№ბს-838(კ-20) 10 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. თ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 30 ოქტომბრს მ. თ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ...ში, 1976 წლის 6 იანვრიდან 2001 წლის 30 აპრილამდე მუშაობის პერიოდის სამხედრო სამსახურში ნამსახურობად აღიარებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის წარდგინებით მიმართვის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე მ. თ-ის მიერ ...ში 1976 წლის 6 იანვრიდან 2001 წლის 30 აპრილამდე მუშაობა სამხედრო სამსახურში ნამსახურობად აღიარება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა სოციალურ მომსახურების სააგენტოსათვის წარდგინებით მიმართვა, რომლითაც მოსარჩელეს დაენიშნება სამხედრო პენსია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ 1975 წლის 25 ივლისს, ახალციხის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ, მ. თ-ის (დაბ. ...წ.) სახელზე გაიცა სამხედრო ბილეთი - ... №... და მას მიენიჭა რიგითის წოდება. ამავე სამხედრო ბილეთის შესაბამისად, 1989 წლის 29 ივნისის №164 ბრძანებით მას მიენიჭა უფროსი სერჟანტის წოდება.
მ. თ-ის შრომის წიგნაკის შესაბამისად, 1976 წლის 6 იანვრიდან იგი მიღებულია ამიერკავკასიის წითელორდენოსანი სამხედრო ოლქის ...ში სამკურნალო განყოფილებაში მედდად. 1980 წლის 1 ოქტომბრიდან იგი გადაყვანილია უფროსი მედდის თანამდებობაზე. 1990 წლის 14 სექტემბრიდან იგი გადაყვანილია განყოფილების მედდად. 1993 წლის 14 მარტიდან კი მ. თ-ე გათავისუფლებულია ...ის დაშლასთან დაკავშირებით. 1993 წლის 12 აპრილიდან მ. თ-ე მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ...ში მედდის თანამდებობაზე, ხოლო 2001 წლის 30 აპრილს იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შტატების შემცირების და რეორგანიზაციის გამო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 1999 წლის 27 დეკემბრის №1361 ბრძანებით, ... - ... ახალ შტატზე №... გადასვლასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებით მომუშავე პირები გაწვეული იქნენ ნამდვილ სამხედრო სამსახურში, ჩაირიცხნენ შეიარაღებული ძალების რიგებში, მიენიჭათ სამხედრო წოდება - „რიგითი“ და დაინიშნენ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად 1999 წლის 25 ივლისიდან, მათ შორის რიგითი - მ. თ-ე, სამედიცინო ქვეგანყოფილების მედდად.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 2000 წლის 29 დეკემბრის №1452 ბრძანებით, თავდაცვის მინისტრის 2000 წლის 13 დეკემბრის №177 ბრძანების თანახმად, ... ... შტატის (№...) გაუქმებასთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან და გაყვანილი იქნენ კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში, მათ შორის რიგითი - მ. თ-ე, სამედიცინო ქვეგანყოფილების მედდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 2001 წლის 14 ივნისის №1440 ბრძანებით, თავდაცვის მინისტრის 2000 წლის 13 დეკემბრის №177 ბრძანების თანახმად, ... - ... შტატის (№...) გაუქმებასთან დაკავშირებით, კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, ... - ... ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები დათხოვნილი იქნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან საქართველოს კანონის „სამხედრო მოსამსახურეების შესახებ“ მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის (რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით) და ჩაირიცხნენ რეზერვში 2001 წლის 1 მაისიდან, მათ შორის რიგითი - მ. თ-ე, სამედიცინო განყოფილების მედდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის 2017 წლის 19 ივლისის №14 ცნობის თანახმად, მ. თ-ე (დაბ. ... წ.) 1999 წლის 25 ივლისიდან 2000 წლის 29 დეკემბრამდე მსახურობდა ... - ... სამედიცინო ქვეგანყოფილებაში მედდის თანამდებობაზე, საიდანაც 2000 წლის 29 დეკემბერს გადაყვანილი იქნა თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში, ხოლო 2001 წლის პირველ მაისს დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან და ჩაირიცხა რეზერვში.
2017 წლის 9 ოქტომბერს, მ. თ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების შესაბამისად მოითხოვა ცნობის გაცემა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ, სტაჟის გადაანგარიშების მიხედვით.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 13 ოქტომბრის №MOD 7 17 00988361 წერილით მ. თ-ეს განცხადების პასუხად ეცნობა, რომ პირადი საქმის მიხედვით, განმცხადებლის 1999 წლის 25 ივლისიდან 2001 წლის 1 მაისამდე სამხედრო სამსახურში ნამსახურობა შეადგენდა 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს, რის გამოც მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინათ განცხადება წელთა ნამსახურობის დაანგარიშების შესახებ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს 1975 წელს მინიჭებული ჰქონდა რიგითის წოდება და 1976 წლიდან მუშაობდა ჯერ ამიერკავკასიის წითელორდენოსანი სამხედრო ოლქის ...ში მედდად, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ...ში ისევ მედდის თანამდებობაზე, ამასთან, მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 1999 წლის 27 დეკემბრის №1361 ბრძანებით კვლავ დაინიშნა სამედიცინო ქვეგანყოფილების მედდად 1999 წლის 25 ივლისიდან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უნდა აღიაროს მ. თ-ის 1976 წლის 6 იანვრიდან 2001 წლის 30 აპრილამდე ...ში მუშაობა სამხედრო სამსახურში ნამსახურობად და უნდა დაევალოს სსიპ სოციალურ მომსახურების სააგენტოს მიმართოს წარდგინებით, რომლითაც მოსარჩელეს დაენიშნება სამხედრო პენსია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ პირადი საქმითა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის 19.07.2017წ. №14 წერილის თანახმად, მ. თ-ე სამხედრო სამსახურში მსახურობდა 1999 წლის 25 ივლისიდან 2000 წლის 29 დეკემბრამდე, ხოლო სამხედრო ბილეთის მიხედვით, მ. თ-ის ძირითადი სამოქალაქო სპეციალობაა მედდა და იგი ...ში მსახურობდა, როგორც მედდა.
კასატორის მითითებით, ვინაიდან მ. თ-ე ...ში მსახურობდა სამოქალაქო მედდად და არა სამხედრო მედდად, მისი სამხედრო წელთა ნამსახურობა შეადგენს 1999 წლის 25 ივლისიდან 2000 წლის 29 დეკემბრამდე პერიოდს და მას 20 წელი არ უმსახურია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მოსარჩელისათვის ...ში, 1976 წლის 6 იანვრიდან 2001 წლის 30 აპრილამდე მუშაობის პერიოდის სამხედრო სამსახურში ნამსახურობად აღიარების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით). ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი - სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 1975 წლის 25 ივლისს, ახალციხის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ, მ. თ-ის (დაბ. ...წ.) სახელზე გაიცა სამხედრო ბილეთი - ... №... და მას მიენიჭა „რიგითის“ წოდება. ამავე სამხედრო ბილეთის შესაბამისად, 1989 წლის 29 ივნისის №164 ბრძანებით მას მიენიჭა „უფროსი სერჟანტის“ წოდება.
მ. თ-ის შრომის წიგნაკის შესაბამისად, 06.01.1976 წლიდან იგი მიღებულია ამიერკავკასიის წითელორდენოსანი სამხედრო ოლქის ...ში სამკურნალო განყოფილებაში მედდად. 1980 წლის 1 ოქტომბრიდან იგი გადაყვანილია უფროსი მედდის თანამდებობაზე. 1990 წლის 14 სექტემბრიდან იგი გადაყვანილია განყოფილების მედდად. 1993 წლის 14 მარტიდან კი მ. თ-ე გათავისუფლებულია ...ის დაშლასთან დაკავშირებით. 1993 წლის 12 აპრილიდან მ. თ-ე მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ...ში მედდის თანამდებობაზე, ხოლო 2001 წლის 30 აპრილს იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შტატების შემცირების და რეორგანიზაციის გამო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 1999 წლის 27 დეკემბრის №1361 ბრძანებით, ... - ... ახალ შტატზე №... გადასვლასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებით მომუშავე პირები გაწვეული იქნენ ნამდვილ სამხედრო სამსახურში, ჩაირიცხნენ შეიარაღებული ძალების რიგებში, მიენიჭათ სამხედრო წოდება - „რიგითი“ და დაინიშნენ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად 1999 წლის 25 ივლისიდან, მათ შორის „რიგითი“ - მ. თ-ე, სამედიცინო ქვეგანყოფილების მედდად.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 2000 წლის 29 დეკემბრის №1452 ბრძანებით, თავდაცვის მინისტრის 2000 წლის 13 დეკემბრის №177 ბრძანების თანახმად, ... ... შტატის (№...) გაუქმებასთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან და გაყვანილი იქნენ კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში, მათ შორის „რიგითი“ - მ. თ-ე, სამედიცინო ქვეგანყოფილების მედდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 2001 წლის 14 ივნისის №1440 ბრძანებით, თავდაცვის მინისტრის 2000 წლის 13 დეკემბრის №177 ბრძანების თანახმად, ... - ... შტატის (№...) გაუქმებასთან დაკავშირებით, კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, ... - ... ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები დათხოვნილი იქნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან საქართველოს კანონის „სამხედრო მოსამსახურეების შესახებ“ მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის (რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით) და ჩაირიცხნენ რეზერვში 2001 წლის 1 მაისიდან, მათ შორის „რიგითი“ - მ. თ-ე, სამედიცინო განყოფილების მედდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის 2017 წლის 19 ივლისის №14 ცნობის თანახმად, მ. თ-ე (დაბ. ... წ.) 1999 წლის 25 ივლისიდან 2000 წლის 29 დეკემბრამდე მსახურობდა ... - ... სამედიცინო ქვეგანყოფილებაში მედდის თანამდებობაზე, საიდანაც 2000 წლის 29 დეკემბერს გაყვანილი იქნა თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში, ხოლო 2001 წლის 1 მაისს დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან და ჩაირიცხა რეზერვში.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მოსარჩელის მ. თ-ის ...ში, 1976 წლის 6 იანვრიდან 2001 წლის 30 აპრილამდე მუშაობის პერიოდის სამხედრო სამსახურში ნამსახურობად აღიარებისას არ უნდა ეხელმძღვანელა საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელის სამხედრო ბილეთის და შრომის წიგნაკი ჩანაწერებით და აღნიშნავს, რომ სამხედრო ბილეთი და შრომის წიგნაკი წარმოადგენენ ოფიციალურ დოკუმენტებს, რომლის სააწინააღმდეგო მტკიცებულებები მხარის მიერ არ წარმოდგენილა.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მ. თ-ისათვის ...ში, 1976 წლის 6 იანვრიდან 2001 წლის 30 აპრილამდე მუშაობის პერიოდის სამხედრო ნამსახურობის სტაჟში ჩათვლა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი