Facebook Twitter

საქმე №ბს-66(2კ-22) 9 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე გენადი მაკარიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2021 წლის 19 მაისს ზ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური 2021 წლის 15 მარტის №5325181 გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 20 აპრილის №559 ბრძანება.

სარჩელის თანახმად, ნ. ხ-ამ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში 2021 წლის 12 მარტს წარადგინა განცხადება №AR1809515 და მოითხოვა ზ. კ-ას საკუთრებაში არსებულ, ქ. თბილისში, ...ის ქ. №26-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის (II კლასი) პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 მარტის №5325181 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა №AR1809515 განცხადება იმ საფუძვლით, რომ ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა სანიტარიული დაცვის ზონის სარტყლების განსაზღვრის მიზნით შესაბამისი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა. ვინაიდან ამ ეტაპზე არ არის ცნობილი აღნიშნული კვლევების შედეგები და არ არის დადგენილი სანიტარიული დაცვის ზონის სარტყლები, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანიტარიული დაცვის ზონაში, მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი. მოსარჩელის განმარტებით, არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 19 ივლისის №4587237 ბრძანებით დაკმაყოფილდა ზ. კ-ას მოთხოვნა და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. აღნიშნულ ბრძანებაშივე მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დაკმაყოფილება აუცილებელია კონკრეტულ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად (მათ საფუძველზე დგება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები) და იგი ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. მოსარჩელემ სწორედ სამშენებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით შესაბამის სამსახურს წარუდგინა განცხადება, რითაც მოითხოვა პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის გაცემა, რაზეც არქიტექტურის სამსახურის მიერ უარი ეთქვა. სარჩელის თანახმად, ვინაიდან არქიტექტურის სამსახურის მიერ მიღებული №5325181 გადაწყვეტილება კანონშეუსაბამო და დაუსაბუთებელია, ზ. კ-ა არ დაეთანხმა მას და 2021 წლის 18 მარტს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა აღნიშნული აქტის ბათილად ცნობა, თუმცა №559 ბრძანებით მოსარჩელეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე სრულიად დაუსაბუთებლად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ეთქვა უარი. 2019 წლის 19 ივლისის №4587237 ბრძანებით საპროექტო მიწის ნაკვეთზე არქიტექტურის სამსახურის მიერ დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რომელიც ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. შესაბამისად, მოსარჩელეს გავლილი ჰქონდა მშენებლობის ნებართვის მისაღებად კანონმდებლობით დადგენილი პირველი სტადიის მოთხოვნები, ადმინისტრაციული წარმოებისას შემოწმებული და გამოკვლეული იყო მიწის ნაკვეთის რესურსი, რაც გულისხმობს იმას, რომ არქიტექტურის სამსახურმა შეაფასა უკვე შესაძლებელი იყო თუ არა მიწის ნაკვეთის განვითარება აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით. ხაზგასასმელია ასევე ის გარემოება, რომ გაპის შეთანხმების დროისათვის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი იყო ზუსტად იგივე პირობებში რა პირობებშიც უარი ეთქვა პროექტის შეთანხმებამდე. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ განმცხადებელს მიწის ნაკვეთზე უკვე ჰქონდა მოპოვებული უფლება, განევითარებინა სამშენებლოდ. №5325181 გადაწყვეტილებაში არქიტექტურის სამსახურმა მიუთითა, რომ მოცემულ ეტაპზე სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას, განეხილა ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანიტარიული დაცვის ზონაში, მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სამსახურის მიერ საერთოდ არ არის დაკონკრეტებული, დღევანდელი მდგომარეობით მიმდინარეობს თუ არა კვლევა, რომელი კერძო თუ სახელმწიფო ორგანო ახორციელებს აღნიშნულ კვლევას, ეს შეზღუდვა რამდენხანს გაგრძელდება. მოსარჩელის კანონიერი ნდობის წარმოშობის საფუძველი იყო არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემული აქტი - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ ბრძანება №4587237, რომლის მისაღებად წარდგენილი განცხადება მოიცავდა ინფორმაციას მიწის ნაკვეთის შესახებ და მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიმართ ნებართვის მაძიებლის ძირითად მოთხოვნებს. განცხადების განხილვისას მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დროს, ადმინისტრაციული ორგანო იკვლევს საპროექტო მიწის ნაკვეთს სრულად და ამოწმებს რესურსს; შესაბამისად, საპროექტო ტერიტორიის მდებარეობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები უკვე გამოკვლეული და შეფასებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან და მოქალაქის კანონიერი ნდობა არქიტექტურის სამსახურის მიერ უფრო მეტად მნიშვნელოვნად უნდა შეფასებულიყო, ვიდრე ის გარემოება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დადგენილი არ არის სანიტარული დაცვის ზონის სარტყლების საზღვრები. სწორედ წარმოშობილი კანონიერი ნდობის საფუძველზე, საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მოსარჩელემ გასწია სოლიდური ხარჯები პროექტის, კონსტრუქციული პროექტის და სხვა დოკუმენტაციის მომზადებისთვის, რომელიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით. საყურადღებოა ის გარემოება, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორია სრულიად განაშენიანებულია ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლებით და შეიძლება ითქვას, მიმდებარედ ერთადერთი მიწის ნაკვეთია მოსარჩელის საკუთრება, რომელზეც არ დგას შენობა-ნაგებობა. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული ადასტურებს, რომ ზ. კ-ას მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მიდგომა არათანასწორი და არათანაზომიერია. შესაბამისად, ცალსახად დისკრიმინაციული და საფუძველს მოკლებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა: ა) ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 20 აპრილის №559 ბრძანება; ბ) ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 მარტის №5325181 გადაწყვეტილება;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ზოგადად მშენებლობისა თუ მისი კონკრეტული სახით განხორციელების შესაძლებლობისა თუ მიზანშეწონილობის საკითხი წყდება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის ეტაპზე, ამ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით კი დაინტერესებული პირი ადგენს მშენებლობის პროექტს, რომლის შეფასებაც ხდება ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე. თუმცა, მოცემულ შემთხვევაზე ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე არქიტექტურის სამსახურმა იმსჯელა არა კონკრეტული პროექტის შესახებ მისი სამშენებლო სფეროში დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, არამედ იმსჯელა ზოგადად მშენებლობის დაშვების შესაძლებლობაზე, ანუ იმ საკითხზე, რაზეც უკვე გაცემული ჰქონდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ქალაქმშენებლობის პროცესში კერძო პირთა ინტერესებისა და საჯარო ინტერესის დაცვას უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები და შესაბამისი ურთიერთობის წარმართვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, იხელმძღვანელოს შესაბამისი ნორმებით და არ გასცდეს მათ. დაუშვებელია, კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებით გათვალისწინებული კონკრეტული საფუძვლის გარეშე მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის გარანტირებული საკუთრების უფლების არსებითი შეზღუდვა, მათ შორის, მესაკუთრის შეზღუდვა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებაზე. სადავო აქტით კი არქიტექტურის სამსახურმა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებაზე მისი მესაკუთრის უფლების შეზღუდვის საფუძვლად მიიჩნია საპროექტო მიწის ნაკვეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის დაცვის სანიტარული ზონების სარტყლების განსაზღვრის მიზნით კვლევების ჩატარების საჭიროება და კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთებზე მშენებლობის შემზღუდავი ნორმების მიღების მოსალოდნელობა, თუმცა კონკრეტულ საპროექტო მიწის ნაკვეთზე, მისი მდებარეობიდან და წყლის დაცვის მოქმედი ზონების მახასიათებლებიდან გამომდინარე, შეზღუდვის ალბათობაზე მეტყველი გარემოებები მითითებული არ ყოფილა, ამასთან, მითითებული არ ყოფილა, თუ რა სავარაუდო პერიოდით იზღუდებოდა მესაკუთრის უფლება. ამდენად, სადავო აქტიდან გამომდინარე, შეზღუდვას არ ითვალისწინებდა მოქმედი კანონმდებლობა, მიწათსარგებლობის გეგმა ან სხვა ნორმატიული აქტი, ამასთან, სადავო აქტით არ ყოფილა წარმოდგენილი შეზღუდვის გონივრული დასაბუთება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა დადგენილი, რომ ზ. კ-ას კუთვნილი №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიის ძირითადი ნაწილი განაშენიანებულია, ამასთან, დასახელებულ ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საცხოვრებელი სახლების პროექტების შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ და ასეთი აქტების გაცემის დროდ ფიქსირდება 2020 წლის იანვარი, თებერვალი და აგვისტო, ანუ სადავო გადაწყვეტილებით მითითებული, მშენებლობის შეზღუდვის განმაპირობებელი გარემოებების (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 20 დეკემბრის №01/21245 წერილისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 ივლისი №60-87 დადგენილების მიღება) დათარიღების შემდგომი პერიოდი. ამდენად, სადავო აქტი გაურკვეველი საფუძვლებით განაპირობებს განსხვავებულ მიდგომას მოსარჩელის მიმართ. განსახილველ შემთხვევაში არ არის დადგენილი და შეფასებული დიფერენციაციის მიზეზი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილებით არქიტექტურის სამსახურმა განსახილველ საკითხზე იმსჯელა კანონმდებლობის ნორმებთან შეუსაბამოდ და მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებაზე შეიზღუდა არსებითად იმგვარად, რომ შეზღუდვას არ ითვალისწინებდა მოქმედი კანონმდებლობა. შესაბამისად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 მარტის №5325181 გადაწყვეტილება გამოტანილია კანონმდებლობის ნორმათა დარღვევით და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ იგი მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 მარტის №5325181 გადაწყვეტილება, შესაბამისად, გასაჩივრებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 20 აპრილის №559 ბრძანების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა ბათილად ცნობილი მითითებული აქტი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას;

4. თბილისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორების განმარტებით, საკასაციო საჩივრის განხილვა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 მარტის №5325181 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. ხ-ას 2021 წლის 12 მარტის განცხადება და უარი ეთქვა პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების მონაცემებით, საპროექტო მიწის ნაკვეთი მდებარეობს წყლის ობიექტების სანიტარიულ არეალში, ასევე, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქ გეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალში. გადაწყვეტილებაში ასევე განიმარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 20 დეკემბრის №01/21245 წერილით არქიტექტურის სამსახურს მიეთითა, რომ „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანების №5 დანართით („წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალსადენების სანიტარიული დაცვის ზონები“) განსაზღვრულია წყალსადენების სანიტარიული დაცვის ზონების (სდზ) მოწყობისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მოთხოვნები, რომლითაც დადგენილია სანიტარიული დაცვის პირველ, მეორე და მესამე ზონებში შემზღუდავი (ან ამკრძალავი) და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები (მათ შორის აკრძალვები მშენებლობასთან მიმართებაში), რომელთა დაცვა სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის, მიუხედავად საკუთრების ფორმისა და ორგანიზაციულ სამართლებრივი დაქვემდებარებისა. ამასთან, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალზე სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია სანიტარიული დაცვის ზონის გათვალისწინებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ფუნქციური ზონის შესაბამისად. გადაწყვეტილებაში ასევე აღინიშნა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 ივლისის დადგენილებით №60-87 განხორციელდა ცვლილება და 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა სანიტარიული დაცვის ზონის სარტყლების განსაზღვრის მიზნით შესაბამისი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ ეტაპზე არ იყო ცნობილი აღნიშნული კვლევების შედეგები და არ იყო დადგენილი სანიტარიული დაცვის ზონის სარტყლები, სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანიტარიული დაცვის ზონაში, მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი.

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, „იმ წყლის დაცვის მიზნით, რომელსაც იყენებენ სასმელად, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით წყალმომარაგებისათვის, სამკურნალოდ და საკურორტო საჭიროებისათვის, იქმნება სანიტარიული დაცვის ზონები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,“ ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონა იყოფა სამ სარტყლად და თითოეულ მათგანს განსაკუთრებული რეჟიმი აქვს“. ხსენებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „პირველი სარტყელი (მკაცრი რეჟიმის ზონა) მოიცავს ტერიტორიას, სადაც მდებარეობს წყალმომარაგების წყლის ობიექტი, წყლის აღების უბნებისა და წყალსადენის ნაგებობების განლაგების ფარგლებში. აუცილებლობის შემთხვევაში, განსაკუთრებული სანიტარიული მაჩვენებლებიდან გამომდინარე და სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე, პირველ სარტყელში ჩაირთვება ასევე წყლის აღების უბნებისა და წყალსადენის ნაგებობების განლაგების ადგილების მიმდებარე ტერიტორია. პირველ სარტყელში აკრძალულია: ა) იმ პირთა ცხოვრება და დროებით ყოფნა, რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავშირებული წყალსადენის ნაგებობების მომსახურებასთან, გარდა იმ პირებისა, რომლებიც, წყალსადენის ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე, ჩარიცხულნი არიან მომსახურე პერსონალის საშტატო განრიგში და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირების გარდა; ბ) ნებისმიერი მშენებლობა, გარდა წყალსადენის ნაგებობებისა; ნებისმიერი დანიშნულების საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობების განთავსება; ინერტული მასალის მოპოვება; მილსადენის გაყვანა (გარდა წყალსადენის ნაგებობების მომსახურებისათვის აუცილებელისა); ჩამდინარე წყლების ჩაშვება, ბანაობა, პირუტყვის ძოვება და დარწყულება, რეცხვა, თევზჭერა, შხამქიმიკატების გამოყენება მცენარეთა დაცვის მიზნით.“ ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „მეორე სარტყელი მოიცავს ტერიტორიას, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება წყალმომარაგების წყლის ობიექტებს და მათ შენაკადებს. მეორე სარტყელში აკრძალულია: ა) ტერიტორიის ან წყლის ობიექტების ისეთი გამოყენება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს წყლის ხარისხობრივი ან რაოდენობრივი გაუარესება; ბ) მშენებლობა, მცენარეული საფრის მოსპობა, სარკინიგზო და საავტომობილო გზების გაყვანა, მიწის უბნების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება. ამ სარტყელში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოების გადაწყვეტილებით“, ხოლო აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მესამე სარტყელი მოიცავს მეორე სარტყლის მოსაზღვრე ტერიტორიას, რომლის არასასურველმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის ქიმიური დაბინძურება.

„წყლის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის და „გ“ პუნქტის თანახმად, „წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში მუნიციპალიტეტები საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უზრუნველყოფენ: ა.ბ) სასმელი წყლის წყაროების სანიტარიული დაცვის ზონების პროექტების დამტკიცებას; გ) მოსახლეობისათვის წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარული დაცვის ზონისა და მისი სარტყლების საზღვრების, აგრეთვე ამ ზონის ფარგლებში მოქმედი რეჟიმების გაცნობას“.

№39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სანიტარიული დაცვის არეალები განსაზღვრულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და უზრუნველყოფს დედაქალაქის ტერიტორიაზე შესაბამისი სანიტარიული ნორმების დაცვას“, ხოლო ხსენებული დადგენილების 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სანიტარიული ზონები დატანილია და მათი შემდგომი განვითარება განისაზღვრება შემდგომი საკანონმდებლო და სტრატეგიული დოკუმენტების შესაბამისად: ა) „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) „წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილება“; გ) „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით დამტკიცებული „წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალსადენების სანიტარიული დაცვის ზონები“ (დანართი 5)“; დ) საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამა (2012-2016); ე) ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-103 დადგენილება“.

ხსენებული დადგენილების 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია სანიტარიული დაცვის ზონის გათვალისწინებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ფუნქციური ზონის შესაბამისად. აგრეთვე, დასაშვებია მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანა“; ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა სანიტარიული დაცვის ზონის სარტყლების განსაზღვრის მიზნით შესაბამისი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა.

დასახელებული ნორმები ცხადყოფს, რომ სასმელად, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით წყალმომარაგებისათვის, სამკურნალოდ და საკურორტო საჭიროებისათვის განკუთვნილი წყლის დაცვის მიზნით განისაზღვრება სანიტარიული დაცვის ზონები, რომლებშიც, თავის მხრივ, ტერიტორიის წყლის ობიექტთან სიახლოვის მიხედვით, გამოიყოფა სამი სარტყელი და თითოეულ მათგანზე ვრცელდება კანონით დადგენილი შეზღუდვები, მათ შორის, სამშენებლო საქმიანობაზე. სასმელი წყლის წყაროების სანიტარიული დაცვის ზონების პროექტების დამტკიცებას, მოსახლეობისათვის წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარული დაცვის ზონისა და მისი სარტყლების საზღვრების, აგრეთვე ამ ზონის ფარგლებში მოქმედი რეჟიმების გაცნობას, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი.

დადგენილია, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ...ის მიმდებარედ და მასზე ვრცელდება №39-18 დადგენილებით განსაზღვრული წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონა, მართალია, მოცემული დროისთვის, სათანადო კვლევების საფუძველზე არ არის განსაზღვრული აღნიშნულ სანიტარიულ ზონაში შესაბამისი სარტყელების საზღვრები, თუმცა, როგორც სადავო აქტში მიეთითა, აღნიშნული სარტყლების განსაზღვრის მიზნით, №39-18 დადგენილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა შესაბამისი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხსენებული კვლევების დასრულების და აღნიშნული სარტყლების საზღვრების დადგენამდე კი არ არის დაზუსტებული, თუ საპროექტო მიწის ნაკვეთის რომელ ნაწილზე სანიტარიული დაცვის რომელი სარტყელი და, შესაბამისად, რა სახის შეზღუდვები ვრცელდება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ არ არის დადგენილი №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განსაზღვრული წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის სარტყლების საზღვრები, წყლის ობიექტის მიმართ დადგენილი სანიტარიული ნორმების სათანადოდ დაცვის უზრუნველყოფის ინტერესიდან გამომდინარე, არქიტექტურის სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა ნ. ხ-ას 2021 წლის 12 მარტის №AR1809515 განცხადება და შეეთანხმებინა ინდივიდუალური საცხოვრებელის სახლის არქიტექტურული პროექტი და გაეცა შესაბამისი მშენებლობის ნებართვა.

სადავო აქტში აბსოლუტურად სრულად არის მითითებული ის სამართლებრივი გარემოებები, რის საფუძველზეც განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც სასამართლომ აბსოლუტურად მსჯელობის მიღმა დატოვა. ასევე მსჯელობის მიღმა დატოვა „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონი და არ გაიზიარა პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ სასმელად, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით წყალმომარაგებისათვის, სამკურნალოდ და საკურორტო საჭიროებისათვის განკუთვნილი წყლის დაცვის მიზნით განისაზღვრება სანიტარიული დაცვის ზონები, რომლებშიც, თავის მხრივ, ტერიტორიის წყლის ობიექტთან სიახლოვის მიხედვით, გამოიყოფა სამი სარტყელი და თითოეულ მათგანზე ვრცელდება კანონით დადგენილი შეზღუდვები, მათ შორის, სამშენებლო საქმიანობაზე.

ასევე ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ სამსახურს სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული შეზღუდვის პირობებში გაცემული აქვს შესაბამისი ნებართვები და მხოლოდ ზ. კ-ასთან მიმართებაში განაცხადა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც არ უნდა იქნეს გაზიარებული. სამსახურის არაერთი გადაწყვეტილებით იმავე საფუძვლით უარი ეთქვათ სხვა განმცხადებლებსაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (მაგალითად: 2021 წლის 21 სექტემბრის №..., ს/კ...; 2020 წლის 1 სექტემბრის №..., ს/კ ...; 2021 წლის 22 სექტემბრის №..., ს/კ ...).

სამსახურის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ტერიტორია მდებარეობს წყლის ობიექტების სანიტარულ არეალში, ასევე, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალში ამყარებს ის გარემოებაც, რომ ზ. კ-ას წარმომადგენელმა 2021 წლის 31 მაისს №... განცხადებით მიმართა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და მოითხოვა დაკორექტირებულიყო ტბისდაცვითი ზონა და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, რომლის მესაკუთრესაც წარმოადგენს ზ. კ-ა, მოხსნოდა აღნიშნული შეზღუდვა, რათა შემდგომში მოეხდინა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება.

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2021 წლის 25 ივნისის №16-01211763118 წერილით, განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და ეცნობა, რომ აღნიშნულ არეალზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული რუკის (დანართი №1) შესაბამისად, ვრცელდება წყლის ობიექტების სანიტარიული არეალები. ამავე წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ კვლევის პროცესი გენგემის სამოქმედო გეგმის (ტექსტური დანართი №5) მიხედვით მოიცავს პერიოდს 2019-2023 წლამდე. ასევე, ზ. კ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ქალაქგეგმარებით არეალში. აღსანიშნავია, რომ უსისტემო და ქაოტური მშენებლობა, ერთი მხრივ, უარყოფითად მოქმედებს ტბების ეკოსისტემაზე, ხოლო მეორე მხრივ, ართულებს ტერიტორიების პოტენციალის სამომავლო რაციონალურ და ეფექტურ ათვისებას. ამდენად, მნიშვნელოვანია სარეკრეაციო, საცხოვრებელი და სხვა ტიპის განვითარება შესაბამისი გარემოსდაცვითი, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურით. ამდენად, ზემოხსენებული კვლევის დასრულებამდე და წყალდაცვითი სანიტარული არეალის კონტურის დაზუსტებამდე, ინტერაქტიულ რუკაზე მონიშნული ტბების წყალდაცვით ზონებზე შეზღუდულია სამშენებლო და სანებართვო პროცესი, ანუ აღნიშნული გარემოებიდანაც დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება ვერ განხორციელდება მანამ, სანამ არ დადგინდება სანიტარიული დაცვის ზონის სარტყელები.

საყურადღებოა, რომ ზ. კ-ას მიერ სადავოდ არ ყოფილა გამხდარი არც „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილება, რომლითაც მოცემულ ტერიტორიაზე ვრცელდება წყლის ობიექტების სანიტარიული არეალები და არც უფლებამოსილი ორგანოს, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2021 წლის 25 ივნისის №16-01211763118 წერილი, რომლითაც განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ის გარემოება, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემული აქტით მესაკუთრეს ეზღუდება საკუთრების უფლება და კანონშეუსაბამოა.

კასატორებს მიაჩნიათ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები, არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც მიიღო იურიდიულად არასაკმარისად დასაბუთებული განჩინება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, მისი გაუქმების აბსოლუტურ და უპირობო საფუძველს წარმოადგენს;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 7 ივნისის №4587237 ბრძანებით დაკმაყოფილდა ზ. კ-ას განცხადება ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩის მე-2 შესახვევის №26-ში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე.

2021 წლის 12 მარტს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს №AR1809515 განცხადება წარედგინა ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩა №26-ში მდებარე, ზ. კ-ას კუთვნილ, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 მარტის №5325181 გადაწყვეტილებით №AR1809515 განცხადება ზ. კ-ას კუთვნილ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებებზე მითითებით: - „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მონაცემებით, საპროექტო მიწის ნაკვეთი მდებარეობს წყლის ობიექტების სანიტარულ არეალში, ასევე, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალში; - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 20 დეკემბრის №01/21245 წერილით არქიტექტურის სამსახურს მიეთითა, რომ „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანების №5 დანართით („წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალსადენების სანიტარიული დაცვის ზონები“) განსაზღვრულია წყალსადენების სანიტარიული დაცვის ზონების (სდზ) მოწყობისა და ექსპლუატაციის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მოთხოვნები, რომლითაც დადგენილია სანიტარიული დაცვის პირველ, მეორე და მესამე ზონებში შემზღუდავი (ან ამკრძალავი) და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები (მათ შორის აკრძალვები მშენებლობასთან მიმართებაში), რომელთა დაცვა სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის, მიუხედავად საკუთრების ფორმისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი დაქვემდებარებისა; - დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალზე სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია სანიტარიული დაცვის ზონის გათვალისწინებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ფუნქციური ზონის შესაბამისად; - დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 ივლისი №60-87 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება და 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა სანიტარიული დაცვის ზონის სარტყლების განსაზღვრის მიზნით შესაბამისი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა; - ზემოაღნიშნული კვლევების შედეგების არარსებობისა და სანიტარიული დაცვის ზონის სარტყელების დაუდგენლობის გამო, არქიტექტურის სამსახურმა არ მიიჩნია შესაძლებლად, განხილულიყო ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანიტარიული დაცვის ზონაში, მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი“.

2021 წლის 18 მარტს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ზ. კ-ას ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა, რომლითაც სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2021 წლის 15 მარტის №5325181 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იქნა მოთხოვნილი. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 20 აპრლის №559 ბრძანებით ზ. კ-ას 2021 წლის 18 მარტის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საჩივრის განმხილველი ორგანო სრულად დაეთანხმა არქიტექტურის სამსახურის სადავო გადაწყვეტილებასა და მის საფუძვლებს.

განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 მარტის №5325181 გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 20 აპრილის №559 ბრძანება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, სადავო ბრძანების გამოცემამდე, მოსარჩელის მიმართ მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 7 ივნისის №4587237 ბრძანება, ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე, წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც დაინტერესებულ მხარეს გარკვეულ უფლებამოსილებას ანიჭებს. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხველი გარემოებები.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 7 ივნისის №4587237 ბრძანებით დაკმაყოფილდა ზ. კ-ას განცხადება ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩის მე-2 შესახვევის №26-ში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ზ. კ-ას კუთვნილი №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიის ძირითადი ნაწილი განაშენიანებულია, ამასთან, დასახელებულ ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საცხოვრებელი სახლების პროექტების შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ და ასეთი აქტების გაცემის დროდ ფიქსირდება 2020 წლის იანვარი, თებერვალი და აგვისტო, ანუ სადავო გადაწყვეტილებით მითითებული, მშენებლობის შეზღუდვის განმაპირობებელი გარემოებების (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 20 დეკემბრის №01/21245 წერილისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 ივლისი №60-87 დადგენილების მიღება) დათარიღების შემდგომი პერიოდი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარზე 30.12.2021წ. №02044 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;

3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.12.2021წ. №02044 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. აბუსერიძე