Facebook Twitter
ბს-940(2კ-19) 13 იანვარი, 2022წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2019წ. განჩინებაზე


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...“-მ 28.02.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 05.12.2014წ. N50560 ბრძანების და 05.12.2014წ. N094-190 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თანხის დარიცხვის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის 01.12.2015წ. N45255 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არებული დავების განხილვის საბჭოს 03.02.2017წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.05.2018წ. გადაწყვეტილებით, შპს „...“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 05.12.2014წ. N50560 ბრძანება, 05.12.2014 წ. №094-190 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 01.12.2015წ. N45255 ბრძანება თანხის დარიცხვის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 03.02.2017წ. გადაწვეტილება, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა შპს „...“-ის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 10.11.2010წ. N..., 04.11.2010 N... და 06.09.2010წ. N... საბაჟო დეკლარაციებით წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა 04.12.2014წ. საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის თანახმად 2010 წლის სამი სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციით თურქეთიდან, შემოტანილი იქნა განსხვავებული პროდუქცია. აღნიშნულ საქონელზე თურქეთიდან სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნოთ გადმოიგზავნა ინვოისები, რომელებიც განსხვავდება საბაჟო დეკლარირების დროს წარდგენილი ინვოისებისგან და იმავე საქონელზე დაფიქსირებულია უფრო ნაკლები ფასები, ვიდრე განბაჟების დროს იქნა გამოყენებული, შედეგად, დაკორექტირდა საზოგადოების 2010 წელს შეძენილი სასაქონლო მატერიალური საშუალებების ღირებულება, რამაც ასევე, გამოიწვია 2011 და 2012 წლების სასაქონლო მატერიალური მარაგების საწყისი და საბოლოო ნაშთების ცვლილება, რის საფუძველზეც, გადამხდელის დამატებით ვალდებულებად განისაზღვრა 33604.39 ლარი, რომლიდანაც ძირითად გადასახადს წარმოადგენდა 10978 ლარი, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლისა და 289-ე მუხლის მე-20 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა 19542 ლარს, ხოლო საურავი 3084.39 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის 01.12.2015წ. N45255 ბრძანებით გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269.7 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა ჯარიმისა და საურავის გადახდისგან. პალატამ აღნიშნა, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დეტალურად უნდა მოხდეს მათი შესწავლა, შეფასება და ურთიერთშეჯერება, დაუშვებელია რომელიმე მტკიცებულებისთვის წინასწარ დადგენილი ძალის მინიჭება. საგადასახადო ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც თან ახლავს გადასახადის გადამხდელის უფლებების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგადასახადო პასუხისმგებლობის გამოყენება, უნდა იყოს განსაკუთრებულად არგუმენტირებული. საგადასახადო ორგანომ უნდა დაასაბუთოს კონკრეტული მტკიცებულებისთვის უპირატესობის მინიჭება ან უარყოფა. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ შემოსავლების სამსახურმა ფაქტობრივად წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა მიანიჭა თურქეთიდან გამოგზავნილ ინვოისს. ამასთანავე, თურქეთის ოფიციალური დაწესებულების მიერ გამოგზავნილი ინვოისებსა და სადავო დეკლარაციებში ასახული სასაქონლო კოდები არათუ სხვადასხვა სუბპოზიციება და პოზიციებში ექცევა, არამედ განსხვავებული ჯგუფების კუთვნილებაა, ამდენად, პალატის მიერ არ იქნა გაზიარებული პოზიცია, რომ სადავო ინვოისებში საქონლის დასახელებები იდენტურია, რადგან ისინი წარმოადგენს ფურნიტურას. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2010 წელს შედგენილ სამივე სადავო დეკლარაციაში დაფიქსირებული ინფორმაცია საქონლის დასახელების, რაოდენობის, წონისა და ღირებულების შესახებ შეესაბამებოდა მომწოდებლების მიერ შპს „...“-სთვის მოწოდებული ინვოისებს, კერძოდ, ე.წ. “packing list”-ებს, აგრეთვე, იგივე ინფორმაცია ფიქსირდებოდა მომწოდებლების მიერ მყიდველისათვის გადაცემულ წერილებში, სადაც ისინი ადასტურებენ მიწოდებული საქონლის შესაბამისობას მყიდველისათვის შედგენილ ინვოისებთან, აგრეთვე ინვოისებში მითითებული საქონლის სრულად გადახდის ფაქტს. პალატამ აღნიშნა, რომ დაუშვებელია ქმედების საგადასახადო სამართალდარღვევად მიჩნევისას ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნოს მხოლოდ ეჭვსა და ვარაუდს, დაუშვებელია პირისთვის სანქციის შეფარდება იმ პირობებში, როდესაც სამართალდარღვევა ცალსახად არ არის დადგენილი. პალატამ ყურადღება გაამახვილა კამერალური შემოწმების განმახორციელებელი პირის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს მიცემულ ჩვენებაზე, რომლის თანახმად თურქეთის საბაჟო სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციასთან შედარებისას მხოლოდ სატარიფო ღირებულების განსაზღვრის ნაწილში მოხდა ინფორმაციის შესწავლა, მაშინ, როცა იმპორტისა და ექსპორტის სასაქონლო დეკლარაციებისა და თანდართული ინვოისების ურთიერთშედარებით დადგენილია, რომ სადავო დეკლარაციებში მითითებულია არამარტო საქონლის ღირებულება, არამედ მათი დასახელებები, სასაქონლო კოდები, ბრუტო და ნეტო წონა, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება თურქეთის დაწესებულების მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული მონაცემებისგან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.11.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინიტროს მიერ.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ დარიცხვა განხორციელდა საერთაშორისო ურთიერთდახმარების ფარგლებში თურქეთიდან მიღებული ინფორმაციის, გამოგზავნილი დეკლარაციებისა და ინვოისების შესაბამისად, ხოლო მიღებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ შპს „...“-ის მიერ წარდგენილი დეკლარაცია არ იყო სწორი და მითითებული ფასი განსხვავდებოდა რეალური ფასისგან. ამასთან, შპს „...-ის“ საგადასახადო პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება წარიმართა კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის დროსაც დოკუმენტაციის შესწავლა განხორციელდა სრულყოფილად, ხოლო ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტაციის არსებობის მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილება ეყრდნობოდა მეტად სანდო დოკუმენტაციას, რომელიც მოწოდებული იქნა თურქეთის ოფიციალური ორგანოს მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს აგრეთვე სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევა უნდა ეფუძნებოდეს სათანადო დასაბუთებას, არსებულ მტკიცებულებათა გამოკვლევასა და ურთიერთშეჯერებას, ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებათა არსებობისას ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან უნდა იკვეთებოდეს კონკრეტული მტკიცებულებისათვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლები და საწინააღმდეგო მტკიცებულების გაზიარებაზე უარის თქმის დასაბუთება, განსახილველ შემთხვევაში სადავოდ ქცეული აქტები ვერ აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს. საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „...“-მ თურქეთის რესპუბლიკის რეზიდენტი იურიდიული პირისგან (...) შეიძინა სხვადასხვა დასახელების საქონელი, რის საფუძველზეც გამოწერილი იქნა 02.09.2010წ. N... და 04.11.2010წ. N... ინვოისები, ხოლო აგრეთვე თურქული იურიდიული პირის “...”-ისგან შეძენილ საქონელზე მომწოდებლის მიერ გამოწერილი იქნა 01.11.2010წ. N... ინვოისი. აღსანიშნავია, რომ შპს „...“-ის მიერ თურქეთიდან საქართველოში შემოიტანილი საქონელისა და ტვირთზე თანდართული ინვოისის შესაბამისად განახორციელა საბაჟო დეკლარირება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ექსპორტიორების მიერ გამოწერილი ინვოისები დამოწმებულია მომწოდებლების ბეჭდითა და ხელმოწერებით, ხოლო შემოტანილ საქონელთან დაკავშირებით სსიპ შემოსავლების სამსახურს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური დაწესებულებიდან მიეწოდა იმავე თარიღისა და ნომრის მქონე, მაგრამ განსხვავებული მონაცემების ამსახველი ინვოისები და დეკლარაციები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდებული ინვოისი არ არის გაცემული თურქეთის რესპუბლიკის რომელიმე ოფიციალური ორგანოს მიერ, მეტიც, აღნიშნული ინვოისი ექსპორტიორის მიერ არის შედგენილი და გამოწერილი, რაც არ ასახავს საგადასახადო შემოწმების ან რაიმე მსგავსი ოფიციალური ქმედებების შედეგებს. ამდენად, სახეზეა ექსპორტიორის მიერ გაცემული ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ინვოისი, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურს არ დაუსაბუთებია ერთ-ერთი მათგანისათვის უპირატესობის მინიჭებასა და მეორის გაზიარებაზე უარი. მხოლოდ ის გარემოება, რომ ერთ-ერთი ინვოისი საგადასახადო ორგანოს მიეწოდა თურქეთის რესპუბლიკის ოფიციალური ორგანოს მიერ, იმთავითვე არ ადასტურებს მის სანდოობას, რადგან ინვოისი შევსებული იყო მეწარმის მიერ, ხოლო ის ვარაუდი, რომ ექსპორტიორმა თურქეთის საგადასახადო ორგანოს წარუდგინა სწორი მონაცემების მქონე ინვოისი და შპს „...“-სთვის მოწოდებულ საქონელს დაურთო არასწორი მონაცემების მქონე ინვოისი, არ ეფუძნება რაიმე დასაბუთებას. სსიპ შემოსავლების სამსახურს აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე გარემოებები არ გამოუკვლევია.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებებს, რომ თურქეთის მიერ გამოგზავნილი ინვოისებსა და სადავო დეკლარაციებში ასახული სასაქონლო კოდები არათუ სხვადასხვა სუბპოზიციება და პოზიციებში ექცევა, არამედ განსხვავებული ჯგუფების კუთვნილებაა, ამასთან, კამერალური შემოწმების განმახორციელებელი პირის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს მიცემული ჩვენებით დადგინდა, რომ დეკლარაციების თურქეთის საბაჟო სამსახურიდან მოწოდებულ ინფორმაციასთან შედარებისას მხოლოდ სატარიფო ღირებულების განსაზღვრის ნაწილში მოხდა ინფორმაციის შესწავლა, მაშინ, როცა იმპორტისა და ექსპორტის სასაქონლო დეკლარაციებისა და თანდართული ინვოისების ურთიერთშედარებით დადგენილია, რომ სადავო დეკლარაციებში მითითებულია არამარტო საქონლის ღირებულება, არამედ მათი დასახელებები, სასაქონლო კოდები, ბრუტო და ნეტო წონა, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება საქართველოში დეკლარირებული დოკუმენტაციისგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


მ. ვაჩაძე