Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1260(2კ-20) 01 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. გ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 18 იანვარს გ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 15 ივნისს მამის - შ. გ-ის სახელზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ გაცემულ იქნა №23/484 საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა ქ. თბილისში, ... ...ში მდებარე სააგარაკე-საცხოვრებელ კოტეჯზე, საერთო ფართით 104 კვ.მ. მოსარჩელემ აღნიშნული უძრავი ქონება 2009 წელს მიიღო მემკვიდრეობით. მითითებული ქონების საკუთრებაში მიღების შემდეგ არ განუხორციელებიათ აღნიშნული სახლის რეკონსტრუქცია. 2018 წლის 6 ნოემბრის აზომვითი ნახაზით დადგინდა, რომ შენობა და მის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენდა 172კვ.მ-ს, ნაცვლად-104 კვ.მ-ისა.

2018 წლის 16 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, რაზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიზანშეუწონლად მიიჩნია ... ...ში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართზე, საკადასტრო კოდი: №..., ცვლილების რეგისტრაცია. აღნიშნული ფაქტი მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომლის 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელემ სადავოდ გახადა შემდეგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 მაისის №7/25861 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც უარი ეთქვა საჯარო რეესტრში წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით საკუთრების უფლების მოწმობით განკარგული სააგარაკო კოტეჯის საკადასტრო მონაცემების ცვლილებაზე; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 მაისის №6/28228 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც უარი ეთქვა სააგარაკო კოტეჯის ფართის დაზუსტებასა და ახალი საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის №6/36521 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა შენობის ფართის - 66 კვ.მეტრის და მიწის ნაკვეთის საერთო ფართის - 1184 კვ.მეტრის პრივატიზებაზე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 17 დეკემბრის №1-1/592 ბრძანება ,,ფიზიკური პირის გ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’. მოსარჩელე ასევე ითხოვდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დავალებოდა გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი №..., ცვლილების რეგისტრაციის შესახებ; ასევე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დავალებოდა, გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარე 1184 კვ.მ. მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 17 დეკემბრის №1-1/592 ბრძანება ,,ფიზიკური პირის გ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 მაისის №6/28228 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 მაისის №6/28228 გადაწყვეტილება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. გ-ის მიერ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 17 დეკემბრის №1-1/592 ბრძანება ,,ფიზიკური პირის გ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 მაისის №6/28228 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში, სააგარაკო კოტეჯის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 მაისის №6/28228 გადაწყვეტილება სააგარაკო კოტეჯის ნაწილში. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სააგარაკო კოტეჯის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 სექტემბრის განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და დაემატა 11 პუნქტი, რომლითაც ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება 2018 წლის 18 მაისის №6/28228 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 17დეკემბრის №1-1/592 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება გ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო და არ შეაფასა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის სამართლებრივი ბუნება. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, (1998- 2007 წლებში მოქმედი რედაქცია) პრივატიზება არის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ან მათი გაერთიანების მიერ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველის ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა კანონით დადგენილი წესით. სახელმწიფო ქონების პრივატიზების კონკრეტული ფორმით განხორციელებისას მყიდველსა და გამყიდველს შორის იდებოდა წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც რთულ წერილობით ფორმას საჭიროებდა (1998 წლის 12 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) ხელშეკრულებაში შეიტანებოდა ცნობები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ, ქონების დასახელება და ფასი, მხარეთა მისამართები, მყიდველის ვალდებულები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ. შესაბამისად, მხარეთა მიერ ნების გამოვლენის მიზნით შეთანხმებული არსებითი პირობები განისაზღვრებოდა ხელშეკრულებით, რაც მოცემულ შემთხვევაში ჩამოყალიბებულია 1998 წლის 30 იანვრის N5/295 საიჯარო ხელშეკრულებაში, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულების საგანს შეადგენდა დაბა ...ში მდებარე ... სააგარაკო-საცხოვრებელი კოტეჯი, 104 კვ.მ საერთო ფართით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მნიშვნელოვნად არ მიიჩნია ის გარემოება, რომ საიჯარო ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა კოტეჯი, საერთო ფართით 104 კვ.მ. და ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების გარეშე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა აქტის გამოცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობაში სააგარაკე კოტეჯის ნაწილში ცვლილების შეტანის მიზნით.

მეორე კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტებით, სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა ის გარემოება, რომ საკუთრების უფლების მოწმობით სახელმწიფოს მიერ განკარგული იყო მხოლოდ 104 კვ.მ ფართი, ხოლო კოტეჯის შენობაში არსებული დამატებითი 66 კვ.მ ფართისა და მიწის ნაკვეთის განკარგვის თაობაზე მოწმობა ინფორმაციას არ შეიცავს. ასეთ შემთხვევაში სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას მხარეს მიაკუთვნოს ის, რაც დოკუმენტურად არ არის დადასტურებული ან რაზეც არ არსებობს შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა პრივატიზაციის წესით მის საკუთრებაში არსებული დაბა ...ში სააგარაკო ... კოტეჯის (104 კვ.მ.) 66 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართისა და 104 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, ასევე 1184 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, რომელიც მისი კოტეჯის ღობის შიგნით იყო მოქცეული, საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული ინტერესის დაკმაყოფილება შეუძლებლად იქნა მიჩნეული სადავო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 მაისის №6/28228, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რაც უცვლელად დარჩა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 17 დეკემბრის N1-1/592 ბრძანებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე მხოლოდ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში, კერძოდ, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე - მხოლოდ სააგარაკო კოტეჯის 66 კვ.მ. ფართის ნაწილში.

1997 წლის 30 მაისის ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენდა მოქალაქეების, მათი გაერთიანებების, ასევე არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის პროცესის უზრუნველყოფა და სამართლებრივად მოწესრიგება. აღნიშნული კანონის 1.1 მუხლით „პრივატიზება“ განმარტებული იყო, როგორც ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-2 თავი განსაზღვრავდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების წესსა და ფორმას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ 2007 წლის 15 ივნისს ფიზიკური პირის - შ. გ-ის სახელზე გაცემულ იქნა №23/484 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლის თანახმად, შ. გ-ს საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ... ...ში მდებარე ... სააგარაკო-საცხოვრებელი კოტეჯი, საერთო ფართით - 104 კვ.მეტრი.

2009 წლის 25 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ...ი ...ი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 104.00კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: სააგარაკო კოტეჯი ..., შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 104.00 კვ.მეტრი, 2007 წლის 15 ივნისის №23/484 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, 2009 წლის 25 დეკემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია შ. გ-ის სახელზე.

საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 8 მაისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით ასევე დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ი ...ი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 104.00კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: სააგარაკო კოტეჯი ..., შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი:104.00კვ.მეტრი, 2010 წლის 8 იანვრიდან 2009 წლის 30 დეკემბრის №... სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღირიცხა გ. გ-ის სახელზე.

2018 წლის 16 აპრილს გ. გ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია.

2018 წლის 25 აპრილს გ. გ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლების მოწმობით გათვალისწინებული სააგარაკო კოტეჯის ფართის (104.00 კვ.მეტრი) დაზუსტების ან/და ახალი საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მოთხოვნით დამატებით 66 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართზე და 104 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 მაისის №6/28228 წერილით გ. გ-ს ეცნობა, რომ, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ 2007 წლის 15 ივნისს №23/484 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე შ. გ-ის სახელზე პრივატიზებულ იქნა ...ში მდებარე ... საცხოვრებელი სააგარაკო კოტეჯი, საერთო ფართით 104.00 კვ.მეტრი, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა.

2018 წლის 3 ივლისს გ. გ-მა №11435/21 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 მაისის №6/28228 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 17 დეკემბრის №1-1/592 ბრძანებით გ. გ-ის 2018 წლის 03 ივლისის №11435/21 ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 მაისის №6/28228 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ - ქონების სააგენტო).

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილების მე-5 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს თავმჯდომარე პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებისათვის სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში. ამავე დებულებით განსაზღვრულია სააგენტოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციები, კერძოდ, მე-8 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს პრივატიზებული ან/და სახელმწიფო ქონების ფართობის დაზუსტებასა და სახელმწიფო ქონების ფართობის უცვლელად საკადასტრო საზღვრების კორექტირებასთან, ასევე ქონების თანასაკუთრებად რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებების განხილვა, წინადადებების მომზადება და მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელია კასატორების განმარტება, რომ საკუთრების უფლების მოწმობაში მითითებულია მხოლოდ ... სააგარაკე-საცხოვრებელი კოტეჯი 104 კვ.მ. ფართით და მასში არაფერია ნათქვამი ფაქტობრივად კოტეჯის შემადგენელ ნაწილზე, არასაცხოვრებელ დამხარე ფართებზე, კერძოდ, შემინულ შუშაბანდსა და კიბის უჯრედზე (საერთო ფართი 66 კვ.მ.), რის გამოც ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გ. გ-ის განცხადების განხილვისას არ შეუფასებია ის გარემოება, რომ სააგარაკე კოტეჯში არსებული არასაცხოვრებელი ფართი, კერძოდ, შემინული აივანი და კიბის უჯრედი (66 კვ. მ ფართი) არის კოტეჯის განუყოფელი ნაწილი და იგი არ არის ცალკე დამოუკიდებელი შენობა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია 2008 წლის 15 სექტემბრის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის თანახმად, შენობის ფართი შეადგენს 169.9კვ.მ. ამასთან, მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოებაც, რომ გ. გ-ის მამკვიდრებლისათვის საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის დროს საცხოვრებელ ფართში არ შედიოდა არასაცხოვრებელი დამხმარე ფართები, მათ შორის, აივანი, საპირფარეშო, კიბის უჯრედი და ა.შ. და შესაბამისად, საკუთრების უფლების მოწმობაში ვერ მოხდებოდა მათი ასახვა. საქმეში მტკიცებულების სახით ასევე წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 29 მარტის №002142919 დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ქ.თბილისში, ... ...ში, საკადასტრო კოდის მქონე №... მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა - კოტეჯი ... ერთ სართულიანია. შენობის შიდა საერთო ფართი, ოთახების განლაგება, კონფიგურაციაა და მათი გაბარიტული ზომები შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილ შენობის შიდა აზომვით ნახაზზე დატანილ მონაცემებს, ... კოტეჯის კონსტრუქციული ნაწილი ნაშენია შერეული სამშენებლო მასალით, შენობას გააჩნია ღია ვერანდა - აივანი 17,43 კვ.მეტრი ფართის, შენობის საერთო რეალური ფართი, ღია აივნის ჩათვლით, შიდა აზომვითი მონაცემებით, შეადგენს 137,27კვ.მეტრს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება სააგარაკო კოტეჯის ნაწილში მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ უნდა შემოიფარგლოს ზოგადი განმარტებებით, ყველა მისი დასკვნა უნდა ემყარებოდეს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე შესწავლილ და გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც შესაძლებელს გახდის შემოწმდეს, ადმინისტრაციული ორგანოს უარი შეესაბამება თუ არა მოქმედ კანონმდებლობას. ზაკ-ის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ იქნა დაცული კანონმდებლობის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათი შეფასების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასკ-ის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

ამდენად, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სადავო საკითხი გამოიკვლიოს ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, მათ შორის, საქმის გარემოებების ადგილზე შესწავლის გზით, დაინტერესებული მხარეების, მოწმეებისა და ექსპერტიზის დასკვნების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებებზე დაყრდნობით. საკასაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 17 დეკემბრის №11/592 ბრძანებასთან მიმართებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე