Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-936(კ-21) 1 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შპს „...ა“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2016 წლის 27 ოქტომბრის N194/02 საჩივართან დაკავშირებით მიღებული ფაქტობრივი უარის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „...ამ“ 2016 წლის 27 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2016 წლის 27 ოქტომბრის N194/02 მოთხოვნასთან დაკავშირებით მიღებული ფაქტობრივი უარის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, შპს ,,...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ფაქტობრივი უარი მოსარჩელის მიერ 2016 წლის 27 ოქტომბერს წარდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით და მოპასუხეს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „...ის“ სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს №509-ე დადგენილებაზე მითითებით იშუამდგომლა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ჩართვის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ადმინისტრაციულ საქმეში №ბს-936(კ-21) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და დაევალა დავის საგნის ღირებულების (ასანაზღაურებელი თანხის) 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 და არაუმეტეს 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა, ხარვეზის შესახებ მითითებული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში; კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2021 წლის 12 ნოემბერს განცხადებით მომართა კასატორმა და ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 5 (ხუთი) დღით; კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით არსებული დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის (სახელმწიფო ბაჟის სახით უკვე გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით) საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში; კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინება, კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ...ის გამზ. N144) გაეგზავნა კასატორს. გზავნილი 2021 წლის 29 დეკემბერს ჩაბარდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს,. რაც დასტურდება გზავნილზე შესაბამისი პირის ხელმოწერითა და ადმინისტრაციული ორგანოს ბეჭდით.

2022 წლის 12 იანვარს კასატორის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა შ. გ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა დავის საგნის ღირებულების 5%-ის, კერძოდ - სახელმწიფო ბაჟის 709.74 ლარის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო მოთხოვნები N10015 და N12085.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. იმ შემთხვევაში თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, ხსენებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების უფლებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

„უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 დეკემბრის №608 დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები და 8 – 9 იანვარი განისაზღვრა უქმე დღეებად.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინება, რომლითაც გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 5 (ხუთი) დღით და კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით არსებული დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის (სახელმწიფო ბაჟის სახით უკვე გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით) საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, კასატორს გაეგზავნა მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის გამზ. N144 და აღნიშნული გზავნილი 2021 წლის 29 დეკემბერს ჩაჰბარდა, რაც დასტურდება უკუგზავნილზე შესაბამისი პირის ხელმოწერით და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საქმისწარმოებისა და არქივის სამმართველოს ბეჭდით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინებით გაგრძელებული ხარვეზის შევსების ხუთდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 30 დეკემბერს და ამოიწურა 2022 წლის 3 იანვარს 24 საათზე (დასვენების დღე). იმის გათვალისწინებით, რომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა დაემთხვა დასვენების დღეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დამთავრების დღედ მიიჩნევა მომდევნო პირველი სამუშაო დღე - 2022 წლის 10 იანვარი. აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ არ იქნა შევსებული ხარვეზი, ამასთან, ამავე ვადაში მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის და ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დარღვევით - 2022 წლის 12 იანვარს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის. ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და 399-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით, რა უფლებაც კასატორს არ გამოუყენებია, საკასაციო პალატა კი საკუთარი ინიციატივით ვერ იმსჯელებდა საპროცესო ვადის გაგრძელების საკითხზე.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, ამასთან ამ ვადაში არც ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსთვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 8 ნოემბრის N29820, 2021 წლის 31 დეკემბრის N12015 და N12085 საგადახდო დავალებებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 1009,74 (ათას ცხრა ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის ოდენობით და სახეზეა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ასეთი განჩინების გამოტანის შემთხვევაში, კასატორს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მთლიანად უნდა დაბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე 396-ე, 399-ე, 447-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 08.11.2021წ. N29820 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 (სამასი) ლარი, 31.12.2021წ. N12015 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 (სამასი) ლარი და 31.12.2021 წ. N12085 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 409.74 (ოთხას ცხრა ლარი და სამოცდათოთხმეტი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა