საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-368(კ-21) 24 თებერვალი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - გ. ნ-ე, ე. ს-ი, ს. ნ-ე, სო. ნ-ე
თადვაპირველი მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ნ-ემ, ე. ს-მა, ს. ნ-ემ და სო. ნ-ემ 2016 წლის 4 ნოემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და ქალაქ თბილისში, ...ის №37-ში მდებარე, კორპუსი №1ა, №... საკადასრო კოდის მქონე შენობა №1, სართული II, ფართი 33,63 კვ.მ. №25 ბინაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების დარეგისტრირების ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 13 აგვისტოს №1/1-1824 ბრძანების ბათილად ცნობა და აღნიშნულ ბრძანებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 18 იანვრის №1-1/17 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 18 იანვრის №1-1/17 ბრძანება; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა მოსარჩელეთა წარმომადგენლის მიერ 2015 წლის 17 ნოემბერს წარდგენილი ადმინისტრაციულ საჩივრის არსებითი განხილვა კანონით დადგენილი წესით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება და მასზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაცვიული ორგანო არ განიხილავს ვადის დარღვევით წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარს. ამავდროულად, დასახელებული კოდექსის 83-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, მხარეს დაუდგინოს ხარვეზი, თუკი ამ უკანასკნელს არ წარუდგენია კანონით ან კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებუილი რაიმე დოკუმენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია საქმის შედეგისთვის. ხარვეზის შესავსებად მხარეს განესაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც საჩივრის ავტორმა უნდა წარადგინოს ხარვეზით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია.
მოცემულ შემთხვევაში, 2015 წლის 21 მაისს საჯარო რეესტრმა სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხა ქალაქ თბილისში, ...ის №37-ში მდებარე, კორპუსი №1ა, 14.85 კვ.მ. საცხოვრებელი და 18.78 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში აღირიცხა მათ საკუთრებაში გადაცემული სათავსოების ½ ნაწილი. კასატორის მითითებით, მოსარჩელეების მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარს 2015 წლის 11 დეკემბრის კორესპონდენციით დაუდგინდა ხარვეზი. მხარეებს მიეთითათ, რომ საჩივრით არ იკვეთებოდა მათი იურიდიული ინტერესი, ვინაიდან საჩივარს არ ერთვოდა უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა სადავო უძრავ ქონებაზე მათივე საკუთრების უფლებას. მათვე დაევალათ მოთხოვნის დაზუსტება და ადმინისტრაციული საჩივრის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. მოსარჩელეების მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული სრულად, მათ მიერ არ იქნა წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი, რაც ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, კასატორი თვლის, რომ სადავო აქტი მიღებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსდის 32-ე-34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების დაცვით და ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, ხოლო „ი“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი ქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრულია დამატებითი ინფორმაციის წარდგენის, განცხადების განუხილველად დატოვების წესი. დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ, ხოლო ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 13 აგვისტოს №1/1-1824 ბრძანების საფუძველზე, ქალაქ თბილისში, ...ის №37, კორ. №1ა, შენობა №1, სართული II, ფართი 33,63 კვ.. ბინა №25-ზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრება. 2015 წლის 17 ნოემბერს გ. ნ-ის, ე. ს-ის, ს. ნ-ისა და სო. ნ-ის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 13 აგვისტოს №1/1-1824 ბრძანების ბათილად ცნობა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 11 დეკემბრის წერილით დაინტერესებული პირების წარმომადგენელს განემარტა, რომ მის მიერ არ იყო წარდგენილი გასაჩივრებული აქტის გაცნობის თარიღის დამადასტურებელი საბუთი და ვერ დგინდებოდა მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ფაქტი. ამასთან, აღინიშნა, რომ საჩივრით არ იკვეთებოდა დაინტერესებული მხარის იურიდიული ინტერესი, ვინაიდან საჩივარზე არ იყო დართული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა უძრავ ქონებაზე გ. ნ-ის, ე. ს-ის, ს. ნ-ისა და სო. ნ-ის საკუთრების უფლებას. მხარეს ეთხოვა, საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორება 7 დღის ვადაში.
ასევე დადგენილია, რომ დაინტერესებული პირების წარმომადგენელმა 2015 წლის 17 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტის შესახებ გ. ნ-ისა და მისი ოჯახის წევრებისათვის ცნობილი გახდა 2015 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც გ. ნ-ე გაეცნო განახლებულ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან. ასევე განმარტა, რომ სადავო ფართთან დაკავშირებით არსებობს იურიდიული ინტერესი, კერძოდ, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2008 წლის 24 მარტის №109/2-04 განკარგულებით, მათ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცათ ქალაქ თბილისში, ...ის №37-ში კორპ. №1, ბინა №25-ის ერთი ოთახი, 14,85 კვ.მ. სათავსოების საერთო სარგებლობაში დატოვებით. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 18 იანვრის №1-1/17 ბრძანებით, გ. ნ-ის, ე. ს-ის, ს. ნ-ისა და სო. ნ-ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, ვინაიდან დადგენილ ვადაში მხარის მიერ არ იქნა წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი, კერძოდ, გასაჩივრებულ ბრძანებაში მითითებულია, რომ მხარის მიერ არ იქნა წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა საჩივარში მითითებულ უძრავ ქონებაზე მათ საკუთრების უფლებას.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარემ შეიტანა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება, რომლითაც წარადგინა ის უფლებადამდგენი დოკუმენტი, რაზე დაყრდნობითაც ის ითხოვდა გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობას და შესაბამისად, განმარტა მათი იურიდიული ინტერესი სადავო უძრავი ქონებისადმი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2016 წლის 18 იანვარს მაინც მიიღო №1-1/17 ბრძანება გ. ნ-ის, სო. ნ-ის, ს. ნ-ის და ე. ს-ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, სადაც განმარტა, რომ დადგენილ ვადაში მხარის მიერ არ იქნა წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა საჩივარში მითითებულ უძრავ ქონებაზე მათ საკუთრების უფლებას.
საკასაციო სასამართლო დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, ვალდებული იყო სრულყოფილად შეესწავლა დაინტერესებული პირების წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი, შეემოწმებინა მისი ფორმალური და შემდგომ მატერიალური საფუძვლიანობა, რამეთუ ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებას წარმოადგენს, ხოლო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე მოსარჩელის კანონიერი მოლოდინი კი სრულიად ლეგიტიმურია.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 13 აგვისტოს №1/1-1824 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებითაც იზიარებს სასამართლოთა განმარტებას, რომ როცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ერთჯერადად, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე არსებითად არ უმსჯელია, ამასთან, იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხის მიერ საქმეზე გამოსაკვლევი და შესაფასებელია რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთაც განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე საკითხის არსებითად მსჯელობისათვის, ამ ეტაპზე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 13 აგვისტოს №1/1-1824 ბრძანება გამოცემული არის თუ არა კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დაადგინა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე