Facebook Twitter

№ბს-489(კ-20) 10 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ. ო-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ეროვნული ბანკი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 16 მაისს ჯ. ო-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ.

მოსარჩელემ ,,ინდ. მეწარმე ჯ. ო-ის (რეგისტრაციის №...) ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 24 აპრილის №376-1კ განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით, სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ო-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინებით ჯ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ჯ. ო-ე 2004 წლიდან იყო ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული, საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირებული ჰქონდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რეგისტრაციის №...). საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 23 მარტის №237-1კ განკარგულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტირების განყოფილების წამყვან სპეციალისტს და ამავე განყოფილების მთავარ სპეციალისტს დაევალათ შეემოწმებინათ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მოთხოვნების შესრულება. შემოწმების პერიოდი განისაზღვრა 2014 წლის პირველი ივლისიდან - 2017 წლის 27 მარტამდე.

ინდ. მეწარმე ჯ. ო-ის (რეგისტრაციის №...) 2017 წლის 21 აპრილის №325-1კ შემოწმების აქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტში დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები: 1. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის 53 ფაქტი, რისთვისაც საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 24 აპრილის №376-1კ განკარგულებით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №153/04 ბრძანების საფუძველზე, თითოეული დარღვევის ფაქტის გამო დაეკისრა ფულადი ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 5 300 (ხუთი ათას სამასი) ლარი. 2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის 53 ფაქტი და მითითებული ნორმების საფუძველზე, თითოეული დარღვევის ფაქტის გამო ჯ. ო-ეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 24 აპრილის №376-1კ განკარგულებით დაეკისრა ფულადი ჯარიმა, 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 5 300 (ხუთი ათას სამასი) ლარი. აღნიშნული შემოწმების შედეგად, ჯ. ო-ის ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით - 10 600 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ინდ. მეწარმე ჯ. ო-ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების აქტში და სადავო განკარგულებაში მითითებულ 53 შემთხვევაში, თითოეული გარიგება განხორციელებული იყო ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონმდებლობით დადგენილი ორი იმპერატიული მოთხოვნის დარღვევით. კერძოდ, დაირღვა იდენტიფიკაციის დადგენილი წესი და ამავე 53 შემთხვევაში, ასევე დარღვეული იყო - მონიტორინგის პროცესის ინფორმაციის აღრიცხვასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ო-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს სასამართლოში არ წარმოუდგენია ჯ. ო-ის მიერ კანონის დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქმეში არ არსებობს იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ მოსარჩელემ დაარღვია სადავო განკარგულებაში მითითებული კანონის ნორმები. განკარგულებაში მითითებული ვალდებულებები არ ეკისრებოდა ჯ. ო-ეს, ვინაიდან მას არ განუხორციელებია 3000 ლარზე დიდი თანხის ოპერაცია. თავად შემმოწმებელმა გაურკვეველ ვარაუდებზე დაყრდნობით გადაწყვიტა განხორციელებული ოპერაციების გაერთიანება, რასაც მოჰყვა მოსარჩელის დაჯარიმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. ო-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკის ფუნქციაა საფინანსო სექტორის ზედამხედველობა, ხოლო, 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ზედამხედველობას ახორციელებს მხოლოდ ყალბი ფულის მიმოქცევის აღსაკვეთად და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, მინიმალური მოთხოვნების დადგენის და სანქციების დაკისრების გზით.

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია „საქართველოს კანონი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, 30 ოქტომბერი 2019 წ. №5226-Iს) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

მითითებული კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონიტორინგი არის - ამ კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების (მათ შორის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები (მუხლი 3.ა.)) მიერ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.

ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში). აღნიშნული პირი ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ვალდებულია აღრიცხოს/შეინახოს გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც (რომლებიც) შეეხება: ა) გარიგების (ოპერაციის) შინაარსს; ბ) გარიგების დადების თარიღსა და ადგილს, აგრეთვე გარიგების თანხის ოდენობას და ვალუტას, რომელშიც გარიგება უნდა შესრულდეს; გ) გარიგების მონაწილე პირის (მათ შორის, კლიენტის) იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილ ამ კანონით განსაზღვრულ ინფორმაციას (დოკუმენტებს); დ) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას (დოკუმენტებს), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება; ე) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას (დოკუმენტებს), რომელიც მესამე ან სხვა პირის დავალებით დებს ან ასრულებს გარიგებას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის (ძალადაკარგულია - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, როდესაც: ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); ბ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; გ) ჩნდება ეჭვი არსებული კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესა და/ან შესაბამისობაში.

ამავე დებულების მე-7 მუხლის თანახმად, 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ყოველი განხორციელებული ოპერაციის შესახებ. 2. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შესახებ: ა) ოპერაციის შინაარსი და შესრულების თარიღი; ბ) შესაბამისი თანხები და ვალუტის სახეობები, რომლებშიც შესრულდა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია (ვალუტის თითოეული სახეობის მიხედვით); გ) ვალუტის გაცვლითი კურსი (თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია სრულდება რამდენიმე ვალუტაში, ვალუტის გაცვლითი კურსი უნდა დაფიქსირდეს ვალუტის სახეობების მიხედვით); დ) ოპერაციის შესრულების მიზანი და/ან საფუძველი. 3. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები (დოკუმენტები), ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა იქნეს აღრიცხული და შენახული ელექტრონული ან დოკუმენტური ფორმით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის (ძალადაკარგულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა: ბ) იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად თანხის გადაცვლის განხორციელების ფაქტის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ვ) მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის პოზიციის თანახმად, შემოწმებისას გამოვლენილ სადავო 53 შემთხვევაში, გარიგების თანხა არ აღემატებოდა 3000 ლარს. ამდენად, მითითებული გარიგებების ფარგლებში, სავალდებულო არ იყო კლიენტის იდენტიფიცირება და გარიგებების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის აღრიცხვა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ინდ. მეწარმე ჯ. ო-ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების აქტში და სადავო განკარგულებაში მითითებულ 53 შემთხვევაში, გარიგებები განხორციელებული იყო, მათი დამოუკიდებლად განხორციელებულ გარიგებებად მიჩნევისათვის არაგონივრულად მოკლე დროში - 1. 15 წამი (2 გარიგება); 2. 28 წამი (2 გარიგება); 3. 9 წამი (2 გარიგება); 4. 15 წამი (2 გარიგება); 5. 9 წამი (2 გარიგება); 6. 10 წამი (2 გარიგება); 7. 17 წამი (2 გარიგება); 8. 12 წამი (2 გარიგება); 9. 8 წამი (2 გარიგება); 10. 12 წამი (2 გარიგება); 11. 8 წამი (2 გარიგება); 12. 21 წამი (3 გარიგება); 13. 13 წამი (2 გარიგება); 14. 16 წამი (2 გარიგება); 15. 11 წამი (2 გარიგება); 16. 20 წამი (3 გარიგება); 17. 18 წამი (2 გარიგება); 18. 10 წამი (2 გარიგება); 19. 8 წამი (2 გარიგება); 20. 6 წამი (2 გარიგება); 21. 38 წამი (2 გარიგება); 22. 10 წამი (2 გარიგება); 23. 19 წამი (2 გარიგება); 24. 10 წამი (2 გარიგება); 25. 8 წამი (2 გარიგება); 26. 8 წამი (2 გარიგება); 27. 15 წამი (2 გარიგება); 28. 12 წამი (2 გარიგება); 29. 38 წამი (4 გარიგება); 30. 15 წამი (2 გარიგება); 31. 22 წამი (3 გარიგება); 32. 9 წამი (2 გარიგება); 33. 9 წამი (2 გარიგება); 34. 57 წამი (3 გარიგება); 35. 9 წამი (2 გარიგება); 36. 8 წამი (2 გარიგება); 37. 22 წამი (2 გარიგება); 38. 7 წამი (2 გარიგება); 39. 7 წამი (2 გარიგება); 40. 10 წამი (2 გარიგება); 41. 8 წამი (2 გარიგება); 42. 8 წამი (2 გარიგება); 43. 33 წამი (2 გარიგება); 44. 11 წამი (2 გარიგება); 45. 11 წამი (2 გარიგება); 46. 12 წამი (2 გარიგება); 47. 7 წამი (2 გარიგება); 48. 25 წამი (2 გარიგება); 49. 17 წამი (2 გარიგება); 50. 12 წამი (2 გარიგება); 51. 39 წამი (2 გარიგება); 52. 8 წამი (2 გარიგება); 53. 8 წამი (2 გარიგება); საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ 53 შემთხვევაში, შემადგენელი გარიგებების ერთმანეთისგან დამოუკიდებელ გარიგებებად მიჩნევის შემთხვევაში მათი თანხობრივი ოდენობები არ აღემატება 3 000 ლარს, ხოლო გარიგებების დანაწევრებულად მიჩნევის შემთხვევაში, ყველა (53) შემთხვევაში, თითოეულის ოდენობა აღემატება 3 000 ლარს.

ამდენად, გარიგებები განხორციელებულია ზოგიერთ შემთხვევაში 10 წამამდე, 10-30 წამამდე და 1 წუთის ფარგლების შუალედებში. მათ შორის, როგორც სააპელაციო პალატამაც მიუთითა, პირველი შემთხვევა - ორი ოპერაცია (თანხები-1852 ლარი, 2778 ლარი) განხორციელებულია 15 წამში; მე-12 შემთხვევაში 3 ოპერაცია - 21 წამში (თანხები 2300, 1840, 575 ლარი); მე-16 შემთხვევაში ასევე სამი ოპერაცია 20 წამში (თანხები-2120, 2332, 1250. ლარი); მე-18 შემთხვევაში 10 წამში ორი ოპერაცია (თანხები იდენტური - 2160-2160 ლარი); მე-20 შემთხვევაში - ორი ოპერაცია 6 წამში (თანხები იდენტური - 2320-2320 ლარი); 28-ე შემთხვევაში - ორი ოპერაცია (თანხები - იდენტური 2808-2808 ლარი) განხორციელდა 12 წამში; ხოლო 29-ე შემთხვევაში 4 ოპერაცია - 1 წუთში (თანხები - იდენტური - 2925-2925 ლარი), 34-ე შემთხვევა - 3 ოპერაცია 1 წუთში, (ორი ოპერაციის თანხა იდენტურია - 2335-2335 ლარი); 42-ე შემთხვევა - 8 წამში ორი ოპერაცია (თანხები - 2250-2250 ლარი); 50-ე შემთხვევა - ორი ოპერაცია 12 წამში (თანხები 2330-2330 ლარი).

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს, მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) და ქვედა ინსტანციათა სასამართლოების შეფასებას, გარიგებების დანაწევრებულად მიჩნევის საფუძვლიანობის თაობაზე. შესაბამისად, განსახილველ 53 შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ დარღვეულია ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონმდებლობით დადგენილი იდენტიფიკაციის წესი და მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ო-ის საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი