Facebook Twitter

№ბს-48(კს-22) 9 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე

კერძო საჩივრის ავტორი - გ. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - განჩინებებში დაშვებული უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის 11 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა გ. გ-ის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 08 მაისისა და 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებებში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ, ზემომითითებულ განჩინებებში გი. გ-ის ნაცვლად მიეთითოს გ. გ-ე.

2021 წლის 05 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა გ. გ-ის წარმომადგენელმა და დამატებით მოითხოვა №3ბ/173 ადმინისტრაციულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თარიღად 2007 წლის 26 ივნისის ნაცვლად მიეთითოს 2007 წლის 11 ივლისი.

2021 წლის 13 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა გ. გ-ის წარმომადგენელმა, რომელმაც დააზუსტა განცხადება და მოითხოვა: გასწორდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების თარიღად 2007 წლის 26 ივნისის ნაცვლად მიეთითოს 2007 წლის 11 ივლისი; ასევე, გასწორდეს №3ბ/1587-09 ადმინისტრაციულ საქმეზე 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და გი. გ-ის ნაცვლად მიეთითოს გ. გ-ე;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის განჩინებით გ. გ-ის წარმომადგენლის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინებასა და №3ბ/1587-09 ადმინისტრაციულ საქმეზე 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს დაევალა გაეფორმებინა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი ...ას ქ. თბილისში, ...ის ქ. №6-ში მდებარე შენობაზე და გაეცა ...ის სახელზე ქ. თბილისში, ...ის ქ. №6-ში მდებარე შენობაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა; ბ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 08 მაისის განჩინებით №3ბ/1732-07 ადმინისტრაციულ საქმეზე სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2008 წლის 08 მაისს მიღებული განჩინება არ გასაჩივრებულა; დ) 2009 წლის 6 იანვარს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, როგორც საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №161 დადგენილებით ლიკვიდირებული ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფლებამონაცვლემ, განცხადებით მიმართა სასამართლოს ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ; ე) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის განჩინებით №3/23-09 ადმინისტრაციულ საქმეზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე განახლდა წარმოება; ვ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით №23-09 საქმეზე ...ის წევრთა - გი. გ-ის, ც. ჯ-ის, ჯ. ჯ-ის მიერ აღძრული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; ზ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით №3ბ/1587-09 საქმეზე სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება; თ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინებით (საქმე №ბს-1658-1586(კ-09)), ...ის წევრების - გი. გ-ის, ც. ჯ-ისა და ჯ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინება; ი) 2012 წლის 10 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2009 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებაზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრება და განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინება, რომლითაც განხილულ იქნა სააპელაციო საჩივარი 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის განჩინებით გაუქმებულია, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2009 წლის 27 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილებით ...ის წევრთა - გი. გ-ის, ც. ჯ-ის, ჯ. ჯ-ის მიერ აღძრული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. 2012 წლის 10 სექტემბერს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2009 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებაზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია. აღნიშნული გარემოება უსაფუძვლოს ხდის განმცხადებლის მოთხოვნას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების ნაწილში, რამდენადაც აღარ არსებობს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სწორად აღსრულების მოტივი.

რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას №3ბ/1587-09 ადმინისტრაციულ საქმეზე 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორებასთან მიმართებით, პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანისათვის რაიმე ვადები გათვალისწინებული არ არის, შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს ეს შეუძლია გააკეთოს გადაწყვეტილების აღსრულების დამთავრებამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულებულია და უსწორობის გასწორებით შეუძლებელია რაიმე იურიდიული შედეგის მიღწევა, განმცხადებლის მოთხოვნა №3ბ/1587-09 ადმინისტრაციულ საქმეზე 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე ხანდაზმულია და აღარ არსებობს განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი;

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და განცხადება დაკმაყოფილდეს სრულად.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განჩინებებში უსწორობის გასწორების მოთხოვნის მთავარი საფუძველი არის იმავე მხარეებს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავა, რომელიც შეეხება უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის უკან დაბრუნებას და მიუღებელი შემოსავლისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. მიმდინარე დავის განხილვისთვის, არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია - იმავე მხარეებს შორის უკვე დასრულებული დავის ფარგლებში - კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 მაისის და 2009 წლის 12 ოქტომბრის (საქმეზე №3ბ/1587-09) განჩინებებში, სადაც არასწორად არის მითითებული მხარის სახელი, რაც დაბრკოლებას ქმნის დასახელებული გადაწყვეტილებების, როგორც მტკიცებულებების გამოყენების კუთხით. განჩინებებში, ტექნიკური ხარვეზის გასწორება, მართალია, არ ემსახურება აღსრულების მიზანს, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორც მტკიცებულება, სადაც პრეიუდიციულად არის დადგენილი მიმდინარე დავის ფარგლებში გამოსაკვლევი ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა ერთსა და იმავე მხარეებს შორის ადმინისტრაციული დავის ფარგლებში. სსსკ-ის 260-ე მუხლიდან გამომდინარე, არ არის შეზღუდვა მხოლოდ აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომის გასწორების შესახებ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უარი განჩინებებში დაშვებული უსწორობის გასწორებაზე, არის დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს, რადგან გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორება, მხოლოდ აღსრულების მიზნით არ არის შეზღუდული და მხარეს უნდა მიეცეს საშუალება, მის მიმართ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სხვა დავის ფარგლებში, როგორც მტკიცებულების გამოყენების საშუალება, მით უმეტეს, როდესაც დავა მიმდინარეობს ერთსა და იმავე მხარეებს შორის და შინაარსობრივად მიმდინარე დავის გადაწყვეტისთვის, უკვე დასრულებულ დავაზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს აქვს არსებითი მნიშვნელობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვს გასწორდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების თარიღად 2007 წლის 26 ივნისის ნაცვლად მიეთითოს 2007 წლის 11 ივლისი. ასევე მოითხოვს, გასწორდეს №3ბ/1587-09 ადმინისტრაციულ საქმეზე 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და გი. გ-ის ნაცვლად მიეთითოს გ. გ-ე.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს დაევალა გაეფორმებინა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი ...ას ქ. თბილისში, ...ის ქ. №6-ში მდებარე შენობაზე და გაეცა ...ის სახელზე ქ. თბილისში, ...ის ქ. №6-ში მდებარე შენობაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 08 მაისის განჩინებით №3ბ/1732-07 ადმინისტრაციულ საქმეზე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა განჩინებაში მითითებულია, რომ ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის განჩინებით №3/23-09 ადმინისტრაციულ საქმეზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე განახლდა წარმოება, ხოლო 2009 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ...ის წევრთა - გი. გ-ის, ც. ჯ-ის, ჯ. ჯ-ის მიერ აღძრული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით №3ბ/1587-09 საქმეზე სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სააპელაციო პალატამ გ. გ-ის განცხადება არ დააკმაყოფილა რამდენიმე საფუძვლით - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინება გაუქმებულია და არ არსებობს მისი აღსრულების მოტივი, ხოლო რაც შეეხება 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებას, უსწორობის გასწორებით შეუძლებელია რაიმე იურიდიული შედეგის მიღწევა და ამასთან მოთხოვნა, განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე ხანდაზმულია.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი არ შეიცავს რაიმე დათქმას გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორების დროს გათვალისწინებული იქნეს გაუქმებულია ან/და აღსრულებულია თუ არა ეს გადაწყვეტილება. აღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია განჩინებით დაშვებული ისეთი უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე, რომელიც არსებითად არ ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. ამასთან, მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნეს, რომ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების მთავარი საფუძველი არის მხარის დარღვეული უფლება, რაც ამ უსწორობით მიადგა მას. შესაბამისად, აღსრულებულია თუ არა გადაწყვეტილება, ან გაუქმებულია თუ არა იგი, მნიშვნელობას იძენს მხარის ნამდვილი ინტერესის გათვალისწინებით, ანუ თუ მხარისათვის იურიდიული შედეგის მომტანია გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, აღნიშნულზე არ შეიძლება მას უარი ეთქვას მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება გაუქმებულია ან აღსრულებულია.

განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ განჩინებებში უსწორობის გასწორების მოთხოვნის მთავარი საფუძველი არის იმავე მხარეებს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავა, რომელიც შეეხება უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის უკან დაბრუნებას და მიუღებელი შემოსავლისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. მიმდინარე დავის განხილვისთვის, არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია იმავე მხარეებს შორის უკვე დასრულებული დავის ფარგლებში, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 მაისის და 2009 წლის 12 ოქტომბრის (საქმეზე №3ბ/1587-09) განჩინებებში, სადაც არასწორად არის მითითებული მხარის სახელი, რაც დაბრკოლებას ქმნის დასახელებული გადაწყვეტილებების, როგორც მტკიცებულებების გამოყენების კუთხით.

გათვალისწინებით იმ გარემოებისა, რომ ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ საქმეზე წარმოება დასრულდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინებით, რომლითაც ...ის წევრების - გი. გ-ის, ც. ჯ-ისა და ჯ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინება, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო გამოეკვლია, რამდენად ჰქონდა განმცხადებელს იურიდიული ინტერესი გასწორებულიყო დაშვებული უსწორობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინებასა და 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაში. თუ გ. გ-ის მიერ მოთხოვნილი საკითხი არ და ვერ ხელყოფს მის რაიმე მატერიალურ-პროცესუალურ უფლებას, რადგან მისი მიზანი მიღწევადია ზემოდასახელებულ განჩინებებში უსწორობის გასწორების გარეშეც, შესაბამისად, მას ვერ ექნება ნამდვილი იურიდიული ინტერესი წარმოდგენილი მოთხოვნების მიმართ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ განჩინებებში უსწორობის გასწორებას მოჰყვება გ. გ-ის უფლების გაუმჯობესება, სათანადო საფუძვლების არსებობის პირობებში, სასამართლოს შეუძლია დააკმაყოფილოს განცხადება, მიუხედავად იმისა, განჩინება გაუქმებული ან აღსრულებულია თუ არა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა, ხოლო 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ამ განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. გ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. აბუსერიძე