Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1200(გ-21) 23 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა ნ. ლ-ის, გ. გ-ის, მ. ბ-ის და ლ. ბ-ის სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და მცხეთის რაიონულ სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 4 ოქტომბერს, ნ. ლ-მა, გ. გ-ა, მ. ბ-მა და ლ. ბ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ... N34-ში (ზონა - მცხეთა, სექტორი - ...ი) მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...) საკუთრების უფლების რეგისტრციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 7 ივნისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით აღნიშნული სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, სარჩელი ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც იურიდიული პირის მიმართ წარედგინება იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც არის ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს საერთო განსჯადობას და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის საფუძველზეც სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.

სასამართლოს განმარტებით, ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის თანახმად, იმ კატეგორიის დავების განხილვა, რომელიც უძრავ ქონებას ან ადგილთან მიბმულ უფლებას ეხება, მიეკუთვნება იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც იმყოფება მოცემული ქონება ან მოცემული ადგილი. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეების მოთხოვნას კი, წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 7 ივნისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საქმის მასალებით დგინდება, რომ სადავო რეგისტრაცია განხორციელდა მცხეთის რაიონში, ...ში, ... N34-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ზონა - მცხეთა, სექტორი - ...ი). ამდენად, წარმოდგენილი სარჩელიდან და სასარჩელო მოთხოვნის ანალიზიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სადავოა იმ აქტის კანონიერების საკითხი, რომელიც მიღებულია მცხეთაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება. საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ უძრავი ნივთი, რომლის სამართლებრივ მდგომარეობასაც ეხება დავა, მდებარეობს მცხეთაში (ზონა - მცხეთა, სექტორი - ...ი).

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა, ასევე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობა განისაზღვრება კანონით. "რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის N3 დადგენილებით განისაზღვრა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის, 23-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 28-ე მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. აღნიშნული დადგენილების მე-14 მუხლის თანახმად, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ აღძრულ სარჩელებზე გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესები და სარჩელის განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უნდა მოხდეს სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. ამდენად, ნ. ლ-ის, გ. გ-ის, მ. ბ-ის და ლ. ბ-ის მიერ აღძრულ სარჩელზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენს მცხეთის რაიონული სასამართლო (სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას მხედველობაში მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინება, საქმე ბს-715-711 (გ-17)).

მცხეთის რაიონული სასამართლო არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს და 2021 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი თავისი ხასიათით, შინაარსითა და იურიდიული ბუნებით არის ზოგადი და ამავე დროს იმპერატიული ნორმა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად ადგენს განსჯად საერთო სასამართლოს ტერიტორიული ნიშნის, ანუ მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამასთან, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს განსაკუთრებულ განსჯადობას და რომლის საფუძველზეც, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის თანახმად, იმ კატეგორიის დავების განხილვა, რომელიც უძრავ ქონებას ან ადგილთან მიბმულ უფლებას ეხება, მიეკუთვნება იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც იმყოფება მოცემული ქონება ან მოცემული ადგილი.

,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის N3 დადგენილების მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განსაზღვრულია მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ Nბს-715-711(გ-17) საქმეზე სუს 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინების მხედველობაში მიღებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ აღძრულ სარჩელებზე გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესები და სარჩელის განსჯადი სასამართლო უნდა განისაზღვროს სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. ამავდროულად, რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ დავა წარმოადგენს მცხეთის რაიონული სასამართლოს განსჯადს, ვინაიდან სადავო ქონება არ არის მოქცეული მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთეულის საზღვრებში. კერძოდ, რაიონული სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება დაეფუძნა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 25 ოქტომბრის N... წერილს, რომლის თანახმად, სადავო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის გეოდეზისა და კარტოგრაფიის სამსახურის სახელმწიფო გეოდეზიურკარტოგრაფიულ ფონდში დაცული ქალაქ თბილისის გრაფიკული ადმინისტრაციული საზღვრის მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 27 დეკემბრის N4173-რს დადგენილებით, მდებარეობს ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული დავა განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. შესაბამისად, არსებობს განსჯადობის შესახებ დავის დაწყების და აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის მიზნით, საქმის საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაგზავნის საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინებებს და მიჩნევს, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. ამასთან, მითითებული მუხლით გათვალისწინებულ სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვებაში იგულისხმება სასამართლოებს შორის დავა არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც წესი, სარჩელი, საერთო პრინციპის თანახმად, წარედგინება იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო. ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი მომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლიდან და მდგომარეობს შემდეგში: სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამრიგად, მითითებული მუხლის საფუძველზე, საერთო წესის მიხედვით, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო.

საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ. მაგ.: Nბს-715-711(გ-17) საქმეზე სუს 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინება) და მიიჩნევს, რომ მოცემული სარჩელის განსჯად სასამართლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიჩნევის შესაძლებლობა არ უნდა დაუკავშირდეს მხოლოდ მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადგილმდებარეობას და გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესები - სარჩელის განსჯადი სასამართლო უნდა განისაზღვროს სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობის და ოპერატიულობის, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიული დაყოფის მიზნები, კონკრეტული დავის თავისებურებები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. ამდენად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. აღნიშნული პრინციპიდან განდგომა გამონაკლისის წესით, სასამართლოებს შორის თანაზომიერი დატვირთვის მოსაზრებიდან და საჯარო რეესტრის ორგანიზაციული მოწყობიდან გამომდინარე, დაშვებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი რეგიონალური ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე, რომელთა მიმართ გამოიყენება ნივთობრივი განსჯადობის წესები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთს, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, სარჩელის მიზნის გათვალისწინებით, განსჯადი სასამართლო შეიძლება განისაზღვროს სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის შიდა ორგანიზაცია ხასიათდება მის სტრუქტურებს შორის მყარი ურთიერთკავშირით, რომელიც ქმნის სტრუქტურის ერთიანობას. საჯარო რეესტრის ორგანიზაციული სტრუქტურის ცალკეულ ერთეულებად დაყოფა, დიფერენციაცია ტერიტორიულ ორგანოებზე განპირობებულია მომსახურების ხელმისაწვდომობის, რაციონალური დატვირთვის, საქმიანობის ეფექტურობისა და სხვა მოსაზრებებით. ამდენად, წარდგენილ განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოების ჩატარებას და შემდგომში აქტის გამოცემას ახდენს არა უშუალოდ სააგენტო, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, სწორედ ტერიტორიულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევა, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დათვალიერება, მეზობელთა გამოკითხვა და სხვ.. ამდენად, ზოგადი წესის თანახმად, დავის განსჯადობის საკითხი არ წყდება სააგენტოს ადგილმდებარეობის მიხედვით, თუმცა განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გამომცემ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისში მდებარე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ მოქმედებს ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით, სააგენტო ქ. თბილისის ტერიტორიაზე თავად ახორციელებს თავის ფუნქციებს, რეგიონული ოფისების და ფილიალების ჩარევის გარეშე, აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის N134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-6 მუხლის მეორე პუნქტი, რომელიც სააგნეტოს ტერიტორიულ სამხასახურებს შორის არ ასახელებს ქ. თბილისში სააგენტოს უფლებამოსილებების განმახორციელებელ სპეციალურ ტერიტორიულ ორგანოს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილების 30-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განსაზღვრულია თვითმმართველი ქალაქის - მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით. ამავე გადაწყვეტილების მე-20 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით.

საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე სადავოდ ხდის ... N34-ში (ზონა - მცხეთა, სექტორი - ...ი) მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 7 ივნისის N... გადაწყვეტილებას. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, თავის ფუნქციებს ახორციელებს უშუალოდ, ტერიტორიული სამსახურების ან ავტორიზებული პირების მეშვეობით. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის N134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-6 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებია რეგიონული ოფისები და ფილიალები, რომლებიც, ამავე დებულების 30-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ნორმატიულად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ასრულებენ სააგენტოს ფუნქციებს.

„ქალაქ თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 27 დეკემბრის N4173-რს დადგენილებით საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს მცხეთის რაიონში, ...ში, მოქცეულია თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში. აღნიშნულს ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილიც. კერძოდ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 25 ოქტომბრის წერილით მცხეთის რაიონულ სასამართლოს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის სახლმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში დაცული, საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 27 დეკემბრის N4173-რს დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის გრაფიკული ადმინისტრაციული საზღვრის მიხედვით, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში. წერილს ერთვის ფრაგმენტი ორთოფოტოგეგმიდან, შესაბამისი საკადასტრო კოდის მქონე ნაკვეთის ჩვენებით.

ამდენად, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ როგორც უძრავი ნივთის ასევე მოპასუხის ადგილმდებარეობა მოცულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიით, რის გამოც, დავა ტერიტორიულად სწორედ მისი ქვემდებარეა. კერძოდ, სადავო უძრავი ნივთი მდებარეობს ქ. თბილისში და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს წარმოადგენს არა სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, არამედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში და ამ ტერიტორიაზე თავად ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს, რეგიონალური ოფისების და ფილიალების დახმარების გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. ლ-ის, გ. გ-ის, მ. ბ-ის და ლ. ბ-ის სარჩელი არსებითი განხილვისათვის უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მეორე მუხლის პირველი ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ლ-ის, გ. გ-ის, მ. ბ-ის და ლ. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე