Facebook Twitter

საქმე #ბს-43(კ-21) 13 იანვარი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 3 აგვისტოს დ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ...ის ... სოფ. ...ში მდებარე უძრავი ქონება - მაღაზიის შენობა, გ. ჭ-ის სახელზე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული სააღრიცხვო ბარათით აღრიცხულია მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის 2001 წლის სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტისა და მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის 08.08.2001წ. #5 დადგენილების საფუძველზე. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობამ, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აღნიშნულის განხორციელება შეეძლო მხოლოდ კოოპერატივის მეპაიეთა საერთო კრებას. მიუხედავად ასეთი კანონდარღვევისა, ტექნიკური აღრიცხვის ბიურომ 2001 წლის 18 ოქტომბერს სააღრიცხვო ბარათში მესაკუთრედ აღრიცხა გ. ჭ-ე.

ამდენად, მოსარჩელემ გ. ჭ-ის მესაკუთრედ აღრიცხვის შესახებ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 2001 წლის 18 ოქტომბერს განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა გ. ჭ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინებით მესამე პირის - გ. ჭ-ის უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა გ. ჭ-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განჩინებით დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „სამომხმარებლო კოოპერატივების შესახებ“ საქართველოს კანონის (1997 წლის 15 მაისის კანონის აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, მე-7 მუხლის მე-3 პუნქტსა და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტზე და განმარტა, რომ სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების ქონების გასხვისება დასაშვები იყო სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების მართვის უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილებით, კერძოდ, მეპაიეთა სართო კრების ან წარმომადგენელთა კრების გადაწყვეტილებით, ხოლო გამგეობები წარმოადგენდნენ კოოპერატივის აღმასრულებელ-განმკარგულებელ ორგანოებს, რომლებიც ანგარიშვალდებულნი იყვნენ წევრთა საერთო კრების (წარმომადგენელთა) წინაშე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ გ. ჭ-ისათვის მიყიდული ფართის გასხვისებაზე არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს - მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივის მეპაიეთა (რწმუნებულთა) გადაწყვეტილება და გამგეობამ, როგორც აღმასრულებელმა და მეპაიეთა კრების წინაშე პასუხისმგებელმა ორგანომ, მოახდინა ფართის გ. ჭ-ისათვის გადაცემა, რაც მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივის მიერ დღემდე სადავოდ არ გამხდარა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების რეგისტრაციას ხელმძღვანელობს ზონის რეგისტრატორი, რომელიც პასუხისმგებელია მთავარი რეგისტრატორის წინაშე დოკუმენტაციის შენახვასა და ზონის რეგისტრატორის მართვის სხვა ასპექტებზე. ნებისმიერ ახალ სააღრიცხვო ბარათს ადგენს ზონის რეგისტრატორი. რეგისტრატორი უფლებამოსილია გააუქმოს სააღრიცხვო ბარათში არსებული ნებისმიერი ჩანაწერი და გახსნას ახალი სააღრიცხვო ბარათი, თუ ძველმა ჩანაწერმა დაკარგა ძალა. ამასთან, სამომხმარებლო კოოპერატივების შესახებ 1997 წლის 15 მაისის კანონის თანახმად, სამომხმარებლო კოოპერატივის მართვის უმაღლესი ორგანოა მეპაიეთა საერთო კრება. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების ქონების გასხვისება შეიძლება სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების მართვის უმაღლესი ორგანოს გადაწყვეტილებით. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ გასხვისების უფლება ჰქონდა სამომხმარებლო კოოპერატივის მეპაიეთა საერთო კრებას, ანუ უძრავი ქონება გ. ჭ-ეზე უნდა გაესხვისებინა მეპაიეთა საერთო კრებას და არა კოოპერატივის გამგეობას. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული კანონის დეფინიციას სააპელაციო სასამართლომ გვერდი აუარა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.

2021 წლის 20 აპრილს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ჭ-ის წარმომადგენელმა - ზ. ხ-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ გ. ჭ-ე გარდაიცვალა და წარმოადგინა გ. ჭ-ის #... გარდაცვალების მოწმობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით საქმეზე მესამე პირის - გ. ჭ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე შეჩერდა საქმის წარმოება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინებით განახლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე დ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება; მესამე პირის - გ. ჭ-ის უფლებამონაცვლეებად საქმეში ჩართულ იქნენ მ. ჭ-ე და თ. ჭ-ე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს გ. ჭ-ის მესაკუთრედ აღრიცხვის შესახებ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 2001 წლის 18 ოქტომბერს განხორციელებული ჩანაწერის კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ტექნიკური აღრიცხვის #100 18.10.2001წ. ბარათის თანახმად, ...ის საკრებულოში, სოფელ ...ში მდებარე 599 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მაღაზიის შენობის (ლიტ „ა“ ერთსართულიანი, საერთო სასარგებლო ფართი: 146.53 კვ.მ, განაშენიანების ფართი: 169.05 კვ.მ) მესაკუთრეა გ. ჭ-ე. საფუძველი: 2001 წლის სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი, 2001 წლის 8 აგვისტოს #5 მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივის დადგენილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამომხმარებლო კოოპერატივების შესახებ“ საქართველოს კანონის (1997 წლის 15 მაისის კანონის აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის „ა“ პუნქტზე, რომლის თანახმად, სამომხმარებლო კოოპერაცია არის ნებაყოფლობით შექმნილი მრავალდარგოვანი სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ საქმიანობას წარმართავს თავისი წევრებისა და მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. ამ მიზნით სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციები ახორციელებენ საცალო და საბითუმო ვაჭრობას, კვებითი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მომსახურებას, სახალხო მოხმარების საქონლისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას, აგრეთვე აღნიშნული პროდუქციის შესყიდვას, გადამუშავებას და რეალიზაციას. ამასთან, ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში სამომხმარებლო კოოპერატივი განმარტებულია, როგორც ფიზიკურ და იურიდიულ პირთა გაერთიანება, რომელიც ნებაყოფლობით იქმნება ერთობლივი საქმიანობისათვის საპაიო შენატანების გაერთიანებით, ურთიერთდახმარების პრინციპებზე წევრთა მატერიალურ-კულტურულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების, მატერიალური და ფინანსური რესურსების მიზიდვისა და ეფექტიანი გამოყენების მიზნით.

სამომხმარებლო კოოპერატივის მართვის უმაღლესი ორგანოა მეპაიეთა საერთო კრება, თუ წევრ-მეპაიეთა რაოდენობა 200-ზე ნაკლებია, ხოლო თუ წევრი-მეპაიე 200-ზე მეტია - წარმომადგენელთა კრება, რომელიც იღებს წესდებას, განსაზღვრავს სავალდებულო საპაიო შესატანის ოდენობას, ირჩევს აღმასრულებელ-განმკარგულებელ და მაკონტროლებელ ორგანოებს – გამგეობას და სარევიზიო კომისიას. გამგეობის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სარევიზიო კომისიის შემადგენლობაში. გამგეობა ახორციელებს კოოპერატივის სამეურნეო და სხვა საქმიანობას. სარევიზიო კომისია აკონტროლებს კოოპერატივის წესდების დაცვას, სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაციებისა და საწარმოების სამეურნეო–საფინანსო საქმიანობას. გამგეობა და სარევიზიო კომისია ანგარიშვალდებული არიან წევრთა საერთო (წარმომადგენელთა) კრების წინაშე. მართვის უმაღლესი ორგანო წყვეტს კოოპერატივის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. წარმომადგენელთა რაოდენობას ადგენს სამომხმარებლო კოოპერატივის წევრთა საერთო (წარმომადგენელთა) კრება. მართვისა და კონტროლის ორგანოები ირჩევა 5 წლის ვადით.

მითითებული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების საკუთრებას განკარგავენ მართვის ორგანოები წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების ქონების გასხვისება შეიძლება სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების მართვის უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების ქონების გასხვისება დასაშვები იყო სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების მართვის უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილებით, კერძოდ, მეპაიეთა საერთო კრების ან წარმომადგენელთა კრების გადაწყვეტილებით, ხოლო გამგეობები წარმოადგენდნენ კოოპერატივის აღმასრულებელ-განმკარგულებელ ორგანოებს, რომლებიც ანგარიშვალდებულნი იყვნენ წევრთა საერთო კრების (წარმომადგენელთა) წინაშე.

მოცემულ შემთხვევაში, მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის 2001 წლის 8 აგვისტოს #5 დადგენილებით დგინდება, რომ დაკმაყოფილებულ იქნა სოფ. ...ში მცხოვრები გ. ჭ-ის განცხადება და მიეყიდა სოფ. ...ის, მაღაზიის შენობა, ფართით 169.05 კვ.მ, განთავსებული 599 კვ.მ მიწაზე, შენობის საბალანსო ღირებულება - 3840 ლარი, ცვეთა - 1806 ლარი, ნარჩენი ღირებულება - 2034 ლარი.

ამასთან, დადგინდა, რომ ღირებულების მთლიანად გადახდის შემდეგ შენობის ჩაბარებას მოაწყობდა გამგეობის თავმჯდომარე - ლ. თ-ი. ამავე დადგენილებაში მითითებულია, რომ ამ ობიექტის შესყიდვის თაობაზე არსებობდა მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივის მეპაიეთა (რწმუნებულთა) კრების დადგენილება, აღნიშნული შინაარსის ჩანაწერს ასევე შეიცავს მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის მიერ ძირითად საშუალებათა საგნების საბაზრო ფასის დამდგენი კომისიის 2001 წლის 10 ივნისის შეფასების აქტიც. ასევე დასტურდება, რომ ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ 2001 წლის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მაღაზიის შენობა გადაეცა გ. ჭ-ეს.

შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ გ. ჭ-ისათვის მიყიდული ფართის გასხვისებაზე არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივის მეპაიეთა (რწმუნებულთა), გადაწყვეტილება და გამგეობამ, როგორც აღმასრულებელმა და მეპაიეთა კრების წინაშე პასუხისმგებელმა ორგანომ, მოახდინა ფართის გ. ჭ-ისათვის გადაცემა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დ. ბ-ეს საკასაციო საჩივარზე 01.03.2021წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ. ბ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განჩინება;

3. დ. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.03.2021წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა