საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-986(კ-21) 1 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ...ა
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 31 მარტს ...ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, ...ას შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 აგვისტოს №1000620770 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ამავე სააგენტოსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ...ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ...ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის განჩინებით ...ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ...ამ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ...ას მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ...ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ან იმ უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის ფაქტს დაადასტურებდა. ამავე განჩინებით, კასატორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა დაევალა.
მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის განჩინება კასატორს - ...ას გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე. შპს "...“-ს გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით ირკვევა, რომ ადრესატისათვის სასამართლო გზავნილის ჩაუბარებლობის გამო, ფოსტის კურიერი მისამართზე მეორედ მივიდა, რა დროსაც კასატორმა გზავნილი პირადად ჩაიბარა, თუმცა ბარათზე თარიღის სახით დატანილია მხოლოდ ერთი თარიღი - „15.11.2021წ.“. შესაბამისად, ვინაიდან არ ირკვეოდა, აღნიშნული თარიღი დაკავშირებული იყო სასამართლო გზავნილის ჩაბარებასთან თუ საფოსტო კურიერის მიერ მისამართზე პირველად გამოცხადებასთან (რა დროსაც ვერ მოხდა ადრესატის მოძიება და მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება), ასევე, იქედან გამომდინარე, რომ კასატორმა საკასაციო სასამართლოს მომართა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით, რომელსაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და კასატორის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი, ცდომილების თავიდან აცილების მიზნით სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო კასატორისათვის საპროცესო ვადის გაგრძელების საჭიროება, რათა წარმოდგენილიყო სასამართლო გზავნილის (ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების) ადრესატისათვის ჩაბარების წერილობითი დადასტურება შესაბამისი თარიღის მითითებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 7 დღით.
ამასთან, 2021 წლის 10 დეკემბრის წერილით საკასაციო სასამართლომ, დამატებით, მიმართა შპს „...“-ს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინების ადრესატისათვის (...ასთვის) ჩაბარების შესახებ ინფორმაციის სასამართლოსათვის წარმოდგენის მოთხოვნით.
შპს „...“-ს 2021 წლის 21 დეკემბრის წერილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინების შემცველი გზავნილი ადრესატს პირადად ჩაბარდა 2021 წლის 16 ნოემბერს. ხოლო ...ამ 2022 წლის 10 იანვრის განცხადებით განმარტა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაიბარა სავარაუდოდ 2021 წლის 20 ნოემბერს, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი მხარეს არ წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებას ერთვის საფოსტო შეტყობინების ბარათი, რომლის მიხედვით დასტურდება კასატორის მიერ, ხარვეზის შევსების მიზნით, ფოსტისათვის 2021 წლის 27 ნოემბერს მიმართვა. ხოლო ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით მხარეს განემარტა, რომ თუ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნებოდა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა. შპს „...“-ს წერილის შინაარსის გათვალისწინებით, ხარვეზის განჩინება კასატორს ჩაბარდა 2021 წლის 16 ნოემბერს. საპირისპირო მტკიცებულება კასატორს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2020 წლის 17 ნოემბრიდან დაიწყო და 2020 წლის 26 ნოემბერს (პარასკევს) ამოიწურა. კასატორმა კი ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება ფოსტაში 2020 წლის 27 ნოემბერს წარადგინა, რაც ...ას საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ...ას საკასაციო საჩივარზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, გადამხდელს უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ...ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. ...ას (საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს 27.11.2021წ. №12069538865 საგადახდო დავალებით საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი სრულად, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე