კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
#ბს-143(კს-22) 18 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს „...“-ის 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის დ. დ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (შუამდგომლობის ავტორი) - სსიპ შემოსავლების სამსახური).
2020 წლის 10 სექტემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შპს „...’’-ის დაყადაღებული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ივლისის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა - იძულებითი აუქციონის წესით რეალიზებულ იქნა გადასახადის გადამხდელის – შპს „...“-ის (ს/ნ ...; იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი, ...ის ქუჩა #13) ყადაღადადებული ქონება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ივლისის ბრძანება გაასაჩივრეს შპს „...“-ის 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის დ. დ-ის წარმომადგენლებმა და გასაჩივრებული ბრძანების გაუქმება და ახალი ბრძანების მიღებით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებით შპს „...“-ის 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის დ. დ-ის წარმომადგენლების საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ივლისის ბრძანების გაუქმების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს შპს „...’’-ის 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის დ. დ-ის წარმომადგენლებმა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“-ის 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის დ. დ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დგინდება, რომ სასამართლოში საქმის წარმოება დაწყებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, შპს „...’’-ის დაყადაღებული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მიზნით.
გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის სპეციალურ წესს ადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII5 თავი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2123 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საჩივარი მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება შეტანიდან 10 დღის ვადაში. ამავე კოდექსის 2123.9 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2123.9 მუხლი არ ახდენს მითითებას სააპელაციო პალატის ბრძანების შინაარსზე, არ ითვალისწინებს არსებითად განხილვის შედეგად მიღებული ბრძანების გასაჩივრებისაგან განსხვავებულ წესს სააპელაციო პალატის მიერ საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში. საპროცესო კანონმდებლობა აღნიშნული კატეგორიის დავებს სრულად გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციიდან. დავის განხილვის ინსტანციურობაზე მითითება იმპერატიული ხასიათისაა და ვინაიდან კანონმდებელმა მოცემული საკითხის გადასაწყვეტად ორსაფეხურიანი საქმის წარმოება დაადგინა, მისი განხილვა მთავრდება საჩივრით გასაჩივრებული ბრძანების შემოწმებით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. ამასთან, გასაჩივრების შეზღუდვა შეეხება როგორც არსებით გადაწყვეტილებას, ასევე დავაზე მიღებულ სხვა განჩინებებსაც, მათ შორის საჩივრის განუხილველად დატოვებას. კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების შეზღუდვა თავის მხრივ გამორიცხავს უზენაესი სასამართლოს მიერ არა მხოლოდ საკასაციო, არამედ კერძო საჩივრის განხილვის შესაძლებლობასაც. ამდენად, გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის საკითხთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მხრიდან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
მართალია, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მიღებული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ზოგად შესაძლებლობას (სსკ-ის 374.1 მუხ.), თუმცა აღნიშნული დანაწესი ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებითი, ძირითადი დავის განხილვის საპროცესო შესაძლებლობა აქვს იმ სასამართლოს, რომელშიც კერძო საჩივარია წარდგენილი. განსახილველ შემთხვევაში არსებითი დავის საგანია გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, აღნიშნული კატეგორიის დავების განხილვის უფლებამოსილება საქართველოს უზენაეს სასამართლოს არ აქვს მინიჭებული. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილ შუამდგომლობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანების კანონიერების შეფასება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით (სსკ-ის 420-ე მუხ.). ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი, გასაჩივრების შეზღუდვა არა მხოლოდ არსებით გადაწყვეტილებას, არამედ დავაზე მიღებულ სხვა განჩინებებსაც გულისხმობს და კრძალავს უზენაესი სასამართლოს მიერ არა მხოლოდ საკასაციო, არამედ კერძო საჩივრის განხილვის შესაძლებლობასაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მხარეს სააპელაციო სასამართლოს მიერ განემარტა განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების უფლების შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, რამდენადაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია კომპეტენცია, შეაფასოს გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის თაობაზე, სამართალწარმოების შედეგად სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში გასაჩივრების უფლების განმარტება, დამოუკიდებლად არ წარმოშობს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას, რამდენადაც განჩინების/გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობას ქმნის შესაბამისი ნორმატიული საფუძველი და არა სასამართლოს განმარტება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2123.9 მუხლით დადგენილია გასაჩივრების სპეციალური წესი, რომელიც იმპერატიულია, შესაბამისად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 3.1 მუხლის თანახმად, სავალდებულოა შესასრულებლად და არ განეკუთვნება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას. კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ფორმალური და არა შინაარსობრივი საკითხია. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანების შესაძლო უსწორობას არ ენიჭება მნიშვნელობა კერძო საჩივრის ფორმალური დასაშვებობის საკითხის შემოწმებისას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „...“-ის 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის დ. დ-ის წარმომადგენლების კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კერძო საჩივარზე 25.01.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის ოდენობით, შპს „...“-ის 50%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს დ. დ-ს (პ/ნ ...) სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.01.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2123 მუხლის მე-9 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“-ის 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის დ. დ-ის წარმომადგენლების კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;
2. კერძო საჩივრის ავტორს - შპს „...“-ის 50%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს დ. დ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 25.01.2022წ. საგადასახადო დავალებით 12469830168 გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე