Facebook Twitter

საქმე Nბს-653(კ-21) 13 იანვარი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.2021წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ჯ-ამ 14.09.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა: „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 07.08.2020წ. N03-862/ო ბრძანების ბათილად ცნობა და ზ. ჯ-ასთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ მოპასუხისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.01.2021წ. გადაწყვეტილებით ზ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. ჯ-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.2021წ. გადაწყვეტილებით ზ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.01.2021წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ზ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 07.08.2020წ. N03-862/ო ბრძანება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ზ. ჯ-ასთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. ზ. ჯ-ა რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 1000 ერთეულით. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, შეავსო შესაბამისი კითხვარი. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ ზ. ჯ-ას ოჯახის საჭიროებები წინასწარ შეფასდა 7.5 ქულით (საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები) - 1.5 ქ., მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქ., სოციალური კრიტერიუმი (30 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა) – 3 ქ., შშმპ (მნიშვნელოვნად გამოხატული) – 2 ქ.). მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია ქ. თბილისი, ...ის მეორე შესახვევი, N1 კორპ. (ყოფილი ...ი), ბინა N2. 16.09.2019წ. ხსენებულ მისამართზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელდა მონიტორინგი. მოსარჩელის საცხოვრებელი დაკეტილი იყო. მეზობლების განმარტებით, ზ. ჯ-ა გულის ოპერაციის ჩატარების შემდეგ მუდმივად ცხოვრობს თავის დასთან. პალატამ დადგენილად მიიჩნია აგრეთვე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 21.07.2020წ. N36 სხდომის ოქმის შესაბამისად, კომისიამ ზ. ჯ-ას ბინით უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას მხედველობაში არ მიიღო სოციალური კრიტერიუმის 3 ქულა და მარტოხელა პენსიონერის კრიტერიუმის 1 ქულა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად არ ცხოვრობდა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მითითებულ მისამართზე, არამედ, ცხოვრობდა მის დასთან, სხვა მისამართზე. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 07.08.2020წ. N03-862/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 21.07.2020წ. N36 სხდომის ოქმის საფუძველზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე არასაკმარისი ქულის გამო. დადგენილია აგრეთვე, რომ ერთოთახიანი ბინებით უზრუნველყოფნილნი იქნენ 6 და მეტი ქულის მქონე დევნილი ოჯახები.

პალატამ აღნიშნა, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ მონიტორინგის განხორციელების დროს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მითითებული ზ. ჯ-ას მისამართის შეუსაბამობა მისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართთან. პალატამ მიიჩნია, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, დროებით სხვა მისამართზე (დასთან) ფაქტობრივად ცხოვრება ცალსახად არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებული საცხოვრებელი ადგილის იდენტურობას. მონიტორინგის განხორციელების დროს მოსარჩელის მისამართზე (ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, მეორე შესახვევი, ...ის კორპუსი, ბინა N2) არყოფნა ვერ ჩაითვლება მუდმივად ცხოვრების ფაქტის გამომრიცხავ გარემოებად, რადგან მოცემულ შემთხვევაში გაურკვეველია, რა უტყუარი და გამოკვლეული მონაცემების საფუძველზე დაადგინა მოპასუხემ მოსარჩელის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებულ საცხოვრებელ ადგილზე (ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, მეორე შესახვევი, ...ის კორპუსი, ბინა N2) მუდმივად არცხოვრების ფაქტი. პალატამ ყურადღება გაამახვილა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების და მოვლის საჭიროების გამო საცხოვრებლად დროებით დასთან გადასვლის შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, მუდმივად საცხოვრებლად დასთან დარჩენა შეუძლებელია ოჯახის წევრთა რაოდენობისა და ფართის სიმცირის გამო. პალატის მითითებით, კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენს კონკრეტულ დროს იძულებით გადაადგილებული პირის ადგილსამყოფელის დადგენა. დროებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ფაქტობრივად სხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტი არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ ზ. ჯ-ას წინასწარი შეფასებით მიენიჭა 7.5 ქულა, თუმცა გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ მის მიერ განაცხადში მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალურ მდგომარეობას, შედეგად, მარტოხელა პენსიონერის და სოციალურ კრიტერიუმებში მოსარჩელეს დააკლდა მინიჭებული ქულები. კასატორის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს დროებით და მუდმივად ცხოვრების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება ზ. ჯ-ას დროებით ცხოვრება მის დასთან. 13.06.2019წ. და 10.03.2020წ. მონიტორინგის ოქმების თანახმად, მოსარჩელე თავადვე ადასტურებს, რომ 12 წელია ცხოვრობს დის ქმრის ბინაში, ...ის შენობაში კი ცხოვრობს პერიოდულად. ამდენად, მოსარჩელე დასთან ცხოვრობდა არა დროებით, არამედ მუდმივად, რაც არ არის განპირობებული იმ გარემოებით, რომ მოსარჩელეს გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მზრუნველობის მიღების მიზნით იძულებულია დროებით იცხოვროს დევნილ დასთან. ამასთანავე, მოსარჩელემ არაერთხელ აღნიშნა, რომ ასაკისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი მარტო ცხოვრება შეუძლებელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“. სადავო პერიოდში მოქმედი „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრებოდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის შეთავაზების რიგითობა, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრული იყო ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ N6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ N7 დანართის შესაბამისად. N7 დანართის მეორე შენიშვნის თანახმად, სოციალურ პროგრამაში მონაწილეობის ქულა დევნილ ოჯახს ენიჭებოდა იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებული საცხოვრებელი ადგილი ერთი და იგივე იყო (ანალოგიურ დებულებას შეიცავს ამჟამად მოქმედი „წესის“ მე-8 დანართის მე-2 შენიშვნა).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, აგრეთვე, მნიშვნელოვნად გამოხატული შშმპ. ზ. ჯ-ა რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის მე-2 შეს., ...ის კორპუსი, მე-2 სართ. და მისი სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 1000 ერთეულით. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, შეავსო შესაბამისი კითხვარი. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების 13.01.2020წ, 12.02.2020წ. და 26.02.2020წ. ელექტრონული ფორმების შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ ზ. ჯ-ას ოჯახის საჭიროებები წინასწარ შეფასდა 7.5 ქულით (საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები) - 1.5 ქ., მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქ., სოციალური კრიტერიუმი (30 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა) – 3 ქ., შშმპ (მნიშვნელოვნად გამოხატული) – 2 ქ.). ამავე შეფასების ფორმების შესაბამისად, მოსარჩელის ფაქტობრივი მისამართებია: ქ. თბილისი, ...ის მეორე შესახვევი, N1 კორპ. (ყოფილი ...ი) და ქ. თბილისი, ...ი, მე-8 კვარტალი, ...ის ქ.N3, ბინა N7, ხოლო იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ...ი, ...ის მას., მე-2 მ/რ, N6 კორპ., ბინა N31.

საქმეში დაცულია ზ. ჯ-ას დის მისამართზე (ქ. თბილისი, ...ი, მე-8 კვარტალი, ...ის ქ.N3, ბინა N7) 13.06.2019წ. შედგენილი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა, რომლის შესაბამისად, მოსარჩელის განცხადებით, გულის ოპერაციის ჩატარების შემდეგ ის საჭიროებს მოვლას და დროებით დის ბინაში (ქ. თბილისი, ...ი, მე-8 კვარტალი, ...ის ქ.N3, ბინა N7) იმყოფება, ფაქტობრივად კი ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის მეორე შესახვევი, N1 კორპ. (ყოფილი ...ი), მე-2 სართულზე.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 21.07.2020წ. გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი N36) ზ. ჯ-ას ოჯახს ქულები დააკლდა შემდეგ კრიტერიუმებში: მარტოხელა პენსიონერი (1 ქ.), სოციალური კრიტერიუმი (3 ქ.), რაც, კასატორის მითითებით, განხორციელდა მოსარჩელის სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო. „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 07.08.2020წ. N03-862/ო ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 3.14 მუხლისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 31.10.2019წ. N01-109/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 21.07.2020წ. N36 სხდომის ოქმის საფუძველზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე არასაკმარისი ქულის გამო. დადგენილია აგრეთვე, რომ ერთოთახიანი ბინებით უზრუნველყოფნილნი იქნენ 6 და მეტი ქულის მქონე დევნილი ოჯახები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, არსებული კრიტერიუმების შესაბამისად მოცემულ ეტაპზე და არა სხვა რომელიმე ეტაპზე განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელისთვის მინიჭებული ქულა (7.5) საკმარისი იყო მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის. ფართის დროებითი დატოვება არ გამორიცხავს მფლობელობის შეწყვეტას, ფართში პერიოდულად ფაქტობრივი არყოფნა არ აუქმებს საცხოვრებელ ადგილს. სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის შესაძლებლობა არ გულისხმობს ამ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავ შესაძლებლობას, არ ათავისუფლებს სახელმწიფოს მოცემულ ეტაპზე დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან.

14.08.2019წ. მონიტორინგის ფორმის შესაბამისად, მოსარჩელის მეზობლების განმარტებით, ზ. ჯ-ა ყოფილი ...ის შენობაში დაკავებულ ფართში ცხოვრობს 2011 წლიდან, ის ხშირადაა შემჩნეული ამ მისამართზე. 16.09.2019წ. მონიტორინგის ოქმის შესაბამისად, მოსარჩელის მეზობლების განმარტებით, ზ. ჯ-ა ოპერაციის ჩატარების შემდეგ ცხოვრობს თავისი დის ბინაში. საქმეში დაცული შპს „...ის“ 27.05.2019წ. N18236 და სს „კ...ის“ 17.08.2020წ. ცნობებით დასტურდება ზ. ჯ-ასთვის 2018 წელს წინა დასწვრივი არტერიის სტენტირება, 2019 წელს კი აორტის სარქველის პროთეზირება. მას დიაგნოსტირებული აქვს ასწვრივი აორტის ანევრიზმა, აორტული სარქველის მძიმე ნაკლოვანება, გამოხატული აქვს ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, ადვილად დაღლა მცირე დატვირთვაზე (ს.ფ. 41-43, 125-127). საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა და ასაკის გათვალისწინებით მოსარჩელის მარტო ცხოვრების შეუძლებლობა ქმნის მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველს. ამასთანავე, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობა არ აუმჯობესებს მოსარჩელის სოციალურ მდგომარეობას, არ გამორიცხავს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებულ საცხოვრებელ ადგილზე ფაქტობრივად ცხოვრებას (3 ქულა), არ ართმევს მას მარტოხელა პენსიონერის სტატუსს (1 ქულა). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზ. ჯ-ასთვის სოციალურ კრიტერიუმში 3 ქულის, მარტოხელა პენსიონერის კრიტერიუმში კი 1 ქულის დაკლების და შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.2021წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი