Facebook Twitter

№ბს-1177(კ-21) 9 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 18 იანვარს ს. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 01.12.2020წ. №16-162033623 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს. ს-ის მართლზომიერ სარგებლობაში არსებული, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ...აში მე-... კორპუსის პირველ სართულზე მდებარე 31.5 კვ.მ საცხოვრებელ ფართობზე საკუთრების უფლების შესახებ.

სარჩელის თანახმად, ს. ს-ე ოჯახთან ერთად 1957 წლიდან დღემდე ცხოვრობს მის კანონიერ სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ ფართში, მდებარე: ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ...ა, №7 კორპუსის პირველი სართული. აღნიშნული კორპუსი ირიცხებოდა სს „...ის“ ბალანსზე. სს „...მა“ მოცემული ფართი 1957 წელს სარგებლობის უფლებით გადასცა საწარმოში დასაქმებულ მოსარჩელის მამას - ა. ს-ეს, რომელიც 1997 წელს გარდაიცვალა, ხოლო 1998 წელს - მისი მეუღლე ქ. ს-ე. ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით დასრულდა სს „...ის“ გაკოტრების საქმის წარმოება და დღეისათვის კომპანიას სამართალმემკვიდრე არ ჰყავს. ამასთან, კომპანიის ბალანსზე არსებული საცხოვრებელი ფართები გადავიდა ადგილობრივ მუნიციპალურ დაქვემდებარებაში, თუმცა ს. ს-ე, რომელიც ასევე დასაქმებული იყო სს „...ში“ 1972 წლიდან, თავისი ოჯახით დარჩა ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ ფართში, როგორც კანონიერი მოსარგებლე. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 1 დეკემბრის წერილით ს. ს-ეს უარი ეთქვა მის სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ ფართობზე საკუთრების მოწმობის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ მას არ ჰქონდა წარდგენილი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ს. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ს. ს-ისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, კორ. №7-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 01.12.2020წ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას ს. ს-ის მიერ წარდგენილი განცხადების განხილვა და საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება დაევალა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ კანონმდებელი ამომწურავად არ ჩამოთვლის რა იმ დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის ფაქტს, იძლევა შესაძლებლობას, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ, ადმინისტრაციულმა ორგანომ თავად დაადგინოს და განსაზღვროს როგორც კონკრეტული საცხოვრებელი ფართის, ასევე კანონიერი მოსარგებლის მიერ დაკავებული სხვა არასაცხოვრებელი ფართობის, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულ იქნა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე, არ შეფასებულა ის გარემოებები, რომლებსაც მიუთითებდა მოსარჩელე მოცემულ საქმეზე, ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ მოტივი, თუ რატომ არ გაიზიარა ისინი ადმინისტრაციულმა ორგანომ, მითითებული არ ყოფილა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხეს შეეძლო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ადგილზე შესწავლით, ამავე მისამართზე მცხოვრები პირებისაგან დამატებითი ინფორმაციის მიღებით, ანალოგიურ შემთხვევებში მიღებული გადაწყვეტილებებისა და აღნიშნულ მისამართზე მოსარჩელის ჩაწერის გათვალისწინებით, ასევე არქივიდან მითითებულ მისამართზე არსებული მონაცემების გამოთხოვისა და მის ხელთ არსებული სხვა მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობით დაედგინა ს. ს-ის მიერ საპრივატიზავიო უძრავი ნივთის ფლობა შესაბამისი კანონიერი საფუძვლებიდან გამომდინარე, რის გამოც, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, არსებობდა გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე დადგენილების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და განმარტავს, რომ კანონიერი მოსარგებლის სტატუსის დასადგენად საჭიროა არსებობდეს ერთდროულად ორი წინაპირობა: უფლებამოსილი ორგანოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული უნდა იყოს დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.), რომელიც მოცემულ პირს ანიჭებს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობით სარგებლობის უფლებას, ასევე ფიზიკური პირი აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, ფაქტობრივად უნდა სარგებლობდეს მოცემული ფართით. მუნიციპალიტეტის მერია პრივატიზაციისას საკუთრების მოწმობას გასცემს იმ შემთხვევაში, როდესაც წარდგენილია კანონით დადგენილი დოკუმენტაცია და დგინდება ფაქტობრივი მფლობელობის განხორციელება. პრივატიზაციის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის ამომწურავ ჩამონათვალს არ ითვალისწინებს კანონი, თუმცა აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული ორგანო გაუმართლებლად არ შეზღუდოს პრივატიზაციისას. ამასთან, ნორმა არ უნდა იქნეს განმარტებული ფართოდ, დოკუმენტი უნდა არსებობდეს მატერიალური ფორმით და გაცემული უნდა იყოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ. ფაქტობრივი მფლობელობის განხორციელება კანონიერი მოსარგებლის სტატუსის დადგენის ერთ-ერთი და არა ერთადერთი საფუძველია. მოსარჩელემ სწორედ ის დოკუმენტი ვერ წარმოადგინა, რაც მის მფლობელობას კანონიერს გახდიდა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარუდგენლობა იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განცხადების განუხილველად დატოვებას. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ ადასტურებს საბჭოური ჩაწერის არსებობას, ამასთან, საცხოვრებელ ბინაში პირის რეგისტრაცია წარმოადგენს არა საცხოვრებელ ბინაზე რაიმე უფლების მომპოვებელ აქტს, არამედ - ამ პირის იდენტიფიცირების საშუალებას, ხოლო აბონენტთა ბაზაში ყოფნა არ უნდა იქნეს განხილული რელევანტურ გარემოებად. განცხადებაში დაინტერესებული პირი თავადვე აღნიშნავს, რომ არ მოიპოვება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი გამცემი ორგანო კი, უკვე ლიკვიდირებულია. შესაბამისად, არარსებული დოკუმენტის მოძიებას ვერც ადმინისტრაციული ორგანო შეძლებდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს დაევალოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს. ს-ის მართლზომიერ სარგებლობაში არსებული, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ...აში მე-7 კორპუსის პირველ სართულზე მდებარე 31.5 კვ.მ საცხოვრებელ ფართობზე საკუთრების უფლების შესახებ და ბათილად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 01.12.2020 წ. №16-162033623 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ს. ს-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმაზე მითითებით, რომ არ დასტურდებოდა შესაბამისი ფართის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის კანონიერ სარგებლობაში გადაცემა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ (დანართი №1) პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მითითებით, პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა კუმულაციურად ორი პირობის არსებობა: პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) და ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა სარგებლობდეს სადავო ფართით.

ამასთან, დასახელებული ნორმა ცხადყოფს, რომ პირის მიერ უძრავი ქონების სარგებლობის კანონიერება შეიძლება დადასტურდეს არა მარტო ისეთი კონკრეტული, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული დოკუმენტებით, როგორიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი ან საბინაო წიგნი, არამედ სხვა წერილობითი დოკუმენტებითაც, ანუ სამართლის ნორმა იმგვარად არის ფორმულირებული, რომ მასში ასახულია დოკუმენტების არასრული ჩამონათვალი, რაც, თავის მხრივ, ქმნის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სათანადო საფუძვლების არსებობისას, ასეთი ჩამონათვალის განვრცობის, ანუ ნორმის განმარტების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ არ ხდის მოსარჩელის მიერ ბინის ფლობის ფაქტს და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი საცხოვრებელი ფართის სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა სადავო აქტში ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ დასტურდებოდა ს. ს-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით უძრავი ქონების კანონიერად ფლობის ფაქტი სხვა დოკუმენტებზე დაყრდნობით. აღსანიშნავია, რომ სადავო საცხოვრებელი ფართი საწარმოს ლიკვიდაციის განხორციელებამდე იყო სს „...ის“ ბალანსზე, სადაც მუშაობდა მოსარჩელის მამა. ამასთან, თავად მოსარჩელე მიუთითებს, რომ სს „...ის“ ლიკვიდაციის შემდგომ პერიოდში ანალოგიურ შემთხვევებში მოცემულ საცხოვრებელ კორპუსში მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდა რიგი მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ, ამავე მისამართზე მცხოვრებ პირთა ნოტარიალურად დამოწმებულ განმარტებებზე, რომლითაც დასტურდება 1957 წლიდან ს. ს-ის ოჯახთან ერთად დღემდე მითითებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი. ასევე საყურადღებოა 10.11.2020წ. სს „ე...ას“ წერილი, რომლის მიხედვითაც, ს. ს-ე ფიქსირდება რეგისტრირებულ აბონენტად. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სსგს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათზე, რომლის თანახმად, 29.12.2003 წლიდან ს. ს-ის რეგისტრაციის ადგილი იყო ბორჯომის რაიონი, სოფელი ...ი.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა სადავო ბინაში მოსარჩელის ოჯახის 1957 წლიდან ცხოვრების ფაქტი, გამოეკვლია და შეეფასებინა ს. ს-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, დაედგინა ისინი განეკუთვნებოდნენ თუ არა იმ „სხვა დოკუმენტებს“, რომელთა საშუალებითაც კანონიერ მოსარგებლეს შეუძლია მოახდინოს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის პრივატიზება და ემსჯელა მათ მტკიცებულებით ძალაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არ იკვეთებოდა სადავო ფართზე სხვის სახელზე გაცემული ორდერის ანდა რაიმე კერძო ან საჯარო ინტერესის არსებობა. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს საკითხის იმგვარად გადაწყვეტის დასაბუთებას, რასაც იმპერატიულად ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. აბუსერიძე