გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქმე №ბს-975(2კ-20) 8 თებერვალი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - გ. მ-ე
კასატორები (მოწინააღმნდეგე მხარეები, მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:გ. მ-ემ 2019 წლის 27 მაისს, ხოლო იმავე წლის 15 ივლისს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების მიმართ და „მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2019 წლის 11 თებერვლის №04-06-04/343, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1 მაისის №04/23201 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი პენსიის - 13491.71 ლარისა და მორალური ზიანის სახით 300000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, გ. მ-ეს, მესამე ჯგუფის ინვალიდობის გამო, შესაბამისი სახელმწიფო სოციალური გასაცემელი დაენიშნა 1967 წლიდან. თავდაპირველად, პენსიის დანიშვნა განხორციელდა შინაგანი ორგანოების დაავადებათა გამო, ხოლო 1971 წლიდან შიზოფრენიის დიაგნოზის საფუძველზე, რასაც მოსარჩელე არ ეთანხმებოდა. ამდენად, 1971 წლიდან 2007 წლამდე მას პენსია არ მიუღია.
მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო მუდმივად პროტესტის რეჟიმში, რადგან ხელოვნურად დადგენილი შიზოფრენიის დიაგნოზის გამო ჰქონდა პენსია დანიშნული და არა იმ დიაგნოზით, რაც რეალურად ჰქონდა (ნევრასტენია ვეგეტოდისფუნქციით, ქრონიკული ხოლეცისტიტი და კუჭის წყლულოვანი დაავადება). მოსარჩელის მოსაზრებით, არსებობს არაერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რომ მას შიზოფრენიის დიაგნოზი არ აქვს, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, დაენიშნა მისთვის შესაბამისი პენსია, ვიდრე არ მიაღწევდა საპენსიო ასაკს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ გაანგარიშებული კალკულაციის თანახმად, 1971 წლიდან 2006 წლამდე მისაღებმა საპენსიო თანხამ შეადგინა 13491.71 ლარი.
ამდენად, მოსარჩელემ სადავო აქტის ბათილად ცნობა, მიუღებელი პენსიის ანაზღაურება და სამართლიანობის ძიებაში დაკარგული დროის გამო, დამატებით, მორალური ზიანის - 300 000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აგვისტოს განჩინებით მოცემული ადმინისტრაციული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. გ. მ-ე აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 50110 სარეიტინგო ქულით და იღებს შემწეობას.
2. გ. მ-ემ 2019 წლის 9 იანვარს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილებას და სარჩელში მითითებული გადაანგარიშების მსგავსად, მოითხოვა მიუღებელი პენსიის - 13491.71 ლარის ანაზღაურება. ჭიათურის რაიონული განყოფილების 2019 წლის 11 თებერვლის №04-06-04/343 წერილით გ. მ-ეს ეცნობა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო და ცილდებოდა მისი კომპეტენციის ფარგლებს. აღნიშნული წერილი გ. მ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, რომელიც არ დაკმაყოფილადა იმ საფუძვლით, რომ კანონი სახელმწიფო პენსიის დანიშვნამდე განცხადებით მიმართვამდე პერიოდში გასული წლების პენსიის ანაზღაურებას არ ითვალისწინებდა. ადმინისტრაციული ორგანომ ასევე აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა ხანდაზმული იყო. გარდა ამისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნების მიღება სამედიცინო დაწესებულებების კომპეტენციას წარმოადგენდა.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის წერილის შესაბამისად, 1972 წელს კომისიის მიერ პირველადად დაუდგინდა ინვალიდობის მესამე ჯგუფი ერთი წლით სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით დიაგნოზით- „ქრონიკული ჩირქოვანი ქოლეცესტიტი, ქრონიკული ჰიპერაციდული გასტრიტი, ასთენონევრასთენია“. გ. მ-ე კომისიაზე გატარდა 1974, 1978 და 1979 წლებში და იმავე დიაგნოზებით მას უდგინდებოდა ინვალიდობის მესამე ჯგუფი ერთი წლით. 1980 წელს გ. მ-ე გამოკვლეული იქნა ს.შ.ს. ექსპერტიზის სტაციონარში, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი - ,,იპოქონდრიულ პარანოიდული სინდრომი ასთენონევრასთენია, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ჰიპერაციდული გასტრიტი“ და 1981 წლის 18 მარტს რესპუბლიკურმა კომისიამ მას დაუდგინა ინვალიდობის მეორე ჯგუფი ერთი წლის ვადით. 1985 წლის 5 ოქტომბერს გ. მ-ეს ...ის მიერ შეევსო ფორმა №88 - დიაგნოზით „შიზოფრენია ჰალუცინატორულ პარანოიდული ფორმა, უწყვეტი პროგრედიენტული მიმდინარეობით, გამოხატული ემოციურ-ინტელექტუალური ნებისყოფითი დეფექტით“ და მას 1985 წლის 4 ნოემბერს ჭიათურის სშს კომისიის მიერ დაუდგინდა ინვალიდობის მეორე ჯგუფი ერთი წლის ვადით. ამის შემდეგ გ. მ-ე სსე ბიუროზე დღემდე არ გატარებულა. წერილში ასევე აღინიშნა, რომ რაც შეეხებოდა ფსიქიკურ დიაგნოზებს, რომელიც გ. მ-ეს დაუდგინდა 1980 და 1985 წლებში, მისი უარყოფა შესაძლებელი იყო მხოლოდ ფსიქიატრიული სამედიცინო დაწესებულების მიერ.
4. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამედიცინო-სოციალური დეპარტამენტის უფროსის წერილიდან ირკვევა, რომ გ. მ-ე ითხოვდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას და შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის განხილვას. ...ის კონსილიუმის მიერ 2005 წლის 20 ოქტომბერს დაუდგინდა დიაგნოზი: ჰიპოქონდრიული აშლილობა ქრონიკული მიმდინარეობით. 1987 წელს ამავე ინსტიტუტის პოლიკლინიკაში გ. მ-ეს დადგენილი ჰქონდა დიაგნოზი - „პიროვნების იპოქონდრიული განვითარება“. გ. მ-ის მიერ მოთხოვნილია ფსიქიკური დიაგნოზის შეცვლა, თუმცა დაწესებულების (ფონდი) მიერ განიმარტა, რომ ...ის შეცვლა არ შედიოდა მათ კომპეტენციაში. გ. მ-ე კი კატეგორიულად მოითხოვდა ფსიქიატრიული დაწესებულებების მიერ დიაგნოზის შეცვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში უარს აცხადებდა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში გატარებაზე შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დასადგენად. საქმეში წარმოდგენილია შპს „...ის“ ფსიქონარკოლოგიური ცენტრის შემოწმების აქტი №2/1 და არა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნა. დადგენილია, რომ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების საკითხებზე გ. მ-ეს განემარტა სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის 2008 წლის წერილითაც.
5. ასევე, დადგენილია, რომ 2007 წლის 9 აგვისტოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ჭიათურის განყოფილებას განცხადებით მიმართა გ. მ-ემ ასაკის პენსიის დასანიშნად. სააგენტოს 2007 წლის 9 აგვისტოს №48 გადაწყვეტილებით გ. მ-ეს დაენიშნა ასაკის პენსია 2007 წლის 9 აგვისტოდან.
6. სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2016 წლის 6 სექტემბრისა და 2018 წლის 2 აპრილის წერილების თანახმად, გ. მ-ის შესახებ ბაზებში ინფორმაცია მისი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ არ მოიპოვება. ამავე წერილით მოსარჩელისთვის მიწოდებულია ინფორმაცია პენსიის ოდენობის შესახებ 1995 წლიდან 2005 წლამდე. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კანონის თანახმად, პენსიის მიუღებლობის ან სხვა მიზეზით შეწყვეტილი დოკუმენტაცია 5 წლის შემდეგ ექვემდებარება განადგურებას.
სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო აქტების, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონის შესაბამის ნორმებზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130- მუხლებზე მითითებით, აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი საპენსიო თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლო, ასევე ხანდაზმული იყო, რადგან 2006 წლიდან (მოსარჩელე ითხოვს პენსიას 1971 წლიდან 2006 წლის იანვრამდე) დღემდე გასულია ათ წელზე მეტი.
გარდა ამისა, რაიონულმა სასამართლომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა მორალური ზიანის ანაზღაურების არავითარი საფუძვლი. ამდენად, საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1 მაისის №04/23201 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე, სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2019 წლის 11 თებერვლის №04-06-04/343 გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონით დადგენილი წესითა და არ არსებობდა აღნიშნული ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძვლები.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2019 წლის 11 თებერვლის №04-06-04/343 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1 მაისის №04/23201 გადაწყვეტილება; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არ დაეთანხმა მათ სამართლებრივ შეფასებას და მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვარი №1/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაზე, რომელიც განსაზღვრავს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესს. დასახელებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის თანახმად, პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენას საფუძვლად უდევს კლინიკურ-ფუნქციონალური, სოციალური, პროფესიულ-შრომითი და ფსიქოლოგიური მონაცემების კომპლექსური შეფასება. მხედველობაში მიიღება დაავადების ხასიათი, ორგანიზმის სისტემების და ორგანოთა ფუნქციურ დარღვევათა ხარისხი, მკურნალობისა და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ეფექტურობა, კლინიკური და შრომითი პროგნოზი, სოციალური ადაპტაციის შესაძლებლობები, პროფესია, შრომის კონკრეტული პირობები და ხასიათი. ამდენად, აღნიშნული ინსტრუქცის თანახმად, სტატუსის განმსაზღვრელ ორგანოს არ წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო. კერძოდ, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, უზრუნველყოფილია საქართველოს მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების ჯანმრთელობის დაცვა, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრა, მისი გამომწვევი მიზეზების პროფილაქტიკა და აღნიშნული კატეგორიის პირთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის პირობების შექმნა. ამასთან, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის წამყვან პოზიციად ითვლება, განსაზღვროს პირის სამედიცინო და სოციალური სტატუსის დარღვევა ან მისი დაკარგვის ხარისხი, გამოავლინოს მათი შენარჩუნების უნარი და კომპენსაციურ-ადაპტაციური შესაძლებლობები, რომელთა რეალიზაცია ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სამედიცინო, პროფესიულ და სოციალურ რეაბილიტაციას, საზოგადოების სრულფასოვან წევრად გახდომას (მუხ. 4.3). სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხებზე დასკვნა გამოაქვს დაწესებულებას (სამედიცინო დაწესებულებას) (მუხ. 8). ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის პირის სამედიცინო გამოკვლევისა და დიაგნოსტიკის ხარისხზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ნებისმიერ პირს უფლება აქვს მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. დასახელებული კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განცხადებისა და მასზე დართული საბუთების უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გადაგზავნის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით, 2 დღის განმავლობაში, წერილობით ეცნობება განმცხადებელს.
სააპელაციო სასამართლომ, იმ გარემოებებიდან გამომდინარე რასაც გ. მ-ე ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას და რაც ასევე გახდა ადმინისტრაციული ორგანოსთვის განცხადებით მიმართვის საფუძველი, კერძოდ, შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლის შესახებ, არასწორი სამედიცინო დიაგნოზი, სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონულ განყოფილებას გ. მ-ის 2019 წლის 9 იანვრის განცხადებაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისას, მიიჩნია, რომ ადმინისტარციულ ორაგნოს უნდა გამოეყენებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი ნორმები, სრულყოფილად გამოეკვლია განცხადებაში დასმული საკითხი, სწორად შეეფასებინა განმცხადებლის რეალური მოთხოვნის შინაარსი და თუ დაადგენდა, რომ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 80.1 მუხლის თანახმად, გადაეგზავნა განცხადება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად, რათა დადგენილიყო გ. მ-ის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი (ხარისხი), რადგან სწორედ ამ საკითხის გამოკვლევაზე იყო დამოკიდებული განმცხადებლის შემდგომი მოთხოვნა, მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის ხელახლა, არსებითი გარმოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გ. მ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. მ-ემ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ამავე სააგენტოს ჭიათურის რაიონულმა განყოფილებამ.
