Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-70(კ-22) 24 თებერვალი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ნ. კ-ი, ნი. კ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. და ნი. კ-ებმა 2019 წლის 24 დეკემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ ამავე სააგენტოს 2019 წლის 22 ნოემბრის №04-2111/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის ნ. კ-ისა და ნი. კ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. და ნი. კ-ების (არასრულწლოვანი შვილები - ა. და თ. კ-ები) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და ნი. კ-ებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. და ნი. კ-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. და ნი. კ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 ნოემბრის №04-2111/ო ბრძანება და მოპასუხეს მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, ორგანოს მიერ სასამართლოში წარდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან, მხარის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებებიდან და მოწმეთა ჩვენებებიდან არ დასტურდება მოსარჩელეთა სადავო ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრება. მონიტორინგის მასალებიდან იკვეთება, რომ დევნილი ოჯახი რეალურად ...ის ბინაში ცხოვრობს და არა „...ში“. ...ის ბინაში 2019 წლის 13 აგვისტოს განხორციელებული მონიტორინგისას თავად ნ. კ-მა აღნიშნა, რომ დასახელებულ ბინაში ცხოვრობს მეუღლესთან, შვილებთან, მამათილთან - ნო. კ-თან და დედამთილთან - მ. კ-თან ერთად. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ა. და თ. კ-ები სკოლაში დადიან ....ში მაშინ, როცა „...ის“ შენობა ქალაქის მეორე ბოლოში, ....ში მდებარეობს.

კასატორის მითითებით, მონიტორნინგის თანამშრომლების მიერ მოკვლეული ინფორმაციის გათვალისწინებით, დადგინდა, რომ მოსარჩელეები არ ცხოვრობენ „...ის“ შენობაში. მათ საცხოვრებელი ადგილის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს კომისიას. ამდენად, საცხოვრებელთნ დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო, განმცხადებლებს მიმდინარე ეტაპზე უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.

კასატორი, ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, აღნიშნავს, რომ სადავო აქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულია საქმის სრულყოფილად შესწავლის შედეგად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ნ. და ნი. კ-ების დევნილი ოჯახისთვის, იმ ეტაპზე, მოსარჩელეთა მიერ სააგენტოსთვის არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების საფუძვლით, გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6 ) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7) განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. მათ შორის, ქულის მინიჭების საფუძველია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა: დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში; საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს; თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; ოჯახში არის 2 და მეტი 18 წელზე ნაკლები ასაკის ოჯახის წევრი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ გამონაკლისის სახით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. და ნი. კ-ები არიან იძულებით გადაადგილებული პირები, ამასთანავე, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, სოციალური შემწეობის მიმღებები. კ-ების ოჯახის განაცხადი, კრიტერიუმების გათვალისწინებით, შეფასდა 8,5 ქულით, ვინაიდან ცხოვრობენ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (3 ქულა); საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (2 ქულა); ოჯახში არიან 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი (1 ქულა); სოციალური კრიტერიუმის მიხედვით სარეიტინგო ქულა შეადგენს 30001-57000 ქულას (2.5 ქულა).

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2019 წლის 1 აგვისტოს მონიტორინგის ჯგუფმა ვიზიტი განახორციელა ქალაქ თბილსში, „...ის“ მე-6 სართულის 20 კვ.მ. ფართის მქონე №606 ოთახში. მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდათ ნ., ა. და თ. კ-ები ხოლო ნი. კ-ის სახლში არ ყოფნის მიზეზად კი მიეთითა სამსახურში ყოფნა. 2019 წლის 13 აგვისტოს მონიტორინგის ჯგუფი დამატებითი მოკვლევის მიზნით იმყოფებოდა, ნ. კ-ის მამამთილის ნო. კ-ის საკუთრებაში ქალაქ თბილისში, ...ში, ...ი, კორპ 17 „ბ“ სართული 24, ბ №368. მათ ადგილზე დახვდათ განმცხადებელი ნ. კ-ი, მისი მეუღლე - ნი. კ-ი და შვილები თ. და ა. კ-ები, ნ. კ-ის განმარტებით, ზემოაღნიშნულ მისამართზე მათთან ერთად ცხოვრობს მამამთილი ნო. კ-ი, დედამთილი - მ. კ-ი და მამამთილის დედა ვ. კ-ი, რომლებიც მონიტორინგის ჯგუფს სახლში არ დახვდათ. მონიტორინგის კვლევებზე დაყრდნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 ოქმის თანახმად, მოსარჩელე ნ. კ-ის ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით - ოროთახიანი ბინით უზრუნველყოფაზე, საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო. ამავე ოქმის თანახმად კი, 143 ოროთახიანი ბინის განაწილების მიზნით, განხორციელდა 168 განაცხადის მონიტორინგი, რომელთაც წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 8,5 და მეტი ქულა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 მარტის №5001317717 დასკვნაზე, რომლითაც დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, ....ში მდებარე ყოფილი სასტუმროს - „...ის“ შენობის რკ/ბეტონის კარკასის მზიდი კონსტრუქციების სვეტებისა და რიგელების ფიზიკური ცვეთა 40% ფარგლებშია და მათი ტექნიკური მდგომარეობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად. არადამაკმაყოფილებელია და საფრთხის შემცველია შენობის უკანა გრძივი კედლის მთელ ფართზე ადრე არსებული ლოჯიებში სილიკატური აგურის გამოყენებით ამოშენებული 12 სმ სისქის კედლებისა და კორიდორის III – IV ხარისხში დაზიანებული კედლების ტექნიკური მდგომარეობა. ამორტიზირებულია შენობის შიგა ცივი წლით მომარაგების სისტემის მილგაყვანილობის ნაწილი. დასკვანში აღინიშნა, რომ შენობა საჭიროებს კომპლექსურ კაპიტალური რემონტის ჩატარებას სპეციალურად დამუშავებული პროექტით. შენობაში, სადაც გეგმარების და საყოფაცხოვრებო პირობები შეუსაბამოა საცხოვრებელი სახლების ნორმების მოთხოვნებთან, შექმნილია მეტად მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას მაცხოვრებელთა დაკავებული ფართის შეფასების კრიტერიუმში.

საკასაციო სასამართლო მოსარჩელეთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის საკითხის შესწავლის შედეგად, აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია მოსარჩელეების და მათი მცირეწლოვანი შვილების ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტი. აღსანიშნავია აგრეთვე მოწმის სახით დაკითხული, მე-5 სართულზე მცხოვრები მეზობლის - ნ. ხ-ას ახსნა-გამარტება, რომელიც ადასტურებს ნ. და ნი. კ-ების ოჯახის თემქაზე, „...ის“ შენობის მე-6 სართულზე, დაახლოებით, 24-წლიანი ცხოვრების ფაქტს. მანვე აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა შვილები ბებია-ბაბუასთან არიან ხშირად, რადგან „...ში“ მძიმე მდგომარეობაა. იდენტურ გარემოებებზე მიუთითებენ ასევე მოწმის სახით დაკითხული სხვა მეზობლებიც. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომელმაც, თავის მხრივ, საქმის მასალებში წარმოდგენილი 2019 წლის 1 აგვისტოს მონიტორინგის ოქმისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება ნ. კ-ის, ნი. კ-ის, თ. კ-ისა და ა. კ-ის ქალაქ თბილისში, „...ში“ ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დაუდასტურებლობასა და მათი ქალაქ თბილისში, ....ში, ...ის დასახლებაში ოჯახთან ერთად ცხოვრების ფაქტის დადასტურების თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, ის გარემოება, რომ ნ. და ნი. კ-ის არასრულწლოვანი შვილები სკოლაში და ბაღში დადიან „...ის“ მახლობლად მდებარე ობიექტებში, არ ქმნის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, რამდენადაც დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, დაკმაყოფილდეს საცხოვრებლი ფართით.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას „ბავშვის უფლებათა კონვენციაზე“, რომ კანონმდებლობა იცავს ბავშვის ინტერესებს, ბავშვის უფლებებს, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას, ასევე, არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. კონკრეტულ შემთხვევაში კი, არასრულწლოვანების - თ. და ა. კ-ების ინტერესები არ ყოფილა გათვალისწინებული არც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას.

ამრიგად, საქმეზე დადასტურებული გარემოებების შესაბამისად, მოსარჩელეები იმთავითვე უთითებდნენ ძირითადი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილისა და ასევე, დროებით, სხვა მისამართზე ყოფნის ფაქტზე. ამასთანავე, აღნიშნავდნენ, რომ შვილებს „...ის“ ტერიტორიაზე სკოლასა და ბაღში ატარებდნენ იმ მოტივით, რომ არასტაბილური სამუშაოს გამო, მათ „...იში“ მცხოვრები ბებია მეთვალყურეობდა. აღნიშნული გარემოებები კი არ ადასტურებს მოსარჩელეების მიერ სააგენტოსთვის არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდებას. საქმის მასალებითვე დასტურდება მოსარჩელეთა ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტიც. ამრიგად, მოსარჩელეებს უკანონოდ ეთქვათ უარი იმ ეტაპზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე