საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-788(კ-21) 1 თებერვალი, 2022 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ვ. ვ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 4 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ვ. ვ-ის მიმართ და მოითხოვა სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის გამო ვ. ვ-ისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2017 წლის 17 იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 1513.6 ლარის, 2018 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 1560 ლარის, 2019 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 1560 ლარის და 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის 15 მაისამდე 583 ლარის ოდენობით დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ვ. ვ-ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად ფლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენებისთვის (2018 წლის 4 იანვრიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდი) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 767.42 (შვიდას სამოცდაშვიდი ლარი და ორმოცდაორი თეთრი) ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სააგენტოს მიერ წარდგენილ იქნა ვ. ვ-ის მიერ სახელმწიფო ქონებით სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა, კერძოდ საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი, ...ის ქუჩა N4-ის მიმდებარედ (ს.კ ...) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ნაწილით (შენობა N8-ის 26.41 კვ.მ. ფართით) არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს ი/მ ვ. ვ-ი, რაც დასტურდება სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 ივნისის აქტით და ფოტომასალით. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5004271318 დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ...ის N4-ის მიმდებარედ არსებული ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობა N8-დან 26.41 კვ.მ. ფართის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს 2017 წლის 17 იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 132 ლარს, 2018 წლის იანვრიდან - 130 ლარს. მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გაფრთხილების წერილი (2018 წლის 18 ივნისის N7/34261, 2018 წლის 16 ივლისის N7/40933), რომლითაც განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ - მოპასუხეს დღემდე არ შეუსრულებია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მოპასუხე ი/მ ვ. ვ-ს ეკისრება სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2017 წლის 17 იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 1513.6 ლარის, 2018 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 1560 ლარის, 2019 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 1560 ლარის და 2020 წლის იანვრიდან 15 მაისამდე, ჯამში 583 ლარის ოდენობით. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა სრულად და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია დადგენილიყო მოპასუხის მიერ 2017 წლის 17 იანვრიდან 2018 წლის 13 იანვრის ჩათვლით და 2018 წლის 1 ივლისიდან 2020 წლის 15 მაისამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობა, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მიერ არ იქნა არცერთი მტკიცებულება წარდგენილი, რაც გააქარწყლებდა სააგენტოს პოზიციას.
კასატორის განმარტებით, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებას და სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა მხოლოდ იმ ნაწილში, რა ნაწილშიც მოპასუხე მხარემ აღიარა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფლობა, რითაც სასამართლომ უგულებელყო სს „...-სა“ და ვ. ვ-ს შორის არსებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ხელშეკრულება დადებულია 2018 წლის 4 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე, სასამართლომ კი უტყუარად მიიჩნია ვ. ვ-ის მიერ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მხოლოდ 2018 წლის ივლისამდე ფლობა. ამასთან, საყურადღებოა, რომ საქმეში მოპასუხის მიერ, წარმოდგენილია, სს „...-ის“ სასარგებლოდ 150 ლარის გადახდის ქვითარი, რომელიც დათარიღებულია 2018 წლის 15 ივლისით, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ვ. ვ-ს არ შეუწყვეტია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფლობა 2018 წლის ივნისში, როგორც ამას თავად განმარტავს. ვინაიდან, საქმეზე დართული მასალებით დასტურდება ვ. ვ-ის მიერ სახელმწიფო ქონების არამართლზომიერი სარგებლობა, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 ქვეპუნქტის თანახმად, ვ. ვ-ი ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური საბაზრო ღირებულების შესაბამისად, საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია ვ. ვ-ის მიერ სადავო პერიოდში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობის საკითხი.
პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. აღნიშნული ნორმის საფუძველზე სანქციის სახით გათვალისწინებული თანხის დაკისრების სუბიექტი შეიძლება იყოს პირი, რომელიც სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს იყენებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის, სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, მის კომპეტენციას, ასევე, განეკუთვნება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაზე რეაგირება. შესაბამისად, უძრავი ქონებით სამეწარმეო საქმიანობისთვის არამართლზომიერად სარგებლობისთვის თანხის დაკისრებისას, მნიშვნელოვანია დადგინდეს პირის მიერ უძრავი ქონებით სარგებლობის პერიოდი, ამასთან სააგენტოს, როგორც ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს, ევალება უზრუნველყოს მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენა.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არაა ის გარემოება, რომ ვ. ვ-ი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, კერძოდ, ქ. თბილისში, ...ის ქ. N4-ის მიმდებარედ არსებულ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N8-ის ნაწილს (26.41 კვ.მ. ფართით) სარგებლობდა არამართლზომიერად სამეწარმეო მიზნით, რასთან დაკავშირებით სარგებლობის პერიოდი სასამართლომ განსაზღვრა მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე 2018 წლის 4 იანვრიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით, დანარჩენ ნაწილში კი მოსარჩელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა დაუსაბუთებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის საფუძველზე აღძრული სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას მოსარჩელე შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა ადასტურებდეს სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) მოპასუხის მიერ სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტს სარჩელში მითითებულ პერიოდში და საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე უთითებდეს ქონების სარგებლობისთვის განსაზღვრულ საბაზრო ღირებულების ოდენობას, რა წინაპირობებიც აღნიშნულ ნორმაში არა ალტერნატიული, არამედ კუმულაციური სახით არის წარმოდგენილი. ამასთან იმის გათვალიწინებით, რომ უძრავი ქონებით სარგებლობა (მფლობელობა) არის ფაქტი, იგი ექვემდებარება დამტკიცებას, რაც, მტკიცების ფორმალური ტვირთის გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მხარეზეა, რისი წარმატებით დაძლევის პირობებში მოსარჩელეს ასევე ეკისრება ფაქტობრივი პრეტენზიების შინაარსობივად დადასტურების ვალდებულებაც, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სარჩელის წარმატება ასევე დამოკიდებულია მტკიცების მატერიალური ტვირთის დაძლევაზეც. ამდენად, თუ მოსარჩელე სათანადო მტკიცებულებებით ვერ ახსნის სარჩელის საფუძვლიანობას (,,non liquet“), სარჩელს წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე კასატორმა გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობის დასადასტურებლად მიუთითა საქმეში წარმოდგენილ 2018 წლის 05 ივლისით დათარიღებულ 150 ლარის გადახდის ქვითარსა და სს „...-სა“ და ვ. ვ-ს შორის 2018 წლის 4 იანვარს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე (მოქმედების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერი), რისი რელევანტურობა და კავშირი სარჩელის საგანთან აუხსნელია, რადგანაც ხელშეკრულების საგნის მონაცემები განსხვავებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პარამეტრებთან. სადავო პერიოდში ქონების არამართლზომიერი სარგებლობის დასადასტურებლად ასევე ირელევანტურია საქმეზე წარმოდგენილი 2018 წლის 13 ივნისის ადგილის დათვალიერების ამსახველი აქტი და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 11 ივლისის №004754218 ექსპერტიზის დასკვნა, იმის გათვალისწინებით, რომ აქტში ასახულია 2018 წლის 13 ივნისის მდგომარეობა, რაც ასევე დადასტურებულია მოპასუხის მიერ. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას - აუდიტორული დასკვნის მოსამზადებლად მიმართვის შესვლის თარიღია 2018 წლის 28 ივნისი, მომზადების თარიღი - 2018 წლის 11 ივლისი, ხოლო დასკვნაზე თანდართული ფოტოების გადაღების თარიღი არ დგინდება.
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ კასატორმა უტყუარი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ვ. ვ-ის მიერ 2018 წლის 4 იანვრამდე და 2018 წლის ივლისის შემდგომ პერიოდში სახელმწიფო ქონების ფაქტობრივი მფლობელობისა და სამეწარმეო მიზნებით გამოყენება, შესაბამისად, ის არ წარმოადგენს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის სუბიექტს, რაც გამორიცხავს გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის საფუძვლიანობას.
ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა