Facebook Twitter

№ბს-506(კ-20) 10 თებერვალი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - რ. ზ-ე; მესამე პირი - შპს „...ი“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 22 ნოემბერს რ. ზ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის №908 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, ქ. ბათუმში, ...ს ქ. ...-ში მდებარე 93 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ 33.75 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობაზე რ. ზ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, ახალი ინდივიდუაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩართული იქნა შპს „...ი“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ზ-ემ, რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება; რ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის №908 განკარგულება და და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, რ. ზ-ის განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქ. ბათუმში, ...ს ქ. ...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გამოცემა დაევალა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მოსარჩელე რ. ზ-ის მოთხოვნა უკავშირდებოდა მიწის ნაკვეთზე თვითნებური დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებას. კერძოდ, იგი ითხოვდა ქ. ბათუმში, ...ს ქ. ...-ში მდებარე 93.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 33.75 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებას.

მოსარჩელე 2007 წლამდე ფლობდა და დღესაც ფლობს ქ. ბათუმში, ...ს ქ. ...-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც შემოღობილია და მასზე განთავსებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობა, რასაც არც მოწინააღმდგე მხარე ხდიდა სადავოდ.

თავდაპირველად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 01 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მითითებული უძრავი ქონების საკუთრებაში აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ კომისიის მითითებით, დასახელებული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ზღვის სიახლოვეს, ასევე წარმოადგენდა სატრანსპორტო და საზოგადოებრივ სივრცეს, რისი აღიარებაც ეწინააღმდეგებოდა მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას. აღნიშნული პოზიცია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით მიჩნეული იქნა დაუსაბუთებლად და სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით კომისიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის №908 განკარგულებით, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა კვლავ არ დაკმაყოფილდა იმ დასაბუთებით, რომ რ. ზ-ის მიერ საკუთრების უფლებით აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, განმცხადებლის მიერ არ იყო გათვალიწინებული მილსადენის დაცვის ზონები, ამასთან სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ზვის სანაპირო ზოლში და მასში მოქცეული იყო ნაპირის წყლისაგან დამცავი ნაგებობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) და მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტების დაცვის, უსაფრთხოების და საკონსულტაციო ზონებს და ამ ზონებში მოქმედ შეზღუდვებსა და რეგულირების პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბერის №365 დადგენილება, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაგისტრალური მილსადენი განმარტებულია, როგორც მილსადენი, აგრეთვე მასთან დაკავშირებული ობიექტები, რომლებიც განკუთვნილია ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების ტრანსპორტირებისათვის და არ გამოიყენება მათი განაწილებისა და მომხმარებლისათვის მისაწოდებლად. ამავე დადგენილების მე-4 მუხლით დადგენილია მაგისტრალური მილსადენის დაცვის ზონები, რომლის მიხედვით I ზონა ვრცელდება მაგისტრალური მილსადენის ღერძიდან და/ან მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტის პერიმეტრიდან 4 მეტრზე ყველა მხარეს. II ზონა ვრცელდება I ზონის გარეთა საზღვრიდან ყველაზე დაბალი წნევის გაზსადენისათვის 6 მეტრზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შპს „...ის“ წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ ახსნა-განმარტებაზე, რომ საზოგადოების საკუთრებაში არსებული გაზსადენი არ წარმოადგენდა მაგისტრალურ მილსადენს და იგი ემსახურება ტერმინალში შემოსული ვაგონებიდან თხევადი გაზის გემზე ჩატვირთვას, რასაც არ გააჩნდა უწყვეტი ხასიათი. მისივე განმარტებით, ანალოგიური მილსადენები მრავლად იყო აჭარის ტერიტორიაზე, დაწყებული სოფელ ...იდან დამთავრებული ...ის შემოსასვლელამდე, და იქ ჩვეულებრივ ცხოვრობდა მოსახლეობა და გააჩნდათ საკუთრება. მესამე პირი არ ეწინააღმდგებოდა რ. ზ-ისთის მიწის ნაკვეთის აღიარებას, მხოლოდ ითხოვდა დაცული ყოფილიყო ბუფერული ზონების 4 მეტრიანი დიამეტრი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების ძირითადი საფუძველი - უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მდებარეობა ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. მეტიც, საქმეში წარმოდგენილი საკადატრო აზომვითი ნახაზით უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მილსადენიდან დაშორებული იყო 4 მეტრზე მეტი მანძილით, რა გარემოებებიც კომისიის მიერ სათანადოდ გამოკვლეული არ ყოფილა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონიერი საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა შპს „...ის“ წარმომადგენლის პოზიცია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული მილსადენი არ წარმოადგენდა მაგისტრალურ მილსადენს და აღნიშნა, რომ „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრასფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი შეიცავდა მაგისტრალური მილსადენის განმარტებას, რომელიც საერთოდ არ მიუთითებდა მილსადენის წნევაგამძლეობის ფუქციაზე, არამედ ყურადღებას ამახვილებდა მილსადენის ტრანსპორტირების დანიშნულებაზე.

კასატორი ასევე, არ იზიარებდა სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ დაცილება მილსადენსა და სადავო მიწის ნაკვეთს შორის წარმოადგენდა ერთი მილიდან 5,20 მეტრს, ხოლო მეორე მილიდან 5,40 მეტრს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ნახაზებიდან აშკარა იყო რომ მანძილი აზომილი იყო არა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მიჯნიდან მილსადენამდე, არამედ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის კედლიდან. შესაბამისად, კასატორის მითითებით, აღნიშნულის გათვალისწინებით სადავო მიწის ნაკვეთი ექცეოდა 4 მეტრიან დამცავ ზონაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მოწინააღმდეგე მხარის - რ. ზ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლიანობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ბ...ს“ შორის, 2006 წლის 28 აპრილს გაფორმებული უზუფრუქტის ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „ბ...ს“ სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაეცა ქ. ბათუმში, „თ...იდან“, შპს „ბ...ს“ მილსადენებამდე მაბლოკირებელი მილსადენის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი შეადგენს - 0,25 ჰა.

ამასთან, რ. ზ-ის მიერ საკუთრების უფლების აღიარება მოთხოვნილი, ქ. ბათუმში, ...ს ქ. ...-ში მდებარე სადავო უძრავი ქონების მიმდებარედ გადის შპს „...ის“ კუთვნილი მილსადენები.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრების 2017 წლის 20 სექტემბრის მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების აქტის თანახმად, დათვალიერებულ იქნა რ. ზ-ის მიერ კომისიაში წარდგენილი აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის მიხედვით, ქალაქ ბათუმში, ...ს ქ. ...-ში მდებარე 93.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი მოქცეულია ერთიან ღობეში, მასზე განთავსებულია სანაპირო ზოლის გამაგრების დამხმარე ნაგებობა, გაზის ხაზოვანი ნაგებობა, ამასთან, ნაკვეთი მდებარეობს სანაპირო ზოლის სიახლოვეს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის №908 განკარგულებით, განხილულ იქნა რ. ზ-ის 2017 წლის 16 ივნისის №18619/25 განცხადება, საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 1 ოქტომბრის №13 საოქმო გადაწყვეტილების (რ. ზ-ის ნაწილში) ბათილად ცნობის და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა ქალაქ ბათუმში, ...ს ქ. ...-ში მდებარე 93.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 33.75 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობაზე, საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ საკუთრების უფლებით აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, განმცხადებლის მიერ არ იყო გათვალიწინებული მილსადენის დაცვის ზონები, ამასთან სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ზვის სანაპირო ზოლში და მასში მოქცეული იყო ნაპირის წყლისაგან დამცავი ნაგებობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესებისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბერის №365 დადგენილებაზე, რომელიც ადგენს მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) და მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტების დაცვის, უსაფრთხოების და საკონსულტაციო ზონებს და ამ ზონებში მოქმედ შეზღუდვებსა და რეგულირების პირობებს.

აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაგისტრალური მილსადენი განმარტებულია, როგორც მილსადენი, აგრეთვე მასთან დაკავშირებული ობიექტები, რომლებიც განკუთვნილია ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების ტრანსპორტირებისათვის და არ გამოიყენება მათი განაწილებისა და მომხმარებლისათვის მისაწოდებლად. ამავე დადგენილების მე-4 მუხლით დადგენილია მაგისტრალური მილსადენის დაცვის ზონები და განაკაფები, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მაგისტრალურ მილსადენებს აქვთ დაცვის ორი ზონა, კერძოდ I ზონა და II ზონა, ასევე უსაფრთხოების III ზონა და საკონსულტაციო IV ზონა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაცვის I ზონა ვრცელდება მაგისტრალური მილსადენის ღერძიდან და/ან მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტის პერიმეტრიდან 4 მეტრზე ყველა მხარეს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ...ის ძირითადი საექსპორტო მილსადენისა და სამხრეთკავკასიური მილსადენისათვის II ზონა ვრცელდება I ზონის გარეთა საზღვრიდან 11 მეტრზე ყველა მხარეს, ხოლო დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენისათვის (...ის ნავთობსადენი) - 21 მეტრზე ყველა მხარეს. მითითებული მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მაგისტრალური მილსადენებით მდინარეების, არხების, წყალსაცავების, ტბების გადაკვეთის ადგილებზე დაცვის II ზონა იწყება დაცვის I ზონის გარეთა საზღვრიდან და ვრცელდება 96 მეტრზე ნაპირის ხაზის გაყოლებით ორივე მხარეს წყლის სივრცეზე - ზედაპირიდან ფსკერამდე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, საკითხზე მსჯელობისას, არ მომხდარა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დეტალური შესწავლა.

განსახილველი საქმის სწორად გადასაწყვეტად არსებითად მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა, სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს თუ არა ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე; ამასთან, დაცულია თუ არა შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის ზონები, მიწის ნაკვეთის მიჯნიდან და არა მიწის ნაკვეთზე მდგომი შენობა-ნაგებობის კედლიდან. ასევე, დასადგენია ის გარემოება, სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს თუ არა ზღვის სანაპირო ზოლში და მასში მოქცეული არის თუ არა ნაპირის წყლისაგან დამცავი ნაგებობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების აღიარების საკითხის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი