე ე. შ-ას ახსნა-განმარტების შინაარსი და მიჩნეულ იქნა, რომ ე. შ-ას დისციპლინური გადაცდომის ხარისხი უნდა განსაზღვრულიყო როგორც განსაკუთრებით მძიმე გადაცდომა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 19.10.2015წ. ბრძანებით ე. შ-ას შეეფარდა ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერება 2 თვის ვადით. ამასთანავე, არც ერთი აღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავს ე. შ-ასთვის კონკრეტული სახდელის შეფარდების დასაბუთებას. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე გადაცდომა, არ ქმნის ნოტარიუსისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკმარის საფუძველს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნოტარიუსის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა იწვევს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანია ნოტარიუსის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა, დადგენილი ქცევის წესების დაცვა, მათი დარღვევის პრევენცია, თუმცა დისციპლინური ზომის გამოყენება მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. უფლებამოსილი თანამდებობის პირის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა მოხდეს პროპორციულობის მოთხოვნათა დაცვით, ნოტარიუსისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის, მისი თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. დარღვევის ჩამდენი ნოტარიუსისთვის კონკრეტული სახდელის შერჩევა უფლებამოსილი ორგანოს დისკრეციაა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არის სახეზე.
საქმის მასალების, მათ შორის, შემოწმების აქტის, დისციპლინური კომისიის დასკვნის, სადავო აქტისა და ე. შ-ას ახსნა-განმარტების შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ ე. შ-ას მიმართ კონკრეტული სახდელის გამოყენება დაუსაბუთებელია, მხოლოდ დისციპლინურ გადაცდომად მიჩნეული ქმედებების აღწერა და იმ ნორმის მითითება, რომელიც დისციპლინური სახდელის სახედ ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების გამოყენების ზოგად შესაძლებლობას ითვალისწინებს, არ ქმნის საკმარის დასაბუთებას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2010წ. N69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების 10.1 მუხლის თანახმად, ნოტარიუსს მძიმე გადაცდომისთვის შეიძლება შეუჩერდეს უფლებამოსილება, თუმცა ამავე დებულების 2.3 მუხლის მიხედვით, ნოტარიუსისათვის შეფარდებული დისციპლინური სახდელი სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხთან, დისციპლინური სახდელის შეფარდება არ უნდა იწვევდეს ნოტარიუსის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას. ამდენად, სახდელის შეფარდებისას მნიშვნელოვანია შეფასდეს გადაცდომის სიმძიმე, თუმცა არა მხოლოდ ფორმალური ნიშნით, არამედ რეალურად დამდგარი შედეგის ან შექმნილი რისკის გათვალისწინებით. მძიმე გადაცდომისათვის სახდელის სახით ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების გამოყენების ნორმატიული შესაძლებლობა, არ ადასტურებს სახდელის ამ სახის ყველა იმ გადაცდომისთვის გამოყენების საჭიროებას, რომელიც ფორმალური მახასიათებლებით შესაძლოა ექცეოდეს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დისციპლინური გადაცდომის განმარტებაში. განსახილველ შემთხვევაში ე. შ-ას კონკრეტული სახდელი შეეფარდა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ დადასტურებულად იქნა მიჩნეული მის მიერ განსაკუთრებით მძიმე ხასიათის დარღვევის ჩადენა, სხვა რაიმე გარემოება ამ კუთხით არ შეფასებულა, სრულად უგულებელყოფილ იქნა ე. შ-ას მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მისი განმარტება, რომ დარღვევები ატარებდა ტექნიკურ, ფორმალურ ხასიათს და მათ მესამე პირებისათვის ზიანის მიყენება არ გამოუწვევიათ. აღნიშნული მტკიცებულებებით რომც არ გამორიცხულიყო დარღვევის ჩადენის ფაქტი, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მათი შეფასება მნიშვნელოვანი იყო შესაფარდებელი სახდელის კონკრეტული ზომის შერჩევისას.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავოა ე. შ-ას მიერ 4 სახის გადაცდომის ჩადენა. პირველ დარღვევად მიჩნეულია სანოტარო რეესტრში ორი გარიგების ფასის მიუთითებლობა, თუმცა თავად დარღვევის გამომვლენი სუბიექტი აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარიგებები არ ექვემდებარებოდა ფინანსურ მონიტორინგში გადაგზავნას, ამასთანავე, ვინაიდან შემმოწმებელმა შეძლო გარიგების ფასის დადგენა, გასაზიარებელია მოსაჩელის მითითება, რომ ფასის განსაზღვრა შესაძლებელი იყო გარიგებების შინაარსიდან. მეორე დარღვევად მიჩნეულ იქნა ის გარემოება, რომ სამ სანოტარო აქტზე არ იყო ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი, ერთ სანოტარო აქტზე არ იყო მხარის ხელმოწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით ე. შ-ა უთითებს, რომ სანოტარო აქტები, აკინძული, დალუქული, ნოტარიუსის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული დაცულია სანოტარო ბიუროს არქივში დანართ დოკუმენტებთან ერთად, ამასთანავე, ერთ-ერთი სადავო დოკუმენტი შედგენილ იქნა 4 ეგზემპლარად, რომელთაგან საჯარო რეესტრში წარდგენილი ეგზემპლარზე ფიქსირდება ხელმოწერა და ბეჭედი. რაც შეეხება მესამე დარღვევას, ანუ იმ ფაქტს, რომ ერთ სანოტარო აქტზე არ იყო ხელმომწერის სახელი სრულად და გარკვევით მითითებული, ე. შ-ამ აღნიშნა, რომ მხარის ნება ფიქსირდებოდა სანოტარო აქტზე შესრულებული ხელმოწერით. აღნიშნული დარღვევების ხასიათიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ დარღვევები იყო ტექნიკური, ფორმალური ხასიათის. გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოება, რომ შემოწმების პერიოდი მოიცავდა 3 წლის მანძილზე (2012 წლის 22 ივლისიდან 2015 წლის 22 ივლისამდე) ნოტარიუსის მიერ განხორციელებულ სრულ საქმიანობას. სწორედ სამწლიანი საქმიანობის პერიოდში გამოვლინდა ზემოაღნიშნული შემთხვევები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნოტარიუსისათვის უფლებამოსილების შეჩერება უნდა განხორციელდეს იმ შეთხვევაში, როდესაც მისი საქმიანობის შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები საზოგადოებრივად საშიშია, ქმნის დაინტერესებული პირების უფლებების შელახვის, მათთვის ზიანის მიყენების მნიშვნელოვან რისკს. ტექნიკური ხასიათის ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში ნოტარიუსისათვის დროის გარკვეული პერიოდით საქმიანობის აკრძალვის საჭიროება მაღალი ხარისხის დასაბუთებას საჭიროებს, რადგან, როგორც წესი, ფორმალური დარღვევების ერთეული შემთხვევები არ ქმნის სხვა პირთა უფლებების დარღვევის მნიშვნელოვან რისკებს. მხოლოდ იმ ნორმაზე მითითება, რომელიც ორგანოს კონკრეტული სახდელის გამოყენების უფლებამოსილებით აღჭურავს, ცალსახად არ ქმნის მსგავსი შემზღუდავი სახდელის გამოყენების საკმარის დასაბუთებას და არ ადასტურებს მისი გამოყენების კანონიერებას.
ერთადერთი შინაარსობრივი ხასიათის დარღვევა, რომელზეც შემოწმების აქტსა და დისციპლინური კომისიის დასკვნაში მითითება ხდება არის ის ფაქტი, რომ სამ შემთხვევაში სამკვიდრო მოწმობებში არ იყო სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.10.2010წ. N71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 85.1 მუხლის მიხედვით, სამკვიდროს ფაქტობრვად დაუფლების ფაქტი შეიძლება დადგინდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტით კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ („დ1“ ქვ.პ.). უდავოდ დგინდება, რომ სანოტარო ბიუროში წარდგენილ იქნა აღნიშნული დოკუმენტები, ამასთანავე, კასატორი სადავოდ არ ხდის წარდგენილი ცნობების ნამდვილობას, თუმცა მიიჩნევს, რომ ცნობების ზოგადი ხასიათი, ზოგადი მითითება მემკვიდრის მიერ მაკვიდრებლის ქონების ფაქტობრივ დაუფლებაზე არ ქმნიდა სამკვიდროს გაცემისათვის საკმარის საფუძველს, რადგან არ ხდებოდა მითითება დაუფლების კონკრეტულ პერიოდზე. ამ კუთხით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ერთი მხრივ იმ გარემოებაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან მიღებული ცნობის ფორმა ნორმატიულად განსაზღვრული არ ყოფილა, ხოლო მეორე მხრივ - დაუფლების კონკრეტული პერიოდის მიუთითებლობა, გაცემული ცნობის ფორმულირების გათვალისწინებით, არ გამორიცხავდა სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე პერიოდში მემკვიდრის მიერ სამკვიდროს დაუფლების შესაძლებლობას. ამდენად, შესაძლოა წარდგენილი ცნობები საჭიროებდა დაზუსტებას, თუმცა ის გარემოება, რომ ნოტარიუსმა სანოტარო მოქმედებები შეასრულა კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტაციის გამოთხოვის გარეშე, მოპასუხის მიერ არ ყოფილა სათანადოდ დასაბუთებული, მით უფრო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დისციპლინურ კომისიას ე. შ-ას მიერ წარედგინა თვითმმართველი ერთეულებისგან მიღებული დამატებითი დოკუმენტები, რომელთა თანახმად, მემკვიდრეები ქონებას დაეუფლნენ მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან. სათანადო დოკუმენტაციის გამოთხოვის გარეშე სამკვიდროს გაცემა ხარისხობრივად არ უთანაბრდება შესაძლო შინაარსობრივი ხარვეზის მქონე დოკუმენტის საფუძველზე სამკვიდროს გაცემას. ამასთანავე, ის, რომ ნოტარიუსის მიერ კონკრეტული დოკუმენტის სამართლებრივი შეფასება განსხვავდება ნოტარიუსის საქმიანობის შემმოწმებლის სამართლებრივი შეფასებისგან, იმთავითვე არ ადასტურებს ნოტარიუსის მიდგომის უსწორობას, მისთვის საქმიანობის შეჩერების საჭიროებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მართებულია სადავო აქტის ბათილად ცნობა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით დამატებითი მტკიცებულებების შეგროვების შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების სრულ ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლევასა და შეფასებას საჭიროებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არაერთი გარემოება. სადავო აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ნოტარიუსის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და ახნა-განმარტებების შეფასების გარეშე, არ არის გამოკვლეული სადავო გადაცდომების ინტენსივობა, რეალური ხასიათი, დამდგარი შედეგები, მესამე პირებისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, არ არის დასაბუთებული კონკრეტული სახდელის გამოყენების საჭიროება, უგულებელყოფილია დისციპლინური გადაცდომის გამოვლენისა და სახდელის შეფარდების მიზნები. კასატორის მითითება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომელიც სისტემატიური დარღვევის განმარტებას ახდენს, არ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობას, რადგან სისტემატიური დარღვევევის არსებობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც, დასაბუთებას საჭიროებს კონკრეტული სახდელის გამოყენების საჭიროება. სისტემატიურ დარღვევათა არსებობა იმთავითვე არ ადასტურებს ნოტარიუსისთვის უფლებამოსილების შეჩერების მართლზომიერებას.
მართებულია აგრეთვე სააპელაციო პალატის მითითება სახდელის შეფარდებისას თანასწორობის პრინციპის დაცვის საჭიროების შესახებ, რადგან ყველა ნოტარიუსი თანაბრად აგებს პასუხს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისთვის (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2010წ. N69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების 2.4 მუხ.).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარს არ გააჩნია წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2019წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი