საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-420(2კ-20) 11 თებერვალი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევა ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „...ა“;
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
2017 წლის 31 მარტს შპს შპს „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. 2017 წლის 30 ნოემბერს შპს „...ამ“ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 2 მარტის N14004/2/17 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს, 2016 წლის 17 აგვისტოს NC56570 საბაჟო დეკლარაციაში შესულიყო ცვლილება და ამორიცხულიყო 2016 წლის 8 აგვისტოს NC17128 საბაჟო დეკლარაციით მოცული 180 „ტაბლეტი“; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 26 დეკემბრის N38073 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 სექტემბრის საქონლის გაშვების შემდგომ შემოწმების აქტი Nა92-21-10-ის; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 სექტემბრის N23762 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 ნოემბრის N21-10/122461 წერილის ნაწილობრივ ბათილად ცნობა. სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2017 წლის 31 ოქტომბრის N29112 ბრძანების ბათილად ცნობა; სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის 2016 წლის 17 აგვისტოს NC56570 საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის დავალება, კერძოდ, დეკლარაციიდან 2016 წლის 08 აგვისტოს NC17128 საბაჟო დეკლარაციით მოცული 180 ცალი „ტაბლეტის“ ამორიცხვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის წლის 7 ივნისის გაგადაწყვეტილებით შპს „...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 26 დეკემბრის №38073 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 2 მარტის N14004/2/17 გადაწყვეტილება, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 8 სექტემბრის N23762 ბრძანება, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 სექტემბრის საქონლის გაშვების შემდგომ შემოწმების აქტი Nა92-21-10 და (2017 წლის 17 აგვისტოს საბაჟო დეკალარაციიდან 180 „ტაბლეტის“ ამორიცხვის ნაწილში); მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში; ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 31 ოქტომბრის N29112 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის წლის 7 ივნისის გაგადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გასააჩივრა შპს „...ამ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და შპს ,,...ას" სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება;
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაცია და მიუთითა, რომ იმის მიუხედავად, რომ შპს ,,...ას“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, სწორედ იმ საფუძვლით, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ ჰქონდა გამოკვლეული საქმის გარემოებები, შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივართან დაკავშირებით მიღებული აქტი არ შეიცავს დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ რა დასკვნამდე მივიდა ადმინისტრაციული ორგანო სადავო საკითხთან მიმართებაში და მოხდა თუ არა იმ მტკიცებულებების შესწავლა, რომლებიც საჩივრის ავტორმა წარმოადგინა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტის დასაბუთება, არ იძლევა პასუხს იმ საკითხზე, ორი სადავო საბაჟო დეკლარაციის საფუძველი ერთი და იგივე, თუ სხვადასხვა ინვოისი იყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ფინანსთა სამინისტროს არ გამოუკვლევია მტკიცებულებები სათანადოდ, რადგან ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს უფლებამოსილებას სცილდება საკუთარი ინიციატივით გამოიკვლიოს საბაჟო დეკლარაციებით განსაბაჟებელი საქონლის საბაჟო ღირებულება და გამოიანგარიშოს დასარიცხი გადასახადი. კასატორი განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანო არის - სსიპ შემოსავლების სამსახური. აქედან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭომ ადმინისტრაციულ საჩივარზე წარმოების ფარგლებში, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს. შესაბამისად, კასატორი ითხოვს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მან იმოქმედა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების (საჩივარი N14004/2/17) შესაბამისად. კასატორი ყურადღებას ამახვილებს, რომ მან მტკიცებულებათა გამოკვლევის მითითება, მხოლოდ 135 ნოუთბუქთან (ინვოისი N6156237390) დაკავშირებით მიიღო, ხოლო რაც შეეხება, სადავო 180 ტაბლეტის დეკლარაციიდან ამორიცხვის საკითხს, ზემდგომ ორგანოს არ დაუვალებია შემოსავლების სამსახურისათვის ამ საკითხის გამოკვლევა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2016 წლის 24 აგვისტოს, შპს ,,...ამ“ მიმართა შემოსავლების სამსახურს განცხადებით, 2016 წლის 17 აგვისტოს დეკლარაციაში NC56570, დაშვებული უზუსტობის შესახებ, კერძოდ მითითებული დეკლარაციით განბაჟებული იყო 1059 ცალი ნოუთბუქი და 180 ცალი „ტაბლეტი“; აღნიშნული 180 ცალი „ტაბლეტი“(ინვოისის N6156240589) უკვე განბაჟებული იყო 2016 წლის 8 აგვისტოს დეკლარაციით NC17128, ხოლო 135 ნოუთბუქი ინვოისის N6156237390) იმ დროისათვის, არ იყო ჩამოსული.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 ნოემბრის N21-10/122461 წერილით, შპს ,,...ას“ უარი ეთქვა 2016 წლის 17 აგვისტოს N11111/C56570 საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანაზე. იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულები არ იყო საკმარისი საქონლის გაშვების შემდგომ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელებისათვის.
შპს ,,...ამ“ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, რომელიც შეეხებოდა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2016 წლის ნოემბრის N21-10/122461 წერილს და 2016 წლის 17 აგვისტოს NC56570, 8 აგვისტოს NC171128 და 17 ოქტომბრის საბაჟო დეკლარაციებში განსახორციელებელ ცვლილებებს. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 26 დეკემბრის N38073 ბრძანებით, შპს ,,...ას“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველეყო ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოდან შემოსავლების სამსახურში, 2016 წლის 17 აგვისტოს NC56570 საბაჟო დეკლარაციაში ასახული საქონლის რეალურად გადმოგზავნილი რაოდენობის თაობაზე ინფორმაციის გადმოგზავნა და ასევე სხვა სახის მტკიცებულებების წარდგენა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილია ,,...’’-ს წერილი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით (საჩივარი N14004/2/17), შპს ,,...ას“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 26 დეკემბრის N38073 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, იმ საფუძვლით, რომ არსებობს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფლებამოსილი ექსპერტის მიერ შედგენილი 2016 წლის 13 ოქტომბრის N013687 ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმად N6156237390 ინვოისში მოცემული არტიკულები ემთხვევა საქონლის ქარხნულ შეფუთვაზე მოცემულ მარკირებას, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს დამატებით უნდა შეესწავლა არის თუ არა საქონლის ქარხნულ შეფუთვაზე განთავსებული მარკირება უნიკალური და საკმარისია თუ არა აღნიშნული გარემოება საქონლის გაშვების შემდგომ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციებში ცვლილების განხორციელებისათვის.
შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის N9944 ბრძანებით, შპს ,,...ას’’ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საბაჟო დეპარატმენტს დაევალა, დამატებით შეესწავლა იყო თუ არა საქონლის ქარხნულ შეფუთვაზე განთავსებული მარკირება უნიკალური და საკმარისი არის თუ არა აღნიშნული გარემოება საქონლის გაშვების შემდგომ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციებში ცვლილების განხორციელებისათვის.
2017 წლის 25 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის N22540 ბრძანებით დაინიშნა შპს ,,...ას’’, 2016 წლის 17 აგვისტოს N11111/C56570 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. შემოწმების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 25 აგვისტოდან 2017 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.
2017 წლის 06 სექტემბრის შემოსავლების სამსახურის N ა92-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტით, შპს ,,...ას’’ (ს/კ ...) მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და შემოსავლების სამსახურის მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესწავლით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ გაფორმებული 2016 წლის 17 აგვისტოს N11111/C56570 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში საქონლის ჯამური საბაჟო ღირებულება ნაცვლად 349812 აშშ დოლარისა უნდა ყოფილიყო 305262 აშშ დოლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია ექვემდებარებოდა კორექტირებას.
2017 წლის 08 სექტემბრის შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის N23762 ბრძანებით, საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონა ,,თბილისს’’, დაევალა შპს ,,...ას’’ 2016 წლის 17 აგვისტოს N11111/C56570 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებების განხორციელება 2017 წლის 6 სექტემბრის საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების Nა 92-21-10 აქტის შესაბამისად.
2017 წლის 05 ოქტომბერს, შპს ,,...ამ’’ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 08 სექტემბრის N23762 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 სექტემბრის საქონლის გაშვების შემდგომ შემოწმების N92-21-10 აქტი. ასევე მოითხოვა, შეიტანილ იქნეს ცვლილება 2016 წლის 17 აგვისტოს NC56570 საბაჟო დეკლარაციაში და ამორიცხოს ამ დეკლარაციიდან 2016 წლის 08 აგვისტოს NC17128 საბაჟო დეკლარაციით მოცული 180 ცალი პლანშეტური კომპიუტერი.
2017 წლის 31 ოქტომბრის სსიპ შემოსავლების სამსახურის N29112 ბრძანებით შპს ,,...ას’’ საჩივარი დარჩა განუხილველი, ვინაიდან საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 08 სექტემბრის N23762 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 სექტემბრის საქონლის გაშვების შემდგომ შემოწმების Nა92-21-10 აქტი გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის N9944 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარს.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს, ის რომ 2016 წლის 30 ივლისის N6156240594 კომერციული ინვოისით მოცული ერთი და იგივე 180 ცალი „ტაბლეტი“ კომპანიამ განაბაჟა ორჯერ, შემდეგი საბაჟო დეკლარაციებით: 2016 წლის 17 აგვისტოს NC56570 დეკლარაციით და 2016 წლის 8 აგვისტოს NC17128 საბაჟო დეკლარაციით.
საკაციო სასამართლო იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის შესახებ, რომ შპს ,,...ას“ საჩივარი ხელახალი განხილვის მიზნით შემოსავლების სამსახურში დაბრუნდა სრული მოცულობით, თუმცა შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივართან დაკავშირებით მიღებული აქტი არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ რა დასკვნამდე მივიდა ადმინისტრაციული ორგანო 180 ტაბლეტთან მიმართებაში და მოხდა თუ არა იმ მტკიცებულებების შესწავლა, რაც საჩივრის ავტორმა წარმოადგინა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცულია 2016 წლის 17 აგვისტოს NC56570 საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადგინდა, რომ ამ დეკლარაციით განბაჟებული იქნა N6156240594 ინვოისით მოცული საქონელი, ხოლო 2016 წლის 8 აგვისტოს NC17128 საბაჟო დეკლარაციის გრაფაში მითითებულია, რომ დეკლარაციით განბაჟდა 615624589 ინვოისით მოცული საქონელი. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, მხარის მიერ წარმოდგენილ,,...’’-ს წერილზე(ტომი პირველი,ს.ფ 49) რომლითაც დადგინდა, რომ კლიენტისთვის შეკვეთის მიწოდების შემდეგ სისტემა ამზადებს ორი სახის ანგარიშფაქტურას: სავაჭრო ანგარიშფაქტურას (6156240594) და საბაჟო ანგარიშფაქტურას (615624589). აღნიშნული დოკუმენტების ნომრები ერთმანეთს არ ემთხვევა. სავაჭრო ანგარიშფაქტურის ძირითადი დანიშნულებაა - შეკვეთების ანაზღაურება. საბაჟო ანგარიშფაქტურის დანიშნულებაა - განბაჟების ოპერაციები. კონკრეტულ ქვეყანაში არსებული რეგულაციების მიხედვით კლიენტს შეუძლია გამოიყენოს აღნიშნული ორი დოკუმენტიდან ერთ-ერთი ან ორივე ერთად. აღნიშნული მტკიცებულება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ არ ყოფილა შეფასებული და შესაბამისად, გაურკვეველია ორი სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციის საფუძველს წარმოადგენდა ერთი და იგივე, თუ სხვადასხვა ინვოისი და არის თუ არა შესაძლებელი N6156240594 და N615624589 ინვოისებით შემოტანილი საქონლის იდენტიფიცირება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის N22540 ბრძანებით დაინიშნა შპს ,,...ას’’ 2016 წლის 17 აგვისტოს N11111/C56570 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება, თუმცა ამავე აქტის შენიშვნად მითითებულია, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 25 აგვისტოს N22540 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული კამერალური შემოწმება განხორციელდა მხოლოდ 2016 წლის 17 აგვისტოს N11111/C56570 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის თანმხლები 2016 წლის 15 ივლისის N6156237390 ინვოისში მოცემული საქონლის ფარგლებში. ამდენად, შემოწმება არ განხორციელებულა ამავე დეკლარაციის თანმხლები N6156240594 ინვოისში (180 „ტაბლეტის“ ნაწილში).
მართებულია სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაცია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.მოცემულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციული ორგანოს არ გამოუკვლევია და შეუფასებია რიგი ფაქტობრივი გარემობები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავა მართებულად იქნა გადაწყვეტილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალ სრულყოფილ გამოკვლევას. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე