Facebook Twitter

№ბს-563(კ-20) 10 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ო-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 27 თებერვალს ნ. ო-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ „მობილობის შეუძლებლობის გამო ნ. ო-ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის №75 ბრძანების ბათილად ცნობა, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ნ. ო-ის თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების უფროსის პოზიციაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და თელავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის, 2018 წლის იანვრიდან - სამსახურში აღდგენამდე, ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, ნ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის №75 ბრძანება „მობილობის შეუძლებლობის გამო ნ. ო-ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ“; თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ო-ის თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (იმჟამად - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე; თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ო-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურება 2018 წლის 30 იანვრიდან სამსახურში მის აღდგენამდე.

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ ნ. ო-ე არ წარმოადგენდა მობილობას დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეს. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ მობილობისათვის, კანონით დადგენილი არც ერთი კრიტერიუმი მოსარჩელის შემთხვევაში არ არსებობდა, კერძოდ, არ მომხდარა თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია/გაუქმება, ასევე, არ მომხდარა საშტატო ერთეულის გაუქმება ან შემცირება და არ არსებობდა მოსარჩელის თანხმობა მობილობასთან დაკავშირებით. საშტატო ერთეული იგივე ფუნქციური დანიშნულებით ისევ არსებობდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში. ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ, წარმოადგენდა თელავის მუნიციპალიტეტის საშტატო ერთეულს და სახელწოდება ჰქონდა შეცვლილი, არ ნიშნავდა, რომ საშტატო ერთეული იქნა გაუქმებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციის თანახმად, მოსარჩელის მობილობის საჭიროება გამოწვეული იყო თვითმმართველი თემის - თელავის მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის თელავის მუნიციპალიტეტების გაერთიანებით, რომელთაც გარდაუვლად შეიქმნა თანამშრომელთა შემცირების აუცილებლობა. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოებს უნდა გაეთვალისწინებინათ აღნიშნული გარემოება. ნ. ო-ე სამსახურიდან გათავისუფლდა, რადგან მისი თანამდებობა აღარ არსებობდა, ხოლო ახალ საშტატო ერთეულზე გადაყვანისთვის, ვერ აკმაყოფილებდა შესაბამის მოთხოვნებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის ძირითად საგანს - ნ. ო-ის მობილობის შეუძლებლობის გამო რეზერვში ჩარიცხვის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას იმის შესახებ, რომ ნ. ო-ე მობილობას დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეს არ წარმოადგენდა, თუმცა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების შედეგს - ნ. ო-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის №987-IIს დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, თვითმმართველი ქალაქი თელავი და თელავის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − თელავის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი თელავი. დადგენილება ამოქმედდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების დანიშვნის დღეს.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ 26.07.2017 წ. საქართველოს ორგანული კანონის 2.3 მუხლის მიხედვით განისაზღვრა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ არჩეულმა მუნიციპალიტეტების მერებმა/საკრებულოების თავმჯდომარეებმა საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით უზრუნველყონ 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საჯარო მოსამსახურეთა მობილობის წესით გადაყვანა 2017 წელს შექმნილ შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში. 2.4 მუხლის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, საქართველოს პარლამენტის 2017 წლის დადგენილებით შექმნილი მუნიციპალიტეტების (თვითმმართველი თემების) საკრებულოების მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღებამდე ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე მოქმედებს იმ თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა გაერთიანების შედეგადაც შეიქმნა ახალი მუნიციპალიტეტები. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103.3 მუხლის თანახმად, შერწყმა არის ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ 7.1 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა გულისხმობს ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანებას, რაც მოცემულ შემთხვევაში ცალსახად სახეზეა.

ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015 წ. კანონმა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისას, საჯარო სამსახურის სტაბილურობისა და მოხელეთა უფლებრივი მდგომარეობის განსამტკიცებლად შემოიტანა მობილობის ინსტიტუტი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-12 მუხლით გაწერილია მობილობის პროცედურები.

რაც შეეხება, მუნიციპალიტეტების შერწყმის შედეგად განსახორციელებელ მობილობის წესსა და პროცედურებს, მობილობის პროცესში მოხელეთა შეფასების მნიშვნელობასა და ტოლფას ვაკანტურ პოზიციაზე საუკეთესოს შერჩევის პრინციპის დაცვით სათანადო კანდიდატურის განსაზღვრის საკითხს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის №ბს-139(4კ-19) გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებსა და განმარტებებზე და განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ მობილობის პროცედურის არსებითი დარღვევით გამოსცა 2018 წლის 30 იანვრის №75 ბრძანება „მობილობის შეუძლებლობის გამო ნ. ო-ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე კომპენსაციის გაცემის შესახებ“.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 12 აგვისტოს №28 ბრძანებით ნ. ო-ე დაინიშნა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის განყოფილების უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლად. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 12 თებერვლის №181 ბრძანებით ნ. ო-ე დაინიშნა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის განყოფილების უფროსის პოზიციაზე. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 29 ივნისის №568 ბრძანებით, 2015 წლის 12 თებერვლის №181 ბრძანებაში შეტანილი იქნა ცვლილება და ნ. ო-ის თანამდებობის დასახელება ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: განყოფილების უფროსი- მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №51 განკარგულებით დამტკიცდა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხა, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის თანამდებობა განისაზღვრა - განყოფილების უფროსი, - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მეორე რანგი. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №13 განკარგულებით დამტკიცდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №28 განკარგულებით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №13 განკარგულებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ" შეტანილი იქნა ცვლილება დანართის შესაბამისად. აღნიშნული განკარგულების შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური ჩამოყალიბდა სამი განყოფილებით: 1) მოქალაქეთა მომსახურების, საქმისწარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება, რომელიც განისაზღვრა 16 საშტატო ერთეულით, მათ შორის - მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1 საშტატო ერთეულით; 2) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება, რომელიც განისაზღვრა 3 საშტატო ერთეულით, მათ შორის - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მეორე რანგი - 1 საშტატო ერთეულით; 3) მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება, რომელიც განისაზღვრა 34 საშტატო ერთეულით, მათ შორის - განყოფილების უფროსი - მეორე რანგი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - 1 საშტატო ერთეულით.

2017 წლის 28 ნოემბრის აქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა გაუქმებულ მუნიციპალიტეტების მერიის და გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელეების ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მობილობის მიზნით განახორციელა გასაუბრება პროფესიულ საჯარო მოხელეებთან. აქტის თანახმად, მერის გადაწყვეტილებით, თელავის მუნიციპალიტეტის მოქმედი საშტატო ნუსხის რაოდენობიდან გამომდინარე და შესაბამისი კომპეტენციების და უნარების არქონის გამო ნ. ო-ის მიმართ ვერ განხორციელდა მობილობა, რადგან მისი სამუშაო უნარები ვერ აკმაყოფილებს მისი პოზიციის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის №75 ბრძანებით მობილობის შეუძლებლობის გამო გაუქმებული თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის განყოფილების მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ნ. ო-ე ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით და მიეცა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 თებერვლის წერილით ნ. ო-ეს ეცნობა, რომ მობილობის პროცესის დასრულების შემდგომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოცხადდა ღია საჯარო კონკურსი შტატით გათვალისწინებულ 43 ვაკანსიაზე, მათ შორის - ...ის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების უფროსი დაინიშნა 2018 წლის 08 თებერვალს.

ამდენად, უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ თანამდებობა, რომელიც ეკავა მოსარჩელეს, არსებობდა უწყებაში და მის დასაკავებლად კონკურსი იქნა გამოცხადებული, რის გამოც ცალსახად დაუსაბუთებელია სადავო გადაწყვეტილება მოსარჩელის მობილობის შეუძლებლობის გამო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ. ასევე დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მითითება დაკავებულ თანამდებობაზე ნ. ო-ის კომპეტენციის და უნარ-ჩვევების არქონასთან დაკავშირებით, ვინაიდან, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 18 მარტის №494 ბრძანებით, დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისათვის მოსარჩელე წახალისებული იქნა ფულადი პრემიით. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. ამასთან, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პოზიციებზე დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგად ნ. ო-ეს მიეცა შეფასება - კარგი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ო-ის სარჩელი არის საფუძვლიანი და ცალსახად არსებობდა მისი სრულად დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს სამოტივაციო ნაწილის გაუზიარებლობისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ბ. სტურუა