ბს-142 (კს-22) 16 თებერვალი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ლ. ჯ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2021წ. განჩინებაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ლ. ჯ-მა 23.04.2021წ. განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.04.2021წ. განჩინებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ლ. ჯ-ის განცხადებაზე დადგენილ იქნა ხარვეზი, კერძოდ, განცხადება არ შეიცავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას, ასევე მითითებას განცხადების შეტანის ვადის დაცვასთან დაკავშირებით, სსკ-ის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ა" და გ" ქვეპუნქტებთან დაკავშირებით განმცხადებელს უნდა წარმოედგინა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, ასევე დაზუსტებას საჭიროებდა განმცხადებლის მოთხოვნა სსკ-ის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "დ" ქვეპუნქტთან მიმართებაში. განმცხადებელს განჩინების სამოტივაციო ნაწილში აღწერილი ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 (ათი) დღის ვადა. ლ. ჯ-მა ხარვეზის შევსების მიზნით 13.05.2021წ. და 17.05.2021წ. განცხადებებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.05.2021წ. განჩინებით, ლ. ჯ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 10 (ათი) დღით, ლ. ჯ-ს შესაბამისობაში უნდა მოეყვანა მის მიერ 2021 წლის 13 მაისსა და 17 მაისს წარმოდგენილი განცხადებები, უნდა დაეზუსტებინა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის რომელი ქვეპუნქტით ითხოვდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას, განმცხადებელს სსკ-ის 427-ე მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით უნდა მიეთითებინა ასევე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელება და წარმოედგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ განმცხადებლის მიერ დაცული იყო განცხადების შეტანის ვადა. იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას ითხოვდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითაც, უნდა წარმოედგინა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. ლ. ჯ-მა, 21.05.2021წ., 01.06.2021წ. და 11.06.2021წ. ხარვეზის შევსების მიზნით, განცხადებებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. ლ. ჯ-მა მოითხოვა საქმის წარმოების განახლება სსკ-ის 423-ე მუხლის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.06.2021წ. განჩინებით, ლ. ჯ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 10 (ათი) დღით. იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების განცხადება შეტანილ იქნა სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში ლ. ჯ-მა 22.06.2021წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.06.2021წ. წერილი და დოკუმენტის გასვლის ბარათი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.07.2021წ. განჩინებით, ლ. ჯ-ს განცხადება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის ნაწილში ცნობილ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველად, ლ. ჯ-ის განცხადება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის №3/7700-20 ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში ცნობილ იქნა დასაშვებად.
22.06.2021წ. ლ. ჯ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარადგინა კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თ. მ-ის განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.08.2021წ. განჩინებით, ლ. ჯ-ს 22.06.2021წ. კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა 07 (შვიდი) დღის ვადა განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, დაევალა სასამართლოსთვის წარმოედგინა წერილობითი ფორმით (ნაბეჭდი სახით) შედგენილი კერძო საჩივარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) ზუსტი დასახელებითა და ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოზე მითითებით, ასევე უნდა დაეზუსტებინა თუ გადაწყვეტილების (განჩინების) რა ნაწილი იყო გასაჩივრებული, რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების (განჩინების) უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა კერძო საჩივრის შემტანი პირი, უნდა მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ კერძო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს.
ლ. ჯ-მა 12.10.2021წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარადგინა კერძო საჩივარი, რომელშიც მიუთითა, რომ ასაჩივრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თ. მ-ის 11.06.2021წ. განჩინებას. კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თ. მ-ის ზეპირი განჩინებით მისი წერილობითი უარის მიუხედავად, მიმდინარე დახურული საქმის მასალები გადაეცა 2021 წლის 11 ივნისს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, რაც სცილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყოველგვარ ზღვარს
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 19.10.2021წ. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს ლ. ჯ-ს გაუგრძელდა კერძო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.08.2021წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 10 (ათი) დღით და დაევალა სასამართლოსთვის წარმოედგინა წერილობითი ფორმით (ნაბეჭდი სახით) შედგენილი კერძო საჩივარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) ზუსტი დასახელებითა და ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოზე მითითებით, ასევე უნდა დაეზუსტებინა თუ გადაწყვეტილების (განჩინების) რა ნაწილი იყო გასაჩივრებული, რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების (განჩინების) უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა კერძო საჩივრის შემტანი პირი, უნდა მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ კერძო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს.
03.12.2021წ. და 06.12.2021წ. ლ. ჯ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარადგინა იდენტური შინაარსის კერძო საჩივრები, სადაც აღნიშნულია, რომ გასაჩივრებულია მოსამართლე თ. მ-ის განჩინება საქმის მასალების ეთიკის კომისიისათვის გადაცემის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2021წ. განჩინებით ლ. ჯ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2021წ. განჩინება ლ. ჯ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. ლ. ჯ-მა მიუთითა, რომ მოსამართლე თ. მ-მა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლისა და არგუმენტაციის გარეშე საქმის მასალები გადასცა ადვოკატთა ეთიკის კომისიას, არაუფლებამოსილ ორგანოს. შესაბამისად, ეს განჩინება უკანონოა, იგი უნდა გაუქმდეს და საქმის მასალები სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. ჯ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
განსახილველ შემთხვევაში, ლ. ჯ-ი სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი კერძო საჩივრით ითხოვდა საქმის მასალების ადვოკატთა ეთიკის კომისიისათვის გადაცემის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თ. მ-ის მიერ მიღებული განჩინების გაუქმებას. აღნიშნულ კერძო საჩივარზე სააპელაციო პალატის მიერ დადგინდა ხარვეზი, თუმცა, ლ. ჯ-მა ვერ უზრუნველყო დადგენილი ხარვეზის გამოსწორება, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2021წ. განჩინებით ლ. ჯ-ის კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. ამასთან, ლ. ჯ-ს განემარტა განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში, ლ. ჯ-ი კერძო საჩივრით სადავოდ ხდის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 20.12.2021წ. განჩინებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა გამორიცხავს კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებელმა კერძო საჩივარზე ორსაფეხურიანი საქმის წარმოება დაადგინა, შესაბამისად, მისი განხილვა მთავრდება კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მხრიდან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კერძო საჩივართან დაკავშირებით დავის განხილვის ინსტანციურობაზე მითითება იმპერატიული ხასიათისაა და ამ სახის აღმკვეთ საპროცესო წესზე გავლენას ვერ იქონიებს მხარის მიერ საჩივრის ზემდგომ ინსტანციაში წარდგენა. ამასთანავე, სააპელაციო პალატის მიერ 20.12.2021წ. განჩინების მეორე პუნქტში გასაჩივრების უფლების განმარტება, დამოუკიდებლად არ წარმოშობს განჩინების გასაჩივრების უფლებამოსილებას, რადგან განჩინების/გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობას ქმნის შესაბამისი ნორმატიული საფუძველი და არა სასამართლოს განმარტება. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების სპეციალური წესი იმპერატიულია, შესაბამისად, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 3.1 მუხლის თანახმად, სავალდებულოა შესასრულებლად და არ განეკუთვნება სასამართლოს მიხედულების, მიზანშეწონილობის სფეროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ლ. ჯ-ის მიერ წარდგენილ კერძო საჩივართან დაკავშირებით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მისი დამატებითი გასაჩივრების შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ. ჯ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2021წ. განჩინების გაუქმების თაობაზე, დაუშვებლობის გამო, უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ჯ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2021წ. განჩინების გაუქმების თაობაზე, დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი