გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 66-კოლ 13 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ მერაბ ტურავას თავმჯდომარეობით
პალატის წევრების:
ვალერი ხრუსტალის,
ბადრი მეტრეველის,
მიხეილ გოგიშვილის,
მურმან ისაევის (მომხსენებელი),
ბესიკ კობერიძის,
როზა ნადირიანის,
მარიამ ცისკაძის,
ბეჟან ხიმშიაშვილის შემადგენლობით
განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატების ი. ბ-სა და მ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი, მსჯავრდებულების ზ. მ--სა და ტ. ბ-იას საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 17 აგვისტოს განაჩენზე, ასევე, მსჯავრდებულ გ. ა-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატების ი. ბ-სა და მ. ჯ-ს კერძო საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ გ. ა-ძის და სხვათა ბრალდების საქმეზე გამოტანილი 20 განჩინების უკანონო საპროცესო აქტებად ცნობისა და გაუქმების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 17 აგვისტოს განაჩენით გ. ა-ძეს მსჯავრი დაედო და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის III ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის 1 ივნისის სისხლის სამართლის კოდექსი) – თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით; 24-ე მუხლის I ნაწილით, 307-ე, 315-ე მუხლის I ნაწილით (2000 წლის 1 ივნისის სისხლის სამართლის კოდექსი) _ თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით; 187-ე მუხლის III ნაწილით (2000 წლის 1 ივნისის სისხლის სამართლის კოდექსი) _ თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით; მე-17, 67-ე მუხლის IV ნაწილით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი) – თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით; მე-17, 104-ე მუხლის III, IV, VI და VII პუნქტებით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი) _ თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით; 214-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი) შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და სასჯელთა ერთობლიობით გ. ა-ძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1998 წლის 17 მარტიდან.
ზ. მ-ს მსჯავრი დაედო და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე, 315-ე მუხლის I ნაწილით (2000 წლის 1 ივნისის სისხლის სამართლის კოდექსი) თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით; 187-ე მუხლის III ნაწილით (2000 წლის 1 ივნისის სსკ) თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით; მე-17, 67-ე მუხლის IV ნაწილით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ) – თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით; მე-17, 104-ე მუხლის III, IV, VI და VII პუნქტებით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ) თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი) შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და სასჯელთა ერთობლიობით ზ. მ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1998 წლის 13 თებერვლიდან.
ტ. ბ-იას მსჯავრი დაედო და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე, 315-ე მუხლის I ნაწილით (2000 წლის 1 ივნისის სსკ) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით; 187-ე მუხლის III ნაწილით (2000 წლის 1 ივნისის სსკ) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით; მე-17, 67-ე მუხლის IV ნაწილით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ) – თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით; მე-17, 104-ე მუხლის III, IV, VI და VII პუნქტებით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ) – თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.
საქართველოს სსკ მე-40 მუხლის (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ) შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და სასჯელთა ერთობლიობით ტ. ბ-იას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1998 წლის 26 მარტიდან.
ამავე საქმეზე მსჯავრდებული არიან, აგრეთვე, ზ. ე-ია, ბ. თ-უა, გ. ქ-ია, ზ. გ-უა, პ. ზ-უა, რ. კ-ავა, ზ. თ-ია, გ. კ-ია, ზ. ზ-ია და ნ. ჩ-უა. მათ მიმართ განაჩენი საკასაციო წესით არ ყოფილა გასაჩივრებული.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით გ. ა-ძეს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან, საქართველოს მოქალაქემ, 1993 წელს ჩაიდინა სახელმწიფოს ღალატი – მონაწილეობა მიიღო შეთქმულებასა და ამბოხებაში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობით დასამხობად და ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია ადამიანთა სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი.
მანვე ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი, ანუ სახელმწიფოს კუთვნილი მოძრავი ნივთის – დიდი ოდენობით აშშ დოლარის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
მანვე 1997-98 წლებში ჩაიდინა სახელმწიფოს ღალატი – შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობით დასამხობად და ხელში ჩასაგდებად, რომლის განსახორციელებლად ორგანიზება გაუწია პირთა ჯგუფს და 1998 წლის 9 თებერვალს ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა – ხელისუფლების წარმომადგენლის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მკვლელობის მცდელობა მის სახელმწიფო და საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების მიზნით. დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი გ. ა-ძისა და მისი თანამზრახველების ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
მანვე ამ ტერორისტული აქტის მცდელობის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებებში _ სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, დაზარალებულთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისეთი საშუალებებით, რომლებიც საშიშროებას წარმოადგენდა მრავალ პირთა სიცოცხლისათვის, განზრახ ჩაიდინა რამდენიმე პირის – საქართველოს პრეზიდენტის დაცვის თნამშრომელთა მკვლელობის მცდელობა.
მანვე ამ ტერორისტული აქტის მცდელობის დროს, აფეთქებებითა და სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებებით ჩაიდინა სხვისი ნივთის (სახელმწიფო ქონების) დაზიანება და განადგურება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი.
მანვე წინასწარი შეცნობით შეიძინა და გამოიყენა ყალბი დოკუმენტები.
განაჩენის მიხედვით, 1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ძალებს შორის კონფლიქტის გამწვავების და შეიარაღებული შეტაკებისას, 1992 წლის 6 იანვარს, დილით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გაიქცნენ ქვეყნიდან და დაბანაკდნენ ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში. საქართველოში შეიქმნა ხელისუფლების ვაკუუმი. ამის გამო ქვეყანას მართავდა სამხედრო საბჭო, ხოლო შემდეგ სახელმწიფო საბჭო. 1992 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების გზით, აირჩია საქართველოს პარლამენტი და შეიქმნა ლეგიტიმური ხელისუფლება.
ქ. გროზნოში დაბანაკებულმა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1992 წლის ბოლოს მოაწყვეს შეთქმულება და ამბოხება საქართველოს სახელმწიფოს ლეგიტიმური ხელისუფლების ძალადობით დასამხობად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი გ. ა-ძე 1993 წლის ივნისში შეუერთდა შეთქმულებსა და ამბოხებულებს და იმავე წლის 24 სექტემბერს ჩავიდა ქ. ზუგდიდში, სადაც დაიწყო ზემოაღნიშნულ თანამდებობაზე მოვალეობის უკანონოდ შესრულება.
ამასთან ერთად, გ. ა-ძე და მისი თანამონაწილენი ითვალისწინებდნენ, რომ მათ საზოგადოებრივად საშიშ ქმედებებს შედეგად მოყვებოდა საკუთარი ქვეყნის ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების დანგრევა-დაზიანება, ადამიანთა სიცოცხლის მოსპობა, ჯანმრთელობის ხელყოფა, მათი პირადი ქონების და სხვა მატერიალურ ფასეულობათა განადგურება და შეგნებულად უშვებდნენ ამ მძიმე შედეგების დადგომას.
თანამზრახველებმა, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობით დასამხობად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, გ. ა-ძესთან შეთანხმებით, 1993 წლის 28 აგვისტოდან 6 ნოემბრამდე, სხვების ხელმძღვანელობით, შეიარაღებული თავდასხმები განახორციელეს ხობის, სენაკის, აბაშის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ხონის რაიონებზე, ქ. ფოთზე, ქ. სამტრედიაზე, მათ მიმდებარე ტერიტორიებსა და წყალტუბოს ზონაზე, რამაც განსაკუთრებით მძიმე შედეგები გამოიწვია, კერძოდ: ადამიანთა სიცოცხლის მოსპობა, სხეულის დაზიანება, მმართველობის ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების ძალადობით დაშლა, თანამდებობის პირთა დევნა, ტერორი, წარმოება-დაწესებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მშვიდობიანი მოსახლეობის კუთვნილი შენობების დარბევა, ძარცვა, განადგურება, სარკინიგზო მაგისტრალების და კავშირგაბმულობის კომუნიკაციების დაზიანება, მოსახლეობის დარბევა-დაწიოკება, სახელმწიფო, საზოგადოებრივი, კერძო ფირმების, მოქალაქეთა პირადი ქონების დიდი ოდენობით გატაცება და სხვა.
ასევე, განაჩენის მიხედვით, 1993 წლის 2 ოქტომბერს ქ. ფოთზე თავდასხმისა და დაკავების შემდეგ, გ. ა-ძე აშკარად დაეუფლა დიდი ოდენობის სახელმწიფო ქონებას: 1993 წლის 4 ოქტომბერს, ბ. გ-შვილის უკანონო განკარგულებით, გ. ა-ძემ შემნახველი ბანკის ¹ 34867 განყოფილებიდან ეროვნული ბანკის ზუგდიდის რეგიონულ ცენტრში უკანონო ინკასირება გაუკეთა 35. 117 აშშ დოლარს, ხოლო სახელმწიფო კომერციული “აგრომრეწვბანკის” ფოთის განყოფილებიდან ზუგდიდის რეგიონულ ცენტრში – 92. 713 ამერიკულ დოლარს, ე.ი. სულ ინკასირება გაუკეთა 127. 830 ამერიკულ დოლარს.
1993 წლის 26 ოქტომბერს მან უკანონოდ ჩარიცხა დასახელებული თანხა სახელმწიფო კომერციული “აგრომრეწვბანკის” ზუგდიდის განყოფილებაში.
იმავე დღეს გ. ა-ძემ ბანკის მმართველი მ. კ-ია აიძულა, გადაეცა მისთვის დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონება – 127.830 აშშ დოლარი, რასაც აშკარად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
ამბოხების დამარცხების შემდეგ, 1993 წლის 6 ნოემბერს, გ. ა-ძემ დატოვა ქ. ზუგდიდი, გაიქცა რუსეთის ფედერაციაში და მიიმალა.
მიმალვისას გ. ა-ძემ, გამოყენების მიზნით, შეიძინა ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო პასპორტში ჩასაკრავი ყალბი ჩართული ფურცელი (ჩანართი) ¹.....; ი. კ-ძის სახელზე 1996 წლის 7 მაისს გაცემული საქართველოს მოქალაქის ყალბი პასპორტი (ტიპი პ, ქვეყნის კოდი გეო ¹.....); ასევე, ი. კ-ძის სახელზე გაცემული ყალბი მართვის მოწმობა (სერია .....) და იყენებდა მათ.
მიმალვისას გ. ა-ძემ, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად, გააგრძელა დანაშაულებრივი საქმიანობა. ამ მიზნით 1997-98 წლებში მოაწყო შეთქმულება და განიზრახა ხელისუფლების წარმომადგენლის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მკვლელობა. ამისათვის 1997 წლის გაზაფხულზე დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის თანამოაზრეს, ვ. ქ-იას, უკანონო შეიარაღებული ფორმირების მე-16 ბატალიონის მეთაურის მოადგილეს, აწ გარდაცვლილ გ. ე-უას, ამ უკანასკნელის მეშვეობით კი ზ. ე-იას, ბ. თ-უას, ნ. ჩ-უას, გ. ქ-იას, ზ. მ-ელს, ტ. ბ-იას და სხვებს. შემუშავებული გეგმის მიხედვით, შეთქმულების საერთო ხელმძღვანელობა და დაფინანსება ევალებოდა გ. ა-ძეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ იგი უნდა მოსულიყო საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების სათავეში. გ. ე-უას დაევალა ზემოხსენებული პირების დაყოლიება დანაშაულის ჩადენაში, მათი სპეციალური სამხედრო მომზადების ორგანიზაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ, საბრძოლო იარაღების, სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის ტექნიკური საშუალებების შეძენა, ჯგუფის წევრებისათვის ქ. თბილისში, კონსპირაციული ბინების დაქირავება, პრეზიდენტზე თავდასხმისათვის ადგილისა და დროის შერჩევა, აგრეთვე, ამ თავდასხმის უშუალო ხელმძღვანელობა, რაც მან განახორციელა.
1997 წლის 12 ივლისს შეთქმულთა ჯგუფის 12 წევრი, მათ შორის ზ. ე-ია, ბ. თ-უა, ნ. ჩ-უა, გ. ქ-ია და სხვები გ. ე-უას ხელმძღვანელობით ჩავიდნენ რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოფ. ავტურის მახლობლად მდებარე სამხედრო – საწვრთნელ ბანაკში. აქ, იმავე წლის დეკემბრამდე, სხვადასხვა ეროვნების ინსტრუქტორთა დახმარებით გაიარეს სპეციალური სამხედრო მომზადება. 1997 წლის ოქტომბერში ჩეჩნეთში მყოფი ს. თ-იას მეგზურობით გ. ა-ძე ჩავიდა აღნიშნულ ბანაკში, შეამოწმა ჯგუფის წევრთა მომზადების მიმდინარეობა, შეხვდა ბანაკის ხელმძღვანელებს. ამ დროს გადაწყდა, რომ საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმაში ქართველებთან ერთად მონაწილეობას მიიღებდა ექვსი ჩეჩენი.
1997 წლის დეკემბერში სპეციალურად მომზადებული ჯგუფის 10 წევრი – გ. ე-უა, გ. თ-უა, ზ. ე-ია, გ. ქ-ია, ნ. ჩ-უა და სხვები ექვს ჩეჩენთან ერთად ჩამოვიდნენ ქ. თბილისში.
თბილისში დაბრუნებამდე უშუალოდ გ. ე-უამ ორგანიზება გაუწია და სამხედრო-საწვრთნელი ბანაკიდან, დაუდგენელ პირთა მეშვეობით, ქ. ზუგდიდში უკანონოდ გადმოზიდა პრეზიდენტზე თავდასხმისათვის გამიზნული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
ავტურის ბანაკში მიღებული ჭრილობების გამო საქართველოში დაბრუნება ვერ შეძლეს ვ. დ-შვილმა და მის მოსავლელად დარჩენილმა ვ. ხ-ავამ. მათ ნაცვლად გ. ე-უამ 1997 წლის დეკემბერში შეთქმულებაში ჩააბა ზ. გ-უა და ტ. ბ-ია.
ჩეჩნეთიდან დაბრუნებისთანავე გ. ე-უამ და ფ. გ-უამ თბილისის სხვადასხვა უბანში დაიქირავეს კონსპირაციული ბინები შეთქმულების მონაწილეთათვის.
შეთქმულებმა შეისწავლეს ადგილმდებარეობა და გადაწყვიტეს, რომ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე ტერორისტულ აქტს განახორციელებდნენ ღამის საათებში ქ. თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, სამასი არაგველის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტყე-პარკის სკვერიდან, როდესაც პრეზიდენტი, ესკორტის თანხლებით, მოძრაობას დაიწყებდა სახელმწიფო კანცელარიიდან ზემოაღნიშნული ადგილის გავლით, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის მიმართულებით.
თავდასხმის ოპერატიულად განხორციელებისათვის შეთქმულებმა თავისუფლების მოედანსა და ღვინის აღმართზე მოინიშნეს ადგილები, საიდანაც თანამზრახველთა ჯგუფის წევრები კავშირგაბმულობის საშუალებით თავდამსხმელებს დაუყოვნებლივ და შეუფერხებლად მიაწვდიდნენ ინფორმაციას სახელმწიფო კანცელარიიდან ტერაქტის მონაწილეთა ჩასაფრების ადგილისაკენ პრეზიდენტისა და მისი თანმხლები ესკორტის გადაადგილების შესახებ.
ამასთან ერთად, გ. ა-ძე და მისი თანამზრახველები ითვალისწინებდნენ, რომ ზემოაღნიშნულ ვითარებაში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით, ხელყუმბარებით, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებების გამოყენებით პრეზიდენტზე თავდასხმა გამოიწვევდა ესკორტში მონაწილე, ასევე სხვა პირების მკვლელობას, სხეულის დაზიანებას, ქონების განადგურებას, სხვა მძიმე შედეგებს და ისინი შეგნებულად უშვებდნენ ასეთი შედეგების დადგომას.
დანაშაულის ჩადენის გაიოლებისათვის, შეთქმულთა უსაფრთხო გადაადგილებისა და იარაღის გადაზიდვისათვის გ. ე-უას ხელმძღვანელობით შეიძინეს სატრანსპორტო საშუალებები, კერძოდ, “იკარუსის” მარკის ავტობუსი, რომელსაც მინდობილობით მართავდა ზ. ზ-ია და სამარშრუტო რეისებს ასრულებდა ზუგდიდსა და თბილისს შორის.
წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, პრეზიდენტზე თავდასხმისათვის შერჩეული ადგილმდებარეობის შესწავლის მიზნით, გ. ქ-იას სახელზე შეიძინეს მარშრუტის ხაზი, რომელიც გაივლიდა გორგასლის ქუჩას და ამავე მარშრუტზე მოძრავი “მერსედესის” მარკის მიკროავტობუსი, რომელზეც რეგულარულად მუშაობდა გ. ქ-ია და სწავლობდა პრეზიდენტისა და მისი ესკორტის გადაადგილების დეტალებს.
ასევე, შეიძინეს სამი მსუბუქი ავტომანქანა, რომლებსაც შესაბამისად მართავდნენ ზ. მ-ელი, ზ. ე-ია და ტ. ბ-ია.
შეთქმულთა შორის კავშირის უზრუნველყოფისა და პრეზიდენტის ესკორტის გადაადგილების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მიღებისათვის, შეიძინეს მობილური ტელეფონები და რადიოგადამცემები, ხოლო თავდასხმის ვიდეოგადაღებისათვის “პანასონიკის” ფირმის ვიდეოკამერა. “მოტოროლას” სისტემის რადიოკავშირის საშუალება დამონტაჟდა ზ. მ-ელის ავტომანქანაში.
1997 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, გ. ე-უას დავალებით, ზ. ზ-იამ მასზე გაპიროვნებული “იკარუსის” ავტობუსით ქ. ზუგდიდიდან თბილისში უკანონოდ გადმოზიდა ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რაც შეთქმულებმა გამოიყენეს პრეზიდენტზე თავდასხმისათვის.
პრეზიდენტის მკვლელობა დაიგეგმა ჯერ 1998 წლის 30 იანვარს, შემდეგ – 6 თებერვალს, ორივე შემთხვევაში შეთქმულთა არაორგანიზებულობის გამო თავდასხმა ვერ განხორციელდა.
1998 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 22 საათზე, გ. ე-უას განკარგულებით, შეთქმულთა ჯგუფის წევრები “მერსედესის” და “ჟიგულის” მარკის ავტომანქანებით, რომლებსაც მართავდნენ გ. ქ-ია და ზ. ე-ია და სადაც მოთავსებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, სხვადასხვა ტიპის ხელყუმბარები, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები, საბრძოლო აღჭურვილობა და პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები, გამოცხადდნენ 300 არაგველის მემორიალის მახლობლად, ხუციშვილის ქ. ¹27-ში მდებარე კონსპირაციულ ბინაში.
ამავე დროს, შეთქმულთა გეგმის მიხედვით, მობილური ტელეფონით აღჭურვილი ფ. გ-უა მივიდა თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ. მ-ელი ავტომანქანით დადგა ღვინის აღმართზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლობის ოფისის სიახლოვეს, ს. მ-ია კი ვიდეოკამერით იდგა სასტუმრო “მეტეხთან” არსებულ აბანოსთან, საიდანაც კარგად ჩანდა თავდასხმის ადგილი.
იმავე საღამოს, დაახლოებით 23 საათსა და 10 წუთზე, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, “მერსედესის” მარკის სამსახურებრივი ჯავშნიანი ავტომანქანით, ესკორტის თანხლებით, სახელმწიფო კანცელარიიდან თავისუფლების მოედნისა და გორგასლის ქუჩის გავლით დაიწყო მოძრაობა კრწანისის სამთავრობო რეზიდენციისაკენ. თავისუფლების მოედანზე ესკორტის გამოჩენის შესახებ ფ. გ-უამ მობილური ტელეფონით აცნობა გ. ე-უას, ხოლო ზ. მ-ელმა გ. ე-უას იგივე ინფორმაცია გადასცა ავტომანქანების ბარათაშვილის ხიდთან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ ჩახვევისთანავე.
ინფორმაციის მიღების შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღებით, საბრძოლო მასალებით და აღჭურვილობით შეიარაღებულმა ზ. ე-იამ, გ. ე-უამ, ნ. ჩ-უამ, გ. ქ-იამ, ბ. თ-უამ, ვ. ჯ-ევმა და ჯგუფის სხვა წევრებმა დაიკავეს წინასწარ შეთანხმებული საბრძოლო პოზიციები 300 არაგველის მემორიალის მიმდებარე სკვერში. მათგან გ. ე-უა და გ. ქ-ია დადგნენ საბრძოლო პოზიციის ბოლოს, რათა თავდასხმის შემდეგ მოეხდინათ საკონტროლო გასროლები პრეზიდენტის მიმართულებით. იმავდროულად ტ. ბ-იამ და ზ. გ-უამ შემოაბრუნეს ავტომანქანები და უზრუნველყვეს შემთხვევის ადგილიდან დროული მიმალვისათვის სატრანსპორტო საშუალებათა მზადყოფნა. მათვე ევალებოდათ, საჭიროების შემთხვევაში, დანაშაულის ადგილიდან მობრუნებულ თავდამხსმელთათვის შეიარაღებული დახმარების აღმოჩენა.
დაახლოებით 23 საათსა და 15 წუთზე, ჩასაფრების ადგილზე საქართველოს პრეზიდენტის და მისი თანმხლები ესკორტის მიახლოებისთანავე, შეთქმულებმა ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებით, ხელყუმბარებითა და ავტომატური იარაღით ცეცხლი გაუხსნეს პრეზიდენტს, ესკორტში შემავალ ავტომანქანებში მსხდომ პირებს და შეეცადნენ მათ მოკვლას.
თავდასხმის შედეგად, თავდამსხმელთა მიერ გასროლილი იარაღებიდან, გამოძიებით დაუდგენელი ჭურვებით, მოკლულ იქნენ სამთავრობო დაცვის სამსახურის ოფიცრები: კ. შ-ძე და დ. კ-ური. ამავე სამსახურის ოფიცერმა ვ. კ-ძემ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, სხეულის მძიმე დაზიანება, ხოლო ა. ს-შვილმა _ მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ამავე სამსახურის სხვა თანამშრომლებს დაზიანებები არ მიუღიათ, მაგრამ მათ სიცოცხლეს რეალური საფრთხე შეექმნა.
გასროლილი ჭურვებისაგან დაზიანდა და განადგურდა პრეზიდენტის ესკორტში შემავალი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსებზე რიცხული 8 ავტომანქანა, მათ შორის, ჯავშნიანი “მერსედესი”, სახ. ¹ ააა 001 – ზარალი 144.000 ლარი.
დანაშაულის შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა შეადგინა 201. 856 ლარი.
დაცვის წევრებმა და შემთხვევის ადგილზე დასახმარებლად მისულმა სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლებმა საპასუხო სროლებით თავდამსხმელები მოიგერიეს. ამ დროს სიცოცხლისათვის საშიში სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო დანაშაულის ერთ-ერთმა ამსრულებელმა – ვ. ჯ-ევმა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. თავდამსხმელებმა მიატოვეს მისი გვამი და ზემოხსენებული მიკროავტობუსითა და “ვაზ-2106” ავტომანქანით მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
განაჩენის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის მოკვლის დანაშაულებრივი განზრახვა შეთქმულების, მათ შორის გ. ა-ძის ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ განხორციელდა. დანაშაულის ამსრულებელთა მიერ ნასროლმა ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებმა, ხელყუმბარებმა და ავტომატური იარაღიდან გასროლილმა ტყვიებმა დააზიანეს პრეზიდენტის სამსახურებრივი ჯავშნიანი ავტომანქანა, მაგრამ მაინც ვერ შეაფერხეს მისი წინსვლა. იგი გასცდა თავდასხმის ეპიცენტრს, რამაც შესაძლებელი გახადა პრეზიდენტის უვნებლად გაყვანა შემთხვევის ადგილიდან.
განაჩენით ზ. მ-ელსა და ტ. ბ-იას მსჯავრი დაედოთ იმისათვის, რომ მათ, საქართველოს მოქალაქეებმა, ჩაიდინეს სახელმწიფოს ღალატი – კერძოდ, იმისათვის, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს შეთქმულებაში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობით დასამხობად და ხელში ჩასაგდებად.
1998 წლის 9 თებერვალს მათ ჩაიდინეს ტერორისტული აქტის მცდელობა – ხელისუფლების წარმომადგენლის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მკვლელობის მცდელობა, მის სახელმწიფო და საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების მიზნით, რაც ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი ტ. ბ-იას, ზ. მ-ელის და მათი თანამზრახველების ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
ამ ტერორისტული აქტის მცდელობის დროს მათვე ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი გაადვილების მიზნით, დაზარალებულთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისეთი საშუალებებით, რომლებიც საშიშროებას წარმოადგენდა მრავალ პირთა სიცოცხლისათვის, განზრახ ჩაიდინეს რამდენიმე პირის – საქართველოს პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელთა მკვლელობის მცდელობა.
ამ ტერორისტული აქტის მცდელობის დროს, აფეთქებითა და სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებებით, ჩაიდინეს სხვისი ნივთის _ სახელმწიფო ქონების დაზიანება და განადგურება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები.
კონკრეტულ გარემოებათა შესახებ მითითებულია ამ განჩინების აღწერილობით ნაწილში.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ გ. ა-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატები ი. ბ. და მ. ჯ. ითხოვენ გ. ა-ძის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 17 აგვისტოს განაჩენის გაუქმებას სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში და საქმის ამ ნაწილში ხელახალი განხილვისავის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, ხოლო სხვა ნაწილში კი ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას.
მსჯავრდებული ზ. მ-ელი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ შეფარდებული სასჯელი შეუმსუბუქდეს.
მსჯავრდებული ტ. ბ-ია საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას.
მსჯავრდებულ გ. ა-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატები ი. ბ. და მ. ჯ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის ქვემოთ მითითებული 20 განჩინების გაუქმებას, რომლებიც გამოტანილია გ. ა-ძისა და სხვათა ბრალდების საქმის განხილვისას, კერძოდ:
1. 1999 წლის 15 ნოემბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება.
2. 2000 წლის 14 მარტის განჩინება, გ. ა-ძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე დაყენებულ შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ.
3. 2000 წლის 10 ივლისის განჩინება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტების დაკითხვის შესახებ შუამდგომლობაზე უარის თქმის თაობაზე.
4. 2000 წლის 11 ივლისის განჩინება, განსასჯელ გ. ა-ძის სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ.
5. 2000 წლის 18 სექტემბრის განჩინება, სათადარიგო მსაჯულის აცილების შესახებ შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე.
6. 2000 წლის 22 ნოემბრის განჩინება, სმოლენსკის ოლქის ქ. რუდნიაში გ. ა-ძის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ შუამდგომლობაზე უარის თქმის თაობაზე.
7. 2001 წლის 2 აპრილის განჩინება, განსასჯელ გ. ა-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ბრალდების 34 ეპიზოდში.
8. 2001 წლის 10 აპრილის განჩინება, საქმის 71-ე ტომის 108-ე ფურცელზე არსებული ოქმის, “ბრალდებულ გ. ა-ძისა და მისი დამცველისათვის საქმის მასალების წარდგენის შესახებ”, დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ შუამდგომლობაზე უარის თქმის თაობაზე.
9. 2001 წლის 8 მაისის განჩინება, სასამართლო კოლეგიის უკანონო შემადგენლობის გამო კოლეგიის აცილების თაობაზე შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ.
10. 2001 წლის 15 მაისის განჩინებები, სსსკ-ის 162-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გ. ა-ძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ დაყენებულ შუამდგომლობებზე უარის თქმის თაობაზე.
11. 2001 წლის 21 მაისის განჩინება, გ. ა-ძის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, 1993 წლის 25 ოქტომბრის და 1998 წლის 19 მარტის დადგენილებების უკანონო საპროცესო აქტებად ცნობის თაობაზე დაყენებულ შუამდგომლობებზე უარის თქმის შესახებ.
12. 2001 წლის 24 მაისის განჩინება, კრწანისის რაიონის სასამართლოს მოსამართლე მ. ოთარაშვილის მიერ 1998 წლის 19 მარტს გ. ა-ძის დაპატიმრების შესახებ გაცემული ბრძანების უკანონო საპროცესო აქტად ცნობის თაობაზე დაყენებულ შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ.
13. 2001 წლის 25 მაისის განჩინება, კრწანისის რაიონის სასამართლოს მოსამართლე მ. ოთარაშვილის 1998 წლის 20 მარტის ბრძანების უკანონო საპროცესო აქტად ცნობის თაობაზე დაყენებულ შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ.
14. 2001 წლის 28 მაისის განჩინება, გ. ა-ძის მიმართ საპატიმრო ვადის გაგრძელებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბრძანების უკანონო საპროცესო აქტად ცნობის თაობაზე დაყენებულ შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ.
15. 2001 წლის 28 მაისის განჩინება, გ. ა-ძის მიმართ საპატიმრო ვადის გაგრძელებაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ბრძანების უკანონო საპროცესო აქტად ცნობის თაობაზე დაყენებულ შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ.
16. 2001 წლის 30 მაისის განჩინება, დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის დამთავრების შესახებ.
17. 2001 წლის 5 ივნისის განჩინება, დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის დამთავრების შესახებ.
18. 2001 წლის 26 ივლისის განჩინება, სასამართლო სხდომის გ. ა-ძის ადვოკატის გარეშე გაგრძელების შესახებ.
19. 2001 წლის 26 ივლისის განჩინება, გ. ა-ძის სასამართლო სხდომიდან გაძევების შესახებ.
20. 2001 წლის 1 აგვისტოს განჩინება, განსასჯელების ნ. ჩ-უას, ტ. ბ-იას, ზ. გ-უას, ზ. მ-ელის და ბ. თ-უას ადვოკატების გარეშე საქმის განხილვის გაგრძელების შესახებ.
ადვოკატები ი.ბ. და მ. ჯ. განაჩენის გაუქმების საფუძვლად მიუთითებენ შემდეგ გარემოებებზე: ბრალდების მხარემ უარი განაცხადა გ. ა-ძისათვის 1993 წელს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სსკ-ის 307-ე მუხლით და 315-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით (სახელმწიფო ღალატი, შეთქმულება, ამბოხება) წარდგენილ ბრალდებაზე და მოითხოვა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტა. სასამართლო კოლეგიამ არ გაითვალისწინა პროკურორების ეს პოზიცია და განაჩენში მიუთითა, რომ გ. ა-ძე სასამართლოს მიერ ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 307-ე და 315-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, კერძოდ იმისათვის, რომ მან 1993 წელს ჩაიდინა სახელმწიფოს ღალატი, მონაწილეობა მიიღო შეთქმულებასა და ამბოხებაში, თუმცა აღნიშნული საკითხი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ყოველგვარი მსჯელობის გარეშე დატოვა ღიად, რითაც დაირღვა სსსკ-ის 24-ე და 28-ე მუხლების მოთხოვნები.
საკასაციო საჩივრის მითითებით, განაჩენსა და საბრალდებო სიტყვაში არ არის ნახსენები სახელმწიფო ბრალდების მიერ სასამართლოსათვის 2001 წლის 5 აპრილს გ. ა-ძის მიმართ წარდგენილი ბრალდების ახალი ფორმულირების ის ეპიზოდი, რომელიც ეხებოდა ფოთის ნავსადგურიდან 7824 ტ. შავი ლითონის ჯართის გატაცებას. ბრალდების მხარეს არ დაუყენებია საკითხი აღნიშნულ ეპიზოდში სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ და არც კვალიფიკაცია შეუცვლია. სასამართლო კოლეგიამ საერთოდ უყურადღებოდ დატოვა აღნიშნული ეპიზოდი, რითაც მექანიკურად გაიმეორა იგივე შეცდომა, რაც ბრალდების მხარემ დაუშვა.
დაცვის მხარის პოზიციით, სასამართლო კოლეგიამ დაცვის მხარეს არ მისცა შესაძლებლობა, 127830 აშშ დოლარის გატაცების ეპიზოდში წარმოედგინა თავისი მტკიცებულებები, რითაც უტყუარად იქნებოდა დადგენილი, რომ ზემოაღნიშნული თანხა გაიხარჯა მიზნობრივად ლტოლვილთა საჭიროებისათვის.
ასევე დაცვის მხარის პოზიციით, სასამართლო კოლეგიამ განაჩენით გ. ა-ძე ყოვლად დაუსაბუთებლად და უკანონოდ ცნო დამნაშავედ საქართველოს პრეზიდენტ ე. შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის მცდელობის ორგანიზებასა და დაფინანსებაში. განაჩენი ამ ეპიზოდში აგებულია მტკიცებულებებისა და ფაქტების არაობიექტურ და გაყალბებულ ანალიზზე, იგნორირებულ იქნა მთელი რიგი ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ გ. ა-ძის უდანაშაულობას. სასამართლო კოლეგიამ დაუშვა მთელი რიგი არსებითი ხასიათის პროცესუალური დარღვევები. კერძოდ, იგნორირებულ იქნა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული იმგვარი ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა დაცვის უფლება და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობა; არ იქნა გამოკვლეული დაცვის მხარის მთელი რიგი არსებითი ხასიათის მტკიცებულებები, უფრო მეტიც: სასამართლომ დაცვის მხარეს საერთოდ აუკრძალა მტკიცებულებების წარმოდგენა; გ. ა-ძესა და სხვა მსჯავრდებულებს არ მიეცათ საბოლოო სიტყვის უფლება; განაჩენი გამოიტანა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ; გ. ა-ძე მთელი პროცესის განმავლობაში იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში, რასაც კოლეგიამ არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება; კოლეგიის თავმჯდომარის მიერ არასწორად იქნა განმარტებული საპროცესო კანონის მთელი რიგი დებულებები; 2001 წლის ივნისში გ. ა-ძისა და სხვა განსასჯელებისათვის სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატებს არ მიეცათ გონივრული და საკმარისი დრო, რათა გასცნობოდნენ საქმის მასალებს და განეხორციელებინათ დაცვა; წინასწარ გამიზნულად, კანონმდებლობისა და ზნეობის ნორმების შელახვით, სასამართლო კოლეგიის მიერ გაყალბებულ იქნა სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში შესვლის თარიღი.
დაცვის მხარის პოზიციით, სასამართლო კოლეგიამ დაუშვა მრავალი უხეში დარღვევა, რომელთაგან შეიძლება გამოიყოს:
კოლეგიის მიერ სასამართლო პროცესის ეტაპების გამოტოვება; სსსკ-ის 475-ე მუხლის შესაბამისად, ადვოკატთა მიერ გ. ა-ძისათვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით დაყენებული შუამდგომლობის არგანხილვა; მხარეთა დასაბუთებული მოთხოვნის მიუხედავად, დაზარალებულისა და ექსპერტების არგამოძახება; ორი მსაჯულის ერთდროულად აცილების შესახებ შუამდგომლობის დაყენების არდაშვება; პროცესის ჩატარება განსასჯელებისა და ადვოკატის გარეშე, იმ დროს, როდესაც ილახებოდა განსასჯელთა უფლებები; გ. ა-ძის მიმართ მთელ რიგ ეპიზოდებში საქმის დაუსაბუთებლად შეწყვეტა.
სსსკ-ის მე-7 მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ადვოკატები ი. ბ. და მ. ჯ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვენ ამ განჩინების აღწერილობით ნაწილში ჩამოთვლილ სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებულ 20 განჩინების უკანონო საპროცესო აქტად ცნობას და გაუქმებას.
მსჯავრდებული ზ. მ-ელი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ წინასწარი გამოძიება და სასამართლოში საქმის განხილვა მოხდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევებით, ასევე არასწორად იქნა გამოყენებული მატერიალური კანონი, რამაც გავლენა მოახდინა კანონიერი და სამართლიანი განაჩენის დადგენაზე, ასევე მიუთითებს, რომ განაჩენით შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და უსამართლო.
მსჯავრდებული ტ. ბ-ია საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მის მიმართ დადგენილ იქნა უკანონო განაჩენი. იგი საქართველოს პრეზიდენტზე ტერორისტული თავდასხმის ოპერაციის მონაწილე გახდა შემთხვევით. წინასწარი გამოძიება და საქმის სასამართლოში განხილვა მიმდინარეობდა ტენდენციურად და არაობიექტურად. სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატს არ მიეცა დაცვის განხორციელების საშუალება და შესაბამისი დრო საქმის მასალების გასაცნობად. წარდგენილი ბრალდება არის უსაფუძვლო, რადგან არ არის შეკრებილი სათანადო დამამტკიცებელი საბუთები.
დიდი პალატის სხდომაზე ადვოკატებმა ი. ბ-მა და მ. ჯ-მა მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს და იშუამდგომლეს მათი დაკმაყოფილების შესახებ.
მსჯავრდებულმა გ. ა-ძემ აღნიშნა, რომ მას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია პრეზიდენტ ე. შევარდნაძეზე ტერორისტულ აქტში და არც დაუფინანსებია ტერაქტი, ამის შესახებ საქმეში არ მოიპოვება არავითარი დამამტკიცებელი საბუთი. რაც შეეხება ფულის გატაცების ეპიზოდს, მან თანხის მიღებაზე მართლაც მოაწერა ხელი, მაგრამ თქვა, რომ ფული გაიხარჯა აფხაზეთიდან ლტოლვილი მოსახლეობის კვებასა და მათი სხვა პრობლემების მოგვარებაზე. მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საჩივრებს და იშუამდგომლა მათი დაკმაყოფილების თაობაზე.
მსჯავრდებულ ტ. ბ-იას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ტ-მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ ტ. ბ-იას მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს პრეზიდენტზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტში და იგი შემთხვევით გარემოებათა გამო აღმოჩნდა შემთხვევის ადგილზე. ამასთან, დარღვეულ იქნა ტ. ბ-იას დაცვის უფლება, რაც წარმოადგენს განაჩენის გაუქმების საფუძველს.
მსჯავრდებულმა ტ. ბ-იამ აღნიშნა, რომ მას მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს პრეზიდენტზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაში და სრულიად გაუგებარი ვითარების გამო აღმოჩნდა შემთხვევის ადგილზე. მან მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
მსჯავრდებულ ზ. მ-ელის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ს-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, აღნიშნა, რომ მარანელს, დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობის ხარისხისა და ხასიათის გათვალისწინებით, შეფარდებული აქვს აშკარად მკაცრი სასჯელი და იშუამდგომლა, რომ მსჯავრდებულ ზ. მ-ს შეუმცირდეს შეფარდებული სასჯელის ზომა.
მსჯავრდებულმა ზ. მ-მა მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და პალატის წინაშე იშუამდგომლა, რომ განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება იმ მიმართებით, რათა შეუმცირდეს შეფარდებული სასჯელი.
პროკურორმა გ. ტ-მა მიმოიხილა საქმის მასალები და აღნიშნა, რომ განაჩენის აღწერილობითი ნაწილის მითითება, რომ თითქოს გ. ა-ძემ 1993 წელს ჩაიდინა სახელმწიფოს ღალატი, ე.ი. მონაწილეობა მიიღო შეთქმულებასა და ამბოხებაში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობით დასამხობად და ხელში ჩასაგდებად, უნდა ჩაითვალოს განაჩენის ტექნიკური ხასიათის ხარვეზად, რადგან ამ ეპიზოდში გ. ა-ძეს სასამართლო პროცესში მონაწილე პროკურორმა მოუხსნა ბრალდება, მით უმეტეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილით გ. ა-ძე ამ ეპიზოდში არ ყოფილა ცნობილი დამნაშავედ და არც სასჯელი ჰქონია განსაზღვრული.
პროკურორმა აღნიშნა, რომ რადგან გ. ა-ძეს უშუალოდ არ მიუღია მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაში და არ იყო ამ დანაშაულის ამსრულებელი, არამედ მან, როგორც თანამონაწილემ (ორგანიზატორის სახით), მიიღო მონაწილეობა, ამიტომ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ 17, 67-ე მუხლის მეოთხე ნაწილის და 17, 104-ე მუხლის მესამე, მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებას წინ უნდა დაემატოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლზე მითითება და ამ მუხლებით მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სხვა ნაწილში განაჩენი გ. ა-ძის მიმართ პროკურორმა მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა უცვლელად დატოვება, ამასთან, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ გ. ა-ძის მიმართ 14 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
პროკურორმა კანონიერად მიიჩნია გასაჩივრებული 20 განჩინება და იშუამდგომლა მათი უცვლელად დატოვების შესახებ.
პროკურორმა კანონიერად მიიჩნია მსჯვრდებულ ტ. ბ-იას მიმართ დადგენილი განაჩენი, ხოლო მსჯავრდებულ ზ. მ-ელის მიმართ იშუამდგომლა განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მას 2 წლით შეუმცირდეს შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სამოტივაციო ნაწილი:
დიდი პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრებისა და კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა ადვოკატების ი. ბ-ს, მ. ჯ-ს, ლ. ტ-სა და მ. ს-ს მოსაზრება, ასევე მსჯავრდებულების გ. ა-ძის, ზ. მ-ელისა და ტ. ბ-იას განმარტებები, პროკურორ გ. ტ-ს მოსაზრება და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
დიდი პალატა ეთანხმება მსჯავრდებულ გ. ა-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ საქმის განმხილველმა სასამართლო კოლეგიამ არ გაითვალისწინა სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია, რომელმაც უარი თქვა 1993 წელს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გ. ა-ძისათვის საქართველოს სსკ-ის 307-ე მუხლითა და 315-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაზე და მოითხოვა მის მიმართ ამ ნაწილში საქმის წარმოებით შეწყვეტა.
სასამართლო კოლეგიამ, პროკურორის ასეთი მოთხოვნის მიუხედავად, განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ გ. ა-ძეს მსჯავრი უნდა დაედოს იმისათვის, რომ მან, საქართველოს მოქალაქემ, 1993 წელს ჩაიდინა სახელმწიფოს ღალატი, მონაწილეობა მიიღო შეთქმულებასა და ამბოხებაში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობით დასამხობად და ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია ადამიანთა სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი, თუმცა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილით ამ ეპიზოდში სასჯელი არ განუსაზღვრავს.
დიდი პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგიამ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით არ დაიცვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ, თუ პროკურორი სასამართლოში უარს იტყვის ბრალდებაზე, სასამართლო ვალდებულია შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე ან გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი. კანონის აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე დიდი პალატა თვლის, რომ განაჩენი გ. ა-ძის მიმართ სსკ-ის 307-ე, 315-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში (1992-1993 წლებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით) უნდა გაუქმდეს და საქმე ბრალდების ამ ეპიზოდში წარმოებით შეწყდეს, რის გამოც განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილიდან უნდა ამოერიცხოს ამ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებები.F
დიდი პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. ა-ძეს მსჯავრი არ დასდებია ფოთის ნავსადგურიდან 7824 ტონა შავი ლითონის ჯართის გატაცების ეპიზოდში. ამიტომ ბრალდების ეს ეპიზოდი პალატის მსჯელობის საგანი ვერ გახდება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის თანახმად, საკასაციო წესით გასაჩივრებისა და განხილვის საგანს წარმოადგენს განაჩენი, რომელიც არ არის კანონიერ ძალაში შესული და, კასატორის აზრით, უკანონოა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან განაჩენით გ. ა-ძეს მსჯავრი არ დასდებია 7824 ტონა შავი ლითონის გატაცების ეპიზოდში, აღნიშნული ეპიზოდი პალატის განხილვის საგანი ვერ გახდება.
დიდი პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. ა-ძის მიმართ განაჩენი საქართველოს პრეზიდენტ ე. შევარდნაძეზე განხორციელებული ტერორისტული აქტის მცდელობის ორგანიზებასა და დაფინანსების ეპიზოდში წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი სსკ-ის 307-ე მუხლით, 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, 187-ე მუხლის მესამე ნაწილით და 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 17, 67-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 17, 104-ე მუხლის მესამე, მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით გათვალისწინებულ ეპიზოდები, უნდა გაუქმდეს და საქმე წარმოებით შეწყდეს, რადგან მისი მონაწილეობა ზემოაღნიშნულ ბრალდების ეპიზოდებში არ დასტურდება.
სასამართლო კოლეგიამ მსჯავრდებულ გ. ა-ძის მიერ ტერაქტის ორგანიზება და დაფინანსება დადგენილად მიიჩნია შემდეგი დამამტკიცებელი საბუთების საფუძველზე:
1998 წლის 9 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის მიმართ განხორციელებულ ტერორისტულ აქტში მონაწილეობას ღებულობდა ორ ათეულამდე პირი, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. თავდასხმის ოპერაცია უზრუნველყოფილი იყო ტანკსაწინააღმდეგო, ავტომატური და სხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, აღჭურვილობით, პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით. შეთქმულებმა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე – ჩეჩნეთში არსებულ, საიდუმლო საწვრთნელ ბანაკში ორგანიზებულად გაიარეს ხანგრძლივი სპეციალური სამხედრო-საწვრთნელი მომზადება ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, თავდასხმის მომზადებისა და განხორციელებისათვის შეიძინეს ექვსი სხვადასხვა მარკის ავტომანქანა, სამარშრუტე ხაზი, კავშირგაბმულობის საშუალებები, ქ. თბილისში სხვადასხვა მისამართზე იქირავეს თოთხმეტი კონსპირაციული ბინა, შეიძინეს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგნები და ა.შ.
ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაულის მომზადებას და განხორციელებას ესაჭიროებოდა განსაკუთრებული ორგანიზაცია და დაფინანსება, რაც აშკარად აღემატებოდა დანაშაულის ამსრულებელთა შესაძლებლობებს.
ზ. ე-იამ, წინასწარ გამოძიებაში აღიარა რა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ადვოკატის თანდასწრებით აჩვენა, რომ ჩეჩნეთში საბრძოლო მომზადების გავლისას გ. ე-უა გარკვეული დროით იმყოფებოდა ქ. მოსკოვში. იქიდან დაბრუნების შემდეგ მან გაანდო, რომ მათთან ჩამოვიდოდა გ. ა-ძე. მართლაც, 1997 წლის ოქტომბრის ბოლოს, რუსეთ-იტალიის საფეხბურთო მატჩის წინა დღეს, საღამოს საათებში, ნახა, რომ ბანაკში მისული გ. ა-ძე ესაუბრებოდა ბანაკის ხელმძღვანელებს. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გ. ა-ძე შეხვდა მათი ჯგუფის წევრებს, მათ შორის, თვით ზ. ე-იას და აცნობა, რომ ისინი მალე ჩავიდოდნენ თბილისში პრეზიდენტ ე. შევარდნაძეზე თავდასხმის განსახორციელებლად და ამ თავდასხმაში მონაწილეობას მიიღებდა ექვსი ჩეჩენი მებრძოლი.
ზ. ე-იამ გ. ე-უასაგან გაიგო, რომ შეთქმულებას აფინანსებდა გ. ა-ძე, რომლის ბანაკში ჩასვლის მიზანი იყო ენახა, ნამდვილად გადიოდა თუ არა ჯგუფი სამხედრო მომზადებას და დარწმუნდა, რომ მისი ფული წყალში არ იყრებოდა. ზ. ე-იას მისგან არაერთხელ ჰქონდა გაგებული, რომ საქართველოს პრეზიდენტზე წარმატებით განხორციელებული თავდასხმის შემთხვევაში ხელისუფლების სათავეში მოვიდოდა გ. ა-ძე.
გ. ა-ძის წასვლის შემდეგ ბანაკის ხელმძღვანელმა, აბდულ აზიზის სახელით ცნობილმა პიროვნებამ, შეარჩია ხუთი ჩეჩენი მებრძოლი და მათთან ერთად საბრძოლო მომზადების გავლის შემდეგ ქ. თბილისში მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ე. შევარდნაძეზე თავდასხმაში.
ზ. ე-იამ გ. ა-ძესთან დაპირისპირების დროს, ფაქტობრივად, დაადასტურა თავისი ჩვენებები და განმარტა, რომ რუსეთ-იტალიის მატჩის წინ გ. ა-ძე ჩავიდა მათ საწვრთნელ ბანაკში, სადაც იგი ესაუბრა ჩეჩნეთის წარმომადგენლებს, რის შემდეგ გადაწყდა და თბილისში ტერორისტულ აქტში მონაწილეობა მიიღო ექვსმა ჩეჩენმა მებრძოლმა, რაც იყო გ. ა-ძის დამსახურება.
თავის მხრივ, გ. ა-ძემ ნაწილობრივ დაადასტურა ზ. ე-იას ჩვენება და განმარტა, რომ საწვრთნელ ბანაკში ნამდვილად შეხვდა და ესაუბრა როგორც ჩეჩენთა წარმომადგენლებს, ისე გ. ე-უას ჯგუფის წევრებს.
ბ. თ-უამ წინასწარი გამოძიების დროს ადვოკატის თანდასწრებით მიცემულ ჩვენებებში დაადასტურა ზ. ე-იას ჩვენება და განმარტა, რომ ჩეჩნეთის სამხედრო-საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშის პერიოდში, 1997 წლის დაახლოებით სექტემბერში, გ. ე-უა 10 დღით წავიდა ქ. მოსკოვში. ამავე პერიოდში დაიჭრა ვ. დ-შვილი. ამის შემდეგ გ. ე-უამ და ს. თ-იამ ბანაკში მიიყვანეს გ. ა-ძე. ისინი შევიდნენ ჩეჩნებისთვის განკუთვნილ სახლში. სახლიდან გამოსვლის შემდეგ გ. ე-უამ ის და მათი ჯგუფის წევრები გააცნო გ. ა-ძეს, ამასთან, აუხსნა, რომ ბ. თ-უა, ბ. ს-უა, ი. უ-ავა და ს. ზ-ია იყვნენ აფხაზეთიდან ლტოლვილები, ხოლო დანარჩენები – ზუგდიდიდან; აცნობა ისიც, რომ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ვ. დ-შვილი, ვარჯიშის დროს მიღებული ჭრილობის გამო მკურნალობდა საავადმყოფოში.
ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას გ. ა-ძემ აღნიშნა, რომ ე. შევარდნაძე საქართველოში ჩამოიყვანეს რუსებმა. მან კი სანაცვლოდ ჩააბარა გაგრა. გ. ა-ძემ ხაზი გაუსვა ლტოლვილების მძიმე და აუტანელ მდგომარეობას, უარყოფითად შეაფასა აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში შექმნილი სიტუაცია და ყველაფერში ბრალი დასდო საქართველოს პრეზიდენტს. აქვე დასძინა, რომ თუ ე. შევარდნაძეს არ მოკლავდნენ, საქართველოში შეიქმნებოდა უფრო მძიმე ვითარება. გ. ა-ძემ დადებითად შეაფასა ჯგუფის წევრთა ვარჯიშის შედეგები, მათი განწყობა, აღნიშნა, რომ მისი ფული მართლაც ტყუილად არ იყრებოდა წყალში და ისინი მალე ჩავიდოდნენ თბილისში, ე. შევარდნაძის მიმართ ტერორისტული აქტის განსახორციელებლად. თავის მხრივ, გ. ე-უამ გ. ა-ძეს ამცნო, რომ ჯგუფმა უკვე გაიარა სამხედრო მომზადება, მაგრამ ფინანსების უქონლობის გამო ვერ ახერხებდნენ თბილისში დაბრუნებას. გ. ა-ძე გ. ე-უას შეჰპირდა, რომ ფულს მალე გამოუგზავნიდა.
ბანაკიდან გ. ა-ძის წასვლის შემდეგ გ. ე-უამ ჯგუფის წევრებს, მათ შორის, ბ. თ-უას აცნობა, რომ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ე. შევარდნაძის მიმართ ტერაქტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებდა ჩეჩენი ეროვნების ექვსი მებრძოლი. მართლაც, ამის შემდეგ მათთან ერთად საბრძოლო მომზადებაში ვარჯიში დაიწყო იმ ექვსმა ჩეჩენმა მებრძოლმა, რომლებმაც შემდგომში მონაწილეობა მიიღეს ტერორისტულ აქტში. გ. ა-ძემ შეასრულა დანაპირები და დაახლოებით ათი დღის შემდეგ გ. ე-უას გამოუგზავნა საჭირო თანხა.
წინასწარი გამოძიების პროცესში, გ. ა-ძესთან დაპირისპირებისას, ბ. თ-უამ დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტზე ტერორისტული აქტის განსახორციელებლად სოფ. ავტურში საბრძოლო მომზადების გავლის, იქ გ. ა-ძის ჩასვლის და თანამზრახველებთან საუბრის ფაქტი. ბ. თ-უას თქმით, მათთან შეხვედრისას გ. ა-ძემ აღნიშნა, რომ სანამ საქართველოს პრეზიდენტს არ მოაშორებდნენ, ვერ გადაწყდებოდა საქართველოში არსებული პრობლემები. გ. ა-ძის წასვლის შემდეგ ექვსმა ჩეჩენმა დაიწყო მათთან ერთად ვარჯიში, შემდეგ მათ მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტზე განხორციელებულ ტერაქტში.
ზ. ე-იამ და ბ. თ-უამ დამატებითი დაკითხვების დროსაც დაადასტურეს, რომ გ. ა-ძე იყო ამ დანაშაულის ორგანიზატორი და დამფინანსებელი.
ზ. მ-ელმა სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებებში აღიარა პრეზიდენტ ე. შევარდნაძეზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტში მონაწილეობა, ხოლო წინასწარი გამოძიების პროცესში ადვოკატის თანდასწრებით აჩვენა, რომ როგორც გ. ე-უასაგან გადმოცემით იცოდა, ამ უკანასკნელმა ქ. მოსკოვში გ. ა-ძეს შესთავაზა ე.წ. “კანონიერი ხელისუფლების” აღდგენა საქართველოს პრეზიდენტზე ტერორისტული აქტის განხორციელების გზით. გ. ა-ძემ მოიწონა გ. ე-უას წინადადება, შეჰპირდა ტერორისტული აქტის მომზადებისა და განხორციელებისათვის საჭირო თანხებს და შემდგომში აფინანსებდა კიდეც. პრეზიდენტის მოკვლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების სათავეში უნდა მოსულიყო გ. ა-ძე. გ. ე-უამ ვიდეოფირზე გადაიღო საქართველოს პრეზიდენტის მარშრუტი, რომელიც აჩვენა გ. ა-ძეს და ჩეჩნეთში არსებული საწვრთნელი ბანაკის ხელმძღვანელს.
ზ. ე-იამ, ბ. თ-უამ და ზ. მ-ელმა სასამართლოში გადათქვეს გ. ა-ს მამხილებელი ჩვენებები, უარყვეს მისი მონაწილეობა ამ დანაშაულში და განმარტეს, რომ წინასწარ გამოძიებაში მათ მიმართ განხორციელებული აუტანელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, იძულებულნი გახდნენ, შეთქმულებისა და ტერორისტული აქტის ორგანიზატორად დაესახელებინათ გ. ა-ძე.
გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ განსასჯელები წინასწარი გამოძიების დროს ჩვენებებს იძლეოდნენ გულწრფელად, ყოველგვარი ზეწოლისა და გ. ა-ძის მიმართ რაიმე მიკერძოების გარეშე.
დიდი პალატა აღნიშნავს, რომ წინასწარი გამოძიების ეტაპზე მოპოვებული და განაჩენში მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ არის საკმარისი ტერორისტული აქტის ეპიზოდში მსჯავრდებულ გ. ა-ძის ბრალის დასადასტურებლად. ამასთან, განაჩენში ზოგიერთი მტკიცებულების შინაარსი გადმოცემულია არა იმდაგვარად, როგორც ეს, ფაქტობრივად, საქმის მასალებშია მოცემული, არამედ მოსამართლის ინტერპრეტაციით და მისი შინაარსის შეცვლით, რამაც გარკვეულად იმოქმედა ამ ეპიზოდში კანონიერი განაჩენის დადგენაზე, კერძოდ: ამავე საქმეზე მსჯავრდებული ზ. ე-ია დაკავებულ იქნა 1998 წლის 10 თებერვალს, ხოლო ტერორისტული აქტის მცდელობის თაობაზე ეჭვმიტანილის სახით დაიკითხა იმავე წლის 14-15 თებერვალს, სადაც მან აღწერა ტერორისტული აქტის დეტალები და დაასახელა მონაწილეთა ვინაობა, მაგრამ გ. ა-ძე საერთოდ არ უხსენებია. იმავე წლის 4-11 მარტს ბრალდებულის სახით დაკითხულმა ზ. ე-იამ უჩვენა: “ერთხელ გ. ე-უამ მობილურით დარეკა ქ. მოსკოვში. დარეკვის შემდეგ, გ. ე-უამ გვითხრა ორ-სამ დღეში ჩვენთან ჩამოვა გ. ა-ძეო, რა საკითხთან დაკავშირებით უნდა ჩამოსულიყო იგი, გ. ე-უას ჩვენთვის არ უთქვია”.
მან იქვე განმარტა, რომ ორი-სამი დღის შემდეგ ბანაკში მართლაც ნახა გ. ა-ძე: “მან მოგვაკითხა ჩვენ, მოიკითხა ვ. დ-შვილის ჯანმრთელობა, გვითხრა, რომ იგი მოელაპარაკა ბანაკის ხელმძღვანელს, მათსა და ჩვენს, ქრისტიანებს შორის განსხვავება არის, მათთან გადაწყდა, რომ თქვენთან ერთად ქ. თბილისში 6 ჩეჩენი ჩამოვაო და მალე წახვალთ ქ. თბილისშიო, სადაც მოახდენთ საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმასო. აქვე განვმარტავ, რომ გ. ე-უას ბანაკში ვარჯიშის დროს ჩემთან არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი, თუ ჩვენ წარმატებით განვახორციელებდით საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმას, მოვახდენდით მის ლიკვიდაციას და განადგურებას, მაშინ ორმოცი დღის შემდეგ დაინიშნებოდა საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები, დასავლეთ საქართველოს 70 პროცენტამდე მხარს დაგვიჭერს და საქართველოს პრეზიდენტი გახდება გ. ა-ძეო... როდესაც გ. ა-ძე წავიდა ჩვენი ბანაკიდან, მეორე დღეს ქ. მოსკოვში, რუსეთის ფეხბურთის ნაკრები ხვდებოდა იტალიის ნაკრებს და თუ არ ვცდები, ეს იყო 1997 წლის 15 ნოემბერს.”
მან ასევე განმარტა: “მინდა განვმარტო, რომ გ. ა-ძის ჩვენს ბანაკში ჩამოსვლის მიზანი, როგორც ჩემი, ასევე ჩვენი ჯგუფის ყველა წევრის აზრით, იყო შემდეგი: “როგორც ზემოთ აღვნიშნე, გ. ე-უას გადმოცემით, ჩვენს მომზადებას ჩეჩნეთში აფინანსებდა გ. ა-ძე”.
მსჯავრდებულ გ. ა-ძესთან დაპირისპირებისას ზ. ე-იამ, ფაქტობრივად, გადათქვა მის მიერ მიცემული ჩვენება. კერძოდ, დაპირისპირებისას ე-იამ განმარტა: “მართალია, გ. ა-ძეს არ უთქვამს, რომ შევარდნაძე მოკალითო, მაგრამ ჩვენი ჩეჩნეთში ყოფნა ფაქტიურად გულისხმობდა”. აქვე დაპირისპირებისას უჩვენა: “პრეზიდენტზე თავდასხმის მომზადების პერიოდში ბანაკში ბლომად იყვნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც, მაგრამ ბატონი გ-ის ჩამოსვლის შემდეგ მხოლოდ ექვსი კაცი ჩამოგვყვა საქართველოში. ჩემი აზრით, ამაში გ. ა-ძის დამსახურება უდავოდ დიდია. ჩემთვის უცნობია, თუ ვისგან მოდიოდა ის თანხები, რომლის მეშვეობითაც ჩვენ თვეების განმავლობაში გავდიოდით მზადებას, შევიძინეთ იარაღი, დავიქირავეთ ბინები”.
ამდენად, მსჯავრდებულ ზ. ე-იას ჩვენება არის წინააღმდეგობრივი, მით უმეტეს, საქმის სასამართლოში განხილვისას მან კატეგორიულად უარყო გ. ა-ძის ტერორისტულ აქტში მონაწილეობა და ახსნა ჩვენების შეცვლის მოტივი და მიზეზი, მიუთითა, რომ მის მიმართ წინასწარი გამოძიების დროს გამოყენებული იყო როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ზემოქმედება, რათა გ. ა-ძის მიმართ მიეცა მამხილებელი ჩვენება. მისი ასეთი განმარტება საქმის მასალებით არაა უარყოფილი.
ასევე წინააღმდეგობრივია მსჯავრდებულ ბ. თ-უას მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები. კერძოდ, ბ. თ-უა ეჭვმიტანილის სახით დაკითხულ იქნა 1998 წლის 14 თებერვალს, სადაც მან, ფაქტობრივად, აღიარა ჩადენილი დანაშაული, მაგრამ გ. ა-ძის შესახებ საერთოდ არაფერი უთქვამს. იმავე წლის 15 თებერვალს მას წარედგინა ტერორისტულ აქტში მონაწილეობის ბრალდება და დაკითხულ იქნა ბრალდებულის სახით. მან თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ, აღიარა ჩადენილი დანაშაული, მიუთითა ტერაქტის მონაწილეთა შესახებ და აღწერა მისი ჩადენის დეტალები. იქვე მიუთითა: “მე ამ ოპერაციაში ჩამრთო გ. ე-უამ და მან თქვა, რომ ხელისუფლებაში მოვიდოდა მათი ხალხი. კონკრეტულად, თუ ვინ იქნებოდა ან რა ძალები არ უთქვამს. ასევე არ ვიცი, თუ ვინ აფინანსებდა ოპერაციას”.
1998 წლის 11 მარტს, დამატებით დაკითხვისას, ბ. თ-უამ ტერორისტული აქტის ორგანიზებასა და დაფინანსებაში გარკვეულწილად ამხილა გ. ა-ძე, რაც ასევე გაიმეორა იმავე წლის 30-31 მარტს ბრალდებულის სახით დაკითხვის დროსაც. იმავე წლის 9 აპრილს გურამ ა-ძესთან დაპირისპირებისას ბ. თ-უამ, ფაქტობრივად, უარყო ა-ძის მიმართ მიცემული ჩვენება, განმარტა, რომ გ. ა-ძეს მათთვის არ უთქვამს, პრეზიდენტი მოკალითო, პრეზიდენტის ლიკვიდაციის ინიციატორი იყო გ. ე-უა.
მანვე განმარტა, რომ ფინანსების საკითხებსაც აგვარებდა გ. ე-უა.
საქმის სასამართლოში განხილვისას მსჯავრდებულმა ბ. თ-უამ ასევე უარყო გ. ა-ძის მონაწილეობა ტერორისტული აქტის ორგანიზებისა და დაფინანსების ნაწილში, ასევე ახსნა ჩვენების შეცვლის მოტივი და მიზეზები.
დიდი პალატა აღნიშნავს, რომ ამავე საქმეზე მსჯავრდებული ზ. მ-ელი არ ყოფილა ჩეჩნეთში სამხედრო წვრთნის გასავლელად და იგი მოგვიანებით ჩაერთო ტერორისტული აქტის განმახორციელებელ ჯგუფში. მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები გ. ა-ძესთან მიმართებაში არის ზოგადი და ემყარებოდა მხოლოდ გ. ე-უასაგან მოსმენილ გამონათქვამებს.
როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, ზ. მ-ელი გ. ა-ძეს არ შეხვედრია და მასთან ტერორისტული აქტის მომზადების ან დაფინანსების შესახებ საუბარი არ ჰქონია. უფრო მეტიც, წინასწარი გამოძიების დროს ზ. მ-ელი გ. ა-ძესთან არ ყოფილა დაპირისპირებული. საქმის სასამართლოში განხილვისას მანაც კატეგორიულად უარყო გ. ა-ძის მიმართებაში წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, მიუთითა, რომ მის მიმართ გამოყენებული იყო ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედება, რის გამოც იძულებული იყო, მიეცა გ. ა-ძის საწინააღმდეგო ჩვენება. მისი ასეთი განმარტება საქმის მასალებით არაა უარყოფილი.
მართალია, როგორც ზემოთ აღინიშნა, წინასწარი გამოძიების საწყის ეტაპზე მოპოვებულ იქნა გარკვეული მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდნენ გ. ა-ძის მიერ ტერორისტული აქტის დაფინანსებაზე, თუმცა შემდგომ გამოძიების და საქმის სასამართლოში განხილვისას ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ ამ ფაქტს.
ამასთან, დიდი პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულების ზ. ე-იას, ბ. თ-უას და ზ. მ-ელის წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებები (რომელთაც დაეყრდნო განაჩენი) არის ურთიერთსაწინააღმდეგო და ზოგ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავიც. დამატებით მტკიცებულებათა მოპოვება და საქმეში არსებული წინააღმდეგობების აღმოფხვრა სისხლის სამართალწარმოების ამ ეტაპზე შეუძლებელია, ხოლო საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების გზით ამის გაკეთება სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია, ვინაიდან პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ხანგრძლივი დროის, თითქმის 3 წლისა და 6 თვის განმავლობაში, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ ამ ეპიზოდში გ. ა-ძის ბრალეულობას, ხოლო საქმის დამატებით გამოძიებაში ან ხელახალ სასამართლო განხილვაში დაბრუნება კი გამოიწვევს სისხლისსამართლებრივი დევნის გაჭიანურებას. მით უმეტეს, ზ. ე-იას, ბ. თ-უას და ზ. მ-ელის წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებებიდან ირკვევა, რომ მათ აწ გარდაცვლილ გ. ე-უასაგან გაგონილი ჰქონდათ, რომ ფინანსურად მათ ეხმარებოდა გ. ა-ძე, თუმცა, კონკრეტულად, როდის ან რა რაოდენობის თანხით დაეხმარა გ. ა-ძე ტერაქტის განხორციელებას, მათ არ იციან. მსჯავრდებული გ. ა-ძე წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას კატეგორიულად უარყოფდა ტერაქტის ორგანიზებას და დაფინანსებას, თუმცა ჩეჩნეთში ჩასვლას და ჯგუფის წევრებთან შეხვედრას გ. ა-ძე არ უარყოფდა და ხსნიდა კიდეც მისი ჩასვლის მიზანს. რაც შეეხება აწ გარდაცვლილ გ. ე-უას, იგი ამ ფაქტის ირგვლივ არ დაკითხულა. თვით მსჯავრდებულებმა ზ. ე-იამ, ბ. თ-უამ და ზ. მ-ელმა სასამართლო განხილვისას კატეგორიულად უარყვეს გ. ა-ძის მიერ ტერაქტის ორგანიზებისა და დაფინანსების ფაქტი. ამასთან, ახსნეს, თუ რამ აიძულა ისინი მიეცათ გ. ა-ძის საწინააღმდეგო ჩვენებები. მათ მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებების გასაბათილებლად ბრალდების მხარეს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. ამდენად, ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, აღარ არსებობს დამატებით მტკიცებულებათა შეკრების შესაძლებლობა.
დიდი პალატა აღნიშნავს, რომ გამოძიებისა და სასამართლოს მიერ არაა დადგენილი გ. ა-ძის ჩეჩნეთში ჩასვლის თარიღი, არაა ახსნილი, თუ ის ტერაქტის დამფინანსებელი იყო, რატომ არ ჩაიტანა ჯგუფისათვის საჭირო თანხა, არ ყოფილა ახსნილი მისი სენაკში ჩასვლის მოტივი და მიზანი, საერთოდ არაა დადასტურებული გ. ე-უას გ. ა-ძესთან სატელეფონო საუბარი. აღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, ს. ე-იას, ხ. თ-უას და ზ. მ-ელის მიერ წინასწარი გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები გ. ა-ძის მიმართებაში არ არის სარწმუნო. D
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
საპროცესო კანონის აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, დიდი პალატა თვლის, რომ განაჩენი გ. ა-ძის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 17, 67-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 17, 104-ე მუხლის მესამე, მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით, 307-ე მუხლითა და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის მესამე ნაწილით ბრალდების ეპიზოდში უნდა გაუქმდეს და საქმე წარმოებით შეწყდეს, საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
დიდი პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. ა-ძის მიერ 127 830 აშშ დოლარის აშკარად (ძარცვით) გატაცების ეპიზოდი სასამართლო კოლეგიის მიერ არასწორადაა დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით. კანონის თანახმად, ქმედებას აღნიშნული კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს იმ შემთხვევაში, როდესაც პირი აშკარად ეუფლება სხვის ქონებას დიდი ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, გ. ა-ძის მიერ თანხის ასეთი გზით გატაცებას ადგილი არ ჰქონია. პირიქით, საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ მსჯავრდებულმა გ. ა-ძემ ყოფილი მთავრობის სახელით “აგრომრეწვბანკის” ზუგდიდის განყოფილების მმართველ მ. კ-ელიას ზუგდიდის მერიის შენობაში მიატანინა 127 830 ამერიკული დოლარი, რომლის მიღებაზეც თვითონვე მოაწერა ხელი. აღნიშნული თანხა რომ გ. ა-ძემ მიიღო, დადგენილია როგორც თვით გ. ა-ძის მიერ მიცემული ჩვენებით, ასევე ბანკის მმართველ მ. კ-იას ჩვენებით, გასავლის ორდერით, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი გ. ა-ძეს და საქმეში არსებული სხვა მასალებით.
დიდი პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ გ. ა-ძის ჩვენებას იმის თაობაზე, თითქოს მიღებული თანხა მოხმარდა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის კვებასა და მათი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას. პალატა აღნიშნავს, რომ ყოფილი მთავრობის სახელით შედგენილ იქნა ყველა დოკუმენტაცია თანხის ბანკიდან გამოსატანად, ხოლო მისი ხარჯვის შესახებ კი არავითარი საბუთი არ შექმნილა. უფრო მეტიც, თუკი თანხა უნდა მოხმარებოდა აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, მაშინ იგი უნდა მიეღო შესაბამის უწყებას, რომელსაც უშუალოდ ევალებოდა ლტოლვილი მოსახლეობის კვებისა და სხვა სოციალური პრობლემების მოგვარება. ყოველივე ამის საწინააღმდეგოდ, ზემოთ მითითებული თანხა მოითხოვა და მიიღო ყოფილი მთავრობის ფინანსთა მინისტრმა გ. ა-ძემ, რომელსაც არ ევალებოდა და სამართლებრივად არც შეეძლო ბანკიდან თანხის უშუალოდ მიღება და განკარგვა.
პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. ა-ძის მიერ 127 830 ამერიკული დოლარის მითვისება დადგენილია საქმის ერთობლივი მასალებით, მაგრამ მის ქმედებას მიცემული აქვს არასწორი სამართლებრივი შეფასება. გ. ა-ძის ქმედება მოცემულ შემთხვევაში უნდა დაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მაგრამ დანაშაულის აღნიშნული შემადგენლობის სანქცია უფრო მძიმეა, ვიდრე სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის, რითაც ცნობილ იქნა დამნაშავედ და დაენიშნა სასჯელი.
სსსკ-ის 566-ე მუხლის თანახმად, საკასაციო ინსტანციის სასამართლოს უფლება არა აქვს, მიიღოს მსჯავრდებულის საზიანო გადაწყვეტილება სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლის გამოყენების სახით და ამით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, ამიტომ გ. ა-ძის ქმედება ბრალდების ამ ეპიზოდში უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და ამის მიხედვით უნდა განესაზღვროს სასჯელი.
სხვა ნაწილში გ. ა-ძის მიმართ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი, რაც კასატორებსაც არ გაუხდიათ სადავოდ.
საკასაციო საჩივარი მიუთითებს იმის შესახებ, რომ სასამართლო კოლეგიამ დაცვის მხარეს აუკრძალა მტკიცებულებების წარმოდგენის უფლება და დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი. სასამართლო კოლეგიამ თავისი 2001 წლის 30 მაისის განჩინებით დაცვის მხარეს კი არ აუკრძალა მტკიცებულებათა წარმოდგენის შესაძლებლობა, არამედ დამთავრებულად გამოაცხადა დაცვის მტკიცებულებათა გამოკვლევა და გადავიდა იმ მტკიცებულებათა განხილვაზე, რომლებიც ახასიათებენ განსასჯელთა პიროვნებას და შეეხებიან პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს.
სასამართლო კოლეგიამ განჩინებაში მიუთითა, რომ მოსმენილია და გამოკვლეულია, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იმ ზომით, რაც აუცილებელია მტკიცების საგნის გარემოებათა გასარკვევად და საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.
ამის შემდეგ სასამართლო კოლეგიამ 2001 წლის 1 ივნისს მაინც დააკმაყოფილა განსასჯელ გ. ა-ძის შუამდგომლობა და განაახლა დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებათა წარმოდგენა. დაკითხულ იქნა მოწმე ნ. ბ-ძე, რის შემდეგ იმავე წლის 5 ივნისის განჩინებით ისევ დამთავრებულად გამოაცხადა დაცვის მტკიცებულებათა გამოკვლევა.
აღნიშნული გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ არ დარღვეულა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი.
მართალია, განსასჯელ გ. ა-ძეს არ მისცემია საბოლოო სიტყვა, მაგრამ ამით არ შეზღუდულა მისი უფლებები, რადგან იგი წესრიგის დარღვევისათვის გაძევებულ იქნა სასამართლო სხდომიდან და, ამდენად, შემდგომ სასამართლო განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია და არც საბოლოო სიტყვა წარმოუთქვამს.
საკასაციო საჩივარი მიუთითებს იმის შესახებ, რომ განაჩენი გამოიტანა არაკანონიერმა შემადგენლობამ. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქმე განხილულ იქნა ერთი მოსამართლისა და ორი მსაჯულის მონაწილეობით. ამასთან, რადგან საქმის განხილვა ითხოვდა დიდ დროს, საქმის განხილვის დაწყებიდან სასამართლო სხდომის დარბაზში იმყოფებოდა სათადარიგო მსაჯული, რომელმაც, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, რამდენჯერმე შეცვალა საქმის განხილვაში მონაწილე მსაჯული. აღნიშნულით არ დარღვეულა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 436-ე მუხლის მოთხოვნა და განაჩენი დადგენილ იქნა კანონიერი შემადგენლობის მიერ.
დიდი პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, თითქოს გ. ა-ძე იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში და ამ გარემოებას სასამართლო კოლეგიამ არ მისცა სათანადო შეფასება.
აღნიშნული საკითხი არაერთხელ დაისვა, როგორც წინასწარი გამოძიების, ასევე საქმის სასამართლოში განხილვისას და გახდა მსჯელობის საგანი. მიჩნეულ იქნა, რომ მსჯავრდებულ გ. ა-ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების _ პატიმრობის გამოყენებისას არ დარღვეულა იმჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნები. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 1993 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს გენერალური პროკურორის სანქციით გ. ა-ძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
ასევე 1998 წლის 19 მარტს ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს მოსამართლის ბრძანებით, გამომძიებლის შუამდგომლობის საფუძველზე, გ. ა-ძეს აღკვეთის ღონისძიების სახით დაენიშნა პატიმრობა, რაც მეორე დღეს, ე.ი. 20 მარტს, მოსამართლის მიერ თვით გ. ა-ძისა და მისი ადვოკატის მონაწილეობით იქნა დადასტურებული. ამის შემდეგ წინასწარი გამოძიებისას გ. ა-ძის მიმართ ორჯერ იქნა საპატიმრო ვადა გაგრძელებული, ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლის მიერ. საქმის სასამართლოში განხილვისას კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ ასევე ორჯერ იქნა გ. ა-ძისა და სხვათა მიმართ საპატიმრო ვადა გაგრძელებული.
დიდი პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. ა-ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდებისას და შემდგომ ამ ვადის გაგრძელებისას არ ყოფილა დარღვეული საპროცესო კანონის მოთხოვნები და, ამდენად, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, რომ თითქოს გ. ა-ძე იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში.
საჩივარი მიუთითებს იმის შესახებ, რომ სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის მიერ არასწორად იქნა განმარტებული საპროცესო კანონის მოთხოვნები და დარღვეულ იქნა გ. ა-ძის დაცვის უფლება, ვერ გახდება განაჩენის გაუქმების საფუძველი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობებს სასამართლო კოლეგია განიხილავდა მოქმედი საპროცესო კანონის მოთხოვნათა საფუძველზე და კოლეგიალურად იღებდა გადაწყვეტილებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. გ. ა-ძეს საქმის სასამართლო განხილვისას იცავდა მის მიერ მოწვეული ორი ადვოკატი, შემდეგ მათ მიატოვეს სასამართლო სხდომის დარბაზი, თუმცა სასამართლო კოლეგიამ ისინი არ გაათავისუფლა დაცვის მოვალეობისაგან და დამატებით, სახაზინო წესით დაუნიშნა კიდევ ერთი ადვოკატი, რომელსაც მიეცა დრო საქმის მასალების გასაცნობად. შემდგომ, განსასჯელ გ. ა-ძესა და ადვოკატს შორის მომხდარი შეკამათების გამო, ა-ძის დამცველმა, მიატოვა სხდომა. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ა-ძის ქმედება მიმართული იყო სხდომის ჩაშლისაკენ და რომ მას საერთოდ არ სურდა, ჰყოლოდა დამცველი.
სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებული ზომების მიუხედავად, ადვოკატები არ დაბრუნდნენ სასამართლო სხდომაზე, რითაც შეეცადნენ, გაეჭიანურებინათ საქმის განხილვა. ამის შემდეგ სასამართლო კოლეგიამ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ გ. ა-ძეს სავალდებულო არ იყო, ჰყოლოდა დამცველი, რადგან ბრალი ედებოდა ტერაქტის მცდელობისათვის. ასევე დაუდგენელი იყო, თუ ვისი ნასროლი ტყვიით გარდაიცვალნენ კ-ური და შ-ძე, ამიტომ ამ ნაწილშიც პროკურორმა ითხოვა ქმედების მცდელობით დაკვალიფიცირება. იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 56-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, უვადო თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაინიშნოს დანაშაულის მცდელობისათვის, და ამდენად, არ არსებობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები იძულებით დაცვის თაობაზე, საქმის განხილვის შემდგომი გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, სასამართლო კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება, ადვოკატების მონაწილეობის გარეშე გაეგრძელებინა საქმის განხილვა. ასეთი გარემოებების არსებობისას არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, რომ დაირღვა მსჯავრდებულ გ. ა-ძის დაცვის უფლება, მით უმეტეს, ტერაქტის ეპიზოდში გ. ა-ძის მიმართ განაჩენი გაუქმდა და საქმე ამ ნაწილში წარმოებით შეწყდა.
დიდი პალატა ეთანხმება საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულ გ. ა-ძესა და ზ. ე-იას შორის წინასწარ გამოძიების სტადიაზე მიცემულ ჩვენებებს შორის იყო წინააღმდეგობები, ამის გამო გ. ა-ძეს სასამართლო განხილვისას უნდა ჰყოლოდა დამცველი. იმის გათვალისწინებით, რომ ტერაქტის ეპიზოდში გ. ა-ძის მიმართ საქმე წარმოებით შეწყდა, ამიტომ სასამართლო კოლეგიის მიერ დაშვებული დარღვევა, განაჩენის მთლიანი მოცულობით გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. წინააღმდეგობები გ. ა-ძისა და ზ. ე-იას შორის არსებობდა ტერაქტის ეპიზოდში, ამ ნაწილში კი როგორც აღინიშნა გ. ა-ძის მიმართ საქმე წარმოებით შეწყდა. ამდენად, აღარ არსებობს განაჩენის გაუქმების საფუძველიც.
დიდი პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ გაყალბებული იქნა საქმის სასამართლოში შესვლის თარიღი. ეს საკითხი საქმის სასამართლოში განხილვისას დეტალურად შემოწმდა და დადგინდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამოგზავნილ იქნა 1999 წლის 14 ივნისს, ხოლო უზენაეს სასამართლოში შემოვიდა იმავე წლის 17 ივნისს. საკასაციო ინსტანციას უფლება არ აქვს დაადგინოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, დამტკიცებულად არ ჩათვალოს განაჩენში მოყვანილი ფაქტები, რის გამოც კასაციას არა აქვს სამართლებრივი საფუძველი, დაადგინოს, რომ საქმის სასამართლოში შემოსვლის თარიღი გაყალბებულია, ამიტომ ეს გარემოება განაჩენის გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.
საკასაციო საჩივრის მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლო კოლეგიამ გამოტოვა სასამართლო პროცესის ეტაპები, არ განიხილა შუამდგომლობა გ. ა-ძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, არ გამოიძახა დაზარალებული და ექსპერტები, პროცესი ჩატარდა განსასჯელების და მათი ადვოკატების დასწრების გარეშე, ასევე რიგ ეპიზოდებში დაუსაბუთებლად შეწყვიტა საქმე – საქმის განხილვის ამ ეტაპზე ვერ გახდება განაჩენის გაუქმების საფუძველი.
საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ სასამართლო კოლეგიას არ გამოუტოვებია სასამართლო განხილვის არც ერთი სტადია. საჩივარში მითითებულ ზემოაღნიშნულ საკითხებზე სასამართლო კოლეგიას მიღებული აქვს სათანადო გადაწყვეტილება (განჩინება). უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ საქმის განხილვა ადვოკატების დასწრების გარეშე გამოწვეული იყო იმით, რომ თვით ადვოკატებმა თავიანთი ინიციატივით მიატოვეს სასამართლო სხდომა, ხოლო განსასჯელთა გარეშე საქმის განხილვა გამოიწვია იმან, რომ მათ მიერ დარღვეულ იქნა წესრიგი, რის გამოც ისინი გაძევებულ იქნენ სხდომის დარბაზიდან. ასეთ ვითარებაში დიდი პალატა თვლის, რომ განსასჯელთა დაცვის უფლების დარღვევის მოტივით და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებებით განაჩენის მთლიანად გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
დიდი პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ (პროკურორმა) 34 ეპიზოდში უარი თქვა გ. ა-ძის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე და ითხოვა საქმის წარმოებით შეწყვეტა. სასამართლო კოლეგიამ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და თავისი განჩინებით გ. ა-ძის მიმართ წარდგენილი ბრალდების 34 ეპიზოდში საქმე წარმოებით შეწყვიტა, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის მე-8 ნაწილისა, სადაც მითითებულია, რომ თუ პროკურორი სასამართლოში უარს იტყვის ბრალდებაზე, სასამართლო ვალდებულია, შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე ან გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი. ასეთ ვითარებაში, როდესაც კანონი იმპერატიულად მოითხოვს პროკურორის მიერ ბრალდებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლოს მიერ საქმის წარმოებით შეწყვეტას, სასამართლო კოლეგიის მიერ კანონის დარღვევაზე მსჯელობის საფუძველი არ არსებობს.
დიდი პალატა ვერ დაეთანხმება საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ სასამართლო კოლეგიამ არ განიხილა დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა გ. ა-ძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე. სასამართლო კოლეგიას განხილული აქვს დაცვის მხარის მიერ დაყენებული ასეთი შუამდგომლობა და განჩინებით უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე. რაც შეეხება დაზარალებულების და ექსპერტების მოწვევისა და დაკითხვის თაობაზე დაყენებულ შუამდგომლობებს, ისინი სასამართლო კოლეგიის მიერ განხილულია და მიღებული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილება.
დიდი პალატა თვლის, რომ საქმის განმხილველი სასამართლო კოლეგიის მიერ დაშვებული არსებითი ხასიათის საპროცესო კანონის დარღვევის მოტივით განაჩენის მთლიანად გაუქმების საფუძველი არ არსებობს, მაგრამ საკასაციო პალატის აზრით არსებობს გ. ა-ძის მიმართ განაჩენის მთელ რიგ ეპიზოდებში გაუქმების და ამ ნაწილებში სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის კანონიერი საფუძვლები.
დიდი პალატა ასევე ვერ დააკმაყოფილებს მსჯავრდებულ გ. ა-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატების კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, სასამართლო კოლეგიის მიერ საქმის განხილვისას მიღებული იმ 20 განჩინების გაუქმების თაობაზე, რომლებიც ჩამოთვლილია ამ განჩინების აღწერილობით ნაწილში. დიდი პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არის ზოგადი ხასიათის, მითითებულია მხოლოდ იმის თაობაზე, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებული განჩინებები არის უკანონო, მაშინ, როდესაც ყველა ზემოაღნიშნული განჩინება გამოტანილია სათანადო საპროცესო კანონზე მითითებით და არ მოიპოვება არსებითი საფუძველი მათი საკასაციო განხილვის სტადიაზე გაუქმებისა და უკანონო აქტად ცნობისათვის.
კერძოდ, გ. ა-ძე და სხვები 1999 წლის 15 ნოემბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით იქნენ მიცემული სამართალში. სასამართლო კოლეგიამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა დაცვის მხარის შუამდგომლობა იმ ფარგლებში, რაც ამ მუხლითაა დადგენილი, სადაც მითითებულია, რომ სამართალში მიცემის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ვალდებულია, განიხილოს მხარეთა შუამდგომლობები დამატებით მტკიცებულებათა გამოთხოვის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, სამოქალაქო სარჩელისა და მისი უზრუნველყოფის შესახებ. ამდენად, კანონმა ზუსტად განსაზღვრა ის საკითხები, რომლებიც უნდა იქნეს განხილული მხარეთა შუამდგომლობების საფუძველზე. კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ ბრალდებულების სამართალში მიცემისას გამწესრიგებელ სხდომაზე მხარეთა მიერ დაყენებული შუამდგომლობები განიხილა იმ ფარგლებში, რაც კანონით იყო რეგლამენტებული და მიიღო შესაბამისი განჩინება.
დიდი პალატა თვლის, რომ არ არსებობს არსებითი საფუძველი სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 15 ნოემბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინების გაუქმებისათვის.
როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლო კოლეგიის წინაშე დაცვის მხარემ არაერთხელ დასვა საკითხი, რომ გ. ა-ძე იყო უკანონო პატიმრობაში და ითხოვდნენ მის გათავისუფლებას. სასამართლო კოლეგიამ ამ საკითხზე 2000 წლის 14 მარტის განჩინებით იმსჯელა, ჩათვალა, რომ გ. ა-ძის მიმართ დაპატიმრებისა და საპატიმრო ვადების გაგრძელებისას არ ყოფილა საპროცესო კანონი დარღვეული და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
დიდი პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ ზემოთ მითითებული განჩინება გამოტანილია საპროცესო ნორმების დაცვით და საკასაციო განხილვის ეტაპზე არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დიდი პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგიამ საჭიროდ არ ჩათვალა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტების გამოძახება და დაკითხვა. 2000 წლის 10 ივლისის შესაბამის განჩინებაში მითითებულია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არის გასაგები და დასმულ საკითხებზე პასუხი გაცემულია სრულყოფილად, რის გამოც არ არსებობდა ექსპერტის დაკითხვის აუცილებლობა. ამდენად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების საფუძველი.
გ. ა-ძე 2000 წლის 11 ივლისის განჩინებით, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის გამო, გაძევებულ იქნა სასამართლო დარბაზიდან, რის შესახებ სასამართლო კოლეგიამ მიიღო შესაბამისი განჩინება.
დიდი პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიას აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას არ დაურღვევია კანონის მოთხოვნა, მით უმეტეს, შემდგომ, მხარეთა შუამდგომლობის გამო, გ. ა-ძე ისევ დაბრუნებულ იქნა სასამართლო განხილვაში მონაწილეობის მისაღებად.
სასამართლო კოლეგიამ 18 სექტემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სათადარიგო მსაჯულის _ სააკიანის აცილების თაობაზე.
დიდი პალატა თვლის, რომ სათადარიგო მსაჯულის აცილების საკითხის გადაწყვეტისას მოქმედი კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მით უმეტეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას სათადარიგო მსაჯულს მონაწილეობა არ მიუღია.
სასამართლო კოლეგიამ დაცვის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიკვლია სმოლენსკის ოლქის ქ. რუდნიაში გ. ა-ძის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის ოქმის კანონიერების საკითხი. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მათივე კანონმდებლობის საფუძველზე. ჩხრეკის წარმოებისას არ დარღვეულა საპროცესო კანონის მოთხოვნები, ამიტომ თავისი 2000 წლის 22 ნოემბრის განჩინებით უარი უთხრა დაცვის მხარეს ზემოაღნიშნული ჩხრეკის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე.
სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებული აღნიშნული განჩინების გაუქმების კანონიერი საფუძველი არ მოიპოვება.
ბრალდების 34 ეპიზოდში საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერების თაობაზე უკვე იყო მსჯელობა.
დიდი პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას “ბრალდებულ გ. ა-ძისა და მისი დამცველებისათვის საქმის მასალების წარდგენის შესახებ” ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე სასამართლო კოლეგიამ განიხილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და თავისი 2001 წლის 10 აპრილის განჩინებით უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ მითითებული ოქმი არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც მტკიცებულება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 110-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებია კანონით გათვალისწინებული წყაროებიდან და წესით მიღებული ცნობები, რომელთა საფუძველზედაც მხარეები იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ადგენენ, არსებობს თუ არა მოვლენა ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართალწარმოება, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე, საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებს.
ამავე მუხლში მითითებულია, თუ რა ცნობები შეიძლება იქნეს მიჩნეული მტკიცებულებად სისხლის სამართლის პროცესში.
აღნიშნული დებულებიდან გამომდინარე, ოქმი ბრალდებულისათვის საქმის მასალების გასაცნობად წარდგენის შესახებ არ წარმოადგენს მტკიცებულებას და, ამდენად, არ შეიძლება მსჯელობა მისი დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობისათვის.
საქმის სასამართლო განხილვისას არაერთხელ დაისვა საკითხი სხდომის თავმჯდომარის, მსაჯულის, მთლიანად სასამართლო კოლეგიის აცილების შესახებ. ამ საკითხზე გამოტანილია სხვადასხვა განჩინება, მათ შორის, სასამართლო კოლეგიამ თავისი 2001 წლის 8 მაისის განჩინებით არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლო კოლეგიის აცილების შესახებ.
დიდი პალატა აღნიშნავს, რომ კოლეგიამ ჩათვალა, რომ არ არსებობდა კანონიერი საფუძველი სასამართლო კოლეგიის აცილებისათვის, ამიტომ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. საქმის საკასაციო განხილვის ეტაპზე ამ განჩინების გაუქმების არსებითი საფუძველი არ არსებობს.
დიდი პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ 2001 წლის 15 მაისს მიღებული ორი განჩინება არის კანონიერი და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი, რადგან აღნიშნული დროისათვის გ. ა-ძის მიმართ სასამართლოში პატიმრობის ორწლიანი ვადა ჯერ არ იყო გასული, ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, განსასჯელთა მიმართ საპატიმრო ვადა გაგრძელებული იყო 3 თვით.
დიდი პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ 1993 წლის 25 ოქტომბრისა და 1998 წლის 19 მარტის დადგენილებები გ. ა-ძის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ ცნობილ იქნეს უკანონო საპროცესო აქტებად. ამ საკითხზე სასამართლო კოლეგიამ იმსჯელა 2001 წლის 21 მაისს და თავისი განჩინებით უარი უთხრა დაცვის მხარეს დაყენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ზემოთ აღნიშნული დადგენილებები მიღებულია იმჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონის საფუძველზე და არ არსებობს მათი გაუქმების კანონიერი საფუძველი.
კერძო საკასაციო საჩივრის მითითება იმის შესახებ, რომ უკანონო საპროცესო აქტებად იქნეს ცნობილი კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 19 და 20 მარტის ბრძანებები გ. ა-ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების – დაპატიმრების შეფარდების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 17 ივნისის ბრძანება გ. ა-ძის მიმართ საპატიმრო ვადის გაგრძელების შესახებ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 1998 წლის 10 აგვისტოს ბრძანება ბრალდებულების მიმართ საპატიმრო ვადის გაგრელების შესახებ – დიდი პალატის მიერ ვერ იქნება დაკმაყოფილებული. სასამართლო კოლეგიამ საქმის განხილვისას იმსჯელა აღნიშნულ საკითხებზე, გამოიკვლია მათი კანონიერება, დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ არ ყოფილა დარღვეული იმჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნები, რის შესახებაც მიიღო სათანადო განჩინებები.
დიდი პალატა თვლის, რომ არ არსებობს კანონიერი საფუძველი ზემოთ მითითებული ბრძანებების უკანონო საპროცესო აქტებად ცნობისათვის.
სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 30 მაისისა და იმავე წლის 5 ივნისის განჩინებები, რომლებითაც დამთავრებულად იქნა გამოცხადებული დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უკანონოდ, რადგან დაცვის მხარეს, ფაქტობრივად, აღარ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება და მხოლოდ ზოგადად აღნიშნავდნენ, რომ ჰქონდათ წარსადგენი მტკიცებულებები. სასამართლო კოლეგიის არაერთი თხოვნის მიუხედავად, რომ წარმოედგინათ კონკრეტული მტკიცებულებები, დაცვის მხარეს ასეთი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, ამიტომ კოლეგიამ მიიჩნია, რომ მათი ასეთი განმარტება მიმართული იყო საქმის განხილვის გაჭიანურებისაკენ და თავისი განჩინებებით დამთავრებულად გამოაცხადა დაცვის მხარის მტკიცებულებათა წარმოდგენა.
სასამართლო კოლეგიის მიერ 2001 წლის 26 ივლისის და იმავე წლის 1 აგვისტოს განჩინებები სასამართლო სხდომის გ. ა-ძის, ნ. ჩ-უას, ტ. ბ-იას, ზ. გ-უას, ზ. მ-ელისა და ბ. თ-უას ადვოკატების გარეშე გაგრძელების შესახებ, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უკანონოდ, რადგან სასამართლო კოლეგიას ზემოაღნიშნული მსჯავრდებულების ადვოკატები არ გაუთავისუფლებია, მათ თვითონ მიატოვეს სასამართლო სხდომა და მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, აღარ დაბრუნდნენ სხდომაზე. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები იძულებით დაცვის შესახებ, ამიტომ სასამართლო სხდომა ადვოკატების დასწრების გარეშე გააგრძელა.
სასამართლო კოლეგიამ 2001 წლის 26 ივლისის განჩინებით გ. ა-ძე გააძევა სხდომის დარბაზიდან, რადგან მან უხეშად დაარღვია წესრიგი. აღნიშნულიდან გამომდინაარე, არ არსებობს აღნიშნული განჩინების გაუქმების საფუძველი.
დიდი პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ზ. მ-ელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით ზ. მ-ელის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, მისი ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული, ამასთან, სასამართლო კოლეგიის მიერ სათანადოდ არ იქნა გათვალისწინებული დანაშაულში მისი მონაწილეობის ხარისხი და ხასიათი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ. მ-ელს უშუალოდ არ მიუღია მონაწილეობა ტერორისტულ თავდასხმაში. მისი მონაწილეობა გამოიხატა მხოლოდ იმაში, რომ მან ტერაქტის უშუალოდ განმახორციელებელი ჯგუფის ხელმძღვანელს გ. ე-უას გადასცა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ესკორტის მოძრაობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ტერაქტი დამთავრდა მცდელობის სტადიაზე. მხედველობაშია მისაღები, რომ ზ. მ-ელი პირველადაა სამართალში, მისი წარსული არაფრით არაა შებღალული, ფაქტობრივად, აღიარა და მოინანია ჩანადენი, კმაყოფაზე ჰყავს ცოლ-შვილი, ხასიათდება დადებითად.
ყელა ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 56-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, დიდი პალატა თვლის, რომ ზ. მ-ელს სასჯელი უნდა შეუმცირდეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომის სამი მეოთხედის ფარგლებში.
დიდი პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ტ. ბ-იას საკასაციო საჩივრის მოთხოვნას განაჩენის გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის თაობაზე. მსჯავრდებულ ტ. ბ-იას ჩადენილი დანაშაული დადგენილია, როგორც თვით მისი წინასწარ გამოძიებაში მიცემული აღიარებითი ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით. ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს ტ. ბ-იას მიერ ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობის ხასიათსა და ხარისხს, აღნიშნავს, რომ მას ზ. გ-უასთან ერთად ევალებოდა შემთხვევის ადგილიდან დროული მიმალვისათვის სატრანსპორტო საშუალებათა მზადყოფნა, მათვე ევალებოდათ, საჭიროების შემთხვევაში, დანაშაულის ადგილიდან თავდამსხმელთათვის შეირაღებული დახმარების აღმოჩენა. საქმის მასალებით დადგენილია, აგრეთვე, რომ ტ. ბ-იას უშუალოდ თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია, მისი მონაწილეობა ტერაქტში გამოიხატა მხოლოდ დახმარების აღმოჩენაში. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ტ. ბ-ია პირველადაა სამართალში, მისი წარსული არაფრით არაა შებღალული, კმაყოფაზე ჰყავს ცოლ-შვილი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტერაქტი დამთავრდა მცდელობის სტადიაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსის 56-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, დიდი პალატა თვლის, რომ ტ. ბ-იას განაჩენით შეფარდებული სასჯელი უნდა შეუმცირდეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომის სამი მეოთხედის ფარგლებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
დიდმა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 17 აგვისტოს განაჩენი გ. ა-ძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე, 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, 17, 67-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 187-ე მუხლის მესამე ნაწილით, 17, 104-ე მუხლის მესამე, მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში გაუქმდეს და ამ ნაწილში საქმე წარმოებით შეწყდეს (1998 წლის 9 თებერვლის ტერაქტთან დაკავშირებით).
განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილიდან ამოირიცხოს მითითება გ. ა-ძის საქართველოს სსკ-ის 307-ე, 315-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით (1992-1993 წლებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით) დამნაშავედ ცნობის თაობაზე და ამ ეპიზოდში საქმე წარმოებით შეწყდეს სსსკ-ის 24-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე. ასევე ამოირიცხოს ამ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებები.
გ. ა-ძის ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს იმავე კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით (1993 წ. 127. 830 აშშ დოლარის მითვისებასთან დაკავშირებით).
საბოლოოდ, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით გ. ა-ძეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
იგივე განაჩენი ზ. მ-ელის მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მას განაჩენით შეფარდებული სასჯელი 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 4 წლით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგივე განაჩენი ტ. ბ-იას მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მას განაჩენით შეფარდებული სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა – შეუმცირდეს სამი წლით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ. ა-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ცვლილებით;
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ზ. მ-ელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ტ. ბ-იას საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.