ბს-522(კ-20) 13 იანვარი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ჯ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2018წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. ს-ემ 29.08.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.03.2018წ. დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 03.08.2018წ. ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.11.2017წ. გადაწყვეტილებით ჯ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2018წ. განჩინებით ჯ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ მშენებლობის განხორციელება დაუშვებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე. ჯ. ს-ემ სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განახორციელა მშენებლობა ქ. თბილისში, ...ის ქ. N33-ის მიმდებარედ, ამასთანავე, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. N33-ში მდებარე მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მართლზომიერი იყო სადავო აქტების გამოცემა, რადგან დადასტურდა ჯ. ს-ის მიერ კერძო საკუთრებაში არმყოფ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობის განხორციელება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2018წ. განჩინება ჯ. ს-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების მე-19, 65-ე მუხლებიდან გამომდინარე, მშენებლობა თავისი გაბარიტების გათვალისწინებით საერთოდ არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას. ჯ. ს-ის მიერ აშენებული ნაგებობა პირველი კლასის შენობას განეკუთვნება, მისი ფართი არ აღებამეტა 60 კვ.მ.-ს, არ არის 5 მეტრზე მაღალი და არ აქვს 2 მეტრამდე ჩაღრმავება. იმის გამო, რომ შენობა-ნაგებობის აღმართვას არ ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვა, ჯ. ს-ეს არც უცდია ნებართვის მოპოვება. დაუშვებელია ჯ. ს-ისათვის იმაზე მეტი ვალდებულების დაკისრება, ვიდრე ეს კანონით არის განსაზღვრული. სადავო აქტები გამოცემულია აღნიშნული მოწესრიგების უგულებელყოფით, ჯ. ს-ე დაჯარიმდა ისეთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, რომლის შესრულებაც მას კანონმდებლობით არ ეკისრებოდა. ამდენად, სადავო დადგენილება უფლებამოსილების გადამეტებით არის გამოცემული და სზაკ-ის 5.3 მუხლიდან გამომდინარე, მას იურიდიული ძალა არ აქვს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ დასტურდება ჯ. ს-ის მიერ უნებართვო სამშენებლო საქმიანობის განხორციელება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში 25.02.2016წ. გამართულ სხდომაზე ჯ. ს-ემ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები 2015წ. ნაწარმოებია მის მიერ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 18.04.2016წ. გამართულ სხდომაზე ჯ. ს-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მშენებლობა აწარმოა ჯ. ს-ემ. ამასთანავე, საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის სანებართვო დოკუმენტაცია. ქვედა ინსტანციის სასამართლოებში ჯ. ს-ე უთითებდა, რომ მშენებლობა აწარმოა მიწის ნაკვეთის მფლობელი პირის - მ. ზ-ის თანხმობით, თუმცა მნიშვნელოვანია იმ გარემოებების გათვალისწინება, რომ ერთი მხრივ მ. ზ-ის რაიმე უფლება სამშენებლო მიწის ნაკვეთზე არ დასტურდება, ხოლო მეორე მხრივ, ახალი მშენებლობის მიზნით სანებართვო დოკუმენტაციას გასცემს უფლებამოსილი ორგანო შესაბამისი ნორმატიული პროცედურების დაცვით და არა სამშენებლო მიწის ნაკვეთზე უფლების მქონე პირი. უფლებამოსილი ორგანოსათვის ნებართვის მიღების მიზნით მიმართვას ჯ. ს-ე თავადვე უარყოფს საკასაციო საჩივარში.
კასატორის მოსაზრება, რომ მის მიერ მოწყობილი ნაგებობა პირველი კლასის შენობა იყო, ამიტომ ნებართვის გაცემას არ საჭიროებდა და შესაბამისად, მისთვის სანქციის შეფარდება არასწორია, არ არის დასაბუთებული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 65.1 მუხლი ჩამოთვლიდა პირველი კლასის ნაგებობას მიკუთვნებულ ობიექტებს, რომელთა მოწყობასაც არ ესაჭიოროებოდა ნებართვა (19. 1 მუხ.), თუმცა ამავე დადგენილებით განსაზღვრული იყო I კლასის ნაგებობის მშენებლობის განზრახვის შესახებ ნებართვის გამცემი ორგანოსათვის წერილობითი ინფორმაციის მიწოდების (66.2 მუხ.) და ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ დაგეგმილი მშენებლობის ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობისა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურების საჭიროება (66.7 მუხ.). ნორმატიულად განსაზღვრული პროცედურების დარღვევით I კლასის მშენებლობის განხორციელება განიხილებოდა უნებართვო მშენებლობად (66.10 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დასტურდება ჯ. ს-ის მიერ ნაგებობის ნებართვის გარეშე მოწყობა, ამდენად, სახეზეა უნებართვო მშენებლობა, რომელიც შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებს შორის სახელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები („ი“ ქვ.პ.). ამავე კოდექსის 44.1 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა ქ. თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის მშენებლობის მწარმოებელი პირის დაჯარიმებას (44.1 მუხ. „ა“ ქვ.პ., 14.2 მუხ.). ამდენად, მოსაზრება, რომ სადავო დადგენილება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულია უფლებამოსილების გადამეტებით, არ ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჯ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2018წ. განჩინება;
3. მ. ხ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.08.2020წ. N9685759646 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე