№ბს-569(კ-20) 10 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის14 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - კ. ბ-ი; მესამე პირი - შპს „...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 15 მარტს კ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის -სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 თებერვლის №SP181226025/544091 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო შპს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით კ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 თებერვლის №SP181226025/544091 ბრძანება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 18 აგვისტოს განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს აპლიკატმა - შპს „...მა“, რესპონდენტის - კ. ბ-ის მიმართ. განცხადებით მოთხოვნილ იქნა დავალიანების გადახდევინების შესახებ გადახდის ბრძანების მიღება - 4315 ლარის დაკისრების მიზნით.
2019 წლის 17 იანვარს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კ. ბ-ს გაეგზავნა შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ.
შეტყობინება, მისამართზე: ქ. თბილისი, ...ა ...ი, კორპ. №4, ბინა №60-ში ჩაიბარა კ. ბ-ის დამ - ე. შ-ემ.
შეტყობინება, გაგზავნილი მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ..., კორპ. №113, ბინა №59-ში ადრესატს - კ. ბ-ს არ ჩაბარდა.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 თებერვლის №SP181226025/544091 ბრძანებით დავალიანების გადახდევინების შესახებ კ. ბ-ს აპლიკანტის - შპს „...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 4315,5 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით და მიუთითა იმ გარემოებაზე, რასაც არც მხარეები ხდიდნენ სადავოდ, რომ მოსარჩელის რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართები სხვადასხვაა. ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე რესპონდენტს შეტყობინება არ მიუღია. მართალია რეგისტრაციის მისამართზე რესპონდენტის დამ - ე. შ-ემ ჩაიბარა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროდან გაგზავნილი კორესპონდენცია, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ვერ ჩაითვლება ადრესატის მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრისთვის ჩაბარებად, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით იქნა დადგენილი, რესპონდენტი რეგისტრაციის მისამართზე დასთან ერთად ერთ-ოჯახად არ ცხოვრობს.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 იანვრის შეტყობინება რესპონდენტს კ. ბ-ს დადგენილი წესით არ ჩაბარებია და ობიექტურად ადრესატისათვის უცნობი იყო მის მიმართ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარმოებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული კი წარმოადგენს გამარტივებული წარმოებისათვის დადგენილი პროცედურის დარღვევას. მიუხედავად იმისა, რომ დადგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან ადრესატის სათანადო წესით ინფორმირების მცდელობის ფაქტი, აღნიშნული პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა არასათანადო ადრესატისათვის ამ შეტყობინების ჩაბარების გამო.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რესპონდენტმა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუშვა ამავე შეტყობინებაში მითითებული 10 დღიანი ვადა შპს „...ის“ მიერ წარდგენილ განაცხადზე შედავების განსახორციელებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
კასატორის მითითებით, ადრესატის არ ყოფნის შემთხვევაში ოჯახის წევრისთვის უწყების ჩაბარების წესის არსებობა, სწორედ იმ ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა, რომ მოვალის მხრიდან უწყების ჩაბარებაზე შეგნებულად თავის არიდებით გაუმართლებლად არ შელახულიყო კრედიტორის ინტერესი და თავიდან ყოფილიყო აცილებული პროცესის ხელოვნული გაჭიანურება. საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილით უდავოდ დასტურდებოდა, რომ რესპონდენტს შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე გაეგზავნა აპლიკანტის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებულ, რესპონდენტის რეგისტრირებულ მისამართზე, სადაც გზავნილი ჩაიბარა მისმა დამ. ვინაიდან, კორესპონდენცია ჩაიბარა ადრესატის რეგისტრაციის მისამართზე მისმა ოჯახის წევრმა, აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ ეკისრებოდა ვალდებულება დამატებით განეხორციელებინა მოვალის ხელახლა ინფორმირება გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 18 დეკემბერს შპს „...მა“ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, წარუდგინა სესხის ელექტრონული ხელშეკრულება, დამატებითი დოკუმენტაცია და მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყება, რესპონდენტის - კ. ბ-ის მიმართ. განცხადების თანახმად, განცხადების შეტანის დღისათვის აპლიკანტის - შპს „...ის“ მოთხოვნა რესპონდენტის მიმართ შეადგენდა - 4315,5 ლარს. აპლიკანტის მიერ განცხადებაში მითითებული იქნა რესპონდენტის როგორც რეგისტრაციის, ასევე ფაქტობრივი მისამართები. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა 2019 წლის 17 იანვარს გამოსცა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება, რომლითაც რესპონდენტ კ. ბ-ს განესაზღვრა 10 კალენდარული დღე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსახორციელებელი მოქმედებებისათვის. მითითებული შეტყობინება რესპონდენტს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, როგორც რეგისტრაციის, ასევე ფაქტობრივ მისამართებზე.
შპს „...ის“ დასტურების თანახმად, გზავნილი 2019 წლის 21 იანვარს რეგისტრაციის მისამართზე ჩაბარდა ადრესატის დას - ე. შ-ეს, ხოლო ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე გზავნილი ადრესატს არ ჩაბარდა და კარზე დატოვებული იქნა შეტყობინება. კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების განუხორციელებლობიდან გამომდინარე, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2019 წლის 15 თებერვალს გამოსცა №SP181226025/544091 ბრძანება, რომლითაც რესპონდენტ კ. ბ-ს დაეკისრა დავალიანების გადახდა - 4315,5 ლარის ოდენობით.
განსახილველ შემთხვევში მოსარჩელის მიერ სადავოდაა გამხდარი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 თებერვლის №SP181226025/544091 ბრძანება იმ მოტივით, რომ მოსარჩელე არ იყო ინფორმირებული მის მიმართ დაწყებული გამარტივებული წარმოების თაობაზე და საბოლოოდ, მას დაეკისრა დავალიანების გადახდა - 4315,5 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოვალის ინფორმირებას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
განსახილველ შემთხევევაში უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ 2019 წლის 21 იანვარს, მოსარჩელის რეგისტრაციის მისამართზე (ქ. ქალაქი თბილისი, ...ა ...ი, კორპ. №4, №60-ში) გზავნილი ჩაბარდა ადრესატის დას - ე. შ-ეს, თუმცა ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე - ქ. თბილისი, ...ის ..., კორპუსი №113, ბინა №59-ში რესპონდენტისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლიდან გამომდინარე, ადრესატის შესაბამის მისამართზე არ ყოფნის შემთხვევაში უწყების ჩაბარება დასაშვებია მასთან მცხოვრები ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის. ამდენად, გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა ადრესატისა და გზავნილის ჩამბარებლის ერთად ცხოვრება და ჩამბარებლის ქმედუნარიანობა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია ის გარემოება, რომ ქ. ქალაქი თბილისი, ...ა ...ი, კორპ. №4, №60 - წარმოადგენდა კ. ბ-ის რეგისტრაციის მისამართს და არა ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს, რის გამოც, მისი და - ე. შ-ე ვერ ჩაითვლება ადრესატთან მცხოვრებ ქმედუნარიან პირად და შესაბამისად, გზავნილის ჩაბარება კანონით დადგენილი წესით ჩაბარებად.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დგინდება ადრესატის მიერ გზავნილის ჩაბარებისაგან თავის არიდების ფაქტი და ამასთან, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ჩაბარების მიზნით, აღმასრულებლის მხრიდან ადრესატთან რაიმე ფორმის (მაგ. სატელეფონო, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) დამატებითი კომუნიკაციის მცდელობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარზე 08.06.20წ. №07704 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №30077315.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.06.20წ. №07704 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა დაარ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი