№ბს-472(კ-20) 10 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ. წ-ი; ე. რ-ე; ა. რ-ე; გ. რ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 7 სექტემბერს ნ. წ-მა, ე. რ-ემ, ა. რ-ემ და გ. რ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 6 აგვისტოს MOD61800781665 წერილის ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობისათვის მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული სადავო ბინის მდებარე ქ. ქუთაისი, ...ს №... შესახებ (მოხსნილი აქვს სამსახურებრივი სტატუსი, ბინა არ წარმოადგენს დახურული სამხედრო ტიპის ბინას) სრული ინფორმაციის გაცემის დავალება მოითხოვეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. წ-ის, ე. რ-ის, ა. რ-ის და გ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 6 აგვისტოს MOD61800781665 წერილი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას დაევალა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ბინის, მდებარე ქ. ქუთაისი ...ს №..., შესახებ სრული ინფორმაციის გაცემა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ცვლილება შევიდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების მესამე პუნქტში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა) ნაცვლად ამ პუნქტით დადგენილი მოსარჩელეთა სარგებლობაში არსებული ბინის - მდებარე: ქ. ქუთაისი, ...ს №...-ის შესახებ სრული ინფორმაციის გაცემისა, დაევალა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შესახებ შესაბამისი ცნობის გაცემა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით მიუთითა თავის მხრივ დადგენილად მიჩნეულ გარემოებებზე, რომ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საბინაო საექსპლუატაციო ნაწილის მიერ 1993 წლის 14 დეკემბერს გამოცემული №83 ორდერის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურე ვ. რ-ეს გამოეყო ბინა მდებარე: ქ. ქუთაისი, ...ს ..., ბინა №...-ში. ორდერში მითითებული იქნა მისი ოჯახის შემადგენლობა - მეუღლე ნ. წ-ი და შვილები-ა., გ. და ე. რ-ეები.
ბინის ძირითადი დამქირავებელი ვ. რ-ე გარდაიცვალა 2009 წლის 05 თებერვალს.
კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა - მეუღლემ და შვილებმა ფაქტიური ფლობით მიიღეს რა სამკვიდრო ქონება (სამკვიდრო აქტივი), მათზე 2017 წლის 14 ივლისს გაცემული იქნა შესაბამისი სამკვიდრო მოწმობა. ამდენად, სამკვიდრო მოწმობა გაცემულ იქნა ორდერში შეყვანილ ოთხივე წევრზე, რომლებმაც 2017 წლის 25 ივლისს მიმართეს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვეს საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანების შესაბამისად, ცნობის გაცემა (თანხმობის გაცემა ქ. ქუთაისში, ...ს ქ. ..., ბინა ..., ოთახი ...-ში. მდებარე ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე), რაც შემდგომში ბინის პრივატიზაციის მოთხოვნის საფუძველი იქნებოდა.
ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 14 აგვისტოს MOD 1 17 00780653 წერილით ნ. წ-ს ეცნობა, რომ მის მიერ წარმოდგენილი ორდერი არ იყო გაცემული „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მომსახურების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და მათი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 06 აგვისტოს №603 დადგენილებით გათვალისწინებული წესით.
ნ. წ-მა 2017 წლის 8 სექტემბერს MOD 0 17 00865456 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 14 აგვისტოს MOD 1 17 00780653 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრანებულებით გათვალისწინებული ცნობის გაცემა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ადმინისტრაციულ საჩივრის ავტორ ნ. წ-ის მონაწილეობით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების დროს ჯარების ლოგისტიკური უზურნველყოფის სარდლობის ლოგისტიკის დასავლეთ ცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგენილ იქნა, რომ ნ. წ-ის მეუღლის-ვ. რ-ის სახელზე 1993 წლის 14 დეკემბერით დათარიღებული №83 ორდერის გაცემის საფუძვლებს წარმოადგენდა განმცხადებლის საბინაო პირობების შემოწმების შესახებ სამხედრო ნაწილ ...-ის 1993 წლის 10 აგვისტოს აქტი და ვ. რ-ის 1993 წლის 26 თებერვლის პატაკი ბინით უზრუნველყოფის შესახებ.
განმცხადებლის საბინაო პირობების შემოწმების შესახებ სამხედრო ნაწილ ...-ის 1993 წლის 10 აგვისტოს აქტში გადმოცემული ინფორმაციის თანახმად, საბინაო კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა შემოწმების აქტი და მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება.
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილის მიერ გაცემული 1993 წლის 14 დეკემბრის №83 ორდერის თანახმად, მოცემული ორდერი ეძლევა მაიორ ა. რ-ეს. ორდერის თანახმად, მას უფლება მიეცა ოჯახის შემადგენლობასთან ერთად, რომელშიც შედიოდნენ თავად ვ. ა. რ-ე, ნ. წ-ი, ა. რ-ე, გ. რ-ე და ე. რ-ე, უფლება მიეცა დაეკავებინა 4(ოთხი) ოთახი მდებარე ქ. ქუთაისი, ...ს ..., ბინა ..., ... სადარბაზო, ... სართული, ოთახი ..., ფართი ... კვ.მ. მოცემულ ორდერს ხელს აწერდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საბინაო საექსპლოატაციო ნაწილის უფროსი ა. ლ-ა და საბინაო ჯგუფის უფროსი გ. ს-ე;
ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 4 დეკემბრის MOD 9 17 01157238 წერილის თანახმად, საცხოვრებელ ფართს მდებარე - ქ. ქუთაისი, ...ს ქ. ..., ბინა ..., ოთახი ..., საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №454 ბრძანებით მოხსნილი აქვს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის №589 ბრძანებით მინიჭებული სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი სტატუსი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის MOD 0 17 00000080 ბრძანების თანახმად, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 14 აგვისტოს MOD 1 17 00780653 აქტის გამოცემისას ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მიერ არ გამოკვლეულა ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოგისტიკის ცენტრის (დასავლეთი) უფროსის 2017 წლის 31 ოქტომბრის №2247 პატაკით წარმოდგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ბინით უზრუნველყოფის შესახებ ვ. რ-ის 1993 წლის 26 თებერვლის პატაკი, აგრეთვე განმცხადებლის „საბინაო პირობების შემოწმების შესახებ“ სამხედრო ნაწილ ...-ის 1993 წლის 10 აგვისტოს აქტი. შესაბამისად, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. წ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ჯარების ლოგისტიკური ურუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 14 აგვისტოს MOD 1 17 00780653 წერილი და ჯარების ლოგისტიკური ურუნველყოფის სარდლობას დაევალა ხელახლა ნ. წ-ის განცხადება და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 6 აგვისტოს MOD61800781665 წერილით ნ. წ-ს ფაქტობრივად უარი ეთქვა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით გათვალისწინებული ცნობის გაცემაზე იმ დასაბუთებით, რომ ორდერის გაცემის პერიოდში - 1993 წელს სამხედრო ქალაქი ... არ წარმოადგენდა დახურულ სამხედრო ქალაქს, შესაბამისად კი მოცემულ პერიოდში ორდერის გაცემის წესის მარეგულირებელი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 06 აგვისტოს №603 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის ტეერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობის უზრუნველყოფის შესახებ“ დროებითი დებულების თანახმად, ორდერს გასცემდა ადგილობრივი მმართველობის ორგანო სამხედრო უწყებიდან გადაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო დახურული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე კი ბინის ორდერს გასცემდა შესაბამისი საბინაო - საექსპლოატაციო ნაწილი და ამდენად, წარმოდგენილი 1993 წლის 14 დეკემბერს გაცემული №83 ორდერი არ იყო გაცემული დადგენილი წესით და ვერ ჩაითვლებოდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტად, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა თადაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ფართის პრივატიზაცია. ამავე წერილით ნ. წ-ს მოეთხოვა დამატებით წარედგინა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებიდან ერთ-ერთი. კერძოდ: საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ანდა სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირის სარგებლობის უფლებას, ანდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მიერ ბინის ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების (სარგებლობის) ფაქტს.
ნ. წ-ი 1993 წლის 14 დეკემბრიდან დღემდე ცხოვრობს ქ. ქუთაისი ...ს №...-ში.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულების საფუძველზე დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულებით, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცები შესახებ“ დებულებით და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობის გაცემის შესახებ თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 07 აპრილის №241 ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, ცნობის გაცემის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალს, ხოლო სარდლის ან სარდლის მოვალეობის შემსრულებლის არყოფნის შემთხვევაში - მის მოადგილეს. ამავე ბრძანებით დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობის ფორმა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რასაც არც თავდაცვის სამინისტრო ხდიდა სადავოდ, რომ ორდერი ნამდვილად გაცემულია მაიორ ვ. რ-ესთან მიმართებით 1993 წლის 14 დეკემბერს სწორედ იმ ბინაზე, რომელსაც დღემდე მართლზომიერად ფლობენ მოსარჩელენი. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო მოკვლეული მასალებით, სახელდობრ ჯარების ლოგისტიკური უზურნველყოფის სარდლობის ლოგისტიკის დასავლეთ ცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით თავადვე დადგენილად მიიჩნევდა, რომ ვ. რ-ის სახელზე 1993 წლის 14 დეკემბერით დათარიღებული №83 ორდერის გაცემის საფუძვლებს წარმოადგენდა განმცხადებლის საბინაო პირობების შემოწმების შესახებ სამხედრო ნაწილ ...-ის 1993 წლის 10 აგვისტოს აქტი და ვ. რ-ის 1993 წლის 26 თებერვლის პატაკი ბინით უზრუნველყოფის შესახებ, რაც სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ნათლად ცხადჰყოფს იმას, რომ განმცხადებლის საბინაო პირობების შემოწმების შესახებ სამხედრო ნაწილ ...-ის 1993 წლის 10 აგვისტოს აქტში გადმოცემული ინფორმაციის თანახმად, საბინაო კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა შემოწმების აქტი და მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება ზემოხსენებული ორდერის ვ. რ-ეზე გაცემის შესახებ და ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შენიშვნის სახით ორდერის გაცემამდე ორიოდე თვით ადრე გამოცემულმა ნორმამ ასეთის უფლებამოსილება მიანიჭა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოსაც, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილს არ უკრძალავდა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინა შესაბამისი ორდერის საფუძველზე უვადო სარგებლობაში გადაეცა სამხედრო მოსამსახურე მაიორ ვ. რ-ის ოჯახისათვის. ამასთან, მოცემული ორდერი ძალაშია, არ არის გაუქმებული და ის წარმოადგენს მოსარჩელეთა უფლების დამდგენ დოკუმენტს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინები. ამდენად, ნორმატიული აქტით განისაზღვრა ის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც საქრთველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინები არ ექვემდებარება პრივატიზაციას. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილი იყო, რომ ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 4 დეკემბრის MOD 9 17 01157238 წერილის თანახმად, საცხოვრებელ ფართს მდებარე - ქ. ქუთაისი, ...ს ქ. ..., ბინა ..., ოთახი ..., საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის № 454 ბრძანებით მოხსნილი ჰქონდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის №589 ბრძანებით მინიჭებული სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი სტატუსი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა ვალდებული იყო ნ. წ-ის განცხადებასთან დაკავშირებით საფუძვლიანად მოეძია ინფორმაცია და ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით ემსჯელა და გაეცა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ცნობა, ვინაიდან მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი - საბინაო ორდერი ბინის დროებით სარგებლობაში (მათ შორის სამსახურებრივ სარგებლობაში) გადაცემის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე როგორც აპელანტის, ასევე მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია და მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, ცვლილება უნდა შეეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების მესამე პუნქტში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა) ნაცვლად ამ პუნქტით დადგენილი მოსარჩელეთა სარგებლობაში არსებული ბინის - მდებარე: ქ. ქუთაისი, ...ს ქ. ... /...-ის შესახებ სრული ინფორმაციის გაცემისა, უნდა დავალებოდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შესახებ შესაბამისი ცნობის გაცემა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მიერ ცნობის გაცემაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საბინაო საექსპლუატაციო ნაწილის მიერ მაიორ ვ. ა. რ-ის მიმართ 1993 წლის 14 დეკემბერს გაცემული №83 ორდერი არ წარმოადგენდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის №603 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად გაცემულ დოკუმენტს.
კასატორის მითითებით, „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების, აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის №603 დადგენილებით დამტკიცებული დებულება ადგენს კონკრეტულ მოთხოვნას თუ რა გარემოებების არსებობის შემთხვევაში შეუძლია საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილს გასცეს ორდერი. აღნიშნული დადგენილების მე-13 პუნქტის თანახმად „სამხედრო მოსამსახურეებს ბინები ეძლევათ საბინაო კომისიის გადაწყვეტილებით. სიას სამხედრო მოსამსახურეების, რომლებსაც ეძლევათ ბინები, (დანართი №2) სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტაციებით სამხედრო ნაწილის მეთაური შესათანხმებლად აგზავნის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილში, რომლის წარდგინებითაც მას ამტკიცებს ზემდგომი სამხედრო უწყება“. ამავე დადგენილების მე-15 პუნქტის თანახმად, „მმართველობის ადგილობრივი ორგანო იხილავს სამხედრო უწყებიდან გადაცემულ დოკუმენტაციას და ორი კვირის ვადაში გასცემს ორდერებს, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ბინაში შესახლება“. მე-16 პუნქტის თანახმად, „ორდერში იწერება სამხედრო მოსამსახურის გვარი, სახელი, მამის სახელი, წოდება, მისი ოჯახის წევრების შემადგენლობა, ნათესაური კავშირი და დაბადების წელი, ბინის მისამართი, საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა და მათი ფართობი. ორდერში იწერება აგრეთვე, რომ ბინა ეძლევა უვადო, ან დროებითი სარგებლობისათვის, ხოლო მოცემული პუნქტის შენიშვნის თანახმად „დახურულ სამხედრო ქალაქებში ორდერები გაიცემა საბინაო - საექსპლოატაციო ნაწილის მიერ“. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ორდერს გასცემდა მმართველობის ადგილობრივი ორგანო და არა საბინაო - საექსპლუატაციო ნაწილი.
კასატორის მითითებით, სამხედრო ქალაქი ... (ქ. ქუთაისი, ...ს ქუჩა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა 1993 წლის 07 ივლისს №13 მიღება-ჩაბარების აქტით. ამასთან, სამხედრო ქალაქი ... არ წარმოადგენდა დახურულ სამხედრო ქალაქს. შესაბამისად, ნ. წ-ის მიერ წარმოდგენილი ორდერი არ წარმოადგენს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს №603 დადგენილების საფუძველზე გაცემულ ორდერს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის (ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა) მოსარჩელეთა სარგებლობაში არსებული ბინის - მდებარე: ქ. ქუთაისი, ...ს №...-ის თაობაზე, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გათვალისწინებით შესაბამისი ცნობის გაცემის დავალების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტა უნდა განხორციელდეს სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის #219 ბრძანებულებით, რომლითაც დამტკიცდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულება. აღნიშნული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აღნიშნული ბინები დაკავებული აქვთ ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის საფუძველზე. იმავე დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ფიზიკური პირების მიერ დაკავებული ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენილი იქნება: ა) საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ან/და ბ) საბინაო ორდერი ბინის დროებით სარგებლობაში (მათ შორის სამსახურებრივ სარგებლობაში) გადაცემის შესახებ, ან/და გ) სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირის სარგებლობის უფლებას ან დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მიერ ბინის ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების (სარგებლობის) ფაქტს და შეიძლება გამოიცეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დებულების მე-2 მუხლში მითითებული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ფიზიკურმა პირმა შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უნდა წარუდგინოს: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობა ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე.
ამავე დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა.” და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულია, რომ საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება ბინა: ა) რომელიც მდებარეობს დახურული სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე; ბ) თუ ბინა დაკავებული აქვს: ბ.ა) 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა); ბ.ბ) მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინები. ამავე მუხლის მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურე გარდაცვლილია, ბინის პრუივატიზების უფლებამოსილება აქვს მის მემკვიდრეებს მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ იმ გარემოებებზე, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 6 აგვისტოს MOD61800781665 წერილით ნ. წ-ს ფაქტობრივად უარი ეთქვა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით გათვალისწინებული ცნობის გაცემაზე იმ დასაბუთებით, რომ ორდერის გაცემის პერიოდში - 1993 წელს სამხედრო ქალაქი ... არ წარმოადგენდა დახურულ სამხედრო ქალაქს, შესაბამისად კი მოცემულ პერიოდში ორდერის გაცემის წესის მარეგულირებელი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 06 აგვისტოს №603 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის ტეერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობის უზრუნველყოფის შესახებ“ დროებითი დებულების თანახმად, ორდერს გასცემდა ადგილობრივი მმართველობის ორგანო სამხედრო უწყებიდან გადაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო დახურული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე კი ბინის ორდერს გასცემდა შესაბამისი საბინაო - საექსპლოატაციო ნაწილი და ამდენად, წარმოდგენილი 1993 წლის 14 დეკემბერს გაცემული №83 ორდერი არ იყო გაცემული დადგენილი წესით და ვერ ჩაითვლებოდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტად, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა თადაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ფართის პრივატიზაცია. ამავე წერილით ნ. წ-ს მოეთხოვა დამატებით წარედგინა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებიდან ერთ-ერთი. კერძოდ: საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ანდა სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირის სარგებლობის უფლებას, ანდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მიერ ბინის ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების (სარგებლობის) ფაქტს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხევაში საქმეზე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ნ. წ-მა, ე. რ-ემ, ა. რ-ემ და გ. რ-ემ, როგორც გარდაცვლილი ვ. რ-ის კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა - მეუღლემ და შვილებმა და შესაბამისად ამ უკანასკნელის სამკვიდრო აქტივის მიმღებმა პირებმა, სავსებით მართებულად მიმართეს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას ქ. ქუთაისში, ...ს ქ. ..., ბინა ..., ოთახი ...-ში მდებარე ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით გათვალისწინებული ცნობის გაცემის მოთხოვნით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რასაც არც თავდაცვის სამინისტრო ხდიდა სადავოდ, რომ ორდერი ნამდვილად გაცემულია მაიორ ვ. რ-ესთან მიმართებით 1993 წლის 14 დეკემბერს სწორედ იმ ბინაზე, რომელსაც დღემდე მართლზომიერად ფლობენ მოსარჩელენი. ამასთან, ჯარების ლოგისტიკური უზურნველყოფის სარდლობის ლოგისტიკის დასავლეთ ცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით თავადვე ადმინისტრაციული ორგანო დადგენილად მიიჩნევდა, რომ ვ. რ-ის სახელზე 1993 წლის 14 დეკემბრის №83 ორდერის გაცემის საფუძვლებს წარმოადგენდა განმცხადებლის საბინაო პირობების შემოწმების შესახებ სამხედრო ნაწილ ...-ის 1993 წლის 10 აგვისტოს აქტი და ვ. რ-ის 1993 წლის 26 თებერვლის პატაკი ბინით უზრუნველყოფის შესახებ. რაც მიუთითებდა იმაზე, რომ განმცხადებლის საბინაო პირობების შემოწმების შესახებ სამხედრო ნაწილ ...-ის 1993 წლის 10 აგვისტოს აქტში გადმოცემული ინფორმაციის თანახმად, საბინაო კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა შემოწმების აქტი და მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება ზემოხსენებული ორდერის ვ. რ-ეზე გაცემის შესახებ. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული ორდერი ძალაშია, არ არის გაუქმებული და ის წარმოადგენს მოსარჩელეთა უფლების დამდგენ დოკუმენტს. ასევე, საქმეში წარმოდგენილია ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 4 დეკემბრის MOD 9 17 01157238 წერილი, რომლის თანახმადაც, საცხოვრებელ ფართს მდებარე ქ. ქუთაისი, ...ს ქ. ..., ბინა ..., ოთახი ..., საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 07 აპრილის № 454 ბრძანებით მოხსნილი აქვს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის №589 ბრძანებით მინიჭებული სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი სტატუსი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი