Facebook Twitter

№ბს-525(კ-20) 10 თებერვალი, 2022 წელი ქ.2თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. დ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 11 თებერვალს მ. დ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 9 ნოემბრის №04/60388 ადმინისტრაციული აქტის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 16 იანვრის №04/1644 გადაწყვეტილების (იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მისთვის სარეიტინგო ქულის გაზრდისა და მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე) და მოსარჩელის ნაწილში დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 6 ივნისის №28 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით მ. დ-ას სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 6 ივნისის №28 სხდომის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე - შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო; დანარჩენ ნაწილში გაგრძელდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 9 ნოემბრის №04/60388 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მ. დ-ას ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 16 იანვრის №04/1644 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მ. დ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე უზრუნველყოფის თაობაზე გამოცემა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმ მოტივით, რომ განსახილველ შემთხვევაში მ. დ-ას მოთხოვნას წარმოადგენდა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 9 ნოემბრის №04/60388 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და შესაბამისად, სასამართლო ამოწმებდა არა 2016 წლის 5 დეკემბრის №122 ოქმის, არამედ 2018 წლის აქტის კანონიერებას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა, რადგან სახეზე არ იყო მ. დ-ას მხრიდან ფართის არამართლზომიერად/თვითნებურად დაკავების ფაქტი, იგი მართლზომიერად იყო შესახლებული და რეგისტრირებული აღნიშნულ მისამართზე და სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მ. დ-ას ოჯახი, რომელიც არის იძულებით გადაადგილებული - დევნილი, მართლზომიერად, სახელმწიფოს მიერ განსახლების საფუძველზე ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის გამზ. №37, „...ის“ შენობაში, რომელიც არის ნგრევად საშიში, ხოლო ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია და იგი არ ყოფილა უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით. შესაბამისად, სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება უზრუნველყოს მოსარჩელე მ. დ-ას ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებლით ქულათა მიუხედავად, დაუყოვნებლივ, რამდენადაც ოჯახი ცხოვრობს ნგრევად საშიშ შენობაში. ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახი ადრე, აღნიშნულ შენობაში მცხოვრები ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის დროს არ იქნენ უზრუნველყოფილნი გრძელვადიანი საცხოვრებლით, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, არ ათავისუფლებს სახელმწიფოს მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რაც მოცემულ შემთხვევაშია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. დ-ასათვის მის მიერ გამოთავისუფლებულ (დახურულ) ფართში განსახლების გამო, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ შეესაბამება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონს. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას უნდა ემსჯელა მ. დ-ას მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი კანონიერია. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ობიექტის დაცლის მომენტისათვის მ. დ-ა უკვე აღარ ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე, ამასთან იგი თვითონვე აღნიშნავდა დედასთან რთული ურთიერთობის გამო ვერ ახერხებდა მასთან ცხოვრებას. ამას გარდა დაოჯახების შემდეგ მოსარჩელე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა სხვა მისამართზე, რაც მოსარჩელემ პროცესზე დაადასტურა, ხოლო მოსარჩელის შვილები ორივე დღემდე სწავლობენ მცხეთაში და ცხოვრობენ მამიდასთან.

მოსარჩელე თავის დროზე სახელმწიფომ განასახლა სახელმწიფოსავე საკუთრებაში, სადაც დარეგისტრირდა კიდეც. მოსარჩელემ თავისი ნებით დატოვა საცხოვრებელი და იქ დაბრუნდა მას შემდეგ რაც კოლექტიური ცენტრი დაიხურა. კოლექტიური ცენტრის დახურვის შემდეგ შენობაში ხელახლა განსახლება მიჩნეულია ფართის არამალთზომიერად ფლობად. შესაბამისად ის გარემოება, რომ ამჟამად ცხოვრობს მოსარჩელე უკვე ყოფილ კომპაქტურ ობიექტში არ უნდა გახდეს მისთვის ქულების მომატებისა და კრიტერიუმის გარეშე განსახლების საფუძველი.

სასამართლომ სააგენტოს დაავალა, რომ მოსარჩელე საცხოვრებლით უზრუნველყოს ქულათა მიუხედავად კრიტერიუმების გარეშე, ხოლო მოთხოვნა კრიტერიუმის გარეშე განსახლებაზე ხანდაზმულია. მოსარჩელეს ქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იმ ეტაპზე სამინისტრო არ დააკმაყოფილებდა მას და მის შვილებს საცხოვრებელი ფართით. აღნიშნული დოკუმენტი მან ჩაიბარა კიდეც, მაგრამ კანონით დადგენილ ვადაში მას ეს აქტი არ გაუსაჩივრებია.

კასატორი აღნიშნავს, რომ პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ შესაბამისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. სააგენტო ცდილობს ინდივიდუალურად გაერკვეს არსებულ მდგომარეობაში და ხელი შეუწყოს შესაბამის ეტაპზე იმ ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ განსახლებას და საცხოვრებელი პირველ რიგში მიიღონ რეალურად საჭიროების მქონე ოჯახებმა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა“ განიმარტება, როგორც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, ამავე წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე - მ. დ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და იგი დროებით საცხოვრებლად შესახლებული და რეგისტრირებული იქნა ქ. თბილისში, ...ის გამზ., №37-ში მდებარე შენობაში („...ი“). ამასთან, მისი ოჯახი არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2013 წლის 10 ივნისის დასკვნის შესაბამისად, ქ. თბილისში, ...ის გამზ., №37-ში მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და იგი უვარგისია შემდგომი ექსპლუატაციისათვის.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 5 დეკემბრის №122 ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის გამზ. №37, „...ის“ შენობა არის ნგრევადი და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი. ამავე ოქმით, მოსარჩელე - მ. დ-ას და მის შვილებს - თ. და ს. ბ-ებს უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე, რადგან ისინი რეგისტრაციის მიუხედავად არ ცხოვრობდნენ ზემოთ მითითებულ ობიექტში.

მოსარჩელე მ. დ-ამ, 2018 წლის 3 ოქტომბერს, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელე მ. დ-ას უარი ეთქვა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის 2018 წლის 9 ნოემბრის №04/60388 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტს მოქალაქე მ. დ-ას განაცხადსა და ადმინისტრაციულ საჩივარში მოცემული საცხოვრებელი პირობების შესწავლის მიზნით, დაევალა კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგის განხორციელება და სათანადო ქულათა ოდენობის განსაზღვრა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 6 ივნისის №28 სხდომის ოქმის თანახმად, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მ. დ-ასთვის გამოსახლების კრიტერიუმში ქულის მომატება, ვინაიდან ობიექტის გაუქმებამდე არ იყო მის მიერ მითითებული ობიექტის ფაქტობრივი მაცხოვრებელი, შესაბამისად დღეისთვის უკვე დახურული დევნილთა ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტიდან ვინმე დევნილის გამოსახლება/არ გამოსახლების საკითხზე მსჯელობას არ ჰქონდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებული პირების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ხოლო ასეთი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი და პირობები დადგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად, რომელიც დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ძირითადად ორ წესს ითვალისწინებს, კერძოდ იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახი დროებით ცხოვრობს უსაფრთხო საცხოვრებლში - ქულათა (ზოგად საჭიროებათა) პრიორიტეტულობის საფუძველზე, თანმიმდევრულად, ხოლო თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის ნგრევად საშიშ შენობაში, სახელმწიფო ქულების მიუხედავად ანიჭებს უპირატესობას დევნილ ოჯახს და უზრუნველყოფს უსაფრთხო საცხოვრებლით მას.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მოსარჩელე მ. დ-ას ოჯახი, დღემდე, სახელმწიფოს მიერ განსახლების საფუძველზე ცხოვრობს და რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ...ის გამზ. №3-ში, „...ის“ შენობაში, რომელიც არის ნგრევად-საშიში (ხოლო ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია და იგი არ ყოფილა უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით), სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება მისი დაუყოვნებლივ, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის, რამდენადაც ოჯახი ცხოვრობს სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას მ. დ-ას სანატორიუმის შენობაში 2016 წლის შემდეგ არამართლზომიერი განსახლების შესახებ და განმარტავს, რომ მოსარჩელის მხრიდან შესაბამის ფართში დროებით არცხოვრების ფაქტი ვერანაირად აქცევს მის მართლზომიერ განსახლებას (სახელმწიფოს მხრიდან) არამართლზომიერად, ხოლო ის გარემოება, რომ პირისათვის ნგრევად-საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება (როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა) თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის არაერთ განჩინებაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი