საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-689(კს-21) 18 იანვარი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ი. ქ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 17 ივლისს ი. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ 2021 წლის 1 მარტის სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 10 თებერვლის №10 სხდომის ოქმის (დღის წესრიგის მე-40 საკითხი) საფუძველზე 2020 წლის 11 ივნისს გამოცემული №1696 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ი. ქ-ის მიერ მოთხოვნილ 915 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ი, ნაკვეთი ... (915,28 კვ.მ.) (ზონა: თბილისი, სექტორი - დროებითი საკადასტრო კოდი: ...), საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ი. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ქ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინებით ი. ქ-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის წარმომადგენლის ხ. გ-ის სრულწლოვანმა შვილმა - რ. გ-ემ ჩაიბარა 2021 წლის 7 ივნისს, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 8 ივნისს, რომელიც დასრულდა 2021 წლის 21 ივნისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2021 წლის 28 ივნისს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ გაშვებულ იქნა სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, რომლის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება, რის გამოც ი. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. ქ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გადაეცა 2021 წლის 22 ივნისს, ამიტომ მიიჩნია, რომ მისმა ოჯახის წევრმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა 2021 წლის 22 ივნისს და იგულისხმა, რომ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა სააპელაციო წესით გადაწყვეტილება. როგორც შემდგომ გაარკვია, 18 წლის შვილს - რ. გ-ეს 2021 წლის 7 ივნისს, მისი სახლში არყოფნის პერიოდში ჩაუბარებია მოცემული გზავნილი. მისი სახლში არყოფნის დროს გზავნილებს ყოველთვის იბარებდნენ უფროსი შვილები, ხოლო 18 წლის რ. გ-ეს არასოდეს ჩაუბარებია მსგავსი კორესპონდენცია და შესაბამისად, არ იცოდა ვადებთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ. იმავე დღეს რ. გ-ე გაემგზავრა ქალაქგარეთ ორი კვირით, საიდანაც დაბრუნდა 2021 წლის 22 ივნისს. შვილმა 2021 წლის 22 ივნისს გადასცა კონვერტი და არ უთქვამს როდის ჩაიბარა გზავნილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმის გამო, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაიბარა ოჯახის წევრმა, რომელმაც თავისი ასაკისა და გამოცდილების გათვალისწინებით არ მიანიჭა შესაბამისი მნიშვნელობა მოცემულ გზავნილს, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ი. ქ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ქ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავში, კერძოდ, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლიდან გამომდინარე, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, ასევე, ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად. ამრიგად, სასამართლოს დოკუმენტი აუცილებლად უნდა გაეგზავნოს უშუალოდ პროცესის მხარეს ან მის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელს. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლომ გზავნილები მხარის წარმომადგენელს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაუგზავნოს, როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესით შედგენილი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილია სასამართლოში.
საქმეში დაცული მინდობილობის (ს.ფ. 16; ტ.1) თანახმად, ხ. გ-ეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა 2022 წლის 16 ივლისის ჩათვლით. მინდობილობა ითვალისწინებდა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებას, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების ჩათვლით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება აპელანტ ი. ქ-ის წარმომადგენელს ხ. გ-ეს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე 2021 წლის 2 ივნისს (ს.ფ. 45; ტ.1) და ჩაჰბარდა ხ. გ-ის შვილს - რ. გ-ეს 2021 წლის 7 ივნისს (ს.ფ. 48; ტ.1), რაც დასტურდება უკუგზავნილზე რ. გ-ის ხელმოწერითა და პირადი ნომრის მითითებით. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დაიწყო 2021 წლის 8 ივნისიდან და ამოიწურა 2021 წლის 21 ივნისს, ორშაბათს, 24 საათზე. სააპელაციო საჩივარი კი, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2021 წლის 28 ივნისს ანუ სააპელაციო საჩივრის გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაითვალისწინებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ, კერძო საჩივარში მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა მისმა 18 წლის შვილმა, რომელმაც არ იცოდა ვადებთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ, ამიტომ გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ დღიდან, როდესაც მას გზავნილი უშუალოდ გადასცეს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევებს სასამართლო აქტის გასაჩივრების ვადის ათვლისას, კანონისმიერი საპროცესო ვადა სავალდებულოა ყველა პროცესუალური მონაწილისათვის, რაც გულისხმობს, რომ საპროცესო მოქმედება უნდა შესრულდეს კანონით დადგენილ ვადაში, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ხ. გ-ის შვილის – რ. გ-ისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, ვინაიდან სასამართლო აქტის გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს ან ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს ჩაბარდა სასამართლო აქტი. სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქმედუნარიანია სრულწლოვანი პირი, რომელმაც 18 წლის ასაკს მიაღწია. კერძო საჩივარზე დართული რ. გ-ის დაბადების მოწმობით კი დასტურდება, რომ რ. გ-ე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილის ჩაბარების დროისთვის, 2021 წლის 7 ივნისს იყო 18 წლის, რასაც თავად კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს.
საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონით განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას. საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ საპროცესო უფლებები, არამედ - საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება - სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას - უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ქ-ის წარმომადგენლის მიერ საპროცესო უფლება კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა რეალიზებული, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე