Facebook Twitter

საქმე №ბს-975(კ-21) 13 იანვარი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 18 სექტემბერს ლ. ლ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ხოლო 2020 წლის 13 თებერვალს ლ. ლ-ამ, გ. ლ-ამ, ე. ლ-ამ, ნ. ხ-ამ და მ. ლ-ამ დაზუსტებული სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, სათანადო გამოკვლევის გარეშე, აქტის გამოცემით მათთვის მიყენებული ზიანის 22 508.86 ლარის ოდენობით ანაზღაურება (საცხოვრებელი სახლის მშენებლობასა და დემონტაჟთან დაკავშირებით - 20 293.26 ლარი, 200 ლარი - შპს ...ისთვის გადახდილი დასკვნის საფასური, 600 ლარი - საადვოკატო მომსახურების და 760 ლარი - არქიტექტურული სამშენებლო პროექტი).

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას გ. ლ-ას, ე. ლ-ას, ლ. ლ-ას, მ. ლ-ას და ნ. ხ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მშენებლობის და დემონტაჟის ღირებულება 20293,26 ლარი, პროექტის მომზადების ღირებულება 760 ლარი, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 655,60 ლარი და ექსპერტიზის ღირებულება 200 ლარი.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ლ-ას, ე. ლ-ას, ლ. ლ-ას, მ. ლ-ას და ნ. ხ-ას სარჩელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას გ. ლ-ას, ე. ლ-ას, ლ. ლ-ას, მ. ლ-ას და ნ. ხ-ას სასარგებლოდ დაეკისრა: მშენებლობის და დემონტაჟის ღირებულება - 20293,26 ლარი და ექსპერტიზის ღირებულება - 200 ლარი; გ. ლ-ას, ე. ლ-ას, ლ. ლ-ას, მ. ლ-ას და ნ. ხ-ას სარჩელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ პროექტის მომზადების ღირებულის - 760 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას მ. ლ-ას, გ. ლ-ას, ე. ლ-ას, ნ. ხ-ას და მ. ლ-ას სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 655,60 ლარის ნაწილის - 632.15 ლარის ანაზღაურება, ხოლო მ. ლ-ას, გ. ლ-ას, ე. ლ-ას, ნ. ხ-ას და მ. ლ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 23.44 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული 11.02.2016 წელს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: ..., წარმოადგენს გ. ლ-ას (პ/ნ ...), ე. ლ-ას (პ/ნ ...), ლ. ლ-ას (პ/ნ ...), მ. ლ-ასა (პ/ნ ...) და ნ. ხ-ას (პ/ნ ...) თანასაკუთრებას.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სოფელ ...ში მდებარე ... საკადასტრო კოდზე მდებარე მამა-პაპისეული სახლი ხანძრის შედეგად განადგურდა. 12.02.2016წ. მ. ლ-ამ განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს და მოითხოვა სოფელ ...ში №... საკადასტრო კოდით თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის გამოყენების პირობების დამტკიცება და საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემა. 2016 წლის 29 თებერვალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კომისიის №7 ოქმის შესაბამისად გამოსცა №393 ბრძანება, რომლითაც ნება დაერთო გ. ლ-ას, ე. ლ-ას, ლ. ლ-ას, მ. ლ-ას და ნ. ხ-ას კუთვნილ №... საკადასტრო კოდით მიწის ნაკვეთზე ეწარმოებინათ ერთსართულიანი სახლის მშენებლობა, მოშენების ფართით 181,0 კვ.მ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 22 თებერვლის №258 ბრძანებისა და 2016 წლის 29 თებერვლის №393 ბრძანების საფუძველზე გ. ლ-ამ, ე. ლ-ამ, ლ. ლ-ამ, მ. ლ-ამ და ნ. ხ-ამ დაიწყეს საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მშენებლობა მოექცა ელექტროგადამცემი ხაზის ,,...“-ის დაცვის ზონაში. სს ,,...ის“ სარჩელის საფუძველზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 24.02.2017 წლის გადაწყვეტილებით ბათილად ცნო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 22.02.2016წ. №258 ბრძანება - ... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ელექტროგადამცემი ხაზის ,,...“-ის დაცვის ზონაში სამშენებლოდ გამოყენების შესახებ. ასევე, ბათილად ცნო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 29.02.2016წ. №393 ბრძანება ამ ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის და არქტიტექტურის სამსახურის 26.07.2019წ. №45 დადგენილებით კი გ. ლ-ას, ე. ლ-ას, ლ. ლ-ას, მ. ლ-ას და ნ. ხ-ას მიეცათ ვადა რათა მოეხდინათ მათ საკუთრებაში არსებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მშენებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 23.08.2019 წელს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული სახლის აშენებისა და დემონტაჟის ხარჯთაღრიცხვით (2019 წლის მდგომარეობით) ირკვევა, რომ სახარჯთაღრიცხვო ღირებულებამ შეადგინა 20293.26 ლარი, ხოლო ექსპერტიზის ღირებულებამ - 200 ლარი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, ამავე კოდექსის 601 მუხლის მე-5-მე-6 ნაწილებზე და საქმეში არსებული მასალით დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ლ-ას, ე. ლ-ას, ლ. ლ-ას, მ. ლ-ას და ნ. ხ-ას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 22 თებერვლის №258 და 2016 წლის 29 თებერვლის №393 ბრძანებების მიმართ, რომლებითაც ლ-ების ოჯახს ნება დაერთო კუთვნილ №... საკადასტრო კოდით მიწის ნაკვეთზე განეხორციელებინათ ერთსართულიანი სახლის მშენებლობა, გააჩნდათ კანონიერი ნდობა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული აქტების ბათილად ცნობით ზიანი მიადგათ მოსარჩელეებს (გ. ლ-ას, ე. ლ-ას, ლ. ლ-ას, მ. ლ-ას და ნ. ხ-ას), რადგან აქტის გამოცემამდე განხორციელებული მშენებლობა ექვემდებარება დემონტაჟს. პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში ზიანი შეადგენს მშენებლობის და შენობის დემონტაჟის ღირებულებას და ექსპერტიზის ღირებულებას, ხოლო რაც შეეხება პროექტის მომზადების ღირებულების - 760 ლარის ანაზღაურებას, პალატამ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული პროექტით ლ-ების ოჯახს შეუძლიათ სახლი ააშენონ სხვა ადგილას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაინტერესებული მხარის მიერ შეტანილ იქნა სახლის მშენებლობის პროექტი, რომელიც შეუსაბამო იყო „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 322 მუხლთან, რომლის შესაბამისად მაგისტრალური მილსადენებისა და ელექტრო ქსელების ხაზობრივი ნაგებობების უსაფრთხოების მიზნით მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნეს „ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მოთხოვნები. შესაბამისად, სახეზეა დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება, ვინაიდან მისთვის ცხადი იყო მის ეზოში გამავალი ელექტროგადამცემი ხაზი „...“-ის შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარადგინა პროექტი, რომლითაც სახლის მშნებლობას ითხოვდა აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზის დაცვით ზოლში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, ხოლო მოსარჩელეთა მიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლით.

ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იცავს იმ პირის ინტერესებს, რომელსაც უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ გააჩნდა კანონიერი ნდობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად კი, თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი.

განსახილველ შემთხვევაში ცალსახაა, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანებები წარმოადგენენ აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება - დაიწყო და მიმდინარეობდა მშენებლობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, სს „...ის“ სარჩელის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 22.02.2016წ. №258 ბრძანება საჯარო რეესტრში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ელექტროგადამცემი ხაზის ,,...“-ის დაცვის ზონაში სამშენებლოდ გამოყენების შესახებ და ასევე, ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 29.02.2016წ. №393 ბრძანება ამავე ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, იმ დასაბუთებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ბრძანებები მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. გამგეობას, როგორც მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს, ვალდებულების მიუხედავად, სადავო აქტების გამოცემისას არ გამოუყენებია „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილება. სადავო აქტები კანონსაწინააღმდეგო იყო, რომლებიც არსებითად არღვევდნენ არა მხოლოდ მოსარჩელის, არამედ მესამე პირების კანონით დაცულ უფლებებს, რის გამოც ისინი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი, თუმცა ნაწილობრივ, რამდენადაც აქტების შინაარსის შესწავლა ცხადყოფდა, რომ ისინი ეხებოდა მთლიანად №... საკადასტრო კოდით 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთს ანუ მესამე პირებს უფლება ჰქონდათ გასაჩივრებული აქტების საფუძველზე განეხორციელებინათ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მოსარჩელის კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონის გარეთ, რაც არ ხელყოფდა მოსარჩელის ინტერესს, რასაც ადასტურებდა თავად მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სასამართლოს სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია. ამდენად, ბათილად ცნობას ექვემდებარებოდა გასაჩივრებული აქტების ის ნაწილი, რომელიც გულისხმობდა მხოლოდ დაცვის ზონაში მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებას და მშენებლობის ნებართვის გაცემას.

ასევე დადგენილია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქტიტექტურის სამსახურის 26.07.2019წ. №45 დადგენილებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მცხოვრებ გ. ლ-ას, ე. ლ-ას, ლ. ლ-ას, მ. ლ-ას და ნ. ხ-ას მიეცათ ვადა, რათა მოეხდინათ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მშენებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი.

ამდენად, ზემოაღნიშნული აღმჭურველი აქტების ბათილად ცნობით ზიანი მიადგათ მოსარჩელეებს - გ. ლ-ას, ე. ლ-ას, ლ. ლ-ას, მ. ლ-ას და ნ. ხ-ას, რამდენადაც ბათილად ცნობილი აქტების საფუძველზე განხორციელებული მშენებლობა ექვემდებარება დემონტაჟს. საკასაციო სასამართლო, კასატორის მითითების საწინააღმდეგოდ, ადასტურებს ბათილად ცნობილი აღმჭურველი აქტების მიმართ მოსარჩელეთა კანონიერი ნდობის არსებობას, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხველი გარემოება, რის გამოც მართებულად დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა