Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-757(კ-21) 22 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - მ. ც-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ. ც-ამ 2019 წლის 11 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის 13 ივნისის MOD 4 19 00596848 და 2019 წლის 25 ივნისის MOD 0 19 00642572 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ასევე სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების სახით 7000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ც-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის 13 ივნისის MOD 41900596848 და 2019 წლის 25 ივნისის MOD 01900642572 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. ც-ას სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადი დახმარების გაცემა - 7 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად ცნო ბათილად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2019 წლის 13 ივნისის N596848 წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მ. ც-ასა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული კონტრაქტი არ ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. აღნიშნული წერილი შესაბამისობაშია მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის შინაარსთან, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 2019 წლის 25 ივნისის N642572 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ ვინაიდან საკითხი ეხებოდა შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების დანაწესიდან გამომდინარე, მხარეს განემარტა სასამართლოზე მიმართვის უფლება, შესაბამისად, როგორც ფინანსების მართვის დეპარტამენტის, ასევე იურიდიული დეპარტამენტის ზემოაღნიშნული წერილები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება მხარეთა შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას, კასატორის მითითებით, იმისათვის, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 471 პუნქტის საფუძველზე თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი გასაცემლის გაცემის ვალდებულება დადგეს, აუცილებელია სახეზე იყოს შემდეგი წინაპირობები: კონტრაქტის დასრულების შემდგომ სამხედრო მოსამსახურესთან, რომელიც გადიოდა სამხედრო სამსახურს 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე კვლავ უნდა გაფორმდეს კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტის ან მის შემდგომ) და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული, გარდა ამისა მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი უნდა ითვალისწინებდეს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ამგვარი დახმარების ვალდებულებას. 2011 წლის 20 აგვისტოსა და 2015 წლის 20 აგვისტოს მოსარჩელესთან გაფორმდა სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი ოთხი წლის ვადით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული არც ერთი კონტრაქტი არ ითვალისწინებდა თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამასთანავე კასატორი სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაავრცელა სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობა მითითებულ საკითხზე და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სრულიად უსაფუძვლოდ მიუთითა მხარეთა შორის 2006 წლიდან წარმოშობილ სახელშეკრულებო ურთიერთობის გამო კანონიერი ნდობის არსებობაზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების (ძალადაკარგულია 2018 წლის 15 იანვრიდან) 471 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე სამხედრო მოსამსახურემ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი. ამრიგად, ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულების წარმოშობისათვის სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური 4-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ უნდა იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი გასული.
საქმეში წარმოდგენილი მასალების გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ მ. ც-ა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული სამართლებრივი მოწესრიგების პირობებს, რამდენადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის N954 ბრძანებით 2006 წლის 20 მარტიდან გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, ჩაირიცხა საკონტრაქტო/პროფესიულ სამხედრო სამსახურში, ხოლო 2010 წლის 20 მარტიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 მარტის N820 ბრძანებით დათხოვნილ იქნა რეზერვში კონტრაქტის ვადის გასვლის გამო. ასევე დადგენილია, რომ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლის შემდეგ მ. ც-ა ხელმეორედ გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და 2011 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. ც-ას შორის გაფორმდა კონტრაქტი, 4 წლის ვადით, ,,კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. აღნიშნული კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, მხარეთა შორის 2015 წლის 20 აგვისტოს კვლავ გაფორმდა კონტრაქტი „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ (ს.ფ. 40-46). ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, რომ მ. ც-ას 2015 წლის 20 აგვისტოს წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე.
საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მ. ც-ასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულების თაობაზე პირობის არსებობა წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას დახმარების გაცემისთვის და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილება შევიდა 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით, რის შედეგად დაემატა 476 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. შესაბამისად, კონტრაქტში ერთჯერადი დახმარების ვალდებულების, როგორც დახმარების გაცემის ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობის გათვალისწინება მხოლოდ 2017 წლის 7 მარტს განხორციელებული ცვლილების შემდეგ გახდა აუცილებელი. ამდენად, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით აღნიშნულ ნორმას ვერ მიენიჭება უკუქცევითი ძალა და ვერ გააქარწყლებს ჯერ კიდევ 2015 წელს მოსარჩელის სასარგებლოდ წარმოშობილ უფლებას (ნამდვილი (რეტროაქტიური) უკუძალა), რომლის რეალიზების უფლება მოსარჩელეს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში გააჩნია. შესაბამისად ცალსახაა, რომ არსებობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 7000 ლარის ოდენობით მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები. გარდა ამისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ. ც-ასთვის ერთჯერადი დახმარების მიღების უფლების დადასტურება, თავის მხრივ გამორიცხავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის 13 ივნისის MOD 4 19 00596848 აქტისა და ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის 25 ივნისის MOD 0 19 00642572 აქტის კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანება არეგულირებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხებს, უსაფუძვლოა კასატორის მითითება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიან ვადაზე, ვინაიდან ერთჯერადი გასაცემლის მოთხოვნის უფლება წარმოშობილია ნორმატიული და არა სახელშეკრულებო დანაწესის საფუძველზე, ამდენად, მოთხოვნა არ არის ხანდაზმული და მასზე ვრცელდება ხანდაზმულობის საერთო ვადა (სუსგ 22.07.2021წ. №ბს-1357(კ-20)).
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


მ. ვაჩაძე


ბ. სტურუა