Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 79-კოლ 21 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),

მ. ისაევი,

ნ. გვენეტაძე

განიხილა მსჯავრდებულ ლ. ტ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. ა-ს საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე, რომლითაც:

ლ. ტ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თ/აღკვეთა, აღნიშნული მუხლის შენიშვნის საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლით თ/აღკვთა, 19-117-ე მუხლის II ნაწილით კი მიესაჯა 5 წლით თ/აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 59-ე მუხლის III ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლის ვადით თ/აღკვეთა, სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2001 წლის 16 იანვრიდან.

ამავე განაჩენით მსჯავრდებული ნ. ხ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის I ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თ/აღკვეთა, ხოლო 19-117-ე მუხლის II ნაწილით - 6 წლით თ/აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის IV ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თ/აღკვეთა სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2000 წლის 18 დეკემბრიდან.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით ლ. ტ-ძეს და ნ. ხ-შვილს მსჯავრი დაედოთ შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:

2000 წლის 7 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹94117 სამხედრო ნაწილის ჯარისკაცი ნ. ხ-შვილი მივიდა ლილოს დასახლების ტერიტორიასთან, კახეთის გზატკეცილზე მდებარე სავაჭრო ჯიხურთან, ისარგებლა იმით, რომ გამყიდველი თ. ჭ-ელი ადგილზე არ იმყოფებოდა და ჯიხურიდან მოიპარა 58 ლარის საქონელი. მოგვიანებით დაბრუნებულმა თ. ჭ-ელმა ზ. ჭ-ულისაგან შეიტყო, რომ საქონელი ნ. ხ-შვილმა მოიპარა.

2000 წლის 14 დეკემბერს მთვრალმა ლ. ტ-ძემ სხვა პირთან ერთად შპს “ფერსოს” ტერიტორიიდან დროებითი სარგებლობის მიზნით გაიტაცა დირექტორის მოადგილის ა. გ-ძის ავტომანქანა “ვაზ-2105”. გატაცებული ავტომანქანით ისინი მივიდნენ ზემოთ ხსენებულ ჯიხურთან. შეიძინეს ორი ბოთლი არაყი და ავტომანქანის საბარგულზე შეუდგნენ სასმელის მიღებას. სწორედ ამ დროს არყის დასალევად მიიპატიჟეს მაშინ მისთვის უცნობი ნ. ხ-შვილი, მოგვიანებით კი ზ. ჭ-ული.

ნ. ხ-შვილმა საუბარში აღნიშნა, რომ ზ. ჭ-ულმა ამხილა იგი ჯიხურის გაქურდვაში, რის შემდეგაც ნ. ხ-შვილმა, ლ. ტ-ძემ და მათთან მყოფმა პირმა ჩასვეს ზ. ჭ-ული ავტომანქანაში, გაიყვანეს მოცილებით და დაუწყეს ცემა.

უკან დაბრუნებისას ისინი აგრძელებდნენ ზ. ჭ-ის ცემას ავტომანქანაშიც. როდესაც ჯიხურთან დაბრუნდნენ და გაჩერდნენ, ზ. ჭ-ი შეეცადა ავტომანქანიდან გადმოსვლას, მაგრამ ლ. ტ-ძემ, ნ. ხ-შვილმა და სხვა პირმა დააკავეს იგი და წავიდნენ დიდი ლილოს მიმართულებით, სადაც გააჩერეს ავტომანქანა, გადმოიყვანეს ზ. ჭ-ი და გააგრძელეს მისი ცემა, რის შემდეგაც მიატოვეს იგი გზის ნაპირთან და ისევ დაბრუნდნენ ჯიხურებთან. გამყიდველების შეკითხვაზე, თუ სად დატოვეს ზ. ჭ-ი, მათ უპასუხეს, რომ იგი აეროპორტის ხიდთან ჩამოვიდა და სახლში წავიდა.

იმავე ღამეს ლ. ტ-ძემ და სხვა პირმა გატაცებული ავტომანქანა მიიყვანეს და გააჩერეს შპს “ფერსოს” ეზოში.

15 დეკემებრს დილით სოფლის მაცხოვრებლებმა გზის ნაპირთან ნახეს უგონო მდგომარეობაში მყოფი ზ. ჭ-ი, რომელიც სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ზ. ჭ-ულს მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული ჰქონდა თავის ტვინის დაჟეჟილობა, წარბის, კეფის, თხემის მრავლობითი დაჟეჟილი ჭრილობები, მრავლობითი ექსკორაციები, ორივე თვალბუდის ჰემატომები, მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსი. იზოლირებულად, დაჟეჟილი ჭრილობები, ექსფორაციები და თვალბუდის ჰემატომები მიეკუთვნებიან მსუბუქი ხარისხის დაზიანებებს, ხოლო მარჯვენა ფილტვის პნევმოთორაქსი მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ლ. ტ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატი ა. ა. ითხოვს ტ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ზ. ჭ-სათვის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების მცდელობის ეპიზოდში, ხოლო სსკ-ის 184-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით მისჯილი 2 წლით თ/აღკვეთის პირობითი სასჯელით შეცვლას.

მსჯავრდებულ ლ. ტ-ძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ამა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. საჩივრის მოთხოვნას დაეთანხმა აგრეთვე მსჯავრდებული ლ. ტ-ძე.

დაზარალებულმა ზ. ჭ-მა აღნიშნა, რომ მსჯავრდებულები (ლ. ტ-ძე, ნ. ხ-შვილი) არიან ახალგაზრდები, მათ მიმართ საჩივარი არა აქვს და თვითონ ჯანმრთელობის მხრივ არის კარგად. იშუამდგომლა ორივე მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის შემსუბუქება.

პროკურორმა ე. ქ-მ კანონიერად მიიჩნია სასამართლო კოლეგიის განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება, პროკურორის მოსაზრება და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ცვლილებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს არ დასტურდებოდეს ლ. ტ-ძის მიერ დაზარალებულისათვის სხეულის მძიმე დაზიანების მიყენების მცდელობის ბრალდება. საქმეში არსებული მასალებით და თვით მსჯავრდებულ ლ. ტ-ძის მიერ მიცემული ჩვენებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ ისიც მონაწილეობდა დაზარალებულ ზ. ჭ-ს ცემაში. იმის გამო, რომ ვერ იქნა დადგენილი, თუ კონკრეტულად ვისი დარტყმის შედეგად მიიღო დაზარალებულმა მძიმე დაზიანება, მაგრამ გათვალისწინებულ იქნა, რომ მსჯავრდებულები მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით, ამიტომ სასამართლო კოლეგიამ ლ. ტ-ძისა და ნ. ხ-შვილის ქმედება დააკვალიფიცირა სხეულის განზრახ დაზიანების მიყენების მცდელობით. ამასთან სასამართლო კოლეგიას კვალიფიკაციის განსაზღვრისას არ მიუთითებია იმ ქვეპუნქტზე რომლითაც უნდა დაკვალიფიცირებულიყო მათი ქმედება.

პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ლ. ტ-ძის ქმედება ბრალდების ამ ეპიზოდში უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,117-ე მუხლის მეორე ნაწილის “თ” ქვეპუნქტით.

პალატა მხედველობაში იღებს ლ. ტ-ძის მიერ ამ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობის ხარისხსა და ხასიათს, ამასთან, აღნიშნავს, რომ მისი ქმედება დაკვალიფიცირებულია, როგორც დაუმთავრებელი დანაშაული – მცდელობა. ამიტომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 56-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მას სასჯელი უნდა განესაზღვროს ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული ზომის სამი მეოთხედის ფარგლებში.

პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ლ. ტ-ძის მიერ სსკ-ის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაული დადგენილია, ქმედება სწორადაა დაკვალიფიცრებული, სასჯელიც შეფარდებული აქვს კანონის ფარგლებში. ამასთან, პალატა თვლის, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ლ. ტ-ძემ 24 საათის განმავლობაში დაუზიანებლად დააბრუნა ავტომანქანა და მას სასჯელის განახევრების შედეგად არ შეიძლებოდა განსაზღვროდა 3 წლით და 6 თვემდე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა, ამიტომ სსკ-ის მე-12 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ლ. ტ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაული მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასებული უნდა იქნეს, როგორც ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ლ. ტ-ძის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი.

პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული ლ. ტ-ძე პირველადაა სამართალში, მისი წარსული არაფრით არაა შებღალული, ხასიათდება დადებითად, არის ახალგაზრდა, ფაქტობრივად, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩანადენს, დაზარალებულს მატერიალურად დაეხმარა მკურნალობისათვის. ასევე მხედველობაში იღებს დანაშაულის ჩადენაში მისი მონაწილეობის ხარისხსა და ხასიათს და მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ გამოყენებულ იქნეს საქართველოს სსკ-ის 63-65-ე მუხლები და შეფარდებული სასჯელი შეეცვალოს პირობით, სათანადო გამოსაცდელი ვადის დაწესებით და მოვალეობის დაკისრებით.

პალატამ საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის თანახმად, შეამოწმა მსჯავრდებულ ნ. ხ-შვილის მიმართ დადგენილი განაჩენის კანონიერება და თვლის, რომ მისი ქმედება, ჭ-ულისათვის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების მცდელობა, უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,117-ე მუხლის მეორე ნაწილის “თ” ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 56-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად სასჯელი, უნდა განესაზღვროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის დაწესებული სასჯელის ზომის სამი მეოთხედის ფარგლებში.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ლ. ტ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ცვლილებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 17 სექტემბრის განაჩენში ლ. ტ-ძის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება: მსჯავრდებულ ლ. ტ-ძის ქმედება სსკ-ის 19,117-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდი დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 19,117-ე მუხლის II ნაწილის “თ” ქვეპუნქტით და განესაზღვროს 4 წლით თ/აღკვეთა. ამავე სასჯელმა შთანთქოს სსკ-ის 184-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 4 წლით თ/აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 63-65-ე მუხლების თანახმად, ლ. ტ-ძის მიმართ განსაზღვრული სასჯელი 4 წლით თ/აღკვეთა შეეცვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 5 წელი.

მასვე დაევალოს, რომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს.

ლ. ტ-ძე გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

იგივე განაჩენი ნ. ხ-შვილის მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ საქართველოს სსკ-ის 19,117-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდი დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 19,117-ე მუხლის II ნაწილის “თ” ქვეპუნქტით და განესაზღვროს 4 წლით თ/აღკვეთა. სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ნ. ხ-შვილს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 4 წლით თ/აღკვეთა.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.