№ბს-607(კ-20) 10 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 31 ივლისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - თ. მ-ის მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხისათვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სამეწარმეო საქმიანობის მიზნით არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით 1028 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ი, მე-4 მკ/რ და ...ის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ, (ნაკვეთი ...) ს/კ №..., დაზუსტებული ფართობი 105911.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობები №1-დან №13-ის ჩათვლით, საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 8 მაისის №5002214915 ექსპერტის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის დასახლება მე-4 მკ/რ და ...ის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ, ს/კ №... რეგისტრირებული შენობის 1/2-ის, 85,65 კვ.მ ფართის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს - 257 ლარს.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 27 აპრილის №7/3407, 2015 წლის 19 მაისის №7/28870 და 2015 წლის 15 ოქტომბრის №7/60691 წერილებით, თ. მ-ე გაფრთხილებულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის საფასურის გადახდის თაობაზე და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა მას არ შეუსრულებია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება.
ააიპ „...ის“ 2017 წლის 5 მაისის №02-32/14 ცნობის თანახმად, თ. მ-ე 2015 წლის 15 აპრილიდან 2016 წლის 8 იანვრამდე მუშაობდა არასამეწარმეო (არაკომერიციული) იურიდიული პირის „...ის“ ...ისა და ...ის პოზიციაზე, ხოლო 2016 წლის 8 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე კი ამავე საწარმოში ...ის განყოფილებაში შტატგარეშე მომსახურების ...ი ...ის პოზიციაზე.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტით, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ ჰქონდა ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებდა, ვალდებული იყო, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაეხადა სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 8 მაისის №5002214915 ექსპერტის დასკვნით, რომელზეც მოსარჩელე ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას, შეფასდა უძრავი ქონების საიჯარო ღირებულება და ექსპერტიზას შეფასება არ გაუკეთებია ფართით მოსარგებლესთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ არ დასტურდებოდა სახელმწიფოსა და თ. მ-ეს შორის კანონით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, ხოლო მეორეს მხრივ სახელმწიფო ვერ ადასტურებდა თ. მ-ის მიერ ქონებით სარგებლობის ფაქტს 2015 წლის თებერვლიდან ივნისამდე პერიოდში. აღნიშნულის საპირწონედ, თ. მ-ეს მიერ წარმოდგენილი ცნობით დგინდებოდა სადავო პერიოდში თ. მ-ის დასაქმების ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია და არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ მართალია თ. მ-ე სადავო პერიდში მუშაობდა ააიპ „...ის“ ...ისა და ...ის პოზიციაზე, მაგრამ მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა ამავე პერიოდში ესარგებლა სახელმწიფო ქონებითაც. საქმეზე წარდგენილი სურათებიდან ნათლად ჩანდა, რომ შენობის ფართი გამოყენებული იყო ისეთი სამეწარმეო საქმიანობისათვის, რომლის დროსაც შესაძლებელია მოპასუხე მხარე ფიზიკურად არ ყოფილიყო აღნიშნულ ტერიტორიაზე, მაგრამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართი გამოეყენებინა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ აღნიშნა, რომ გარკვეული პერიოდი მის მიერ დაკავებულ ფართს აქირავებდა.
კასატორი აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა თუ რა სახის მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს ის გარემოება, რომ კონკრეტული პირი სამეწარმეო მიზნებისთვის უკანონოდ სარგებლობს სახელმწიფო ქონებით. დაუშვებელია ექსპერტიზის დასკვნის მხოლოდ საიჯარო ქირის საფასურის საცნობარო დოკუმენტად განსაზღვრა. ექსპერტიზის დასკვნა უნდა შეფასდეს უფრო ფართოდ და არა იმდენად ვიწროდ, როგორც ეს სასამართლოებმა განმარტეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს თ. მ-ის მიერ 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კომერციული საქმიანობისათვის არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტის დადგენა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობა არსებობს ორი კუმულატიური გარემოების არსებობის შემთხვევაში - სახელმწიფო ქონების მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობისა და შესაბამისი ქონების სამეწარმეო/ კომერციული მიზნით გამოყენების შემთხვევაში. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს ეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს კონკრეტული პირის მიერ კონკრეტულ პერიოდში შესაბამისი ქონების არამართლზომიერად, სამეწარმეო მიზნებით გამოყენების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, საქმეში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 8 მაისის №5002214915 ექსპერტის დასკვნასა და ექსპერტის მიერ გადაღებული ფოტოსურათებზე, რომლებიც ვერც ცალ-ცალკე და ვერც ერთობლიობაში ვერ ადასტურებენ თ. მ-ის მიერ 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობისა და სამეწარმო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტს. წარმოდგენილი ექპერტიზის დასკვნა შეეხება უშუალოდ საიჯარო ქირის ღირებულების განსაზღვრას, ხოლო ექსპერტის მიერ გადაღებული ფოტოები ასახავენ ტერიტორიაზე გარკვეული დანადგარების არსებობას, რაც თავისთავად ვერ ამტკიცებს თ. მ-ის მიერ შესაბამისი ფართის 2015 წლის თებერვლიდან 2015 ივნისამდე სამეწარმეო მიზნებისათვის გამოყენების ფაქტს. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ 2015 წლის 15 აპრილიდან 2016 წლის 8 იანვრამდე თ. მ-ე მუშაობდა არასამეწარმეო (არაკომერიციული) იურიდიული პირის „...ის“ ...ისა და ...ის პოზიციაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მტკიცების ტვირთი ვერ იქნა დაძლეული, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული თ. მ-ის მიერ 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით სახელმწიფო საუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისში, ...ის დასახლება მე-4 მკ/რ და ...ის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ, ს/კ №... რეგისტრირებული შენობის 1/2-ის, 85,65 კვ.მ ფართის) სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენების ფაქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (21.02.19წ. №ბს-1449(კ-18); 16.04.19წ. №ბს-41(კ-19)).
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა