საქმე #ბს-943(კ-21) 13 იანვარი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 13 დეკემბერს ი. ხ-მა და ნ. ვ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეების განმარტებით, ისინი წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს. 1993 წლიდან ნ. ვ-ის, ხოლო 2000 წლიდან ი. ხ-ის ოჯახისთვის ერთადერთ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ...ეს ქ. #7-ში არსებული ყოფილი ...ის ადმინისტრაციული შენობა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 14 ოქტომბრის საინჟინრო დასკვნის შესაბამისად, ხსენებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა შეფასდა როგორც არადამაკმაყოფილებელი და განისაზღვრა, რომ მისი ხანგრძლივი ექპლუატაციის მიზნით გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ შენობაში მცხოვრები დევნილების, კერძოდ 16 ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, თუმცა ნ. ვ-ისა და ი. ხ-ის ოჯახებს უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ბრძანებები მიღებულ იქნა კანონმდებლობის უხეში დარღვევით, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რითიც ზიანი მიადგა მათ ინტერესებს.
ამდენად, მოსარჩელეებმა „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 18 ნოემბრის #04-1883/ო ბრძანებისა და „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 18 ნოემბრის #04-1884/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მოსარჩელეების - ნ. ვ-ის და ი. ხ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილი წესით გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინებით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე, მოსარჩელეები - ნ. ვ-ი, ი. ხ-ი, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოთი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ვ-ის და ი. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 18 ნოემბრის #04-1883/ო ბრძანება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ნ. ვ-თან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში; ნ. ვ-ის სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ი. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება ი. ხ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ხ-მა, რომელმაც ი. ხ-ის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ი. ხ-ის სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ი. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 18 ნოემბრის #04-1884/ო ბრძანება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ი. ხ-ის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება (ი. ხ-ის სარჩელის უარყოფის ნაწილში); დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ი. ხ-ის ოჯახს მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი, მაგრამ ამ ეტაპზე მათი საცხოვრისით დაკმაყოფილება არ მოხდა ნგრევად ობიექტში - ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ. #17-ში (...ი) ფაქტობრივად არ ცხოვრების საფუძვლით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ სახელმწიფოს მიერ 2000 წელს მითითებულ მისამართზე შესახლების შემდეგ, ი. ხ-ისა და მისი მეუღლის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, ...ი, ...ის ქ. #17 (...ი). სადავო აქტის გამოცემის დროისთვის კი ი. ხ-ის მეუღლეს საკუთრებაში საცხოვრებელი სახლი არ გააჩნდა, შესაბამისად, ამ პირობებში მხოლოდ ლ. გ-ის განმარტებაზე მითითება, რომ აღნიშნული უძრავი ქონება კვლავ რჩებოდა ი. ხ-ის მეუღლის მფლობელობაში, სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი გარემოებების გამაქარწყლებელ საკმარის მტკიცებულებად.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ვ-ს ადმინისტრაციულმა ორგანომ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ იგი არ წარმოადგენდა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი აღწერის ფორმა და მისი შინაარსი არ იყო საკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელე ნ. ვ-ი ფაქტობრივად არ ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ. #17-ში (...ი), რამდენადაც ერთი ვიზიტის შედეგად, სახლში არ ყოფნისა და მისი ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლში გადასვლის ფაქტი, არ არის საკმარისი გარემოება იმის მიჩნევისათვის, რომ იგი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სასამართლოში მოწმის სახით გამოძახებულმა პირებმა, რომლებიც იმავე შენობაში ცხოვრობენ, დაადასტურეს, რომ მოსარჩელე ნ. ვ-ი მუდმივად ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ. #17-ში (...ი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილ მსჯელობებს და აღნიშნავს, რომ თუ დევნილი არ ცხოვრობს ნგრევად ობიექტში, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობასაც ვერ მიადგება ვერანაირი ზიანი. შესაბამისად ითვლება, რომ ის არ არის ნგრევადი ობიექტის ფაქტობრივი მაცხოვრებელი და მას სააგენტო კრიტერიუმების გარეშე, როგორც ნგრევად ობიექტში ფაქტობრივ მაცხოვრებელს, ვერ განასახლებს და დააკმაყოფილებს საცხოვრებლით. ასეთ შემთხვევაში დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს კრიტერიუმების საფუძველზე ქულათა პრიორიტეტულობის პრინციპით. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ თავისი მოსაზრებით პრაქტიკულად დაადასტურა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ნ. ვ-ი არ ცხოვრობდა „...ში“. კასატორის მითითებით, 2019 წლის 11 ივნისს „...ში“ განხორციელდა იქ ფაქტობრივად მცხოვრებ პირთა აღწერა, რა დროსაც ნ. ვ-ი მითითებულ მისამართზე არ დახვდა სააგენტოს მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებს. აღწერის ფორმის შესაბამისად კი, მითითებულ მისამართზე იმყოფებოდნენ ნ. ვ-ის ნათლულის - ს.ბ-ის ოჯახი, თავად ნ. ვ-ი კი მისი ყოფილი მეუღლის კერძო სახლში იმყოფებოდა, რომელიც იმაზე ქუჩაზე, იმავე ეზოში მდებარეობს.
ი. ხ-ის ნაწილში კასატორი აღნიშნავს, რომ ი. ხ-ის მეუღლემ - ნ. გ-მა 2010 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა საცხოვრებელი ბინა მისამართზე: ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, ...ი, კორპუსი 2ა, რომელიც 2019 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა ნ. ს-ეზე. 2019 წლის 8 აგვისტოს მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა მოსარჩელის მეუღლის ბინაში, სადაც დამსწრე პირმა - ნ. გ-ის დამ, ლ. გ-მა განმარტა, რომ მეოთხე სართულზე ქირით ცხოვრობდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ხოლო გამქირავებელი იყო ნ. გ-ი, რომელიც მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა მოპირდაპირე ბინაში. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრმა საკუთარი სახსრებით შეიძინა უძრავი ქონება, შესაბამისად, მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი განხილულ უნდა იქნეს სამოქმედო გეგმის ბოლო ეტაპზე.
სააგენტოს მოსაზრებით, საცხოვრებლით უპირატესად უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთ ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ამდენად, კასატორი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ მითითებით და პრიორიტეტულობის პრინციპის გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ მან სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები და დაიცვა კანონის ყველა მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 18 ნოემბრის #04-1883/ო ბრძანებისა და „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 18 ნოემბრის #04-1884/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელეების - ნ. ვ-ის და ი. ხ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილი წესით გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები - ნ. ვ-ი და ი. ხ-ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის #39 ოქმით, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ. #17-ში (...ი) ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა 2019 წლის 18 ნოემბერს გამოსცა #04-1883/ო და #04-1884/ო ბრძანებები მოსარჩელეების - ნ. ვ-ის და ი. ხ-ის ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. ვ-ის საცხოვრებელი პირობების შესწავლის მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ. #17-ში (...ი) შეადგინეს აღწერის ფორმა, სადაც მიუთითეს, რომ მოსარჩელე ნ. ვ-ი აღნიშნულ მისამართზე არ დახვდათ და იგი გადმოვიდა გვერდით მდებარე სახლიდან. ფართი მოკავებული აქვს 1993 წლიდან. მეუღლესთან - თ. ა-თან განქორწინებულია 1995 წლიდან. თ. ჰყავს ერთი შვილი - თ. ა-ი, რომელიც არის დაოჯახებული და ოჯახთან ერთად ცხოვრობს გერმანიაში 2015 წლიდან. მონიტორინგის დროს გადმოვიდა გვერდზე მდებარე სახლიდან და განაცხადა, რომ სახლი ეკუთვნის მის ყოფილ მეუღლეს და აღნიშნულ ფართში აცხოვრებს ნათლულს და მის ოჯახს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ნგრევადი ობიექტისა და მასში მცხოვრები პირების მდგომარეობის დასკვნით დადასტურების პირობებში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივი ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნგრევად ობიეტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სახლში არ ყოფნისა და მისი ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლში გადასვლის ფაქტი, არ არის საკმარისი გარემოება იმის მიჩნევისათვის, რომ იგი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სასამართლოში, მოწმის სახით გამოძახებულმა პირებმა, რომლებიც იმავე შენობაში ცხოვრობენ, დაადასტურეს, რომ მოსარჩელე ნ. ვ-ი მუდმივად ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ. #17-ში (...ი).
ასევე დადგენილია, რომ სახელმწიფოს მიერ 2000 წელს მითითებულ მისამართზე შესახლების შემდეგ, ი. ხ-ისა და მისი მეუღლის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, ...ი, ...ის ქ. #17 (...ი). სადავო აქტის გამოცემის დროისთვის ი. ხ-ის მეუღლეს საკუთრებაში საცხოვრებელი სახლი არ გააჩნდა. საქმეში წარმოდგენილი, ადგილზე გამოცხადების ოქმის შესაბამისად, მონიტორინგის ჯგუფი 2019 წლის 8 აგვისტოს იმყოფებოდა მოსარჩელე ი. ხ-ის მეუღლის - ნ. გ-ის მიერ გასხვისებულ ბინაში, მდებარე: ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე ...ში, კორპუსი #2ა-ში, სადაც დამსწრე პირმა - ნ. გ-ის დამ - ლ. გ-მა განმარტა, რომ მეოთხე სართულზე ბინა #11-ში ცხოვრობს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ქირით, ხოლო გამქირავებელი არის ნ. გ-ი, რომელიც მეუღლესთან ერთად ცხოვრობს მოპირდაპირე ბინაში. თუმცა ლ. გ-მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ახსნა-განმარტებაში, სრულად უარყო მონიტორინგის ჯგუფის ოქმში მითითებული გარემოებები და აღნიშნა, რომ მას სააგენტოს თანამშრომლებისთვის არანაირი განმარტება არ მიუცია ოქმში მოყვანილ გარემოებებთან დაკავშირებით და მას ხელი მოაწერინეს ფურცელზე, რომელზეც საერთოდ არ იყო ტექსტი დატანილი. ლ. გ-ის განმარტებით, ქ. თბილისი, ...ის ქუჩის ...ი, კორპუსი #2ა-ში არ ცხოვრობს და არც უცხოვრია ი. ხ-ის ოჯახს. ასევე, იმავე მისამართზე ბინა #11-ში ცხოვრობს სრულიად სხვა ოჯახი. მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ასევე ადასტურებს ქ. თბილისში, ...ის ქუჩის ...ში, კორპუსი #2ა, ბინა #15-ში მცხოვრები ა. ე-ი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული ინფორმაციის თანახმად, ი. ხ-ის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის და მხოლოდ ლ. გ-ის განმარტებაზე მითითება, რომ უძრავი ქონება კვლავ რჩებოდა ი. ხ-ის მეუღლის მფლობელობაში, არ წარმოადგენს სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი გარემოებების გამაქარწყლებელ საკმარის მტკიცებულებას. ამასთან, არ დასტურდება ნ. გ-ის მიერ ქ. თბილისი, ...ის ქუჩა ...ი, კორპუსი #2ა-ში მდებარე ბინის გასხვისების ფიქტიურობა. ადმინისტრაციული ორგანოს კი გადაწყვეტილების მიღებამდე მოწმის სტატუსით არ გამოუკითხავს მეზობლად მცხოვრები სხვა პირები, არ დაუდგენია რეალურად თუ ვინ ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე ...ში, კორპუსი #2ა-ში, მეოთხე სართულზე ბინა #11-ში და არ გამოუკითხავს ისინი, რათა დადგენილიყო ბინის მესაკუთრის რეალური ვინაობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა