ბს-1353(კ-20) 13 იანვარი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.11.2020წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 01.10.2019წ. სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე მ. ი-ის მიმართ 17.08.2015წ. იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის - 27 360,30 ლარისა და პირგასამტეხლოს - 10 189,70 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 14.04.2020წ. განჩინებით მოპასუხე მ. ი-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ი. ი-ა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 10.07.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. ი-ას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 29 360,30 ლარის გადახდა, საიდანაც 27 360,30 ლარი შეადგენს იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხას, ხოლო 2000 ლარი - პირგასამტეხლოს. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.11.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია, რის გამო პალატა იმსჯელებს ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივარზე, გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილზე. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 17.08.2015წ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და მ. ი-ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. ...ში, ...ოს ტერიტორიაზე არსებული 308 259 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 10 წელი, ხოლო ყოველწლიური საიჯარო ქირის ოდენობად - 16 955 ლარი. პალატამ მიუთითა სკ-ის 581-ე, 553-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ იჯარის ხელშეკრულების 2.1 მუხლის შესაბამისად, მოიჯარის მიერ წლიური საიჯარო ქირის გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველწლიურად - ყოველი წლის 31 დეკემბრამდე. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შეწყდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის 28.03.2017 წ. ბრძანებით ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, საიჯარო ქირის დავალიანება შეადგენდა 27 360,30 ლარს. ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ აგრეთვე პირგასამტეხლოზე, რომლის ოდენობა შეადგენდა გადაუხდელი თანხის 0,1 %-ს, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პალატამ მიიჩნია, რომ უდავოა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს შეთანხმების ფაქტი და მისი გადახდის წინაპირობების არსებობა, თუმცა სკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. პალატამ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მხარეთა წერილობითი შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, რის გამოც, პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის მართლზომიერად უნდა შეფასდეს, თუმცა განსაზღვრას საჭიროებს პირგასამტეხლოს დასაკისრებელი ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, ეკონომიკურ ინტერესს. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ.,სუსგ 28.12.2012წ. საქმე №ას-1560-1463-2012; 16.05.2014წ. საქმე №ას-1200-1145-2013). სკ-ის 420-ე მუხლი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება - მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. სააპელაციო პალატა, საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საჭიროების შესახებ, რადგან პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა - 10 189,7 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით, მოპასუხის მიერ გადასახდელი საიჯარო თანხისა და მისი გადახდის დაგვიანებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობის გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.11.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. კასატორის მოსაზრებით, უდავოა იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების დარღვევის ფაქტი, ასევე უდავოა, რომ იჯარის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობაზე. კასატორმა ყურადღება გაამახვილა პირგასამტეხლოს სამართლებრივ ბუნებაზე, მის დანიშნულებაზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის 2000 ლარამდე შემცირება არ არის დასაბუთებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ სამოქალაქო კოდექსი სასამართლოს აღჭურავს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილებით. სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობა არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას, სასამართლო აფასებს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი თანხის თანაზომიერებასა და გონივრულობას. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნაა მოპასუხისათვის კონკრეტული ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრება, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ არა მარტო ზოგადად პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობას, არამედ პირგასამტეხლოს კონკრეტული ოდენობით დაკისრების მართლზომიერების შეფასების შესაძლებლობასაც. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის გაზაფხულზე -17.03.2017წ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა მ. ი-მა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი არის მწირი, დაბალმოსავლიანი, სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიუხედავად 2016 წელს ვერ მოხერხდა სიმინდის მოსავლის მიღება, ამასთანავე, ნ. ი-ს გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობას, იმყოფება ფინანსურ გაჭირვებაში. სარჩელის წარდგენის მომენტისათვის - 01.10.2019წ. მ. ი-ი უკვე იყო გარდაცვლილი, იგი 01.09.2017წ. გარდაიცვალა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის, პირგასამტეხლოს სამართლებრივი შინაარსის, ფუნქციისა და დანიშნულების, ასევე კრედიტორისთვის მოსალოდნელი სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო საჭიროებდა შემცირებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.11.2020წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი