Facebook Twitter
ბს-1325(კ-20) 10 თებერვალი, 2022წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ბ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.2020წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. ხ-მა 28.12.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 21.11.2016წ. განკარგულების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 29.11.2016წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.08.2018წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. კ-ი, ლ. ც-ე და ნ. წ-ი, ხოლო სასკ-ის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში ჩაება კერძო აღმასრულებელი ი. ღ-ე.
ბ. ხ-მა 04.09.2018წ. დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 21.11.2016წ. განკარგულების, ვ. ფ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 29.11.2016წ. გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ 02.08.2018წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.11.2018წ. განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.08.2018წ. განჩინებაში შეტანილი იქნა შესწორება იმგვარად, რომ განჩინებაში ყველგან „ნ. წ-ის“ ნაცვლად მიეთითა „ვ. ფ-ა“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.12.2018წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. შ-ი, ნ. ბ-ა და გ. ბ-ი.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას დაზუსტდა მოპასუხე და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ნაცვლად მიეთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.08.2019წ. გადაწყვეტილებით ბ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ბ. ხ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.2020წ. განჩინებით მესამე პირის მ. შ-ის უფლებამონაცვლედ დადგენილი იქნა ი. ხ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.2020წ. განჩინებით ბ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.08.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მ. კ-ისა და ლ. ც-ის იპოთეკის უფლება ქ. თბილისში, ...ის ქ. №1/№1-ის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი ...) მდებარე უძრავ ნივთზე წარმოიშვა უფრო ადრე (04.09.2014წ.), ვიდრე სხვა დანარჩენი იპოთეკის უფლებები, შესაბამისად მ. კ-ი და ლ. ც-ე წარმოადგენდნენ აღნიშნული უძრავი ქონების პირველი რიგის იპოთეკარებს. აღნიშნული ასევე მითითებულია 13.10.2014წ.
ბინათსარგებლობის უფლებით დადებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაშიც, რომლის თანახმად გამსესხებლების (იპოთეკარების) ნ. ბ-ასა და მ. შ-ის მიერ მსესხებელ - თ. ჩ-ეზე გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ს. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი და აღნიშნული ქონება დატვირთულია I და II რიგის იპოთეკებით, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (განცხ. რეგ. №..., მომზადების თარიღი 26.09.2014წ.). მ. კ-ისა და ლ. ც-ის იპოთეკის რეგისტრაციის (04.09.2014წ.) შემდგომ არაერთხელ იქნა რეგისტრირებული იპოთეკა სხვადასხვა პირების სასარგებლოდ და არაერთხელ შეიცვალა აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეც, თუმცა ყოველი განხორციელებული რეგისტრაციის შემდეგ, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერების თანახმად, პირველი რიგის იპოთეკარებად კვლავ ირიცხებოდნენ მ. კ-ი და ლ. ც-ე, რომელთა უფლებაც ამ ქონებაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული იყო 04.09.2014წ., შესაბამისად ბ. ხ-ის პრეტენზია იპოთეკართა რიგითობასთან მიმართებაში მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. 03.06.2016წ. კერძო აღმასრულებელი ე. ღ-ე დამსწრეების თანდასწრებით გამოცხადდა იპოთეკის საგნის მესაკუთრე ბ. ხ-ის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №19-ში. ბ. ხ-ს კერძო აღმასრულებლის მიერ განემარტა ვიზიტის მიზეზი, თუმცა მან უარი განაცხადა „გადაწყვეტილების შესრულების შესახებ“ წინადადების ჩაბარებაზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ მისთვის უცნობი იყო „გადაწყვეტილების შესრულების შესახებ“ შეტყობინების გაგზავნის შესახებ და მას აღნიშნული შეტყობინება არ ჩაბარებია. კერძო აღმასრულებელმა ე. ღ-ემ 26.06.2016წ. გამოსცა A... განკარგულება მოვალე ბ. ხ-სათვის 02.06.2016წ. A... „გადაწყვეტილების შესრულების შესახებ“ წინადადების საჯარო შეტყობინების თაობაზე. 07.07.2016წ. კერძო აღმასრულებელმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართა №... - 011/001 განცხადებით „სააღსრულებო მომსახურეობის გაწევის შესახებ“, წარადგინა №... და №... სააღსრულებო საქმის წარმოების მასალები და ითხოვა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის თანახმად, პირველი აუქციონის ჩატარების უზრუნველყოფა. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცხადებულ იძულებით აუქციონზე ბ. ხ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება გასხვისდა 15000 ლარად. აღნიშნული უძრავი ქონება შეიძინა ვ. ფ-ამ. აუქციონზე მიღებული თანხიდან 9627.52 ლარით განხორციელდა მ. კ-ის მოთხოვნის, 2113.77 ლარით - ლ. ც-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება, 2672.05 ლარი გადაერიცხა კერძო აღმასრულებელს, ხოლო 586,66 ლარი დაექვემდებარა მოვალისათვის დაბრუნებას.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განკარგულებაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის მენეჯერის ხელმოწერა ვერ იქნება მიჩნეული კანონშეუსაბამოდ, ვინაიდან სადავოდ ქცეული აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების ფორმას, დაუშვებელია იგი ხელმოწერილი იყოს ნებისმიერი სხვა პირის ხელმოწერით გარდა ადმინისტრაციული ორგანოში დასაქმებული შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირისა. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების გამოცემაზე კომპეტენტურ სუბიექტს არ წარმოადგენს კერძო აღმასრულებელი, რამეთუ მისი გამოცემის ექსკლუზიური უფლება, მოქმედი კანონის თანახმად, გაჩნია მხოლოდ სააღსრულებო ბიუროს უფლებამოსილ პირს. ამდენად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საჯარო აუქციონის წესით ბ. ხ-ის უძრავი ქონების რეალიზაცია და 21.11.2016წ. A... განკარგულების გამოცემა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 29.11.2016წ. გადაწყვეტილება წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 21.11.2016წ. №16051609-017/001 განკარგულების თანმდევ შედეგს და იგი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.08.2018წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ფ-ას 25.07.2018წ. განცხადება ქ. თბილისში, ...ის ქ. №1/№1-ის მიმდებარედ საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორების თაობაზე და აღნიშნულ უძრავ ქონებაზე გაუქმდა მ. შ-ის, გ. ბ-ის და ნ. წ-ის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკის უფლება. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიც კი იყო გამოესწორებინა ადმინისტრაციული წარმოებისას დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა მოქმედ კანონმდებლობასთან. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ იპოთეკის საგნის გასხვისებისა და პირველი რიგის კრედიტორების (იპოთეკარების): მ. კ-ისა და ლ. ც-ის მოთხოვნის აღსრულების მიზნით, გამართული იქნა იძულებითი საჯარო აუქციონი, რომელზეც ქონების შემძენი გახდა ვ. ფ-ა. უდავოა, რომ მ. კ-ი და ლ. ც-ე წარმოადგენდნენ უზრუნველყოფილ კრედიტორებს, იპოთეკარებს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, იპოთეკარების მიერ განხორციელებული იძულებითი აღსრულების შემდგომ, საკუთრების გადასვლის შედეგად სავალდებულოდ უნდა გაუქმებულიყო ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებული იყო იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.08.2018წ. გადაწყვეტილება გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ბ. ხ-ის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ 21.03.2016წ. ამონაწერით პირველი რიგის იპოთეკარები იყვნენ მ. შ-ი და ნ. ბ-ა, მეორე რიგის - გ. ბ-ი, ხოლო მესამე რიგის - მ. კ-ი და ლ. ც-ე. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც შეეხება სკ-ის 312-ე მუხლით დადგენილ სტანდარტს საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმციის შესახებ, ამასთან, ბ. ხ-ი არ ყოფილა კანონის მოთხოვნის შესაბამისად გაფრთხილებული იძულებითი აუქციონის დაწყების თაობაზე, მას არ ჩაბარებია წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ კერძო აღმასრულებელი გამოცხადდა ბ. ხ-ის საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თბილისში, ...ის ქ. №18-ში, ვინაიდან ბ. ხ-ი ცხოვრობს ...ის ქ. №19-ში. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ აუქციონი ჩატარდა ქონებაზე ყადაღის დადებიდან 5 თვისა და 8 დღის შემდეგ, ასევე არ გაითვალისწინა ქონების შეფასების კანონიერება და არ შეაფასა საზიარო უფლებების დარღვევა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მიხედვით ქონების საბაზრო ღირებულებას ადგენს ის აუდიტორი, რომელსაც შეარჩევენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ქონება გამიჯნული არ იყო და შეფასება მოხდა წილზე, შემფასებელი ვალდებული იყო შეეფასებინა მთლიანი ქონება და შემდგომ განესაზღვრა 2/5 წილის ღირებულება. ქონება შეფასდა მის რეალურ ღირებულებასთან შედარებით გაცილებით დაბალ ფასში. მ. კ-მა და ლ. ც-ემ საჯარო რეესტრში 10.12.2014წ. წარადგინეს ცვლილების ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს 29.08.2014წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლების გადასვლას, შესაბამისად „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26.1 მუხლის მიხედვით ძველ რეგისტრაციას ძალა დაეკარგა. 22.06.2015წ. სანოტარო აქტით კვლავ განხორციელდა ცვლილებები 29.08.2014წ. იპოთეკის ხელშეკრულებაში, რომელიც კვლავ ექვემდებარებოდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და ადასტურებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლების გადასვლას, შესაბამისად, გაუქმდა ძველი რეგისტრაციები და იპოთეკის ხელშეკრულება ცვლილებებით დარეგისტრირდა 26.06.2015წ.. „სააღსრულებო წარმოება შესახებ“ კანონის მე-146 მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმეების მიმართ არ გამოიყენება ამ კანონის 75-ე მუხლი. კონკრეტულ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელმა კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმეზე გამოიყენა ამ კანონის 75-ე მუხლი და უფლებამოსილების გადამეტებით გამოსცა განკარგულება. მართალია, საჯარო რეესტრი დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხს არ აგებს, თუმცა საჯარო რეესტრს უარი უნდა ეთქვა საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლის განკარგულების საფუძველზე კერძო აღმასრულებლილს მიერ დადებული ყადაღის მოხსნაზე. კასატორმა მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25.1 მუხლზე და განმარტა, რომ 11.01.2016წ. სააღსრულებო ფურცელში მოვალედ მითითებულია თ. ჩ-ე, შესაბამისად, აღმასრულებელს ბ. ხ-ის მიმართ აღსრულება არ უნდა განეხორციელებინა.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით 29.08.2014წ. იპოთეკარებს - მ. კ-ს, ლ. ც-ეს და მესაკუთრეს - ს. გ-ეს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, სესხის ვადა განისაზღვრა სამი თვით, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ს. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. ამ ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრის ჩანაწერებში მ. კ-ისა და ლ. ც-ის იპოთეკის უფლება აისახა საჯარო რეესტრის 04.09.2014წ. გადაწყვეტილებით. ხსენებულ ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა ორჯერ (10.12.2014წ. და 22.06.2015წ.) სესხის ვადის გაზრდასთან დაკავშირებით. ამავე უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრის 13.10.2014წ. გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა მ. შ-ისა და ნ. ბ-ას იპოთეკის უფლება, ხოლო საჯარო რეესტრის 14.04.2015წ. გადაწყვეტილებით - გ. ბ-ის იპოთეკის უფლება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იპოთეკართა რიგითობას განსაზღვრავს არა საჯარო რეესტრის ამონაწერში იპოთეკის უფლებათა თანმიმდევრობა, არამედ სკ-ის 290-ე მუხლი, რომლის მიხედვით ერთი უძრავი ნივთი შეიძლება რამდენჯერმე დაიტვირთოს იპოთეკით, რიგითობა განისაზღვრება იპოთეკის შესახებ განცხადების რეგისტრაციის თარიღის მიხედვით. საქმეში დაცული მასალებით მ. კ-ისა და ლ. ც-ის იპოთეკის უფლება წარმოიშვა უფრო ადრე, ვიდრე მ. შ-ის, ნ. ბ-ას და გ. ბ-ის იპოთეკის უფლებები, შესაბამისად, მ. კ-ი და ლ. ც-ე წარმოადგენენ პირველი რიგის იპოთეკარებს. ის გარემოება, რომ 29.08.2014წ. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში ორჯერ შევიდა ცვლილება და გაიზარდა სესხის ვადა, არ გულისხმობს იპოთეკის უფლების შეწყვეტასა და მის ხელახალ რეგისტრაციას. იპოთეკის შეწყვეტისა და ხელახლა რეგისტრაციის ფაქტი ასევე არ დასტურდება საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით, ამდენად, კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანით „საჯარო რეესტრის შესახებ“ 26.1 მუხლის მიხედვით ძველი რეგისტრაციები გაუქმდა, უსაფუძვლოა. სახეზე არ არის კასატორის მიერ მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი შემთხვევა. სესხის ვადის ამოწურვა იმთავითვე არ არის იპოთეკის უფლების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას იპოთეკა იკავებს შესრულების ადგილს და კრედიტორს უზრუნველყოფის საშუალების მეშვეობით თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას აძლევს. იპოთეკა სანივთო-სამართლებრივი უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა, ის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რისკის პრევენციას ახდენს. მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობის ეტაპზე სახეზეა იპოთეკა, როგორც ვალდებულებითი უფლება, ხოლო უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ეტაპიდან იპოთეკა სანივთო უფლებაა, რომლის მიზანი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორის მოთხოვნის უძრავი ქონებით კომპენსირებაში გამოიხატება. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქმეში დაცული მასალებისა და მითითებული სამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით კასატორის მოსაზრება იპოთეკარების რიგითობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იძულებითი აუქციონის დაწყების შესახებ მისი გაუფრთხილებლობის თაობაზე. საქმეში დაცულია კერძო აღმასრულებლის 03.06.2018წ. ოქმი, რომლის შედგენის ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, ...ის ქ. №19. ამ ოქმის თანახმად, კერძო აღმასრულებლის მიერ ბ. ხ-ს განემარტა მისი მისვლის მიზეზი, რაზეც ბ. ხ-მა უარი განაცხადა გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარებაზე. ამ წინადადებით მოვალეებს განემარტათ, რომ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ მიმართ განხორციელდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, კერძოდ, აღიწერებოდა, დაყადაღდებოდა და შეფასდებოდა აღსრულების საგანი და ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი, ხოლო იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად და დამატებით არ ეცნობებოდა. კერძო აღმასრულებელმა 29.06.2016წ. გამოსცა განკარგულება მოვალე ბ. ხ-სათვის „გადაწყვეტილების შესრულების შესახებ“ წინადადების საჯარო შეტყობინების თაობაზე. ამდენად, კასატორის მითითებული პრეტენზია მოკლებულია საფუძველს.
დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან სააღსრულებო საქმეს აწარმოებდა კერძო აღმასრულებელი, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ გააჩნდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 75-ე მუხლის გამოყენების უფლებამოსილება. ხსენებული კანონის 146.6 მუხლით განსაზღვრულია ამავე კანონის ის ნორმები, რომლებითაც კერძო აღმასრულებელს არ შეუძლია იხელმძღვანელოს, მათ შორის მითითებულია კანონის 75-ე მუხლი. ამდენად, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების გამოცემაზე კომპეტენტურ სუბიექტს არ წარმოადგენს კერძო აღმასრულებელი, ვინაიდან მისი გამოცემის უფლება, მოქმედი კანონის თანახმად, გააჩნია მხოლოდ სააღსრულებო ბიუროს უფლებამოსილ პირს. კანონის ზემოაღნიშნული დათქმა ბუნებრივია არ გულისხმობს ამ ნორმის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოყენების შეუძლებლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 75.4 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი/მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ, ამდენად, ვ. ფ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრი უფლებამოსილი იყო გაეუქმებინა მ. შ-ის, ნ. ბ-ას და გ. ბ-ის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკის უფლებები. სადავო განკარგულების გამოცემის დროისათვის მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2014წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 14.19 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების/ვალდებულების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა (მისი შინაარსის გათვალისწინებით) არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა ნივთი/არამატერიალური ქონებრივი სიკეთე განკარგულია სააღსრულებო დაწესებულების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულების წესით. ასეთ შემთხვევაში რეგისტრირებული ყადაღა, განკარგვის შეზღუდვა ან აკრძალვა ძალადაკარგულად ცხადდება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ნივთი განიკარგა სააღსრულებო ბიუროს მიერ კანონით დადგენილი იძულების წესით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყადაღის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს, ასევე საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ 11.01.2016წ. ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებულია თ. ჩიტიძე და არა ბ. ხ-ი, რაც არ წარმოშობდა მის მიმართ აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების საფუძველს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით 11.01.2016წ. სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისათვის ბ. ხ-ი არ წარმოადგენდა იმ უძრავი ნივთის მესაკუთრეს, რომელიც მ. კ-ისა და ლ. ც-ის სასარგებლოდ დაიტვირთა იპოთეკით. ბ. ხ-ი უძრავი ნივთის მესაკუთრედ დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის 21.03.2016წ. გადაწყვეტილებით, შესაბამისად, კასატორის აღნიშნული მოსაზრება დაუსაბუთებელია.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქონება შეფასდა მის რეალურ ღირებულებასთან შედარებით გაცილებით დაბალ ფასში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული შპს „...ის“ 13.10.2016წ. წერილის მიხედვით შეფასების დასკვნაში ბ. ხ-ის სახელზე რიცხული ქ. თბილისში, ...ის ქ. №1/№1-ის მიმდებარედ 755 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან და მასზე მდგომი შენობა №1-ში და №2-ში 346,21 კვ.მ. საერთო ფართიდან და 120,15კვ.მ. სარდაფიდან 2/5 ნაწილის დასკვნაში მითითებული საბაზრო ფასი წარმოადგენს ამ უძრავი ქონების დღევანდელ საბაზრო ღირებულებას. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტულ დასკვნაზე, რომელიც უძრავი ნივთის განსხვავებულ საბაზრო ფასს დაადგენდა, ამდენად, კასატორის აღნიშნული პრეტენზია არ უნდა იქნეს გაზიარებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ბ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და



დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.2020წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე



მოსამართლეები: ქ. ცინცაძე



გ. გოგიაშვილი