კასატორების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების მითითებით, გ. მ-ემ ასაკით პენსიის დანიშვნის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 2007 წლის 9 აგვისტოს, რა დროიდანაც ის წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის მიმღებ ბენეფიციარს. მანამდე კი, კერძოდ 1967 წლიდან მოსარჩელე წარმოადგენდა პენსიის მიმღებს მესამე ჯგუფის ინვალიდობის, ხოლო 1971 წლიდან შიზოფრენიის დიაგნოზის გამო. მოსარჩელე აღნიშნულ დიაგნოზს არ დაეთანხმა და დაიწყო მოქმედება დიაგნოზის შესაცვლელად, თუმცა, არაერთგზის ჩატარებული შემოწმებისა, გ. მ-ეს სოციალური მოსმახურების სააგენტოში არ წარუდგენია არავითარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა 1971-2006 წლებში მისთვის დიაგნოზის შეცვლას.
კასატორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეფასებული არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც იგი მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. ამდენად, კასატორი ითხოვს მის გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
გ. მ-ის საკასაციო საჩივრის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლომ საკმარისად ვერ დაასაბუთა 1971-2006 წლებში პენსიის გაუცემლობა, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ არაერთხელ მოითხოვა შშმ პირის სტატუსის გამო პენსიის დანიშვნა, თუმცა უშედეგოდ. ასევე, დაუსაბუთებელია მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველიც, რადგან მოსარჩელის მოსაზრებით, მან უამრავი დრო შესწირა უსამართლობის წინაღმდეგ ბრძოლას, რაც შეუფასებელია მისთვის და მისი ოჯახისთვის. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ამავე სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილებისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ამავე სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილებისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. მ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
გ. მ-ემ 2019 წლის 9 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილებას და მოითხოვა მიუღებელი პენსიის - 13491.71 ლარის ანაზღაურება. ჭიათურის რაიონული განყოფილების 2019 წლის 11 თებერვლის №04-06-04/343 წერილით გ. მ-ეს ეცნობა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო და სცილდებოდა მისი კომპეტენციის ფარგლებს. აღნიშნული წერილი გ. მ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, რომელიც არ დაკმაყოფილადა იმ საფუძვლით, რომ კანონი სახელმწიფო პენსიის დანიშვნამდე განცხადებით მიმართვამდე პერიოდში გასული წლების პენსიის ანაზღაურებას არ ითვალისწინებდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა ხანდაზმული იყო. გარდა ამისა, გ. მ-ის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსისა (ხარსიხის) და შესაძლებლობის შერზღუდვის მიზეზობრივი კავშირის დადგენასთან დაკავშირებულ გარემოებებთან მიმართებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნების მიღება არა სოციალური მომსახურების სააგენტოს, არამედ სამედიცინო დაწესებულებების კომპეტენციას წარმოადგენდა.
საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტის წერილის შესაბამისად, გ. მ-ეს 1972 წელს კომისიის მიერ პირველადად დაუდგინდა ინვალიდობის მესამე ჯგუფი ერთი წლით სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით დიაგნოზით - „ქრონიკული ჩირქოვანი ქოლეცესტიტი, ქრონიკული ჰიპერაციდული გასტრიტი, ასთენონევრასთენია“. გ. მ-ე კომისიაზე გატარდა 1974, 1978 და 1979 წლებში და იმავე დიაგნოზებით მას უდგინდებოდა ინვალიდობის მესამე ჯგუფი ერთი წლით. 1980 წელს გ. მ-ე გამოკვლეული იქნა ს.შ.ს. ექსპერტიზის სტაციონარში, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი - „იპოქონდრიულ პარანოიდული სინდრომი ასთენონევრასთენია, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ჰიპერაციდული გასტრიტი“ და 1981 წლის 18 მარტს რესპუბლიკურმა კომისიამ მას დაუდგინა ინვალიდობის მეორე ჯგუფი ერთი წლის ვადით. 1985 წლის 5 ოქტომბერს გ. მ-ეს ...ის მიერ შეევსო ფორმა №88 - დიაგნოზით „შიზოფრენია ჰალუცინატორულ პარანოიდული ფორმა, უწყვეტი პროგრედიენტული მიმდინარეობით, გამოხატული ემოციურ-ინტელექტუალური ნებისყოფითი დეფექტით“ და მას 1985 წლის 4 ნოემბერს ჭიათურის სშს კომისიის მიერ კვლავ დაუდგინდა ინვალიდობის მეორე ჯგუფი ერთი წლის ვადით. ამის შემდეგ გ. მ-ე სსე ბიუროზე არ გატარებულა. ამავე წერილში ასევე აღინიშნა, რომ რაც შეეხებოდა ფსიქიკურ დიაგნოზებს, რომელიც გ. მ-ეს დაუდგინდა 1980 და 1985 წლებში, მისი უარყოფა შესაძლებელი იყო მხოლოდ ფსიქიატრიული სამედიცინო დაწესებულების მიერ.
საქმეში დაცული საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამედიცინო-სოციალური დეპარტამენტის უფროსის წერილიდან ირკვევა, რომ გ. მ-ე ითხოვდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას და შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის განხილვას. ...ის კონსილიუმის მიერ 2005 წლის 20 ოქტომბერს დაუდგინდა დიაგნოზი: ჰიპოქონდრიული აშლილობა ქრონიკული მიმდინარეობით. 1987 წელს ამავე ინსტიტუტის პოლიკლინიკაში გ. მ-ეს დადგენილი ჰქონდა დიაგნოზი - „პიროვნების იპოქონდრიული განვითარება“. გ. მ-ის მიერ მოთხოვილი იყო ფსიქიკური დიაგნოზის შეცვლა, თუმცა დაწესებულების (ფონდი) მიერ განიმარტა, რომ ...ის დიაგნოზის შეცვლა არ შედიოდა მათ კომპეტენციაში. გ. მ-ე კი კატეგორიულად მოითხოვდა ფსიქიატრიული დაწესებულებების მიერ დიაგნოზის შეცვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში უარს აცხადებდა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში გატარებაზე შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დასადგენად. საქმეში წარმოდგენილია შპს „...ის“ ფსიქონარკოლოგიური ცენტრის შემოწმების აქტი №2/1 და არა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნა. დადგენილია, რომ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების საკითხებზე გ. მ-ეს განემარტა სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის 2008 წლის წერილითაც.
ასევე, დადგენილია, რომ 2007 წლის 9 აგვისტოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ჭიათურის განყოფილებას განცხადებით მიმართა გ. მ-ემ ასაკის გამო პენსიის დასანიშნად და მას მითითებული თარიღიდან დაენიშნა ასაკის გამო პენსია. აღსანიშნავია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2016 წლის 6 სექტემბრისა და 2018 წლის 2 აპრილის წერილების თანახმად, გ. მ-ის შესახებ ბაზებში ინფორმაცია მისი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ არ მოიპოვება. ამავე წერილებით მოსარჩელისთვის მიწოდებულია ინფორმაცია პენსიის ოდენობის შესახებ 1995 წლიდან 2005 წლამდე. წერილში, ასევე, აღნიშნულია, რომ კანონის თანახმად, პენსიის მიუღებლობის ან სხვა მიზეზით შეწყვეტილი დოკუმენტაცია 5 წლის შემდეგ ექვემდებარება განადგურებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს გ. მ-ისთვის 1971-2006 წლებში მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება. თუმცა, მოცემული დავის გადასაწყვეტად პირველ ყოვლისა უნდა შემოწმდეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი.
საკასაციო პალატა ხანდაზმულობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულია სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადები. სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებითი დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მოთხოვნის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლიანობაზე. სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ინსტიტუტის შემოღება მიზნად ისახავს უფლების დაცვის ვადების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას, რათა უფლება დაუსრულებლად, განუსაზღვრელად არ იყოს საეჭვოობის ხასიათის მატარებელი. ამასთანავე, სასამართლოსადმი მიმართვის უფლების დროული განხორციელება ემსახურება ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. თავის მხრივ, სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არაჯეროვანი გამოყენება, სასამართლოსათვის ვადის დარღვევით მიმართვა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. კერძოდ, მოთხოვნის უფლება აგრძელებს არსებობას, მაგრამ, მისი საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, ვერ დაექვემდებარება იძულებით აღსრულებას და დარღვეული უფლების აღდგენა მხოლოდ დამრღვევის მიხედულებაზე იქნება დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს მითითებული ვადების მხარეთა მიერ დაცვის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უკანონოდ უარის თქმის შემთხვევაშიც კი, მხარემ კანონით დადგენილ ვადაში უნდა მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს. დასახელებული კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ხანდაზმულია, მიუხედავად იმისა, პირმა იცოდა თუ არა თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს სხვათა უფლების შელახვას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ეს ნაწილი პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებათა რიგს განეკუთვნება, რომელზედაც ვრცელდება სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, რომლის ათვლაც გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. პერიოდულად შესასრულებელი თითოეული ვალდებულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და ცალკე ქმნის ხანდაზმულობის ვადას. თითოეული ვალდებულების მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლა ხორციელდება სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუქცევით. საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელეს მისაღები აქვს 1971-2006 წლების პენსია, სარჩელი კი აღძრულია 2019 წელს ამდენად, მიუღებელი პენსიის ანაზღაურების მოთხოვნა ხანდაზმულია.
მიუღებელი პენსიის მოთხოვნის უფლების ვადის დაცვის საკითხის შესწავლისას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. იმავე კოდექსის 138-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცებით, მას მიმართული აქვს ყველა შესაძლო სახელმწიფო უწყებისათვის, რომლებსაც შეეძლოთ რეაგირება მოეხდინათ აღნიშნულ საქმეზე, თუმცა საქმეზე წარმოდგენილი სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს წერილები, ჭიათურის სახალხო სასამართლოს 1986 წლის წერილი, საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის წერილები, სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილები ადასტურებს სახელმწიფო ორგანოებისთვის მიმართვას არა მიუღებელი პენსიის ანაზღაურების, არამედ მოსარჩელისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის მოთხოვნას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. მ-ემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილებას მიუღებელი პენსიის - 13491.71 ლარის (მის მიერ დაანგარიშებული კალკულაციის შესაბამისად) ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა მხოლოდ 2019 წლის 9 იანვარს, რის გამო არ არის მართებული სააპელაციო პალატის მოსაზრება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დაცულობის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელისთვის იმთავითვე ცნობილი იყო პენსიის მოთხოვნის უფლების თაობაზე, როცა თავად თქვა უარი მის მიღებაზე, თუმცა მას მოთხოვნის უფლება არ გამოუყენებია. ამდენად, 1971-2006 წლებში მიუღებელი პენსიის ნაწილში არსებობს გ. მ-ის სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველი, რადგან გასულია კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისთვის დადგენილი 3-წლიანი, ისე საერთო ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, აგრეთვე, მორალური ზიანის ანაზღაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს, ხოლო აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. ამასთან, ამავე კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას აფუძნებს სამართლიანობისთვის ბრძოლაში უამრავი დროის დაკარგვასა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მის მიმართ პატივისა და ღირსების შელახვაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის. განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ხანდაზმულობის გამო. ამდენად, საკასაციო სასამართლოს საქმის არსებით მხარეზე არ უმსჯელია. შესაბამისად, არ დადასტურებულა ადმინისტარციული ორგანოების მხრიდან ბრალეული ქმედების ჩადენა, რაც მოსარჩელისათვის არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი პირობა შეიძლება გამხდარიყო. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილშიც არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამავე კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრული და არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რის შედეგადაც მოცემულ საქმეზე მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს ამ საქმეზე ახალ გადაწყვეტილებას, ვინაიდან არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლში ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. გ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე