საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-731(კ-20) 11 თებერვალი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „...ა“
თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი
მესამე პირები - ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:სს „...ამ“ 2017 წლის 23 მარტს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 ივნისის და 2011 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტროს 2011 წლის 21 ივლისის №1-1/1355 ბრძანებისა და სადავო უძრავი ქონების ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 ივლისის №765 მიმართვის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით მოცემული ადმინისტრაციული საქმის განხილვა შეჩერდა, რადგან მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 3 ივნისის №495 მიმართვა გასაჩივრებული აქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და მოითხოვა აღნიშნულ ორგანოში გადაწყვეტილების მიღებამდე საქმის წარმოების შეჩერება.
სს „...ამ“ 2018 წლის 22 თებერვალს სარჩელით მიმართა ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და ამავე სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 3 ივნისის №495 მიმართვის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით მოცემული ადმინისტრაციული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
2018 წლის 5 მაისს სს „...ამ“ შუამდგომლობით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული სადავო აქტი უკვე სასარჩელო წესით ჰქონდა გასაჩივრებული და საქმის წარმოების განახლება და დავის სწარაფად და სწორად განხილვის მიზნით, საქმეთა გაერთიანება მოითხოვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განჩინებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები - №1854763-3/055-17 და №2341805-3/046-18 გაერთიანდა ერთ წარმოებად და საქმეს მიენიჭა №2341805-3/046-18.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სს „...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 3 ივნისის №495 მიმართვა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 12 თებერვლის №04/967 წერილი (ე.წ. ვირტუალური უარი); მოპასუხეს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სს „...ას“ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 ივნისის №... გადაწყვეტილება; მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ამავე სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ ოფისს სს „...ას“ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №1-1/1355 ბრძანება, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 ივლისის №765 მიმართვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 1 აგვისტოს №... გადაწყვეტილება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს „...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 3 ივნისის №495 მიმართვა; მოპასუხეს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მის ტერიტორიულ ორგანოს სს „...ას“ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 ივნისის №... გადაწყვეტილება; მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ამავე სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ ოფისს, სს „...ას“ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №1-1/1355 ბრძანება, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 ივლისის №765 მიმართვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 1 აგვისტოს №... გადაწყვეტილება; მოპასუხეებს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსარჩელის სასარგებლოდ ბაჟის სახით - 500 ლარის თანაბარწილად გადახდა დაეკისრათ.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება საპროცესო ხარჯების - 500 ლარის მოპასუხეებისთვის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 500 ლარიდან 100 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისროთ მოპასუხეებს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ ოფისს, ხოლო დარჩენილი 400 ლარი დაუბრუნდა მოსარჩელეს, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა. დანარჩენ ნაწილში ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა მხოლოდ პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით სამინისტროს და ასევე სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს დაევალა ახლი აქტის გამოცემა, მაშინ როდესაც ასეთი ტერიტორიული ორგანო არ არსებობს და იგი ლიკვიდირებულია. კასატორის მოსაზრებით, თუ სასამართლო გულისხმობს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრს, იგი არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, დამოუკიდებლად ახორციელებს წარმომადგენლობას, თუმცა მოცემულ სასამართლო დავაში მოპასუხე მხარეს არ წარმოდგენს. კასარტორი ასევე მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ორ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, მისთვის გაურკვეველი რჩება თუ რა სახის ახალი აქტი უნდა იქნეს გამოცემული და რომელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
კასატორი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311- 312-ე მუხლებზე, ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-5, 23-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიმართვა არ წარმოადგენს უპირობოდ შესასრულებელ ინდივიდუალურ აქტს, მიუთითებს, რომ მიმართვაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისას, რეგისტრაციის ხელშემშლელი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ დააკამყოფილებს სახელმწიფოს მოთხოვნას მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა არც გასაჩივრებული მიმართვის ბათილად ცნობის და არც სამინისტროსათვის წარმოების ჩატარების დავალების ფორმალური და მატერიალური საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უძრავ ნივთზე სახელმწიფოს და შემდეგ მესამე პირის საკუთრების უფლებების რეგისტრაციისა და მისი წინმსწრები აქტების კანონიერების შეფასება, მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, რის გამოც სააპელაციო პალატამ იმსჯელა მხოლოდ სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე და მიუთითა, რომ დანარჩენ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაც საკასაციო წესით გასაჩივრებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, შესაბამისად, საკასაციო პალატა იმსჯელებს საკასაციო საჩივარზე მხოლოდ სამინისტროს მიმართებით.
საკასაციო სასამართლო, საქმის არსის სრულყოფილად აღქმის მიზნით, მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1. ბორჯომის რაიონში, ...ის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება (კოდი ..., ქალაქი ბორჯომი, კოდი №..., კვარტალი №..., ნაკვეთი №..., მიწის ფართობი 12465 კვ.მ., მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობები: .... ორსართულიანი, I -სართული 316 კვ.მ. გაშენინანების ფართი, 316 საერთო გარე ფართი, 274 კვ.მ. საერთო შიდა ფართი II სართული: 182 კვ.მ. საერთო გარე ფართი, 159კვ.მ. საერთო შიდა ფართი) წარმოადგენს სს „...ას“ საკუთრებას. დადგენილია, რომ უძრავი ქონება ს/ს „...ამ“ შეიძინა 2007 წლის 29 ივნისს სს „ს...ისგან“. უფლების დამდგენი დოკუმენტია 2007 წლის 29 ივნისს დამოწმებული უძრავი აქტივების (ქონების) ნასყიდობის ხელშეკრულება;
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ 2011 წლის 3 ივნისის №495 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებულიყო ქალაქ ბორჯომში, ...ის ქუჩაზე მდებარე 1700 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობა;
3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 ივნისის №... გადაწყვეტილებით, მიმართვა დაკმაყოფილდა და უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: ბორჯომის რაიონი ზონა ..., სექტორი ქალაქი ბორჯომი, კოდი ..., კვარტალი №..., ნაკვეთი №..., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობთ 1700 კვ.მ. და შენობა-ნაგებობა დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად და გაიცა შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №1-1/1355 ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცა №... საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებული უძრავი ქონება;
5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 25 ივლისის №765 მიმართვის საფუძველზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 1 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებად;
6. 2017 წლის 7 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა სს „...ამ“ და ქალაქ ბორჯოში, აღმაშენებლის ქ. №33-ში მდებარე უძრავ ქონებაზე სახელმწიფო პოროექტის ფარგლებში ცვლილებათა რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 მარტის №... გადაწყვეტილებით სს „...ას“ დაუდგინდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება - ს/კ ... მესაკუთრე - სს „...ა“ და ს/კ ... მესაკუთრე - ბორჯომის მუნიციპალიტეტი, რის გამოც მოთხოვნილი იქნა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
7. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ...ის ქუჩაზე მდებარე ს/ს ,,...ას" საკუთრებაში არსებული 12465 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოიცავს 1700 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომელიც დარეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და წარმოადგენს სადავოს. დადგენილია, რომ აღნიშნული უძრავი ქონება მოსარჩელემ შეიძინა 2007 წლის 29 ივნისს სს „ს...ისაგან“ და მას შემდეგ ფლობს და სარგებლობს ამ ქონებით უწყვეტად. ამასთან, სადავო ტერიტორიაზე დამატებით 1700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, გარდა სს „...ას" საკუთრებაში რეგისტრირებული 12465 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთისა და მასზედ განთავსებული შენობა - ნაგებობებისა, არ არსებობს.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს სადავო აქტების კანონიერების საკითხთან მიმართებით და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭიროებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნების დაცვას, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სადავო აქტების გამოცემისას არ იქნა განხორციელებული, კერძოდ, სახელმწიფოს სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციამდე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, მიმართვის მომზადებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ხოლო მარეგისტრირებელმა ორგანომ, რეგისტრაციის განხორციელებისას, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, არ გაითვალისწინეს სადავო მიწის ნაკვეთის მიმართ კერძო საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი - სს „...ას“ სახელზე რეგისტრაციის არსებობა. აღნიშნული კი უკავშირდება, ერთი მხრივ, სხვისი საკუთრების უფლების ობიექტზე უსაფუძვლოდ და უკანონოდ ახალი რეგისტრაციის განხორციელების გამორიცხვას, მეორე მხრივ კი, ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის წესების დაცვას, რომელიც ითვალისწინებს დაინტერესებულ პირთა უფლებების უზრუნველყოფის ვალდებულებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მარეგისტრირებელმა ორგანომ ისე დაარეგისტრირა სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლება, რომ მხედველობაში არ მიიღო სს „...ას“ მიერ მიწის ნაკვეთის შეძენისა და მის სახელზე 2007 წელს განხორციელებული რეგისტრაციის ფაქტი, რაც საფუძვლად დაედო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას.
რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო პრეტენზიას, რომ სახელმწიფოს მიმართვა არ წარმოადგენს უპირობოდ შესასრულებელ ინდივიდუალურ აქტს და რეგისტრაციის ხელშემშლელი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, როგორც წესი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ აკმაყოფილებს სახელმწიფოს მოთხოვნას მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე, აქედან გამომდინარე, არ არსებობდა არც გასაჩივრებული მიმართვის ბათილად ცნობის და არც სამინისტროსათვის წარმოების ჩატარების დავალების ფორმალური და მატერიალური საფუძვლები, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, უმართებულოა კასატორის მიერ მითითებული აღნიშნული არგუმენტის გაზიარება, ვინაიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 3 ივნისის №495 მიმართვა, რომლის საფუძველზეც უძრავი ქონება დარეგისტრიდა სახელმწიფო საკუთრებად, გამოცემული იქნა ისე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ უწარმოებია ადმინისტრაციული წარმოება, არ გამოუკვლევია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, წარმოადგენდა თუ არა სადავო ტერიტორია აქტის გამოცემის დროისათვის სხვა სუბიექტის საკუთრებას. ამასთანავე, აღნიშნულ სადავო აქტზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა სამინისტროს მიერ საერთოდ არ განხორციელებულა, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარად.
ამრიგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით, საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შედეგს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 3 ივნისის №495 მიმართვის ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე ეთანხმება სასამართლოთა მსჯელობას და შედეგს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №1-1/1355 ბრძანების, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 25 ივლისის №765 მიმართვის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 1 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ნაწილშიც, ვინაიდან, სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 601 მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
რაც შეეხება საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხს, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, დავის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარს, ხოლო „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 100 ლარს. განსახილველი დავა წარმოადგენს სწორედ არაქონებრივ დავას სადავო აქტების რაოდენობის მიუხედავად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს 2017 წლის 21 მარტის №18762001 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი, 2017 წლის 2 მაისის №21883001 საგადასახადო დავალებით 300 ლარი, ხოლო 2018 წლის 20 თებერვლის №33834001 საგადასახადო დავალებით კვლავ 100 ლარი. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს, სს „...ას“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი 400 ლარი მართებულად დაუბრუნდა მოსარჩელე მხარეს, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე