საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-382(კ-20) 11 თებერვალი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - თ. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირი - რ. ხ-ა (სასკ-ის 16.2)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
თ. გ-ამ 2017 წლის 8 ნოემბერს სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 3 ივლისის № ..., 2017 წლის 9 მაისის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილების, სენაკის მუნიციპალიტეტის ... ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის (ზ. ც-ეის) 2017 წლის 13 მარტის №8 და 2017 წლის 28 მარტის №10 ბრძანებების და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №... და № ... ოქმების ბათილად ცნობა; ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურისათვის სენაკის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1863 კვ/მ და 2666 კვ/მ მიწის ნაკვეთის თ. გ-ას საკუთრებად რეგისტრაციის დავალება.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით, თ. გ-ას სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით აპელანტ თ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 03 ივლისის N... (რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ) და 2017 წლის 09 მაისის N... (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) გადაწყვეტილებები; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თ. გ-ას მიერ 2016 წლის 16 დეკემბერს N... და 2017 წლის 22 თებერვალს N... განცხადებებით მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით;
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის არგუმენტაცია და მიუთითა, რომ სადავო ორ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მარეგისტრირებელმა ორგანომ, მხოლოდ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის პოზიციის საფუძველზე, დაასკვნა რომ არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთებს შორის იდენტურობა, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ, არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის N48 და N290 დადგენილებებით, მას და მის ორ შვილს - მა. და მ. გ-აებს საკუთრებაში გადაეცათ სამი მომიჯნავე მიწის ნაკვეთი. მ. გ-აას სახელზე დაუბრკოლებლად განხორციელდა დაზუსტებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, ხოლო დანარჩენ ორი მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენა ვერ მოხერხდა, იმის მიუხედავად, რომ ნაკვეთები მომიჯნავეა.
კასატორი ასევე აღნიშნავს, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენება, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ისინი, სადავო მიწის ნაკვეთზე, წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ მოსავლის აღებაში და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღნიშნულმა მოწმეებმა მიუთითეს სადავო მიწის ნაკვეთების მის მიერ წლების მანძილზე ფლობის ფაქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განჩინებით თ. გ-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის №48-ე, №290-ე დადგენილებების შესაბამისად, თ. გ-ას სენაკის რაიონის სოფელ ... მიწის რეფორმის კომისიის მიერ, ... საკრებულოს 1996 წლის 25 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, გამოეყო მიწის ნაკვეთი და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გაიცა 1993 წლის 28 ივლისის №503 დადგენილებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №649 აქტი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2000 წლის 4 აპრილის №1735/00 გადაწყვეტილებით, თ. გ-ას სახელზე, უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდით ...) განხორციელდა დაუზუსტებელი საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
2016 წლის 16 დეკემბერს კასატორმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულ ოფისს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უძრავ ნივთზე (ს/კ ...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ სარეგისტრაციო მიმდინარეობის პროცესში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისგან მოითხოვა ინფორმაცია სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის იდენტობის შესახებ. მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა სენაკის მუნიციპალიტეტის ... ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ზ. ც-ეის №8 ბრძანება, რომლის მიხედვით, თ. გ-ას №... სარეგისტრაციო განაცხადზე არ იქნა დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. გამგებლის წარმომადგენლის ზ. ც-ეის №8 ბრძანების საფუძველზე, 2017 წლის 3 ივლისს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება.
ასევე დადგენილია, რომ თ. გ-ას შვილი - მა. გ-აა გარდაიცვალა 2004 წლის 4 თებერვალს და მისი სამკვიდრო მიიღო მან. კასატორმა 2017 წლის 22 თებერვალს, მა. გ-აას სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით ...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით, მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულ ოფისს (სარეგისტრაციო განაცხადი- №...). აღნიშნულ განაცხადთან დაკავშირებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ სარეგისტრაციო მიმდინარეობის პროცესში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისგან მოითხოვა ინფორმაცია სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის იდენტობასთან დაკავშირებით. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა სენაკის მუნიციპალიტეტის ... ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ზ. ც-ეის 2017 წლის 28 მარტის №10 ბრძანება, რომლის
მიხედვითაც, თ. გ-ას სარეგისტრაციო №... განაცხადზე, არ იქნა დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. რის შესახებაც, ეცნობა თ. გ-ას და დაევალა კორექტირებული ნახაზის წარმოდგენა. თ. გ-ას არ წარუდგენია კორექტირებული ნახაზი, რის საფუძველზეც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულ ოფისმა №... განცხადებით შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება.
კასატორმა, 2017 წლის 10 აგვისტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულ ოფისის №... და №... გადაწყვეტილებები გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. სააგენტოს 2017 წლის 18 აგვისტოს №339011 გადაწყვეტილებით თ. გ-ას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის გასვლის გამო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს გააჩნია საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლება, თუმცა როგორც მოპასუხეები განმარტავენ, ფაქტობრივად დაუდგენელი ადგილმდებარეობით, ასეთ შემთხვევაში, უფლების დამასდასტურებელი დოკუმენტი ფაქტობრივად არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს, რაც დაუშვებელია, საკუთრების უფლების არსიდან გამომდინარე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე №ბს-367-363(კ-12)) განმარტა, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში როგორც დაუზუსტებელი, ისე დაზუსტებული მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, უდავოა კასატორის მიერ საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის ფლობა და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკითხის განსაზღვრისთვის აუცილებელი უფლების დამდგენი დოკუმენტების, სადავო რეგისტრაციების განხორციელებამდე რეგისტრირებული მონაცემებისა და რეალური მდგომარეობის შესწავლა, ურთიერთშედარება, გარდა ამისა, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია რეგისტრირებულ მონაცემებთან შეუსაბამობის გამომწვევი მიზეზები. შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არ განხორციელებულა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები, რამაც გამოიწვია კასატორის საკუთრების უფლების ხელყოფა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე, ხოლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, იმ ფაქტზე, რომ 2016 წლის 3 ივნისს მიღებული იქნა საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“, რომლის მე-2 მუხლის „გ’’, „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის მიზანია მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა. ზემოხსენებული მოცემულობის გათვალისწინებით, თავად მარეგისტირებელი ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს მიწის ნაკვეთების იდენტურობისა და ადგილმდეობარეობის სისწორის დადგენა.
მიუხედავად იმისა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ მიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის მიზნით, მან მხოლოდ გამგებლის წარმომადგენლის წერილის საფუძველზე უთხრა უარი კასატორს უფლების რეგისტრაციაზე და თავად არ გადაუმოწმებია მიწოდებულ მონაცემთა სიზუსტე.
სადავო პერიოდში მოქმედებდა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, სააგენტო უფლებამოსილია ადგილზე შეამოწმოს საკადასტრო აღწერის შედეგების სისწორე მესაკუთრის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის, დაინტერესებული პირის ან/და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მონაწილეობით.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ვალდებულია ჩაატაროს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოება, რის საფუძველზეც, უნდა დაადგინოს მოსარჩელის სახელზე სისტემური წესით აღრიცხული მიწის ნაკვეთის საზღვრები, მისი ადგილმდებარეობა, სარეგისტრაციო წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული პირები, საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი და სხვა.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის 61 ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავა მართებულად იქნა გადაწყვეტილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალ სრულყოფილ გამოკვლევას. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. თ. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე